„რატომ სჭირდება ადამიანს ტკივილი?“ ჩემთვის ამაზე პასუხი ცხადია, რადგან ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტის პირველ კურსზე ვსწავლობდი ამას. მაგრამ იმ კითხვისთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ სჭირდება ადამიანს ემოციური ტკივილი, რთული აღმოჩნდა.
რა არის ტკივილი?
ტკივილი არის მძაფრი სენსორული (ფიზიკური შეგრძნება) და ემოციური განცდა (გულის რეაქცია), რომელიც დაკავშირებულია ქსოვილების რეალურ ან სავარაუდო (ქრონიკული დაავადებისას) დაზიანებასთან და ამავდროულად, ორგანიზმის რეაქცია, რომელიც მობილიზებას უწევს სხვადასხვა ფუნქციონალურ სისტემებს პათოგენური (მავნე) ფაქტორის ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვისათვის. ანუ ტკივილი არის ჩვენი ორგანიზმის რეაქციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. ტკივილის გარეშე ჩვენ, დიდი ალბათობით, დავიღუპებით რბილი ქსოვილების ინფიცირებისგან, რომლებიც ძვლების გადატეხილობის შედეგად დაზიანდა ან რომელიმე მსგავსი მიზეზის გამო. და რაც ყველაზე საშიშია: ჩვენ ვერც კი შევამჩნევთ ამას, ვიდრე შეუქცევადი პროცესები არ დაიწყება.
ტკივილი აუცილებელი გრძნობაა, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა, რათა დაგვიცვას საშიშროებებისგან. ის მიანიშნებს იმაზე, რომ ორგანიზმში რაღაც ხდება, რაღაც რიგზე არ არის და განგაშის სიგნალს ანთებს.
ჩვენს სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ ტკივილს (ტკივილის ნებისმიერ იმპულსს). მათი დიაგნოზია ბელმონდოს სინდრომი. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს უწევთ საპირფარეშოში საათობით ყოფნა; დასაძინებლად მომზადება, რადგან ვერ გრძნობენ დაღლას; საათში რამდენჯერმე სხეულის მდგომარეობის შეცვლა, რათა კიდურები არ დასივდეს; შიმშილის გრძნობის გარეშე ჭამა და ა.შ. ასეთი ადამიანები თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად იძულებულნი არიან, გაცნობიერებულად გააკეთონ ყველა ის ქმედება, რომელთაც ჩვენ ბუნებრივ იპულსებზე დამორჩილების შედეგად ვასრულებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტკივილი ძალიან გვჭირდება, და რაც არ უნდა შიშისმომგვრელად ჟღერდეს, ემოციური ტკივილიც ისევე გვჭირდება, როგორც ფიზიკური.
მე მაშინვე მიჩნდება უთანხმოება და აღშფოთება ამასთან დაკავშირებით. რა სარგებელია ემოციური ტკივილისგან? რა სარგებელი შეიძლება იყოს ტკივილისგან, როდესაც დაკარგე პატარა, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა? რა სარგებელია ახლობელ ადამიანთან განადგურებული ურთიერთობებისგან გამოწვეული ტკივილისგან? რა სარგებელია ახალი დიაგნოზით გამოწვეული ტკივილისგან, რომელიც შენი ცხოვრების წესს სრულიად ცვლის? რა სარგებელია გამუდმებული კრუნჩხვებისა და ნაწოლებისგან გამოწვეული მტანჯველი ტკივილისგან? რა სარგებელია ტკივილისგან, ხედავდე შენს საწოლთან მტირალ ახლობლებს რეანიმაციაში? და ეს არ არის სრული სია იმ ტკივილებისა, რომლის გადატანაც მომიხდა. ძალიან რთულია ტკივილში რაიმე სიკეთის დანახვა.
თქვენ მკითხავთ, ალბათ: „და შენ შეძელი სიკეთის დანახვა ტკივილში, მისი პიკის წუთებში?“ – „არა.“ ყველაფერი, რისი დანახვაც შემეძლო, საშინელება იყო, გაუგებრობა იმისა, თუ რატომ ხდება ეს ყოველივე, წყენა, იმედგაცრუება, უიმედობა. რას ვაკეთებდი ასეთ მომენტებში? ვეძებდი ტკივილის მოშორების მარტივ გზებს. თვითშებრალება: ვიკეტებოდი საკუთარ თავში მთელი სამყაროსგან და განსაკუთრებით ღმერთისგან განცალკევებული; ვბრაზდებოდი; თავიდან საკუთარ თავს ვადანაშაულებდი მომხდარში, შემდეგ ახლობელ ადამიანებს, ღმერთს. თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი მომხდარა და ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ ამან ცოტა ხნით მომიტანა შვება. როდესაც დავინახე, რომ არაფერი მშველოდა, ერთხელ საშინელი ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე ‒ შევეცადე სიცოცხლის შეწყვეტას. მინდოდა, უცებ მომეშორებინა ტკივილი; მინდოდა ახლობლებისათვის ტანჯვის შემსუბუქება; არ ვიყავი თანახმა, ასე მეცხოვრა. მაგრამ თავისი დიადი წყალობით ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ცხოვრების გახანგრძლივება, მიუხედავად ჩემი საქციელების სისაძაგლისა. და ეს ყველაფერი როდი იყო. მან უფრო მეტად დაიწყო ჩემზე ზრუნვის გამოხატვა და მივლენდა თავის უსაზღვრო წყალობას. სწორედ ამ ეტაპზე მე პირველად შევხედე ტკივილს, როგორც სასარგებლო რამეს. და დღემდე (ღმერთი ამას უკვე ექვს წელიწადზე მეტია, რაც მასწავლის) მაინც მიჭირს, ხმამაღლა და თავდაჯერებულად განვაცხადო, რომ ტკივილი სასიკეთოა.
