ცდუნებაზე გამარჯვება − ქრისტეს საიდუმლო იარაღი

4612 ნახვა
250 გაზიარება
0 კომენტარი

1066 წელს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა. უილიამმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, გადაწყვიტა ინგლისის დაპყრობა. ის თავდაჯერებულად მიუახლოვდა საშიშ მტერს თავისი „საიდუმლო იარაღით”. ეს იყო გამოგონება, რომელმაც მის არმიას უპირატესობა მოუტანა – უზანგი. უზანგებზე უსაფრთხოდ მდგომი ნორმანდიელები ადვილად ამარცხებდნენ ინგლისელებს. ბრძოლის წესის შერჩევამ განაპირობა მათი გამარჯვება…

ცდუნებასთან ბრძოლისას ქრისტიანები დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში. ბრძოლის დროს ვიცით, სად ვდგავართ. იესო! ზეცის უფალი! სიკვდილზე გამარჯვებული! ის ჩვენი საიდუმლო იარაღია.

ერთი მონათხრობი არსებობს ტყის მცველის შესახებ, რომელმაც თევზაობას მიჰყო ხელი. ტყის მცველმა შენიშნა, რომ თავისი თანამშრომელი სემი ყოველთვის თევზით სავსე ნავით ბრუნდებოდა უკან მაშინ, როდესაც სხვა ბიჭები სამ ან ოთხ თევზს ძლივს იჭერდნენ. მცველმა ცნობისმოყვარეობით ჰკითხა სემს მისი საიდუმლოს შესახებ. წარმატებულმა მეთევზემ მცველი სათევზაოდ მიიწვია, რათა ამ პროცესს თავად დაჰკვირვებოდა. მეორე დილით თანამშრომლებმა სემის ნავით გაცურეს ტბაში. როდესაც შუაგულ ტბაში შევიდნენ, ნავი გააჩერეს და მცველი უკან გადაჯდა, რომ თვალი უკეთ ედევნებინა.

სემს მარტივი მეთოდი ჰქონდა. დინამიტი აიღო, ცეცხლი მოუკიდა და ისროლა. მკვდარი თევზი ზედაპირზე ამოტივტივდა. სემმა ბადე აიღო და მათი ამოღებას შეუდგა წყლიდან.

შეგიძლიათ, ტყის მცველის რეაქცია წარმოიდგინოთ? როდესაც შოკის შემდეგ გამოფხიზლდა, სემს ყვირილი დაუწყო: „ამის გაკეთება არ შეიძლება! ციხეში ჩაგსვამ, ძმაო! ყველა ჯარიმას გადაიხდი!“ სემმა ამ დროს დადო თავისი ბადე, სხვა დინამიტი ამოიღო, მოუკიდა ცეცხლი და მცველს ხელებში შეაჩეჩა ამ სიტყვებით: „მანდ იჯდები და მთელი დღე იწუწუნებ თუ თევზაობას დაიწყებ?“

ტყის მცველი ერთ წამში გადაიქცა დამკვირვებლიდან მონაწილედ. მას სწრაფად უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

ცხოვრება ასეთია. ყოველდღე გვიწვეს უეცარი, გაუთვალისწინებელი, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ჩამოწოლილი ზვავი, ეს გადაწყვეტილებანიც გაუფრთხილებლად გვატყდება თავს, თავგზას გვიბნევს და საგონებელში გვაგდებს. სწრაფი! გადაუდებელი! უცაბედი! თათბირის, სწავლის, რჩევის გარეშე! ბუმ! თითქოს გაურკვეველ სივრცეში გაგტყორცნეს, თუმცა, ინსტინქტურად, ისევ ფეხზე მყარად დგომა გსურს.

გინდათ კარგი მაგალითი? შეხედეთ, ბაღში სამი მოციქულია. ღრმად ჩასძინებიათ ვახშმის შემდეგ. იესო რამდენჯერმე აღვიძებს მათ, რომ იფხიზლონ. ბოლოს, როდესაც იესომ ისინი გააღვიძა, მახვილები ელვარებდნენ, ჩირაღდნები კრთოდნენ და ხმები ისმოდა: „აქ არის!“ „შევიპყროთ!“

ყვირილი. ამბორი. ნაბიჯის გადადგმა. მცირედი შეხლა-შემოხლა. უეცრად გადაწყვეტილების მიღების დრო დგება; ერთად შეკრების დრო არ არის, არც ლოცვის; არც შუამდგომლობის ან მეგობრებთან თათბირის დრო… გადაწყვეტილება.

