საიდან უნდა ვიცოდე, რაშია ჭეშმარიტება?
საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცოდნისა და შემეცნების ისეთ სიმაღლეებს აღწევდა, რაც საშუალო ფენისათვის წარმოუდგენელი იყო. მრავალმა მწიგნობარმა მიუძღვნა თავისი სიცოცხლე აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებას და ამ ძიებისას იმაზე გაცილებით დიდი ცოდნა შეიძინა, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობას ძალუძს – შეიძინოს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში.
ასეთ მოაზროვნეთა შორის შეიძლება დავასახელოთ პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, დეკარტე, კანტი, ჰიუმი, კიერკეგარდი და სხვა მრავალი, თუმცაღა ცოდნისა და შემეცნების ასეთი სიმაღლეების მიღწევა როდი ნიშნავს აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებისას წამოჭრილი სირთულის გადაჭრას, რადგან ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ყველა სახელგანთქმული ფილოსოფოსი ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდოდა შეკითხვაზე: „რაშია ჭეშმარიტება?“ თუმცა მათ შორის არ არსებობს ერთი აზრი, პირიქით, შეხედულებათა ჭიდილისას ისეთ უკიდურეს ფილოსოფიურ აზროვნებამდე მიდიან, როგორიცაა სოლიპსიზმი, (რომლის მიხედვითაც მხოლოდ მოაზროვნე ინდივიდია რეალურად არსებული, ყველაფერი დანარჩენი მის წარმოდგენაში არსებობს) და სკეპტიციზმი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ყოველგვარი ცოდნის არსებობას.
ბერძენი სკეპტიკოსი გორგიასი ამტკიცებდა, რომ არაფერი არსებობს და რომ არსებობდეს კიდეც, არ გვეცოდინებოდა. ის აცხადებდა, რომ ადამიანს რამე რომ სცოდნოდა, ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას ვერ შეძლებდა. იბადება კითხვა: „რატომ დაწერა მან ეს?“ ასეთი განათლებული უმეცრება აღშფოთებას იწვევს და მოციქულ პავლეს სიტყვებს გვახსენებს:
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?
ადამიანის გონებას არ ძალუძს, ჩასწვდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ღვთიური გამოცხადების გარეშე (იხ. ფრენსის შეფერის წიგნი „გაქცევა საღი აზრიდან“).
ძირითადი ვარაუდი
იმისათვის, რომ ადამიანმა რაიმე ცოდნა შეიძინოს, ჯერ უნდა გარკვეული ვარაუდი ჰქონდეს, რაც ნებისმიერი ცოდნის წინაპირობას წარმოადგენს. მას უნდა სჯეროდეს, რომ გონიერი არსებაა და ძალუძს ცოდნის შეძენა. გორგიასმა უარყო გონიერება, რითაც საკუთარი არსებობის უარყოფამდე მივიდა. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ გვაქვს აზროვნების, მსჯელობისა და ცოდნის შეძენის უნარი.
დროისა და სივრცის საზღვრები
ღმერთი ყოვლისმცოდნეა და შესაბამისად, მისთვის არ არსებობს შეზღუდვანი დროსა და სივრცეში, განსხვავებით თავისი ქმნილებისგან, ადამიანისგან, რომელიც საკუთარ მოკვდავ სხეულსა და დროშია მომწყვდეული. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე ადგილას იმყოფებოდეს. არავის ძალუძს, ერთდროულად ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრობდეს ნიუ-იორკში და ატარებდეს გაკვეთილს სენტ-ლუისში, მისურიში. კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებმა უსაზღვროდ გააფართოვა ადამიანის ცოდნის თვალსაწიერი, თუმცა მაინც ვერ შეძლო ადამიანის გათავისუფლება დროისა და სივრცის საზღვრებიდან. თითოეული ადამიანის ცოდნა შეზღუდულია და შემოიფარგლება მისი პირადი გამოცდილებითა და იმ ცოდნით, რაც მან შეიძინა დედამიწაზე ცხოვრებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდების მეშვეობით. ადამიანს არ შეუძლია, იცოდეს ყველაფერი, რაც ხდება, რაც მოხდა და რაც მოხდება დედამიწაზე თუ ზეცაში. ადამიანს არ ძალუძს მომავლის განჭვრეტა (ღვთიური გამოცხადების გარეშე).