მე გამოვყავი რამდენიმე პუნქტი, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტკივილს ადამიანის ცხოვრებაში (და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია):
ტკივილი შეიძლება ცოდვის შედეგი იყოს
ჩემს ცხოვრებაში მე მკაფიოდ შევძელი ამის დანახვა. როდესაც ცოდვას ვირჩევდი, ვიმკიდი ტკივილს. მაშინაც კი, როდესაც ვცდილობდი, მომეშორებინა ტკივილი ცოდვის გზით, მე ისევ ვიმკიდი კიდევ უფრო მეტ ტკივილს. ტკივილი მხოლოდ წვეთია იმ ტანჯვისა, რასაც ვიმსახურებ ჩემი ცოდვების გამო. მე სიკვდილს ვიმსახურებ, საპასუხოდ კი უბრალოდ დასჯას ვიღებ მოსიყვარულე მამისგან ‒ სასჯელებს, რომელთაც შეუძლიათ ჩემში მორჩილების გაღვიძება.
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი ‒ მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
ტკივილი ღმერთის ინსტრუმენტია ჩემს გულში სამუშაოდ
მე ძალიან ჯიუტი, ამაყი და თვითკმარი ადამიანი ვარ (და ეს მხოლოდ ნაწილობრივი დახასიათებაა ჩემი პიროვნებისა). ღმერთზე და ადამიანებზე დამოკიდებულების საუკეთესო გაკვეთილი მივიღე (და ახლაც ვიღებ) ავადმყოფობის მეშვეობით. ავადმყოფობა მხდის დამოკიდებულს, უძლურს და საჭიროებაში მყოფს. ეს ტკივილს მაყენებს, მაგრამ ამის გარეშე მე გავჯიუტდებოდი ჩემს ცოდვებში.
ღმერთმა მაჩუქა ქმარი, რომელიც არ არის ძალიან მგრძნობიარე, ასევე გულმავიწყია. ეს ძლიერ მტკენს გულს, მაგრამ ისევ და ისევ, ასე რომ არა, მე კვლავ დავიწყებდი ქმარში იმის ძიებას, რისი მოცემაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ძალუძს.
მაგრამ მან იცის ჩემი გზა-სავალი, გამომცდის, ოქროსავით გამოვალ.
ტკივილი არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად შევიგრძნოთ ღვთის მადლი
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ღმერთის სიყვარულსა და მზრუნველობას ყველაზე მეტად რთულ წუთებში ვგრძნობდი. მეგობრების ზრუნვა, გამხნევება, ღვთის მზრუნველობა რთულ ფინანსურ გარემოებებში ‒ ეს ყოველივე უფლისმიერი მზრუნველობაა.
თვითონ ლახვრავს და თვითონვე უხვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ. ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდეგზის არ შეგემთხვევა ბოროტება. შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის და ბრძოლის ჟამს ‒ მახვილისაგან. ენის მათრახს დაემალები, და არ შეგეშინდება, როცა ის განადგურება მოვა.
ტკივილი ფილტრია
ტკივილი ფილტრია, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, შევამოწმოთ უფლის წინაშე ჩვენი სულიერი დგომა. ის ააშკარავებს ჩემს ფასეულობებს, რისი დაკარგვის მეშინია. ტკივილი შესანიშნავად აჩვენებს იმას, თუ რაზე ვაშენებ ჩემს საფუძველს, რაზე ვამყარებ იმედებს. ტკივილი აჩვენებს, რამდენად მიყვარს ადამიანი. ტკივილი აცხადებს ჭეშმარიტ რწმენას უფლისადმი, მისი სუვერენიტეტისადმი ნდობას.
ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.
