ცოტა ხნის წინ მე და ჯონი ვატარებდით ერთობლივ სესიას, სადაც ქორწინებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ვცემდით პასუხებს. შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ვიღაცამ ერთი სერიოზული შეკითხვა დასვა: „თითქმის ოცდაათწლიანი ქორწინების შემდეგ არის რაღაც, რასაც შეცვლიდით?“
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მე მომიწია. ღრმად ჩავისუნთქე და ვაღიარე: „ჯონს მივცემდი უფლებას, რომ მეტი შეცდომა დაეშვა, მე კი უფრო უშიშრად მეყვარებოდა იგი“.
თითქოს ტალღამ გადაუარა ხალხს. იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი, დავინახე, როგორ მალულად მოიწმინდეს თვალზე უცაბედად მომდგარი ცრემლი ქალებმა, და მამაკაცებმა როგორ ამოიოხრეს და თავები დააქნიეს.
შიში სიყვარულის ყველაზე დიდი მეტოქეა… ისეთივე ინტენსიური და სასიკვდილო ძალის მქონე, როდესაც საქმე ნგრევას ეხება. შიშის გამო მე უარი ვთქვი, უშიშრად მყვარებოდა ჯონი.
ჩვენი ურთიერთობა, ქორწინების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, გაართულა პორნოგრაფიაზე ჯონის დამოკიდებულებამ. დავივიწყე, როგორი გულმოწყალება გამოიჩინა ჯონმა ჩემს წარსულთან დაკავშირებით და განზე გავდექი. ჯონის ცოდვის გამჟღავნებასთან ერთად სადღაც გაქრა ქრისტეს შეგონება იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე უნდა მივუტევოთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ მოგვიტევონ.
შიშით ვცხოვრობდი და ვცდილობდი, ჯონი იძულებული გამეხადა, რომ სირცხვილი ეგრძნო, როცა ის პორნოგრაფიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. მე კი ძალიან მცირედ ან თითქმის არ ვეხმარებოდი ამაში. არ ვფიქრობდი, რომ ეს ორივეს გამოწვევა იყო. მიმაჩნდა, რომ ეს მხოლოდ მისი დასაძლევი გახლდათ.
ვგრძნობდი, რომ ჩემი წარსული ტვირთად მაწვა და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მამძიმებდა, და ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი იმაზე უკეთესს, რასაც განვიცდიდი იმ დროს ცხოვრებაში. ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც არ ვეხმარებოდი ჯონს. მას განვიკითხავდი და ამით, გარკვეულწილად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ჯონი თუ არ შეიცვლებოდა, მეც არ ვიქნებოდი ვალდებული, მეპატიებინა მისთვის.
ერთ ღამეს, გაბრაზებულმა და გულგატეხილმა შევღაღადე ღმერთს: „ვაპატიებ, როცა შეიცვლება“. შეშფოთებული ვიყავი იმის გამო, რომ ჩემსა და ჯონს შორის ნდობა სრულიად დაკარგული იყო და ამიტომაც აღარ მინდოდა, რომ კიდევ განმეცადა იმედგაცრუება. ღმერთმა ჩემს განცხადებას შეკითხვით უპასუხა:
– მენდობი, ლიზა?
– დიახ.
– კარგი. მე გეუბნები, რომ ჯონს აპატიო იმისათვის, რომ შეიცვალოს.
მან ის სიტყვებიც მითხრა, რომლებიც უნდა მეთქვა ჯონისთვის: „მჯერა, რომ გინდა შეიცვალო და გპატიობ“. ეს რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რის თქმაც სინამდვილეში მინდოდა: „მაშინ დაგიჯერებ, როცა შეიცვლები“.
ასეთი აზროვნება იმდენად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ვიცოდი, რომ მივხვდი, ღმერთი მიმიძღვებოდა წინ. კურნება დაიწყო მაშინვე, როგორც კი უპირობო მადლი გამოვიჩინე ჯონის მიმართ. მან შეძლო სირცხვილის სიბნელიდან სინათლეში გამოსვლა, სადაც გათავისუფლდა კიდეც თავისი ბორკილებისგან. თვალთახედვის ეს ცვლილება გარდამტეხი მომენტი გახლდათ. შევძელი, მივნდობოდი ღმერთს, რომელიც არ იცვლება.
უშიშარი სიყვარული ღმერთის მოსიყვარულე ერთგულებას ეფუძნება. თუ ჩემს ცოდვებს მამის წინაშე ვაღიარებ იესოს სახელით, არასოდეს შევრცხვები. მას სჯერა, რომ ჩემი მომავალი უკეთესი იქნება. ღმერთი სიყვარულია. სიყვარული მარადიულია. სიყვარული არასოდეს მთავრდება. სიყვარულიდან შობილი არაფერი კვდება. მაგრამ არის ადგილები, სადაც სიყვარული არ იზრდება: სიყვარულს არ შეუძლია გაიფურჩქნოს იქ, სადაც შიშია. შიშს აქვს დასასრული. ფაქტობრივად, შიში არის ჩიხი. შიში უწმინდური სულია, რომელსაც ტანჯვა მოაქვს. შიში თავისი სიბნელიდან ეჭვს შთაგვინერგავს, ხოლო სიყვარული თავის სიბრძნეს რწმენის სინათლიდან იღებს. აუცილებლად დამარცხდებით, თუ შიშის რჩევებს დიდხანს დაუგდებთ ყურს. შესაძლოა, ცდილობთ, რომ სიყვარული გამოიჩინოთ გარშემო მყოფთა მიმართ, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა. შესაძლოა, თქვენც, ჩემ მსგავსად, გიძნელდებათ სიყვარული, თუ ცვლილებას ვერ ხედავთ, მაგრამ მინდა გაგამხნეოთ და მოგიწოდოთ იმისკენ, რომ მანამდე გამოიჩინოთ სიყვარული, სანამ მას დაიმსახურებენ. მხოლოდ მაშინ ვიცვლებით, როდესაც ვიღებთ ჩვენდამი მომართულ ღმერთის დაუმსახურებელ, უშიშარ, ჩაუწვდომელ სიყვარულს. და თუ ამ სიყვარულს სხვების მიმართაც ვამჟღავნებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაძლევთ მათ საშუალებას, თავადაც ასევე მოიქცნენ. საყვარელნო, მიიღეთ ღმერთის უძლეველი სიყვარული და დაინახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო თქვენ გარშემო.
წყარო: http://bogoblog.ru