მიმაჩნია, რომ ცოდნასა და სიბრძნეს შორის განსხვავება ის არის, რომ ცოდნა ინფორმაციის მოპოვებაა, ხოლო სიბრძნე – ამ ინფორმაციის სწორად და ეფექტურად გამოყენება შესაფერის დროსა და გარემოში. ბევრი ჩვენგანისთვის მოუყენებიათ ტკივილი იმ პროფესორებს, ღვთისმსახურებს, ექიმებს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც უზარმაზარი ცოდნა აქვთ, მაგრამ არ აქვთ მცირეოდენი სიბრძნეც კი, თუ როგორ გამოიყენონ სათანადოდ საკუთარი ცოდნა.
ცოდნის წყაროები
შესაძლოა, ცოდნის მრავალი წყარო არსებობდეს, მაგრამ წინამდებარე თავის მიზანია, განიხილოს ცოდნის ოთხი უმთავრესი წყარო და გვიჩვენოს, როგორ გამოიყენა ღმერთმა თითოეული ამ წყაროთაგან, რათა საკუთარი თავი და თავისი ჭეშმარიტება გაემჟღავნებინა ჩვენთვის. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და თითოეულს ჰყავს თავისი მომხრენი, რომლებიც ერთ მეთოდს სხვებზე მაღლა აყენებენ. ეს მეთოდებია: 1. პირადი გამოცდილება; 2. დამოწმება; 3. მსჯელობის უნარი და 4. ინტუიცია. მოდით, განვიხილოთ ყველა მათგანი.
- პირადი გამოცდილება
ჩვენი ცოდნის ძირითადი ნაწილი შეძენილია მხედველობის, სმენის, შეხების, გემოსა და ყნოსვის ორგანოების მეშვეობით. ამას „ემპირიული ცოდნა“ ეწოდება. ბავშვი პირადი გამოცდილებით სწავლობს, რომ ღამე ბნელია, ცეცხლი ცხელია და წყალი სველია. ჩვენს გონებაში ყველაზე ნათლად აღბეჭდილი მოგონებები უმთავრესად პირად განცდებთანაა დაკავშირებული. ემპირიული ცოდნის შეძენა ხდება ჩვენს გონებაში გარშემო არსებული ინფორმაციის აღქმისა და შემეცნების შედეგად. პირადი გამოცდილება ცოდნის ფასეული და მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი წყაროა.
პატარა ბიჭი ვიყავი, დაახლოებით, ოთხი თუ ხუთი წლის, როდესაც ბებიამ მითხრა, რომ დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლით იყო დაფარული. ვიფიქრე, რომ ის ძალიან ცდებოდა, რადგან ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ მდინარეები, ტბები და გუბეები არ ფარავს დედამიწის ზედაპირის უდიდეს ნაწილს (მაშინ ჯერ კიდევ არ მენახა ოკეანე). ჩემი მსჯელობა მთლიანად პირად გამოცდილებას ეყრდნობოდა, რაც აშკარა ილუსტრაციაა იმისა, რომ მხოლოდ ემპირიული ცოდნა არასდროს არის საკმარისი. ცნობილია, რომ როცა მარკო პოლომ ტროპიკების მცხოვრებთ, რომელთაც ყინული არასოდეს ენახათ, მოუთხრო, რომ მის ქვეყანაში წყალი ისე იყინებოდა, რომ ადამიანებს მასზე სიარული შეეძლოთ, ის თავხედ მატყუარად ჩათვალეს. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ მონაყოლი მათ პირად გამოცდილებას არ შეესაბამებოდა. ამავე მოსაზრებით უარყოფს ბევრი ადამიანი ქრისტეს აღდგომას და საღვთო წერილში ჩაწერილ სხვა სასწაულებს. დროისა და სივრცის ტყვეს, მოკვდავ ადამიანს ჰყოფნის სიმამაცე უსასრულო, ყოვლისშემძლე ღმერთის განსაკითხავად!
ემპირიზმი ფილოსოფიური შეხედულებაა, რომელიც მხოლოდ გრძნობათა ორგანოების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას მიიჩნევს ცოდნის სარწმუნო წყაროდ. თომა მოციქული სწორედ ემპირიკოსი გახლდათ. მან არც იმ ქალების მოწმობა და არც უახლოესი მეგობრების მტკიცება არ დაიჯერა იმის შესახებ, რომ მათ ნახეს აღმდგარი იესო. იესოს წინასწარმეტყველება აღდგომაზე კი არც გახსენებია მას. ამის ნაცვლად სხვა მოწაფეებს განუცხადა:
თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!