ტკივილი გვახსენებს იესოს ტანჯვებს
ტკივილი არის დრო, რომ ვუქადაგო ჩემს თავს იმ ტანჯვებზე, რაც იესომ გადაიტანა, როდესაც ჯვარზე იყო გაკრული ჩემი ცოდვების გამო. ის არის შეხსენება იმისა, თუ რაოდენ დიდი ფასი იქნა გადახდილი ჩემი გადარჩენისთვის. შეუძლებელია დააფასო ის, რაც არ იცი და რასაც ვერ ხედავ.
ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ.
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.
რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არწმუნებს ჩემს გულს, რომ ტკივილს, თუნდაც ძალიან არასასიამოვნოს, სიკეთე მოაქვს. ღმერთი უზენაესია და ის ყოველივეზე მაღლა დგას, მათ შორის, ჩემს ტკივილზე მაღლაც. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მოხდება მისი ნებართვის გარეშე.
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ.
როგორ ვიცხოვროთ და მით უმეტეს, როგორ გავიხაროთ, როდესაც გვტკივა?
მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა და ჭეშმარიტება, რომელიც მეხმარება, ვიცხოვრო, როდესაც მტკივა და მეშინია.
- ნუ დარჩებით მარტო თქვენს ტკივილთან, შიშთან და ცოდვასთან. ვიცი, რომ ასეთ წუთებში გვინდება ყველასგან და ყველაფრისგან დამალვა, ბევრჯერ გამიკეთებია ასე. მაგრამ ამით არ გამომდიოდა, შემემსუბუქებინა ტკივილი ერთი წუთითაც კი, პირიქით, მარტოობით მე მას უფრო ვაღრმავებდი. თავად მოვაკელი საკუთარ თავს ღვთის უდიდესი საჩუქარი ‒ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, გამომხმაურებოდნენ და მხარი დაეჭირათ ჩემთვის რთულ წუთებში. ასეთ წუთებში მჭირდება ლოცვა, დამოძღვრა, გამხნევება, ნუგეში და მხილება! მე გამუდმებით ვეუბნები საკუთარ თავს: „მარიანა, ითხოვე დახმარება. მარიანა, მიიღე ის.“
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი საზღაური აქვთ თავიანთ შრომაში. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი. დიახ, თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან, მარტოხელა კი როგორ გათბება? თუ ერთს დაჯაბნის ვინმე, ორნი აღდგებიან მის წინააღმდეგ; სამმაგი თოკი მალე არ გაწყდება.
ტკივილი უდიდესი საჩუქარია ღვთისგან, რომლის მეშვეობითაც მე უფრო და უფრო ვუახლოვდები ჩემს მაცხოვარს.
- გაიქეცით ღმერთთან! ილოცეთ; ლოცვა არ შეგიძლიათ ‒ იკითხეთ ბიბლია; ბიბლიის კითხვა არ შეგიძლიათ ‒ დააძალეთ თავს! მოუსმინეთ ქადაგებებსა და საგალობლებს. მხოლოდ ღმერთშია ნუგეში, ბედნიერება და იმედი. მხოლოდ მას ძალუძს ჭრილობებისა და ტკივილის განკურნება. მხოლოდ მას შეუძლია ცრემლის მოწმენდა. ყველაზე სულელური, რისი კეთებაც შემეძლო, ეს იყო ‒ გავქცეულიყავი და დავმალულიყავი მისგან, ვისაც ძალუძს ნუგეშისცემა.
…მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; აღარ დავეცემი მეტად.
მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.
- მადლობა გადაუხადეთ ღმერთს ყველაფრისთვის, რაც გაქვთ. მე წარმოუდგენლად მდიდარი ვარ! ყოველთვის მიწევს ამის შეხსენება საკუთარი თავისთვის. მე ღმერთის შვილი ვარ; მე გამართლებული ვარ; ვფლობ ყველაზე მდიდარი მეფის მემკვიდრეობას! მე მყავს ოჯახი, მეგობრები, ეკლესია. მაქვს საჭმელ-სასმელი, მაქვს სამოსი და ბევრი სხვა რამ. მე მყავს ქრისტე, რომელსაც ვუყვარვარ უსაზღვრო სიყვარულით იმ დროს, როცა მე სიკვდილსა და ჯოჯოხეთში ყოფნას ვიმსახურებ!
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. გააწყვე ტაბლა ჩემ წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე. და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
- არ მისცე თავს უფლება, ატრიალო გონებაში მოვლენები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა და შიშობდე მათზე. ეს მხოლოდ ამძაფრებს თვითშეცოდებას, შიშსა და ტკივილს. რთულ წუთებში ვაძალებ თავს, ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ განვადიდო ქრისტე; ვახსენებ ჩემს გულს, რომ უფალი ჩემთანაა, ის ხედავს ტკივილს და სურს ჩემი დახმარება. განცდით და ნერვიულობით მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია არც წარსულში და არც მომავალში.
აბა, ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.
