ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ აქვთ ურწმუნო ან ვითომ მორწმუნე ადამიანებს ასეთი ბუნდოვანი წარმოდგენა ქრისტიანობის შესახებ? რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს ქრისტიანობის ხსენებაზე მოოქროვილი გუმბათები და ტაძრები წარმოუდგებათ; იტალიის მოსახლეობას − ვატიკანი, რომის პაპი და კარდინალები, ხოლო ამერიკელს − პროტესტანტული ეკლესიები, სადაც ცეკვავენ და შესაწირავს კრებენ.
თითოეულ ქვეყანასა და ერში არსებობს კლიშეები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ქრისტიანობა. თუმცაღა, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობის წარმოდგენა დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც ღმერთი სინამდვილეში გულისხმობს.
ადამიანები კი წარმოიდგენენ იმას, რასთანაც თავად ჰქონიათ შეხება. ზოგი შეხვედრია ფანატიკოსებს, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ძალით ახვევდნენ თავს საკუთარ მოძღვრებას ადამიანებს. ზოგს უნახავს ქრისტიანი, რომელიც სიგარეტით ხელში ქადაგებდა სახარებას; ზოგი კი მიიჩნევს, რომ ყველა ქრისტიანი საწყალი, უბედური, სუსტი და დაუცველი ხალხია, რადგან მას მხოლოდ ასეთი ქრისტიანები ჰყავს ნანახი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა ცნობიერებაში ჩამოყალიბებული ქრისტიანობის სახე ისე, უბრალოდ არ წარმოქმნილა. ყველაზე ხშირად სწორედ მორწმუნე ადამიანია ის ფაქტორი, რომელიც ან აირეკლავს ღვთის დიდებას სხვა ადამიანთა დასანახად, ან პირიქით, ეკლესიაში მისვლის ყოველგვარ სურვილს უკარგავს სხვებს.
ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა: „როდესაც სახარება იერუსალიმში მივიდა, ის სიცოცხლედ იქცა ადამიანებისთვის; როდესაც სახარება რომში მივიდა, ის იქცა რელიგიად, როდესაც სახარება ევროპაში მივიდა, ის იქცა ფილოსოფიად, ხოლო როდესაც სახარება მივიდა აშშ-ში ის იქცა ბიზნესად.“ ყველამ თავისებურად სცადა, გაეფორმებინა სახარება. ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ეს არის ფულის მოპოვების საშუალება, ზოგმა იფიქრა, რომ ეს საკუთარ მოსაზრებათა ლამაზად შეფუთვის საშუალებაა, სხვებმა კი ყურადღება გაამახვილეს რიტუალებზე და საერთოდ გამორჩათ თვალთახედვიდან ღმერთთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სახარება სიცოცხლეა.
დღესდღეობით, დედამიწაზე მცხოვრები, დაახლოებით, ერთი მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი მიიჩნევს თავს ქრისტიანად. ყველაზე დიდი ქრისტიანული დენომინაციების ხუცესები და ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ქრისტიანთა ჭეშმარიტი რიცხვი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ საქმის რეალური ვითარების შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყის. ცალკეული ადამიანები ან ჯგუფები მიიჩნევენ თავს ქრისტიანებად, ღმერთი კი იყურება ზეციდან და ამბობს: „მე თქვენ წინააღმდეგ ვარ“. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთს თავისი კრიტერიუმები აქვს. ბიბლიაში დაწერილია:
…სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა…
ქრისტეს გვერდით
იესოს ცხოვრებას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მის ირგვლივ მუდამ განსხვავებული ადამიანები იყრიდნენ თავს: იუდა, პეტრე, თომა… ასევე პილატე − მისი მოსამართლე, ფარისეველნი და სადუკეველნი − ბრალმდებელნი და მისი ფარული მოშუღლენი. ხალხი ბრბოებად მისდევდა იესოს, რათა ენახათ მის მიერ მოხდენილი სასწაულები და განკურნებულიყვნენ. ვინ იყო ეს ხალხი? დამკვირვებლები, საკუთარ სარგებელზე მონადირენი, ფარული არაკეთილისმყოფელნი, მოშუღლეები, აღტაცებული თაყვანისმცემლები თუ ნამდვილი მიმდევრები?
იესო ქრისტეს მოწაფეებს საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ჭეშმარიტი მიმდევარნი. გაიხსენეთ, იოანე მიიჩნევდა, რომ მოწაფეები შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც მათთან ერთად დადიოდნენ:
მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.
