პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ „დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.“ (მე-2 ტიმოთეს 4:3-4). დღეს ეკლესია სახიფათოდ ახლოს არის იმ ზღვართან, რომ დაუბრუნდეს ასეთ ზღაპრებს.
მილიონობით ადამიანი უკვე მიჰყვა ამ ცრუ მოძღვრებებს. ვიდრე კიდევ უფრო მეტ სულს დავკარგავდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ის, რაც, ჩემი აზრით, შვიდ ყველაზე დიდ ცრუმოძღვრებას წარმოადგენს, რომელიც შეიჭრა ეკლესიაში და დამღუპველი, მცდარი აზროვნება შეიტანა.
1. ზედმეტად დიდი აქცენტირება წარმატებაზე
ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთნი – წარმატების სახარების შესახებ ხორციელი სწავლების მომხრენი – მოტივირებულები არიან სიხარბით. მათთვის იესო ქრიტეს შესახებ ქადაგება გამორჩენის საშუალებაა. ეს არის ის, რაც პავლემ აკრძალა და ამბობდა, მოვრიდებოდით „ფუჭ კამათს გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს“ (1-ლი ტიმოთეს 6:5).
მაგრამ ბევრი გულუბრყვილო მორწმუნე მაინც იღებს ამ სწავლებას და ცდილობს, წმინდა წერილით გაამართლოს ის. ისინი მიუთითებენ კურთხევის აღთქმაზე, რომელსაც უფალი ისრაელს შეჰპირდა მორჩილებისთვის, მათ შორის, ფინანსური კეთილდღეობა (მეორე რჯულის 28:1-13). მათ მოჰყავთ ის მუხლები იგავების და ფსალმუნების წიგნებიდან, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობას, გულუხვობას, შრომისმოყვარეობას, რწმენასა და ღვთისმოსავ ცხოვრებას ესადაგება (მაგ.: ფსალმუნი 111). ისინი გვახსენებენ შესანიშნავ აღთქმებს, რომლებიც იგავების 3:9-10-ში შეგვიძლია ვიპოვოთ და რომლებიც იესომ გამოიყენა ახალ აღთქმაში ისეთ სწავლებებში, როგორიცაა „მიეცით და თქვენც მოგეცემათ“ (ლუკას 6:38). ისინი ასევე ციტირებენ პავლეს, რომელიც წერდა თესვა-მკის ფინანსურ პრინციპებზე (1-ლი კორინთელთა 9; მე-2 კორინთელთა 8-9; ფილიპელთა 4:11-19).
ბიბლია არ არის იმის წინააღმდეგ, რომ გვქონდეს ფული. მაგრამ ის კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ ფული გვმართავდეს. პრობლემაა, როდესაც ხორციელი კეთილდღეობისა და წარმატების მქადაგებელნი არ ახსენებენ იმას, რომ:
- იესო საუბრობდა დედამიწაზე განძის შეგროვებისა (მათეს 6:19-24) და სიხარბის (ლუკას 12:15) წინააღმდეგ.
- იესო ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ უნდა ვიზრუნოთ ღატაკებზე (მათეს 25:31-46).
- იოანეც და პავლეც ასწავლიდნენ იმის შესახებ, რომ ისე არ უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც ქვეყნიერება ცხოვრობს (1-ლი კორინთელთა 7:29-31; 1-ლი იოანეს 2:15-17).
- იესო არ მომკვდარა იმისთვის, რომ ჩვენ ფინანსურად მდიდრები ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ გვიხსნას ცოდვებისგან (მათეს 1:21).
- ღმერთმა აირჩია ღატაკები, რათა იყვნენ მდიდრები რწმენაში და ღვთის სამეფოს მემკვიდრეები (იაკობის 2:5).