იესომ დაუმტკიცა თომას, რომ პირადი გამოცდილება შემეცნების ერთადერთი ღირებული საშუალება არ არის და აკურთხა ისინი, რომელთაც საკმარისი რწმენა აღმოაჩნდათ, ერწმუნათ სხვა ადამიანთა დამოწმება მიუხედავად იმისა, რომ მათ არც ენახათ, არც მოესმინათ და არც შეხებოდნენ იესოს.
მერე თომას ეუბნება: ‘მომეცი აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მომეცი შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!’ მიუგო თომამ და უთხრა მას: ‘უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!’ ეუბნება მას იესო: ‘შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახავვარ და მირწმუნეს.’
- დამოწმება
საიდან ვიცით, რომ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იყო? საიდან ვიცით, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე მსოფლიოს დაპყრობას ცდილობდა? საიდან ვიცით, რომ მარტინ ლუთერი ოდესღაც ცხოვრობდა? დამოწმებით, ჩემო მეგობარო, დამოწმებით! ისტორია – ეს ხომ მხოლოდ დაწერილ დამოწმებათა კრებულია და დღითი დღე გვიწევს, ისტორიულ ჩანაწერებს დავეყრდნოთ. მაშინ, როცა უძველესი ჩანაწერები და ყველა შეკრებილი ჩანაწერი ემთხვევა ერთმანეთს რომელიმე პიროვნებასთან, მოვლენასთან, თარიღსა თუ ადგილთან დაკავშირებით, ჩვენ ამ მოწმობას ფაქტად ვაღიარებთ. როგორც უძველესი, ასევე თანამედროვე სასამართლო სისტემები დამოწმებაზეა დაფუძნებული. მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას თითქმის არანაირი იურიდიული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ, როცა მოწმე ბევრია, შესაბამისად, ჩვენებაც მეტ ფასს იძენს. ძველაღთქმისეული პრინციპიდან გამომდინარე, პავლე არიგებდა ტიმოთეს, ორი ან სამი მოწმის გარეშე არ მიეღო ბრალდება ხუცესებზე.
დამოწმება ძალიან ღირებულია, მაგრამ შეიძლება იგი არასაიმედოც აღმოჩნდეს და ამიტომ ნებისმიერმა ადამიანმა, სანამ დამოწმებას დაიჯერებდეს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სამი ფაქტორი: 1. მოწმის კომპეტენტურობა, 2. მისი პატიოსნება და 3. დასტურდება თუ არა სხვა წყაროების მიერ მოცემული მოწმობა.
- მსჯელობის უნარი
ნამდვილად გვჯერა, რომ 2+2=4-ია? საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ თუ a=c-ს და b=c-ს, მაშინ a=b-ს? ჩვენ შეგვიძლია დავიჯეროთ ზემოხსენებული, თუკი ვაღიარებთ, რომ ადამიანს აქვს მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარი. მსჯელობის უნარი ყოველგვარი აზროვნების საფუძველია, რომლის გარეშეც ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების უწესრიგო გროვა იქნებოდა.
მსჯელობის უნარი საშუალებას აძლევს ადამიანს, სისტემაში მოიყვანოს ფაქტები და აუცილებელი დასკვნებიც გამოიტანოს. მიზეზისა და შედეგის კანონის მიხედვით და მარტივი ლოგიკის დახმარებით შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს. ყვავილის, თოვლის ფანტელის ან თუნდაც მთელი სამყაროს რთული აგებულება შემოქმედზე მიუთითებს. ყოველ შედეგს თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. კანონი, წესრიგი და აგებულების სირთულე შემთხვევითობას არ წარმოადგენს. ყველა მეცნიერი დაეთანხმება იმ აზრს, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ კანონს კანონმდებელიც სჭირდება.
მრავალ ფილოსოფოსს ადამიანური ლოგიკა წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აჰყავს და მსჯელობის უნარს თავის ღვთაებად აქცევს. ისინი მოაზროვნეების ე. წ. რაციონალიზმის მიმდევრები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ცოდნის შეძენა ხდება მხოლოდ ცნებათა ურთიერთშედარების საფუძველზე.
