შენი ცხოვრების რომელ სფეროებში მიეცი შენს გულს იმის უფლება, რომ შენ გარშემო არსებულ ოქროს ხბოებს ეთაყვანებოდეს? გულს, რომელსაც მხოლოდ ღვთის თაყვანისცემა მართებს? რამდენიმე საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ჩვენს გულებს დიაგნოზი დავუსვათ. ჰკითხე შენს თავს: რა მაფხიზლებს, როდესაც დაძინებას ვცდილობ? რისი მეშინია? რაზე ვფიქრობ? რაზე ვოცნებობ? რა აღმაფრთოვანებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში? რას ვაძლევ ჩემს თავს? რისთვის იყენებთ თქვენს დროს?
პირველი, რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, გახლავთ ჩვენი ზედაპირული კერპები. შესაძლოა, ეს იყოს პორნოგრაფია ან მრუშობა, ან ალკოჰოლი, ტელევიზია, საყიდლებზე სიარული; ან თუნდაც ფიტნესი, სპორტი, სამსახური, პატრიოტიზმი, ოჯახი. ყველაფერი შეიძლება იქცეს კერპად. ეს „ღმერთები“ იშვიათად არიან მარტონი, რადგან ისინი კარს უღებენ სხვა „ღმერთებს“. ხშირად გვასწავლიან თერაპიულ მეთოდებს იმისათვის, რომ ამ კერპებს გავუმკლავდეთ და ამიტომაც ხშირად ერთ კერპს სხვა „კარგი“ კერპით ვცვლით. პორნოგრაფიას – პატრიოტიზმით, ალკოჰოლს – ფიტნესით, ტელევიზიას – ოჯახით და ვფიქრობთ, რომ ვუშველეთ ჩვენს პრობლემას, მაგრამ ეს ასე არ არის.
ჩვენ კვლავ იმ „ღმერთს“ ვცემთ თაყვანს, რომელიც სინამდვილეში ღმერთი არ არის.
ბევრ ეკლესიაში „უკეთეს ღმერთებზე“ ქადაგებენ: ოჯახი და პატრიოტიზმი, ფინანსური უსაფრთხოება, თუმცა ესენი მხოლოდ „ღმერთებია“ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღვთისაგან ბოძებული კარგი საჩუქრებია, ისინი მაინც საჩუქრებია და მეტი არაფერი.
ასევე, არსებობენ უფრო ღრმად მიჩქმალული კერპები, რომლებიც ზედაპირული კერპების მიღმა იმალებიან. მტერი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ზედაპირულ კერპებს „უკეთესით“ ვცვლით, ისინი კი იმავე ფუნქციას ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. რა დევს გულის სიღრმეში? რის მიღებას ცდილობ, როდესაც სახლისკენ მიიჩქარი, სავარძელში ჯდები და ტელევიზორს უყურებ? რა საჭიროების დაკმაყოფილებას ცდილობ, როდესაც საყიდლებზე დადიხარ?
ამ კითხვებზე პასუხი უფრო ღრმად მიჩქმალული კერპებია. თითოეული მათგანი თითქმის ყოველთვის კარგია, რადგან ის უფლისგან ბოძებული საჩუქარია. თუ ქრისტიანი არ ხარ, ასეთი იქნება შენი პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე: „ის, რასაც ყველაზე მეტად ვნატრობ ცხოვრებაში, არის…“ თუ ქრისტიანი ხარ, გულწრფელად ასე უპასუხებდი კითხვას: „კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მყოლოდა უფალი და მქონოდა…“ და ამ მრავალწერტილში რა იგულისხმება? ბედნიერება, ძალაუფლება, ფული, მიღწევები, კმაყოფილება, კომფორტი, უსაფრთხოება, სიყვარული, დამოუკიდებლობა, პატივისცემა?
ეს უკანასკნელი – პატივისცემა – ჩემი არჩევანის კერპია. როდესაც გაღიზიანებული ან იმედგაცრუებული ვარ, ჩემს გულში ვჩხრეკ და ვცდილობ, ამ მდგომარეობის მიზეზი ვიპოვო. შედეგად, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჩემი პატივისცემის კერპს საფრთხე ემუქრება. ოსტატურად შემიძლია ჩემი კერპის დაცვა. „მე პატივისცემას გამოვხატავ მათდამი. განა მეტისმეტად ბევრს ვითხოვ, როცა მინდა, რომ მეც პატივს მცემდნენ? მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რისი მოვალენიც არიან ადამიანები ჩემდამი.“ „ჩემ გარშემო ყველას აქვს…“ „ნუთუ ღმერთს არ სურს, რომ მე ვიყო…?“
ღმერთს მხოლოდ კარგი სურს ჩვენთვის, თავისი შვილებისთვის და საუკეთესო რამ აქედან, არის ჩვენი გულის სისუფთავე, ჩვენი სიწმინდე. ამრიგად, როცა ვსვამთ კითხვას: „ნუთუ ღმერთს არ უნდა, რომ პატივს მცემდნენ?“ ან „ნუთუ არ სურს ღმერთს, რომ ბედნიერი ვიყო?“; „ნუთუ ღმერთს არ სურს, რომ დაცული ვიყო?“ ან „არ უნდა ღმერთს, რომ ვინმეს ვუყვარდე?“ დიახ, ღმერთს სურს ეს ყოველივე ჩვენთვის, მაგრამ ყოველივე ამას აღემატება უფლის სურვილი იმისა, რომ იყო წმინდა და მხოლოდ მას სცემდე თაყვანს.