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხორციელი წარმატების მქადაგებლებმა უგულებელყვეს სხვა ბიბლიური გაფრთხილებებიც, მაგალითად ისეთები, როგორიცაა პავლეს მიერ ტიმოთესადმი ნათქვამი სიტყვები:
გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს; ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს. შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
ხორციელი წარმატების მქადაგებელნი უბიძგებენ ხალხს, რომ ეძებონ სიმდიდრე ან ეძებონ ღმერთი გამდიდრების მიზნით. და ხშირად ადამიანის სულიერებაზე იმის მიხედვით მსჯელობენ, რა ქონებასაც ფლობს ის. რა აქვს ამას საერთო იესო ქრისტეს სახარებასთან?!
2. გადამეტებული შეხედულება მადლზე
სწავლება გადამეტებულ მადლზე ნამდვილი „ეპიდემია“ გახდა. ის, ფაქტობრივად, შეუმჩნევლად შემოიპარა და ფესვი გაიდგა, როგორც არასასურველმა სარეველამ, შემდეგ კი მისი მოშორება უჭირს ქრისტიანს. მე ბევრ ახალგაზრდას ვიცნობდი, რომლებიც გულანთებულნი იყვნენ, მაგრამ მერე დაეცნენ ღმერთზე ამგვარი შეხედულების გამო. და ახლა ისინი იმის მაგივრად, რომ ღმერთს ეძებდნენ, ღამის კლუბებში დახეტიალობენ. თუ არ შევაჩერებთ და არ მოვკვეთთ ამ სწავლებას, ის მომდევნო თაობებზეც გადავა და მრავალ ქრისტიანს დატოვებს ნელ-თბილ მდგომარეობაში, რომელთაც თავიანთი მოშურნეობა და ცეცხლი ამ „შხამზე“ გაცვალეს.
სამწუხაროა, რომ გადამეტებული მადლის ზოგიერთი მქადაგებელი ცოდვაში ცხოვრობს და სინდისს იმით იმშვიდებს, რომ ღმერთის შესახებ ქადაგებს, რომელსაც მხოლოდ უყვარს, არასოდეს არ სჯის; ღმერთის შესახებ, რომელიც არ განგვსჯის ჩვენი საქმეების მიხედვით. როგორც ცრუმასწავლებლები, რომლებმაც „გარყვნილებად აქციეს ჩვენი ღვთის მადლი“ (იუდას 1:4). ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანი აღწერს „გარყვნილებად ქცევას“, როგორც „ლიცენზიას ამორალურობისთვის“. ასეთი მქადაგებლები ეძებენ გზებს, რომ ცოდვა გაამართლონ. თუმცა ზოგიერთს გულწრფელად უყვარს იესო, მაგრამ ქადაგებენ სიცრუესთან ნარევ ჭეშმარიტებას. მათ აიღეს ღმერთის შესახებ უდავო და დიდებული ჭეშმარიტება და წარმოადგინეს ის ისეთ გაზვიადებულ ფორმებში, რომ გააუქმეს ყველა ღვთიური გაფრთხილება და იმასაც კი ამბობენ, რომ იესო არ მიმართავს ახალი აღთქმის მორწმუნეებს. დროა, წრფელად მივუსადაგოთ ყველა სწავლება, მათ შორის ჩემიც, ღვთის სიტყვას. უბრალოდ კი ნუ გადაიკითხავთ უფლის სიტყვას, დაე, შემოვიდეს ის თქვენს გულსა და გონებაში. რატომ გვეშინია ასე, წინაღვუდგეთ ცრუ სწავლებებს ამ უღმერთო თაობაში?!
გადამეტებული მადლის მქადაგებლები სწორად აღნიშნავენ, რომ მადლით ვართ დახსნილები და არა ჩვენი საქმეების მიხედვით (ეფესელთა 2:8-9); ასევე, რომ იესო ჯერ კიდევ მაშინ მოკვდა, როდესაც ჩვენ ცოდვილები ვიყავით (რომაელთა 5:6-8); რომ ჩვენ აღარ ვართ ცოდვილები, არამედ წმინდები ღვთის თვალში (1-ლი კორინთელთა 1:2); რომ ღმერთის სიყვარული ჩვენდამი არ არის განპირობებული იმით, თუ როგორ ვიქცევით (რომაელთა 5:9-10); რომ შეუძლებელია, გავხდეთ სრულყოფილები ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებით (გალატელთა 3:3); რომ ჩვენ გავხდით ღვთის ძეები და ასულები, ქრისტეს თანამემკვიდრეები (რომაელთა 8:15-17) და ბევრი სხვა!
