„რატომ ტოვებენ ადამიანები ეკლესიებს?“ – რავი ზაქარიასი

665 ნახვა
8 გაზიარება
0 კომენტარი

ცნობილმა აპოლოგეტმა და ქრისტიანმა ავტორმა რავი ზაქარიასმა ცნობილ, ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოსთან „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ქრისტიანობის ბოლო დროის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი აზრით, ინტერნეტსივრცის განვითარებას ადამიანურ ურთიერთობათა დეფიციტი მოჰყვა, რამაც ადამიანებში სიცარიელის განცდა გაზარდა. ეკლესიები კი ცდილობენ – ადამიანებს ეს სიცარიელე იმაზე საუბრით შეუვსონ, რაც მათ თავს კარგად აგრძნობინებს. საბოლოოდ კი, სახარების „შელამაზების“  საშიში ტენდენცია მრავალი ეკლესიის დახურვის მიზეზი გახდა.

„ზოგიერთი ეკლესია იმიტომ კარგავს წევრებს, რადგან არ ქადაგებს ნამდვილ სახარებას, ნაცვლად ამისა, ცდილობს მრევლს შესთავაზოს ის, რაც ყურისათვის საამო მოსასმენია და თავს კარგად აგრძნობინებს მას. მაშ, რატომღა ტოვებენ ადამიანები ეკლესიებს? რაღაც მომენტში მათ უჩნდებათ კითხვა: რისთვის დავდივარ ამ ეკლესიაში? ეს ეთიკური საზოგადოების შეკრებაა, თუ პირადი გრძნობების საამებელი საკვირაო მსახურება?“ – ამბობს აპოლოგეტი.

ცნობილმა ორატორმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულებში დებატების შინაარსმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, იმ თვალსაზრისით, რომ წინათ მთავარი მსჯელობა ღმერთის არსებობასთან იყო დაკავშირებული, ახლა კი წინ წამოიწია ცხოვრების აზრთან დაკავშირებულმა საკითხებმა.

„მას შემდეგ, რაც გაიგებ იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ღმერთთან იესო ქრისტეს მეშვეობით გაქვს, მწამს, ყველა სხვა კითხვას პასუხი გაცილებით მარტივად გაეცემა.“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც, რავი ზაქარიასის თქმით, აშკარაა საზოგადოებაში, ტექნოლოგიურ პროგრესსა და სოციალური მედიის განვითარებას უკავშირდება. ადამიანები მეტ დროს ატარებენ ტელევიზორებისა თუ კომპიუტერების ეკრანებთან და ურთიერთობას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ისინი აღარ ცდილობენ ადამიანურ ურთიერთობათა განვითარებას.

ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვას მათ ცხოვრებაში და შედეგად, მათში შინაგანი სიცარიელეც იზრდება.

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, რომ ამერიკის ახალგაზრდობისთვის რელიგია უფრო და უფრო უინტერესო ხდება. ახალგაზრდა ამერიკელებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოება და აგრეთვე, საზოგადოების წევრთა ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთისადმი თანადგომა.

„უოლ სტრიტ ჟურნალისა“ და „ენბისის“ კვლევების თანახმად, 24 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ მესამედი მიიჩნევს რელიგიას მნიშვნელოვნად. ამავე დროს, ძველ თაობაში იგი მეტ ინტერესს იწვევს.

წყარო: https://www.christiantoday.com