ქრისტე არ ფიქრობდა კონკურენციაზე. მას ესმოდა, რომ ყველას ყოველთვის არ შეეძლო გამუდმებით მასთან ყოფნა. მოწაფეებს ეს არ ესმოდათ. სწორედ ამიტომ იესომ უთხრა მათ:
ნუ აუკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა.
ამ ისტორიას აქვს მედალის მეორე მხარეც. მოდით, დავფიქრდეთ თავად ამ ადამიანზე, რატომ არ დადიოდა ის იესოსთან ერთად? რატომ სურს მას ქრისტეს სასწაულების ხილვა, იესოს სახელით სარგებლობა? სურს, რაღაც მიიღოს ღმერთისგან, მაგრამ არ უნდა მასთან იყოს მუდამ? რატომ? ჩვენ ყველას ვერ დავყოფთ „ჩვენიანებად“ და მტრებად. აქ კი ვხვდებით ადამიანს, რომელსაც მოწინააღმდეგეს ვერ ვუწოდებთ. აქ საუბარია ადამიანზე, რომელიც იესოს სახელით ეშმაკებს დევნის, მაგრამ არ დადის ქრისტესთან ერთად. ის მომხრეა, მაგრამ არა თაყვანისმცემელი. რა არის განსხვავება?
არსებითი განსხვავებები:
- მომხრეებს მოსწონთ იესო, თაყვანისმცემლებსაც მოსწონთ იესო, მაგრამ თაყვანისმცემლები მიჰყვებიან ქრისტეს, ხოლო მომხრეები მხოლოდ აღტაცებას გამოხატავენ მისდამი.
- მომხრეებს არ შეუძლიათ იესოზე გულახდილად საუბარი, თაყვანისმცემლებს კი არ შეუძლიათ, არ ისაუბრონ მასზე.
- მომხრეები მიდიან იესოსთან იმისათვის, რომ რაღაც სთხოვონ, თაყვანისმცემლები თხოვნის შესრულების შემდეგ ბრუნდებიან, რათა მადლობა შესწირონ.
- მომხრეებს სჭირდებათ კურთხევა, თაყვანისმცემლები კი ცდილობენ, ემსახურონ ქრისტეს.
- მომხრეები სიხარულით იღებენ, თაყვანისმცემლებს თავად უყვართ გაცემა.
- მომხრეები აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ან დანაშაულს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აშკარაა, თაყვანისმცემლები საკუთარი ნებით ინანიებენ ცოდვებს.
- პრობლემისას მომხრეები წუწუნებენ, თაყვანისმცემლები − ლოცულობენ.
- მომხრეები ცდილობენ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას, თაყვანისმცემლები კი ეძებენ ღვთის დიდებას.
- მომხრეებს შეუძლიათ იესოს მიწვევა სახლში, თაყვანისმცემლები კი ქრისტეს საკუთარ გულშიც იწვევენ.
- მომხრეები კარგად საუბრობენ, თაყვანისმცემლები კი ამასთან ერთად, კარგადაც მოქმედებენ.
- მომხრეები ყოველთვის იესოს გვერდით არიან ღვთის დიდების გაცხადებისას, თაყვანისმცემლები კი დევნის დროსაც კი მის გვერდით რჩებიან.
- მომხრეებს სურთ, მიეტევოთ, თაყვანისმცემლები კი არიან მზად, თავად მიუტევონ.
- მომხრეებს იზიდავთ იესოს სხვადასხვა ნიჭთა გამოვლინება, თაყვანისმცემლებს კი, გარდა ამისა, იზიდავთ იესოს ხასიათი.
- მომხრეები შეიძლება აღტაცებულნი იყვნენ იესოს მოწაფეებით, თაყვანისმცემლები კი პატივს სცემენ მოწაფეებს, მაგრამ აღტაცებულები არიან მხოლოდ იესოთი.
- მომხრეები არიან ადამიანთა მიმბაძველნი, თაყვანისმცემლები კი ჰბაძავენ იესოს.
ადრე თუ გვიან, თაყვანისმცემლებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მჟღავნდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე ეკლესიაში არიან, გარეგნულად ერთნაირად სცემენ თაყვანს ღმერთს და კითხულობენ ერთსა და იმავე ბიბლიას, ადრე თუ გვიან მათ შორის არსებული განსხვავება თავს იჩენს არა მხოლოდ ზეცაში, არამედ აქ, დედამიწაზეც.
მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
თუკი იესო ამბობს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სცემენ თაყვანს ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ჭეშმარიტებას აცდენილი თაყვანისმცემლებიც. ღმერთს არ შეუძლია დაგვაძალოს, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები. მას სურს, რომ ეს საკუთარი ნებით ავირჩიოთ. ის ასეთ მორწმუნეებს ეძებს.
წყარო: http://domnaskale.org