პეტრე გადაწყვეტილებას იღებს. მახვილს მოჰკიდებს ხელს და მღვდელმთავრის მონას ყურს ჩამოათლის. იესო საყვედურობს. ახლა რა მოხდება?

მარკოზი, ვინც ამ ყველაფრის მოწმე იყო, წერს: „და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ“ (მარკოზი 14:50).

შესაფერისი ნათქვამი იქნება: ისინი შეშინებული თაგვებივით გაიქცნენ. ყოველი სიტყვა ერთგულებისა და ვალდებულების შესახებ მტვრად იქცა. მაგრამ სანამ გაქცეულ მოწაფეებზე საუბარს გავაგრძელებდეთ, ჩვენს თავს შევხედოთ. შესაძლოა, „გადაწყვეტილების მისაღებ ბაღში“ თქვენც ყოფილხართ. თქვენი ერთგულება ოდესმე გამოცდილა? გაბმულხართ ეშმაკის ხაფანგში?

მოზარდისათვის ეს შეიძლება იყოს სანაცნობო წრე; ბიზნესმენისათვის – „ფულის შოვნა“; ცოლისთვის – მოსმენილი ჭორები; სტუდენტისათვის – კარგი ნიშნის მიღების შესაძლებლობა მეგობრის ნაწერში ჩახედვის ხარჯზე; ქმრისთვის – სიძუნწე, რომ შეუზღუდოს მეუღლეს ფინანსებზე წვდომა… დიახ, შესაძლოა, ჩვენთვის მშვიდად ვისხდეთ ნავში, თევზაობაზე ვსაუბრობდეთ და უეცრად ვიღაცამ დინამიტი შემოგვაჩეჩოს ხელში.

უმრავლეს შემთხვევაში, გადაწყვეტილება კატასტროფულია. იმის ნაცვლად, რომ დანაღმული ადგილი გავნაღმოთ, აფეთქების საშუალებას ვაძლევთ. აღმოვაჩენთ, რომ იმას ვაკეთებთ, რაც გვძულს. ბავშვი, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, უმართავია და დაუოკებელი, ჩვენში მყოფი ზრდასრული კი გაურკვევლობაშია…

ასე არ უნდა იყოს, მეგობრებო, იესო პანიკაში არ ჩავარდნილა. მანაც გაიგონა მახვილების ხმა, დაინახა ხელკეტები, თუმცა თავი არ დაუკარგავს. რომაელებს კი სწორედ მისი თავი უნდოდათ!

თუ კიდევ ერთხელ წავიკითხავთ ბაღის სცენას, მივხვდებით, რატომ. იესო გადაწყვეტილების  მიღების ორ ძირითად საშუალებაზე მიგვითითებს, ცხოვრების ქარცეცხლში სიმშვიდე რომ შევინარჩუნოთ: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“ (მარკოზი 14:38).

მთავარი, რასაც იესო გვეუბნება, ესაა სიფხიზლე! იცით თქვენი სისუსტენი. იცით, როგორ სიტუაციაშია თქვენი სისუსტენი განსაკუთრებით დაუცველი, როდესაც მარტივია თქვენი ცდუნება. ამიტომ გაერიდეთ ასეთ სიტუაციებს; უკანა ადგილებს, გვიან საათებს, ღამის კლუბებს, პოკერის თამაშებს, წვეულებებს, კინოთეატრებს… ნებისმიერ რამეს, რაც ეშმაკს საშუალებას მისცემს, ფეხი მოიკიდოს თქვენს ცხოვრებაში, გაერიდეთ. ფრთხილად იყავით!..

მეორე საშუალება: „ილოცეთ!“ ლოცვებით ღმერთს რაიმე ახალს არ ეუბნებით. არ არსებობს ცოდვილი ან წმინდანი, რომელიც მის გაკვირვებას შეძლებს. ლოცვით ღმერთს სთხოვთ, რომ თქვენი ცხოვრების ბნელ გზებზე თქვენთან ერთად იყოს. ლოცვით ღმერთს ვთხოვთ, რომ წაქცეული ხეები, ჩამოცვენილი ქვები აგვარიდოს, ზურგი გაგვიმაგროს, დაგვიცვას ეშმაკის მოწამლული ისრებისგან.

„იფხიზლეთ და ილოცეთ!“ კარგი რჩევაა. სწორედ ესაა, რაც კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს, ესაა განსხვავება ტბის პირას მშვიდად ყოფნასა და დინამიტის კვამლს შორის.

ავტორი: მაქს ლუკადო

წყარო: https://www.preachitteachit.org