თითოეულ ჩვენგანში მიმდინარეობს ბრძოლა იმისათვის, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს − ღმერთისა თუ სხვა რაღაცებისათვის.
კერპთაყვანისმცემლობაა ის, როცა ღმერთზე ძალიან გვიყვარს სხვა რამე ან ვინმე. ჩვენ საკუთარ კერპებს ვემსახურებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი მოგვანიჭებენ იმ სიხარულს, რომლის მონიჭებაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. გვგონია, რომ ეს კერპები ღირსნი არიან ჩვენი თაყვანისცემისა.
ჩვენ კერპებით ვართ გარშემორტყმულნი. ამჩნევთ მათ? ისინი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, ეს შეიძლება იყოს მატერიალური კეთილდღეობა, ფინანსური უზრუნველყოფა, გრძნობისმიერი სიამოვნება. ყველაზე ძლიერი კერპები ისინია, რომლებსაც ვერ ვხედავთ: რეპუტაცია, ძალაუფლება და კონტროლი.
ქრისტიანები ხშირად იმ ადამიანთა მსგავსნი არიან, რომელნიც აღწერილნი არიან მე-4 მეფეთა 17:33-ში:
„უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ.“
გარეგნულად გვაქვს ღვთის შიში, სანიმუშოდ ვიქცევით საკვირაო ღვთისმსახურებისას: ვგალობთ, ხელებს აღვაპყრობთ ლოცვისას, კვირის განმავლობაში კი სხვა რაღაცებს ვემსახურებით აქტიურად; ვამტკიცებთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი გვიყვარს, სინამდვილეში კი ცრუ ღმერთებს ვაღმერთებთ.
უფალი იესო ამბობს, რომ უდიდესი მცნებაა:
„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“
იმის თქმა, რომ თაყვანისცემაა სიყვარული, ძალიან მარტივი ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ის, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს, განსაზღვრავს ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტს.
ღმერთს სურს, რომ გვიყვარდეს იგი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი ინსტრუმენტები და მუსიკა, უფრო მეტად, ვიდრე მსახურება, საკუთარი ქონება, საკვები; უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი მეუღლე და შვილები; უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ან არ უნდა გვიყვარდეს არავინ და არაფერი, გარდა ღმერთისა, მაგრამ შეუძლებელია, რაღაც ან ვიღაც „სწორად“ გვიყვარდეს, თუ ღმერთი არ გვიყვარს ყველაზე მეტად. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილები „არასწორი“ იქნება და ჩვენ მუდამ დროებით კმაყოფილებათა ძიებაში ვიქნებით, რათა ღვთის მიერ ჩვენში ჩადებული სურვილები დავიკმაყოფილოთ. ჩვენ გვეყვარება ის, რაც არ არის ღირსი ისეთი სიყვარულისა, როგორი სიყვარულის ღირსიცაა ღმერთი.
როგორ გავიგო, მიყვარს თუ არა ღმერთი ყველაზე მეტად? ამისათვის საკუთარ ცხოვრებას, კვირის დღეებს უნდა დავაკვირდეთ. რა მომწონს ყველაზე მეტად? რაში ვხარჯავ ყველაზე ბევრ დროს? საით წარიმართება ჩემი ფიქრები მოცალეობის ჟამს? რისკენ მივილტვი? რაში ვხარჯავ ფულს? რა არის ის, რის „ვერმიღების“ გამოც ძალიან გავბრაზდები? რისი არქონა ან ვისი არყოფნა მაგდებს დეპრესიაში? რისი დაკარგვის მეშინია ყველაზე მეტად? ამ კითხვებზე პასუხები ან პირდაპირ ჭეშმარიტ ღმერთთან ან იმ ცრუ ღმერთებთან მიგვიყვანს, რომლებიც გვიყვარს და რომლებსაც თაყვანს ვცემთ.
საგალობლების დიდებული ავტორი ისააკ უოტსი წერდა:
„დიადი ღმერთისთვის ფასეული არ არის ადამიანთა მსახურება, თუ მასში გული არ არის ჩადებული. უფალი გულს ხედავს და მის მიხედვით განსჯის. მისთვის თაყვანისცემის გარეგნული ფორმები არ არის მისაღები, თუ მათში გულითადი თაყვანისცემა არ იგრძნობა, თუ გულში ჭეშმარიტი სიყვარული არ მკვიდრობს. და სწორედ ამიტომ, უზომოდ მნიშვნელოვანია ‒ გვქონდეს ღვთისადმი მიძღვნილი გული. უზომოდ მნიშვნელოვანია!
ეს თქვენთვისაც უზომოდ მნიშვნელოვანია?“
უდავოა, რომ ღმერთი სწორედ მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას აფასებს. მაშინ ვხვდებით ჭეშმარიტი თაყვანისცემის მსახურების არსს, როცა ეს ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანი ხდება.
ამონარიდი ბობ კოფლინის წიგნიდან „თაყვანისცემის მნიშვნელობა“.
წყარო: http://bogoblog.ru/