ნუ აურევ ერთმანეთში მარტოობას და განმარტოებას.
მარტოობაში გარემოებები მოგვამწყვდევს ან ჩვენივე ხასიათი. თითოეული ჩვენგანისთვის რთულია იმ ფაქტის მიღება, რომ ამ დედამიწაზე, ჩვენ გარდა, ცხოვრობს კიდევ რამდენიმე მილიარდი ადამიანი, რომელთაც აქვთ უფლება საკუთარი აზრისა და ცხოვრებისა.
განმარტოება არჩევანია. ჩვენს სიყალბით სავსე ეპოქაში დროდადრო საჭიროა სინთეტიკური რეალობისგან გაქცევა, რომ მასში საკუთარი თავი არ დავკარგოთ. განმარტოებაში იწყებ იმის გაგებას, თუ ვინ მართავს შენს ცხოვრებას – მექანიზმები, საზოგადოება, თუ შინაგანი ხმა, რომელიც ხარ ნამდვილი შენ. ყველაზე საშინელი საკუთარ თავში სიჩუმის აღმოჩენაა. რომელ მუსიკაზე ვცეკვავთ ჩვენი ცხოვრების ცეკვას? მეთოჯინეების მიერ დაწერილ მელოდიაზე? თუ ჩვენი გულის მელოდიაზე? ჩვენ გვეშინია განმარტოების. ის აბსოლუტურად მართალია. განმარტოებაში პირისპირ ვდგებით ჩვენს სინდისთან, ღვთის ჩუმ ხმასთან, რომლის გაგონებაც ხან ასე არ გვინდა. გეგმები ხომ უკვე შედგენილია, ბილეთები – ნაყიდი და მატარებელიც სადაცაა დაიძვრება, მაგრამ სწორი მიმართულებით წავა? სხვისი ვაგონი ხომ არაა? ჰკითხე სიჩუმეს…
შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრად ჟღერს, მაგრამ მე არ შევხვედრივარ ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბრბომ ჩამოაყალიბა. პიროვნებას უდაბნოები აყალიბებს. ამის შესახებ ბიბლიაში შეგიძლია წაიკითხო. იცი, ხანდახან ტკივილი განმარტოებაში უნდა გადაიტანო. იმისათვის, რომ გამოიტანო საკუთარი დასკვნები და მოიპოვო საკუთარი გამარჯვება; იმისათვის, რომ გქონდეს ძალა, იცხოვრო შენი ცხოვრებით… სხვაგვარად, აბა, საერთოდ რაღა საჭიროა იგი?