რაციონალისტები ვერ აცნობიერებენ, რომ ადამიანის მსჯელობის უნარს თავისი საზღვრები აქვს. მოაზროვნის გონება ხდება ჭეშმარიტების განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ისინი ადამიანის შეზღუდულობას საერთოდ უგულებელყოფენ და გონებას უსაზღვრო შესაძლებლობების მქონედ მიიჩნევენ. ერთ დღესაც, როცა ეს ადამიანები წარდგებიან ყოვლისშემძლის წინაშე, ხმის ამოღებას ვერც გაბედავენ. რას უპასუხებენ ღმერთს, როცა ის ჰკითხავს:
შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე? თუ გახსნილან შენ წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
იობის მსგავსად, ისინიც ვერ შეძლებენ, პასუხი გასცენ ღმერთის თუნდაც ერთ შეკითხვას.
ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბევრი რამაა ისეთი, რაც მათ წარმოდგენას აღემატება. თავმდაბლობით როცა ვაღიარებთ ჩვენს შეზღუდულ ბუნებას და თვალს მოვწყვეტთ საკუთარ „მე“-ს, მხოლოდ მაშინ შევაფასებთ ღმერთს სათანადოდ, როგორც სიბრძნის მეფესა და უდიდეს სწავლულს. მაშინ გავხსნით ჩვენს ბაგეთ და პავლეს მსგავსად აღმოგვხდება ქება:
ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.
- ინტუიცია
ინტუიცია განისაზღვრება, როგორც „მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ჭეშმარიტების პირდაპირი შემეცნების უნარი.“ შემოდგომით სამხრეთისაკენ, ხოლო გაზაფხულზე ჩრდილოეთისკენ მიფრინავენ ფრინველები; ზღვიდან მაღალმთიანი მდინარეებისკენ იკვლევს გზას ორაგული, ხოლო ობობა ქსელს თავისი ინტუიციის თუ ინსტინქტის მიხედვით აბამს. ზოგი ადამიანი ფლობს შინაგან უნარს, იგრძნოს, როდის ემუქრება მის ოჯახს საფრთხე. მრავალი ტყუპი ინტუიციით გრძნობს, როცა რაიმე ხდება მეორე ტყუპისცალის თავს. უდავოა, რომ ინტუიციური ცოდნაც არსებობს.
ერთი მხრივ, ინტუიცია ჭეშმარიტების შესაძლო წყაროა, მეორე მხრივ, მისი შემოწმება ძნელად თუ ხერხდება. სანამ ინტუიციურ ცოდნას ღირებულად ვაღიარებდეთ, აუცილებელია მისი საგულდაგულო შემოწმება არსებული მტკიცებულებების შუქზე და მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიღოთ ან უარვყოთ ის, სხვა ცნობილ ფაქტებთან მისი შესაბამისობის საფუძველზე.
ინტუიციის მეშვეობით მიღებული ცოდნა თუ არ შეესაბამება ცოდნის მოპოვების სხვა წყაროებს, მაშინ აბსურდი იქნებოდა მხოლოდ ინტუიციურ ცოდნაზე დაყრდნობა. მრავალი რელიგიური ლიდერი მიიჩნევდა, რომ ფლობდა განსაკუთრებულ ინტუიციურ ცოდნას, თუ ჭეშმარიტების პირდაპირ შემეცნებას ღმერთის გამოცხადების მეშვეობით. ზოგი მათგანი თავის შეუცდომლობასაც კი ამტკიცებდა და მრავალი რელიგიური დენომინაცია სწორედ მათ „გამოცხადებათა“ საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან როგორც ერთმანეთს, ასევე არსებულ შემოწმებულ ფაქტებს. ხშირად რომელიმე „შეუცდომელი“ ლიდერი ეწინააღმდეგება მეორე, ასევე „შეუცდომელ“ ლიდერს. რა შეუსაბამობაა! ჭეშმარიტება არასოდეს ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას!
ბიბლიის ჭეშმარიტების ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებაა ის, რომ იგი ორმოცი სხვადასხვა ავტორის მიერ დაიწერა, თუმცაღა განცვიფრებას იწვევს თავისი ერთიანობით, როგორც სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის მიერ აჟღერებული მრავალხმოვანი, ჭეშმარიტებისა და ძალის მქონე მუსიკა.
