რიკ უორენი – „ცდუნების დაძლევა“

192 ნახვა
19 გაზიარება
0 კომენტარი

მრავალი ქრისტიანი ცდუნდება პანიკური, გამაოგნებელი შიშისა და დანაშაულის გამო, რადგან ვერ უმკლავდება სატანის ხრიკებს. მათ იმისიც რცხვენიათ, რომ უკეთურ სურვილებს და მოთხოვნილებებს გრძნობენ, მაგრამ ასეთი განწყობა ცხადყოფს, რომ ისინი არასწორად აღიქვამენ სულიერი სიმწიფის არსს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ცდუნების ზღვარზე.

საცდური, გარკვეულწილად, კომპლიმენტადაც უნდა აღიქვათ. სატანას არაფერში სჭირდება იმ ადამიანების ცდუნება, რომლებიც ისედაც მის ნებას ასრულებენ. ისინი უკვე მას ეკუთვნიან.

საცდური ცხადყოფს, რომ სატანას ეზიზღებით. ეს არ უნდა გაიკვირვოთ და არც პანიკაში ან სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩაცვივდეთ. ცდუნება გარდაუვალია და ამას რეალისტურად უნდა მიუდგეთ. თქვენ ვერასდროს მოახერხებთ, მთლიანად დააღწიოთ მას თავი. პავლე მოციქული ამბობს:

არ შეგემთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა. 1-ლი კორინთელთა 10:13 | სბს–სტოკჰოლმი 2001

ცდუნების წინაშე ყოფნა ჯერ კიდევ არაა ცოდვა. იესოც იდგა საცდურის წინაშე, მაგრამ არ შეუცოდავს (ებრ. 4:15). საცდური მაშინ იქცევა ცოდვად, როცა ვნებდებით მას. მარტინ ლუთერი ამბობდა: „ვერ ავუკრძალავ ჩიტებს, იფრინონ ჩემს თავს ზემოთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ავუკრძალო მათ ჩემს თმაში ბუდის გაკეთება.“ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ სატანას ჩვენს ცდუნებას, მაგრამ, სამაგიეროდ, შეგვიძლია ის, რომ არ ავყვეთ იმ აზრებს, რომლებსაც იგი დაჟინებით გვინერგავს…

სინამდვილეში, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო გულმოდგინედ ცდილობს სატანა ჩვენს ჩათრევას ცდუნების მეშვეობით. საკმარისია ადამიანმა ღვთის ოჯახში შეაბიჯოს და სატანა, როგორც დაქირავებული მკვლელი, მასზე ცნობების შეგროვებას იწყებს. თქვენ მისი მტერი ხდებით და იგი აუცილებლად ეცდება თქვენს დაღუპვას.

ხანდახან, ლოცვისას, სატანა ბოროტ და ველურ აზრებს მოგაწვდით, რათა მოგაცდინოთ და დაგამციროთ. ნუ შეშინდებით და ნუ დაიდანაშაულებთ თავს. გახსოვდეთ, სატანას ეშინია თქვენი ლოცვების და ყველაფრისთვის მზადაა, რათა ხელი შეგიშალოთ. ნაცვლად იმისა, რომ შეგრცხვეთ და თქვათ: „ეს როგორ ვიფიქრე?!“ ისე მოეკიდეთ ამ აზრს, როგორც საცდურს და მაშინვე თქვენი მზერა კვლავ ღმერთს მიაპყარით…

ჩვენ გვაქვს ზეცასთან სადღეღამისო დაკავშირების „ცხელი ხაზი“. ღმერთს სურს, რომ, ცდუნებათა დაძლევის მიზნით, მას ვთხოვოთ დახმარება. იგი ამბობს:

მომიხმე მე გაჭირვების ჟამს – მე გადაგარჩენ და შენ განმადიდებ! ფსალმუნი 49:15 | სბს–სტოკჰოლმი 2001

ამ ლოცვებს მე ვუწოდებ „სასწრაფო დახმარების ლოცვებს“, რადგან ეს მოკლე მიმართვებია, რომლებიც არ შეიცავს ზედმეტ სიტყვებს და მხოლოდ საქმეზე მიუთითებს: „ჩქარა, დამეხმარე! SOS!!!“ მაშინ, როცა საცდური მოგვეძალება, აღარ რჩება დრო  ღმერთთან ხანგრძლივი საუბრებისთვის და ჩვენც სასოწარკვეთით ვუხმობთ მას. დავითი, დანიელი, პეტრე, პავლე და მილიონობით სხვა ქრისტიანი, მძიმე წუთებში, სწორედ ასეთი მოკლე ლოცვით მიმართავდა ღმერთს.

ბიბლია გვატყობინებს, რომ დახმარების სათხოვნელად აღვლენილ ჩვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს უფალი, რადგან იესო თანაგრძნობით ეკიდება ჩვენს გასაჭირს. მას ისეთივე საცდურის გადატანა მოუწია, როგორიც ჩვენ.

ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ებრაელთა 4:15 | სბს–სტოკჰოლმი 2001

რიკ უორენი