ჩაიქროლეს საუკუნეებმა. ჩნდებოდნენ და ემხობოდნენ იმპერიები, იღუპებოდნენ ცივილიზაციები; სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური გადატრიალებები დედამიწის იერსახეს ცვლიდა, მაგრამ იესო ნაზარეველის მიერ დაფუძნებული ეკლესია აღიმართება და მაღლდება, როგორც კლდე შუაგულ მღელვარე ზღვაში.
რწმენა, რომელსაც თავიდან სულ რამდენიმე ათეული ადამიანი აღიარებდა, დღეს აღძრავს და ამოქმედებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, პლანეტის მილიარდობით ადამიანს, რომლებმაც შექმნეს კულტურის მრავალრიცხოვანი ფორმები.
როდესაც კეთილმა უწყებამ მაცოცხლებელი ნიავივით დაუბერა და შემოიჭრა ჩამოშლილ და მომჭკნარ ანტიკურ სამყაროში, მან მოუტანა იმედი დაცარიალებულთ და სასოწარკვეთილთ, შთაბერა მათში სიცოცხლე და ენერგია. ქრისტიანობამ გააერთიანა ათენის სიბრძნე და აღმოსავლეთის სასოება რომის ოცნებასთან საყოველთაო „შეთანხმებაზე“; მან დაგმო მჩაგვრელები, აღამაღლა ქალი, ხელი შეუწყო მონობის აღმოფხვრას.
მოგვიანებით, დასავლეთის ბარბაროსულ ქვეყნებში ის გახდა ჰუმანურობისა და განათლების საყრდენი, რომელმაც დამთრგუნველი ძალა აიძულა, ეღიარებინა სულიერი და ზნეობრივი ავტორიტეტი. თანდათანობით ქრისტიანული „საფუარი“ გადაიქცა ევროპასა და ახალ მსოფლიოში დინამიზმის წყაროდ, რომელიც აქამდე უცნობი იყო კაცობრიობისთვის.
ქრისტიანობა იზიდავდა ერთი შეხედვით თითქოსდა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს: რომის მონებიდან დაწყებული დანტეთი დამთავრებული, დოსტოევსკიდან მოყოლებული აფრიკელ მწყემსებამდე დასრულებული. ის განამტკიცებდა კოლიზეუმის მოწამეებს და აძლევდა ძალას თავის აღმსარებლებს მე-20 საუკუნეში.
ყოველ ეპოქაში ახალი აღთქმა აღმოაჩენდა მასში დაფარულ უშრეტ იმპულსებს შემოქმედებისთვის. თუ იესოს პირველი მოწაფეები უბრალო გალილეველები იყვნენ, შემდგომში მისი ჯვრის წინაშე მუხლი მოიდრიკეს დიდმა მოაზროვნეებმა ყველა ხალხიდან. მისმა გამოცხადებამ გააბრწყინა ავგუსტინესა და პასკალის გონება, ქრისტესადმი სიყვარული აღმართავდა ტაძრების ხელნაკეთ გუმბათებს, შთააგონებდა პოეტებსა და მოქანდაკეებს, აცოცხლებდა სიმფონიისა და ქორალების დიდებულ ხმებს. ღმერთკაცის სახება აღბეჭდილია მიქელანჯელოს, რუბლიოვის და რემბრანდტის მიერ. მესამე ათასწლეულის ზღურბლზე სახარება, რომელიც ქრისტეს გვაუწყებს, ნათარგმნია უამრავ ენაზე და ვრცელდება მსოფლიოში ისე, რომ არ ჩამოუვარდება ადამიანური გენიის განთქმულ ქმნილებებს.
მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანები ივიწყებდნენ, „რომელი სულისანი იყვნენ“, ხოლო მათი მაცხოვრის აღთქმისადმი ღალატი შეაიარაღებდა უამრავ მტერს ეკლესიის წინააღმდეგ, სახარება შეუმჩნეველი სახით განაგრძობდა ადამიანებზე გავლენის მოხდენას. სამართლიანობის, ძმობის, თავისუფლების, თავგანწირული მსახურების იდეალები, სიკეთის საბოლოო გამარჯვებისადმი რწმენა და ადამიანის პიროვნების ფასეულობა ‒ ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ტირანიას, სიცრუესა და ძალადობას, თუნდაც შეუმჩნევლად, ხაპავს ცოცხალ წყლებს სახარების წყაროდან.
ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი ატყდებოდა ეკლესიას, შიდა და გარე საფრთხეები უდარაჯებდა მას. წინამძღოლთა ძალაუფლებისადმი სიყვარული და ბრბოს გადაულახავი წარმართობა, ქვეყნიური და ასკეტური ცდუნებები, ღია მოწინააღმდეგეთა თავდასხმანი და ქრისტიანთა ცოდვები, შუღლი და განხეთქილებები თითქოსდა დარტყმის ქვეშ აქცევდა თავად ეკლესიის არსებობას. მაგრამ მან გაუძლო ყველა ისტორიულ ბრძოლასა და კრიზისს.
მისი დაუძლეველობის საიდუმლო კაცის ძეში მდგომარეობს, რომელიც მოციქულის თქმით, „გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ იმ სულის ნიჭებში, რომელიც მის ერთგულებზე გადმოდის.
ადამიანის გაუნათებელი გონება ეძებს გარეგნულ დიდებას, ეთაყვანება ხილულ ძალას; მაგრამ სახარება ამას არ იძლევა. „ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს, იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის ‒ უგუნურებას.“ სამყაროს ეცხადება და ხსნას უვლენს დამდაბლებული ღმერთი, დამცირებული „ამა სოფლის“ თვალში.
ყოველმა სულმა, რომელსაც ქრისტე ჰყავს მიღებული გულში, ამიერიდან იცის, რომ ადამიანი არ არის მარტოსული მოხეტიალე, რომელსაც ვერავინ გამოეხმაურება შავ კოსმოსურ უდაბნოში, არამედ ღვთის შვილი, ღვთაებრივი ჩანაფიქრის თანამონაწილე. დედამიწაზე მოვლენილმა, ხორცშესხმულმა ღმერთმა მიუთითა ადამიანებს თავიანთი უზენაესი დანიშნულება, განწმინდა და განასულიერა ადამიანური ბუნება, რომელშიც უკვდავების თესლი ჩათესა. დაფარულში მყოფი და მიუწვდომელი შემოქმედი მისი სახით ახლობელი გახდა ჩვენთვის და ეს ავსებს ჩვენს ცხოვრებას სიხარულით, სილამაზითა და აზრით. უკვე აღარ არსებობს „უფსკრულის შემაშინებელი მდუმარება“, ქრისტეს სინათლე და ზეციერი მამის სიყვარულია ყოველივეზე მოფენილი…
სწორედ ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც ქრისტიანობას უკვე დასამარებულად მიიჩნევდნენ, ის, როგორც ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი, დგებოდა სამარიდან და გვიცხადებდა უტყუარობას აღთქმისა: „შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.“
არა დოქტრინები და არა თეორიები, არამედ თავად ქრისტე მუდამ აახლებს ქრისტიანობას და მიჰყავს ის უსასრულობისკენ.
იუდეაში გათენებული აღდგომის დილის შემდეგ გასული წლები მხოლოდ პროლოგია ეკლესიის ღვთიურ-ადამიანური სისავსისა, დასაწყისი იმისა, რასაც იესო დაჰპირდა მას. ახალმა სიცოცხლემ გამოყო პირველი, ჯერ კიდევ სუსტი ყლორტები. კეთილი უწყების რელიგია მომავლის რელიგიაა, მაგრამ ღმერთის სამეფო უკვე არსებობს სამყაროს სილამაზეში და იქ, სადაც ადამიანთა შორის სიკეთე იმარჯვებს, უფლის ჭეშმარიტ მოწაფეთა შორის, წმინდათა და ღვაწლმოსილთა, მათში, ვისაც სურს, იესოს გაჰყვეს, ვინც არ მიატოვა ქრისტე მისი ეკლესიის მძიმე განსაცდელთა ჟამსაც…
ღვთიურო მასწავლებელო, მოგვეც ჩვენ მათი რწმენის ძალა, მათი იმედის ურყეობა და შენდამი სიყვარულის ცეცხლი. როდესაც ცხოვრებისეულ გზაზე აბნეულნი შევჩერდებით, რადგან არ გვეცოდინება საით წავიდეთ, ჩვენც გვახილვინე წყვდიადში შენი სახება. ტექნიკური ეპოქის ღრიალსა და ხმაურში, რომელიც ესოდენ ძლიერი და ამავდროულად ესოდენ ღარიბი და უძლურია, გვასწავლე მარადისობის სიჩუმის მოსმენა და გაგება და გაგვაგონე მასში შენი ხმა, სიმამაცის მომცემი შენი სიტყვები: „მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე.“
ავტორი: ალექსანდრე მენი