მაგრამ, პირველების მსგავსად, ისინიც ბევრ სხვა ჭეშმარიტებას უგულებელყოფენ წმინდა წერილიდან და გამოაქვთ არასწორი თეოლოგიური დასკვნები. მაგალითად, ისინი სწორად ასწავლიან, რომ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის – წარსული, აწმყო და მომავალი ცოდვებისთვის – მაგრამ გამოაქვთ არასწორი დასკვნა, თითქოს ჩვენ აღარ უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს და რომ სულიწმიდა აღარ გვამხელს ცოდვაში. არ გიცდიათ, განდგომილისთვის მოგესმინათ? დააკვირდით მის ნაბიჯებს და ხშირ შემთხვევაში დაინახავთ, რომ მან თავს ნება მისცა, წასულიყო სიწმინდის მიერ მინიჭებული თავისუფლებისგან და ჰუმანიზმის მონობაში მოხვდა.
3. ანტინომიზმი
ანტინომიზმი სიტყვა სიტყვით ნიშნავს „რჯულის წინააღმდეგ“. ეს არის გადასვლა მადლის შესახებ სწავლებაზე ძლიერი აქცენტირებიდან სრულ ანტინომიზმამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს: „იმას ვაკეთებ, რაც მინდა, იმიტომ, რომ იესომ გაგვათავისუფლა.“ პრობლემა ისაა, რომ იესომ იმისთვის კი არ გაგვათავისუფლა, რომ ვცოდავდეთ, არამედ მან თვით ცოდვისგან გაგვათავისუფლა.
იესო მოკვდა ჩვენ ნაცვლად და დაანგრია ცოდვის ძალა ჩვენს ცხოვრებებში, ამიტომ ახლა, სულიწმიდის მეშვეობით, შეგვიძლია ვიცხოვროთ რჯულის მართალი მცნებებით (რომაელთა 8:1-4). და მაინც, ისინი, ვინც ამ „შხამიან“ სწავლებას ავრცელებენ, ვერ იგებენ, რომ იესო თავის სწავლებაში აცხადებს, რომ მაგალითად, მრუშობა მხოლოდ ფიზიკური აქტი არ არის და გულში მრუშობაც მრუშობაა (მათეს 5:27-28).
ღვთის სრულყოფილი, წმინდა და დიდებული რჯული არ წარმოადგენს პრობლემას, პრობლემა ცოდვილი ბუნებაა. ცოდვა იმაზე უფრო შორს წაგიყვანს, ვიდრე ოდესმე გიფიქრია. ცოდვა იმაზე უფრო მეტი დაგიჯდება, ვიდრე ოდესმე გდომებია რამის გადახდა. და ცოდვა იმაზე დიდი ხნით დაგატყვევებს, ვიდრე ოდესმე აპირებდი დარჩენას მასში. ცოდვა დაგპირდება ყველაფერს, მაგრამ დაგტოვებს ყველაფრის გარეშე. ის სამუდამოდ დაგწყევლის.
შეკითხვა მაქვს ანტინომიზმის ყველა მიმდევართან, ვისაც სწამს და ცხოვრობს პრინციპით „რასაც მინდა, იმას ვაკეთებ“, როგორ დაამთავრებთ თქვენს სიცოცხლეს?!