გამოცხადების ფასეულობა
ღმერთის გამოცხადებაში სრული თანხმობისა და ყველაფერზე ამაღლებული რეალობის დანახვა შეიძლება. ღმერთმა საკუთარი თავი ადამიანს ცოდნის მოპოვების ყველა შესაძლო წყაროს მეშვეობით გამოუცხადა! ღმერთმა ურთიერთობის ყველა საშუალება გამოიყენა, რათა გზადაბნეული ცოდვილებისთვის თავისი სიყვარულისა და ხსნის ძალა გაეცხადებინა. ღმერთია უმაღლესი ჭეშმარიტების საფუძველი. თითოეულ ადამიანში ჩადებულია ინტუიციური ცოდნა ღმერთის შესახებ.
პავლემ რომაელებს მისწერა:
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება ღმერთზე იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ.
ღმერთმა ბუნების საოცარი მოვლენების მეშვეობითაც გაუმჟღავნა საკუთარი თავი ადამიანის გონებას.
ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არ აქვთ.
დავითი ამბობდა:
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
საუკუნეების განმავლობაში ღმერთი ზეპირი და წერილობითი ფორმებით ესაუბრებოდა ადამიანებს. საღვთო წერილი ღვთივსულიერი შთაგონებით დაწერილ და წარმოთქმულ მოწმობათა კრებულია, რომლებიც ავსებენ და ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. მათში შეუძლებელია წინააღმდეგობის პოვნა, არამედ ისინი ხმაშეწყობილად აღავლენენ ჭეშმარიტების დიდებულ საგალობელს.
იესო ამბობდა:
მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
ეს არის ფაქტი, რომელზეც ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველი მიანიშნებდა და რომელიც ახალი აღთქმის ყველა ავტორმა დაამოწმა. ძე ღმერთმა დატოვა სამყაროს სამეფო ტახტი და საკუთარი ფეხით იარა ცდუნებით, განსაცდელითა და გასაჭირით აღსავსე გზაზე, ბოლოს კი სიკვდილი დაითმინა, რათა ადამიანებს პირადად შეეცნოთ იგი.
მოციქული იოანე წერდა:
იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე, რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ; იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
ღმერთმა წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც გაიარა გზა გოლგოთამდე და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენი სიყვარული მოეპოვებინა. ღმერთს თუ საკმარისი არ გაუკეთებია ჩვენი გონებისა და გულის დასარწმუნებლად და ჩვენი სულების მოსაპოვებლად, მაშ, უიმედოდ დაღუპულნი ვყოფილვართ. ღმერთი ადამიანს არ ჰგავს, რომელიც თავის ჯორს სცემს, რათა მისი ყურადღება მიიპყროს (თუმცა ადამიანები ხშირად უფრო მეტად ჯიუტნიც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ვიდრე ჯორი), არამედ ღმერთმა აშკარად გაგვიმჟღავნა თავისი თავი, რათა მისმა ჭეშმარიტად მაძიებელმა იპოვოს კიდეც იგი. მისი ძალის, სიბრძნის, დიდებისა და სიყვარულის გამოვლენას კი ჩვენ უნდა ვუპასუხოთ სათანადოდ.
როგორ უნდა ვუპასუხოთ?
იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.
ხოლო პეტრემ მიუგო: ‘მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.’
რწმენა, მონანიება და ნათლობა იესო ქრისტეს სიკვდილის, დამარხვისა და აღდგომის სიმბოლოა.
რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია.
როგორც ვხედავთ, ბიბლიაში სიტყვა „ნათლობა“ „შთაფვლას“ ნიშნავს, რადგან ნათლობისას ვიმარხებით და აღვდგებით ქრისტესთან ერთად! (თუ ეს ჯერ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, მაშ, ჯერ არ მონათლულხართ ნათლობის ბიბლიური მნიშვნელობით). ბერძნული სიტყვა „baptismos“ (ნათლობა) ნიშნავს „შთაფვლას.“ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ახალი აღთქმა ბერძნულად დაიწერა. ბერძნული ენის ცოდნის გარეშეც ცხადია, რომ სიტყვა „ნათლობა“ ბიბლიაში გამოყენებულია „შთაფვლის,“ „განბანის“ მნიშვნელობით.
„იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ.“ (იოანე 3:23). თუკი სიტყვა „ნათლობა“ შთაფვლას არ ნიშნავდა, იოანე ნათლისმცემელს არ დასჭირდებოდა „ბევრი წყალი.“
„მიუგო იესომ: ‘ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.’“ (იოანე 3:5-6).
წყლისა და სულის მიერ ხელახლა შობილნი ღვთის შვილები ვხდებით. ღმერთი გვაძლევს სულიწმიდას, რათა ჩვენ თანდათანობით შევიძინოთ მისი ძის სრულყოფილი ხატება და მსგავსება, რომელიც არის ნიმუში ჩვენთვის. „ხოლო როცა უფლისაკენ მოიქცევიან, რიდე ეხდებათ. ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.“
ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
რა საოცარია! რაც უფრო თვალმოუშორებლად ვუყურებთ მაცხოვარს, როგორც ჩვენი რწმენის განმამტკიცებელს, მით უფრო მეტად ვემსგავსებით მას სულიწმიდის მეშვეობით. მაშინ, როცა ვეძიებთ, ვაკაკუნებთ და ვითხოვთ მისი დიდების, სიყვარულის, ძალისა და მადლის უფრო ძლიერად გამოვლენას, ის პასუხობს ჩვენს ლოცვას, ვინაიდან ჩვენ სულიწმიდითა და მისი ნების თანახმად ვლოცულობთ. მისი ბრწყინვალე დიდება გვავსებს და ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვიპყრობს აღტაცება მისი თანდასწრების, მის მიერ ჩვენს ცხოვრებაში დასახული მიზნის გამო.
ამის შედეგად შეგვიძლია დავთმოთ წუთიერი ცოდვილი სიამოვნება, რაც ასე ადვილად გვაქცევს ხაფანგში. ჩვენ აღარ გვჭირდება ბრძოლა თვითგანდიდებისა და თვითრეალიზებისათვის, რადგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, როგორ გვაფასებს ღმერთი. ყველაფერში უფალს უნდა ჰქონდეს პირველობა! როცა ღმერთს უკავია პირველი ადგილი ჩვენს მიზნებში, გეგმებსა და საქმიანობაში, შედეგად სიწმინდეს, ძალასა და ნაყოფიერებას ვიღებთ მისი დიდებისათვის.
საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმინდოს თავი, როგორც ის არის წმინდა.
ქრისტე – ღვთის სიბრძნე
ღვთის ძალა
ღვთის სიყვარული
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვისაც წმინდა წერილი „საშიშს“ უწოდებს, ეს თავად უფალია:
წმინდა და საშიშია სახელი მისი.
მომდევნო მუხლი ამბობს: „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა.“ ჩვენ, რომლებიც ვასწავლით ღვთის სიტყვას, მხოლოდ ადამიანები ვართ. მხოლოდ მსახურნი ვართ ყოვლისშემძლე ღმერთისა. დაე, გამოვიჩინოთ სიბრძნე და უარი ვთქვათ ხმამაღალ წოდებებზე, რომლებიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის! მრავალი ადამიანი ცდილობს, პატივისცემა გამოხატოს და რელიგიურ განსხვავებას გაუსვას ხაზი სხვა ადამიანისათვის წოდებათა მინიჭებით. ზოგჯერ სიტყვას „პატივცემული“ (ორიგინალში „საშიში“ – მთარგმნ. შენიშვნა) ბეჭდავენ ჩემს სახელთან ერთად ჩემი გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე. შესაძლებლობის შემთხვევაში ზრდილობიანად ვთქვათ უარი ასეთ წოდებებზე.
იესომ სწორედ ამ სინამდვილეზე გაამახვილა ყურადღება, როცა თქვა:
და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’ თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე. უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.
თუ ნამდვილად გსურთ სიბრძნის შეძენა, ეძიეთ იგი ქრისტე იესოში! დაე, მაცხოვარი, რომელიც არის ღვთის ძალა და სიბრძნე, წაგიძღვეთ ხსნის გზაზე. (იხ. 1-ლი კორ. 1:24-25).
…აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე.
მოდით, ვეძიოთ უფალი იესო ქრისტე მთელი გულით, სანამ მოწყალების ჟამია!
იესომ თქვა:
ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.