ღმერთი დაუშვებს, რომ ეს კარგი რაღაცები ძირფესვიანად ამოიძირკვოს ჩვენი ცხოვრებიდან უდიდესი და უმაღლესი მიზნის გულისათვის. ის მოგვაშორებს ამ კერპებს, რათა მხოლოდ მისკენ იყოს მიმართული ჩვენი მზერა და მხოლოდ მასში ვპოვებდეთ ბედნიერებას.
როგორი იყო ღმერთის პასუხი ისრაელის კერპთაყვანისმცემლობაზე? მრისხანება. ეს მრისხანება გვაშინებს, მაგრამ ის წმიდა ღმერთის მრისხანებაა. ღმერთს მეტისმეტად ვუყვარვართ იმისათვის, რომ ისეთებად დაგვტოვოს, როგორებიც ვართ. ის არის მსაჯული, რომელიც განსჯის უკეთურებასა და ბოროტებას. ერთ დღეს ის განწმენდს მიწას ბოროტებისა და უმართლობისაგან. ღმერთი რომ არ განრისხებულიყო კერპების გამო, ღმერთი რომ შეჰგუებოდა ჩვენს ცხოვრებაში სხვა „ღმერთების“ არსებობას, იმედი არ გვექნებოდა იმისა, რომ ის, რაც მცდარი იყო, ერთ დღესაც გამოსწორდებოდა. იმედი არ გვექნებოდა, რომ ჩვენი გული განიწმინდებოდა ბოროტებისგან.
უფალი მრისხანებს კერპების მიმართ. ეს გვაშინებს, მაგრამ ღმერთი იმისათვის გვაშორებს კერპებს, იმისათვის წმენდს ჩვენს გულებს კერპთაყვანისმცემლობისაგან, რომ თავის ერად გამოგვძერწოს, რომ გავიგოთ, რა არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა.
მოსე ორმოც დღეს ღმერთთან ატარებს და შემდეგ ჩადის ხალხთან, რომელიც კერპს ეთაყვანება. გაშმაგებული ამსხვრევს ფიქალებს. ღმერთი სჯის მათ, ვინც კერპს სცემს თაყვანს. ეს სულაც არ არის ადვილი წასაკითხი.
ამ ყველაფერს აზრი მანამდე არ ექნება ჩვენთვის, სანამ არ გავაცნობიერებთ, რაოდენ ძლიერად სურს ღმერთს, გვაქციოს თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებად. მთაზე ღმერთი გამოცხადდა, როგორც შთანმთქმელი ცეცხლი და როდესაც ეს ცეცხლი გვეხება, ვიწმინდებით მისით.
ღმერთს უყვარხართ და წარმოგზავნა თავისი ძე, რათა მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონოდათ. სახარება თქვენდამი უფლის უპირობო სიყვარულის გამოვლინებაა. ის უპირობო სიყვარულზე მეტია. ეს არის სიყვარული, რის გამოც ქრისტემ ჩვენი ცოდვები იტვირთა.
სიყვარული, რომელსაც ისე ვუყვარვართ, რომ უფლებას არ გვაძლევს, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. ეს არის სიყვარული, რომელიც გვცვლის და გვამსგავსებს ქრისტეს, გარდაგვქმნის მის მსგავსად.
უფალი მოგვიწოდებს, გვერდზე გადავდოთ ბრჭყვიალა ნივთები და მისკენ მივბრუნდეთ, რათა ჩვენი სახეები გაბრწყინდეს. როცა იესო მოგვიწოდებს, რომ მივყვეთ მას, ის ამით გვეუბნება, რომ მთელი არსებით მასთან ვიყოთ.
ღმერთი არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მრავალ „ღმერთს“ შორის.
თუ ჩვენი პასუხი შემდეგნაირი იქნება: „ცხოვრებაში კმაყოფილები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ გვეყოლება ღმერთი და გვექნება…“, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის კერპები, რომლებიც უნდა დაემხოს. როდესაც იესომ გასაგებად თქვა, რომ იგი ან ყველაფერი, ან არაფერი უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, ბევრმა დატოვა ის. შენ როგორ მოიქცევი? წახვალ თუ დარჩები? მისცემ უფალს იმის ნებას, რომ გამოგძერწოს თავისი სურვილისამებრ? გაანადგურებ შენს კერპებს და გახდები უფლის თაყვანისმცემელი სულითა და ჭეშმარიტებით?