4. ადამიანის გაღმერთება
დღესდღეობით, ბევრი ცრუ მოძღვრება იწყება ადამიანით და არა ღმერთით. ეს კონტრასტულია იმასთან, რომელი უწყებაც პავლე მოციქულმა გადმოსცა რომაელთა მიმართ წერილში და დაიწყო ღმერთით და მივიდა ადამიანამდე: ღმერთი წმინდაა, ჩვენ კი არა. ის მართალია, ჩვენ კი ცოდვილები ვართ. ჩვენ გვმართებს, წარვდგეთ მის სასამართლოზე და გვჭირდება მისი წყალობა, ხოლო ეს წყალობა ჯვრის მეშვეობით მოდის.
დღევანდელი სახარება, განსაკუთრებით ამერიკაში, ყველაფერს სხვაგვარად წარმოადგენს – ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი ღმერთზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერი ჩემზეა. ეს არ არის სახარება!
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ‘ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. ვინაიდან ვისაც სურს, თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.’
ჩვენ სერიოზული საშიშროება გვექმნება იმის გამო, რომ მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში უყურებს ადამიანს და არა ღმერთს. უბრალოდ შეხედეთ პოლიტიკურ სისტემას, ჩვენთან, ამერიკაში. ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა მესია, უფალი, მხსნელი, ცხებული, ტკბილეულივით არიგებენ ირგვლივ. უბრალოდ შიში მიპყრობს, როდესაც ვუფიქრდები, თუ რა იქნება ზეცის პასუხი. ეს არის მზადება ანტიქრისტესთვის: ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ადამიანის თაყვანისცემას, რომ ეს სწორედ ნიადაგის შემზადება იქნება ანტიქრისტესთვის, რომ მან გადაინაცვლოს თავისთვის საჭირო პოზიციაზე.
5. უფლის სიტყვის ძალაუფლებაში დაეჭვება
ღვთის ძალაუფლებაში დაეჭვება სათავეს ედემის ბაღში იღებს იმ მომენტიდან, როდესაც გველმა ევა გამოიწვია:
ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არცერთი ხისგან არ ჭამოთო?
ამ სატანისტურ გამოწვევას ორი მხარე ჰქონდა: პირველი – ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა ეს? და მეორე – ღმერთს არ უგულისხმია ის, რაც მან თქვა. ბოლოს და ბოლოს, არ დაიხოცებით, თუ შეჭამთ ნაყოფს ამ ხიდან (1-5 მუხლები).
ეს ორმაგი გამოწვევა დღემდე შტურმით გვიტევს. ბესტსელერების ავტორები გვეუბნებიან, რომ ბიბლიური ტექსტები არასაიმედოა, რომ ყველა ბიბლიური მანუსკრიპტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეწინააღმდეგება ერთმანეთს; რომ ჩვენ თითქმის არაფერი არ შეგვიძლია ვიცოდეთ რეალურ, ისტორიულ იესოზე. სხვა ავტორები კი გვეუბნებიან, რომ ბიბლია რელიგიური ტრადიციების კოლექციაა და რომ თავად ღმერთიც მხოლოდ რელიგიური მითია.
თუმცა, მეტწილად, წმინდა წერილის ძალაუფლებაში დაეჭვება ყოველთვის არაა აშკარა და ზოგიერთი ეჭვი გამომდინარეობს ადამიანის გაღმერთებიდან, რომელიც ამბობს: „ბიბლია უნდა მიესადაგებოდეს ჩემს სტანდარტებს. მე განვსჯი ბიბლიურ ღმერთს ჩემი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე და არა ღმერთი განმსჯის მე თავისი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე“. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც წმინდა წერილი ჩვენს გრძნობებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება, იმის ნაცვლად, რომ ჯვარს გავაკრათ ჩვენი გრძნობები და შეხედულებანი, და მოვიდრიკოთ ღვთისა და მისი სიტყვის წინაშე, ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ღვთის სიტყვას.