- გაუმხილეთ ღმერთს თქვენი ემოციები, ტკივილი და განცდები! ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ შემეძლო, ღმერთთან უბრალოდ მესაუბრა. მეთქვა, რომ არ მესმის, რატომ მტკივა ასე ძლიერ; მეთქვა, რომ მიჭირს დავიჯერო, რომ ეს სასიკეთოა ჩემთვის. მეთხოვა მისთვის დახმარება და ტკივილის შემსუბუქება. როდესაც ტკივილისგან ყვირილი მინდება, როდესაც ცრემლები მდინარესავით მოედინება თვალთაგან, როდესაც გამოსავალს ვერ ვხედავ, გადაწყვეტილებას ვიღებ, მივიდე მის ფეხებთან. რამდენჯერ ყოფილა, რომ მის ფეხებთან ასეთ მდგომარეობაში მივხოხებულვარ, და ავმდგარვარ ნუგეშცემული და გამხნევებული ‒ ეს მისი წყალობა და სიყვარულია.
არაფერზე იდარდოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ.
- მოინანიეთ ცოდვები, პატიება სთხოვეთ მოსიყვარულე ღმერთს! მოუნანიებელი ცოდვა მაშორებს ღმერთთან. არ შემიძლია, თავისუფლად მივიდე უფლის ფეხებთან, არ შემიძლია, უფლით ვინუგეშო. ღმერთი პატიობს დამოუკიდებლად ყველაფრისა, უბრალოდ თავისი მადლითა და წყალობით. მას სურს, რომ ჩვენ მივდიოდეთ მასთან და ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს.
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან. 1 იოანე 1:9
- არ შეიბრალოთ საკუთარი თავი და ნუ მიმართავთ მთელ ყურადღებას მხოლოდ თქვენს თავზე. ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, მომეძებნა რაღაცები, რის გამოც თავს შევიბრალებდი. მაგრამ თვითშეცოდება ‒ ეს ჩიხია, რომლიდან გამოღწევაც ძალიან რთულია. გამოსავალი მხოლოდ ღმერთში იყო და საკუთარი მზერის გადატანაში ჩემი თავიდან მასზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს მომსახურებას საჭიროებდნენ. როგორც კი ვხედავ, რომ თვითშეცოდება მძლევს, ვაიძულებ ჩემს თავს, ვუყურო ღმერთს, განვადიდებ კი მე მას? საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამ: ვინ მიყვარს ახლა უფრო მეტად? ვის ვცემ თაყვანს? რას ვიმსახურებ სინამდვილეში? რა მაქვს ღვთის წყალობით, რაც შესაძლოა, არ უნდა მქონდეს? ვაძალებ ჩემს თავს, ავდგე და სხვებს მოვემსახურო (ახლობლებს, მეგობრებს). ყოველთვის შეგიძლია, მოამზადო სადილი, დაეხმარო სხვას დალაგებაში, მხარი დაუჭირო, უბრალოდ დრო გაატარო ადამიანთან, დაურეკო ან მისწერო შეტყობინება და მოიკითხო.
არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.
თითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა.
- ინუგეშეთ თავი ღვთის სიტყვით, წარმართეთ მისით თქვენი ფიქრები ყოველდღე. როგორც საკვები მჭირდება ნორმალური ცხოვრებისთვის, ისევე მჭირდება ღვთის სიტყვა. მე არ შემიძლია, ძლიერი ვიყო სულიერი საკვების გარეშე. ბიბლიასთან ყოველდღიური მოზიარეობის გარეშე, მე ვჭკნები და განწირული ვარ მარცხისთვის ცოდვებთან ბრძოლაში.
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გაძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
- ეძებეთ ქრისტე თქვენს განსაცდელსა და ტკივილში. ის არის ყველაზე დიდ ტკივილში, ყველაზე დიდ შიშში, ყველაზე დიდ მწუხარებაში, ის არის გამოსვალი, ის არის იმედი, ის არის შველა!
მე ბევრი რამის გამო შემიძლია, მადლობა შევწირო ღმერთს ავადმყოფობაში, ტკივილსა და დანაკარგში. ის ყოველ წამს იყო ჩემთან, ის ზრუნავდა ჩემზე, მიცავდა, აღძრავდა სხვა ადამიანებს, რომ დამხმარებოდნენ, ზრუნავდა ფინანსური კუთხით. ის ყოველთვის მიგზავნიდა ნუგეშს თავისი სიტყვის და ქადაგებების მეშვეობით. ჩემი ბედნიერება ტკივილში არის ის, რომ ვიცოდე, ღმერთი ჩემთანაა. მას უჭირავს ჩემი ხელი, ის გლოვობს ჩემს გულთან ერთად, ის არის ჩემს მომავალში, ის ჩემთანაა ცხოვრების ყოველ წამს!
ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით… რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: ‘ნუ გეშინია, მე შეგეწევი.