6. ჯოჯოხეთის უარყოფა
არასდროს ისე არ ეპარებათ ეჭვი ღვთის სიტყვაში, როგორც მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯოჯოხეთისა და მომავალი სასჯელის თემას. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვქადაგებათ დაუბალანსებელ სახარებას – ხაზს ვუსვამთ, გამოვყოფთ ღვთის სიყვარულს და უარვყოფთ ღვთის რისხვას, ხაზს ვუსვამთ ღვთის წყალობას და არ ვცნობთ ღვთის სამსჯავროს. ჩვენ არ გვაქვს ადგილი ჯოჯოხეთისა და მომავალი სასჯელისთვის ჩვენს თეოლოგიაში.
რატომ იყენებდა იესო ასეთ მკაცრ ფორმულირებას, როდესაც საუბრობდა ჯოჯოხეთის ალსა და ტირილზე, ადამიანთა მოთქმასა და კბილების ღრჭენაზე (მათეს 8:12)? და რატომ ასწავლიდა ის, რომ „უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.“ (მათეს 5:29)? რატომ გვაფრთხილებენ მომავალი რისხის შესახებ ახალი აღთქმის სხვა ავტორებიც (ეფესელთა 5:1-6)?
ერთია, იკამათო იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მომავალი სასჯელი, რომელიც ელოდება სახარების უარმყოფლებს, და სხვა საქმეა, საერთოდ უარყო ის. რაც არ უნდა ვიდავოთ იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მომავალი სამსჯავრო, ღვთის სიტყვა განგვიმარტავს, რომ მას ექნება შეუქცევადი, საშინელი და მარადიული შედეგები.
გამოცხადების 20:11-15 ღიად გვაფრთხილებს უზენაესი მოსამართლის მომავალი, დიადი, თეთრი ტახტის შესახებ. მაგრამ იმ თანამედროვე მასწავლებლებმა, რომლებიც ერესს ასწავლიან, თავიანთ თავზე აიღეს სამსჯავროს მოხსნის პასუხისმგებლობა. თუკი დავუჯერებთ და გავყვებით ასეთ სწავლებას, შედეგი დამანგრეველი იქნება.
7. მსოფლიო შერიგება (უნივერსალიზმი)
მსოფლიო შერიგება პროპაგანდას უწევს ისეთ მენტალიტეტს, როგორიცაა „გამოდი საპყრობილიდან თავისუფლებაზე“ – ბოლოს ყველა ზეცაში მოვხვდებით, რადგან იესო მოკვდა ჯვარზე. სხვებისგან განსახვავებით, უნივერსალიზმი გვასწავლის, რომ ყველა გზას ღმერთამდე მივყავართ. შეიძლება მომავალში შეგვხვდეს ტანჯვა, მაგრამ ეს იქნება არა სასჯელი, არამედ განწმენდა და ბოლოს ყველა გადარჩება.
მსოფლიო შერიგების მომხრეები მიუთითებენ იმ მუხლებზე, რომლებიც გვამცნობენ, რომ ღმერთმა თავისი მეშვეობით შემოირიგა ყოველი, რათა „მშვიდობა დაემყარებინა თავისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.“ (კოლასელთა 1:20). ისინი ასევე ამბობენ, რომ როგორც ადამში მოკვდა ყველა, ისე იესოში იცოცხლებს ყველა ადამიანი (რომაელთა 5:12-21).
რას იტყოდით, ვინმეს რომ ეცადა თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ადოლფ ჰიტლერი ზეცაშია? თქვენ ალბათ დაიყვირებდით: „რა მკრეხელობაა! შენ ალბათ შეიშალე!“ სწორედ ეს არის ნიმუში ამ ცრუმოძღვრებისა, რომელიც სხვა, აქ ჩამოთვლილ ცრუმოძღვრებებთან ერთად წარმოადგენს იმ ძირგამომპალი საძირკვლის ფენებს და როდესაც მოვარდება ძლიერი წყალი, ასეთი მორწმუნის სახლი ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა.
იესომ თქვა, რომ ბოლო დროს შეეცდებიან, რჩეულნიც კი შეაცდინონ, მაგრამ იყავი ზედმეტად ბრძენი და ჭკვიანი იმისთვის, რომ არ შეცდე.
ავტორი: სტივ ჰილი