მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო ნამდვილად არ არის. აშკარაა, რომ თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა გზას ირჩევს კოვიდ-19-ს მიერ გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად. სოციალურ მედიაში ხშირად ვხედავთ მიმებს, რომლებიც არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ცხადად გვიჩვენებს. მედიცინის სფეროში მომუშავე ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები კი წინა ხაზზე იბრძვიან პანდემიის წინააღმდეგ.
მშობლები საკუთარ შვილებს იზოლაციის მეშვეობით იცავენ. სხვები კი დაუდევრად იქცევიან, თითქოს ადამიანის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს ამ ვირუსის მიერ, ზოგნი კი ტუალეტის ქაღალდებს იმარაგებენ. და მაინც, ყოველმხრივ უიმედობას ვაწყდებით. ვერ გაგვიგია, საით წავიდეთ. საზოგადოებამ თითქმის დაკარგა კონტროლის უნარი; ადამიანებმა ხელშესახებად იგრძნეს სიკვდილისა და მწუხარების სიახლოვე.
მიუხედავად ამ გაურკვეველობისა, არის ის, ვის ხელშიცაა მართვის სადავეები. არის ის, ვისთანაც შეგვიძლია მივიდეთ. არის ის, ვისაც მთელი ქვეყნიერება ხელისგულზე აქვს გამოსახული. ღმერთი უზენაესი და გულმოწყალე მეფეა მაშინ, როცა ადამიანები შიშსა და პანიკას მოუცავს. მას არც აშინებს და არც აკვირვებს ეს პანდემია.
ღმერთმა ყველაფერი იცის, რაც ხდება და მის ხელთაა სრული კონტროლი ყველაფრისა (ფსალმუნი 134:6). მან იცის, სად დაიწყო ეს და საით წავა. წმინდა წერილის კითხვისას ვხედავთ, რომ ღმერთისათვის მოულოდნელი არაფერია, რადგან მან იცის, რა იწვევს თუმდაც ამ პანდემიას: ეს გახლავთ ადამიანის პირველქმნილი ცოდვა, როცა ავადმყოფობა და ცოდვა პირველად შემოვიდა ქვეყნიერებაზე (დაბადების 1-3 თავები). თავის სტატიაში „კორონავირუსი ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგია“, კევინ დეიანგი განმარტავს ავადმყოფობის, მათ შორის პანდემიის, წარმოშობის მიზეზს:
„კორონავირუსი ბუნებრივი ბოროტებაა, რომელიც არ სცდება ღმერთის კონტროლის საზღვრებს, მაგრამ ის ადამიანის პირველქმნილი ცოდვის შედეგია. კაცობრიობის ტკივილისა და ტანჯვის მიზეზი გახლავთ პირველი ადამიანების ამბოხი − ამბოხი, რომელიც ქრისტემ დაამარცხა ჯვარზე და რომელიც ერთ დღესაც გაქრება თავის სამწუხარო და ავბედით შედეგებთან ერთად.“
ღმერთისთვის ახალი სულაც არ არის კორონავირუსი. მან ამ სნეულების შესახებ მაშინვე იცოდა, როცა პირველი ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე (1-ლი იოან. 3:20). ღმერთმა არა მხოლოდ უწყის ყოველივე ამ დაავადების შესახებ, არამედ სრული ძალაუფლება აქვს მასზე (1-ლი ნეშტთა 29:11-12). სწორედ ისევე, როგორც ქარიშხალი დააწყნარა ქრისტემ (მარკ. 4:41), ასევე შეუძლია პანდემიის დაცხრობაც.
ჩვენი ქრისტიანული რწმენისათვის მოულოდნელი არ უნდა იყოს სნეულებით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს (1-ლი პეტრე 4:12-13). ბიბლიაში მკაფიოდაა დაწერილია, რომ იესოს აქვს ძალაუფლება ყოველგვარ სნეულებაზე (1-ლი პეტრე 2:24). ლუკას სახარებაში (4:38-40) დაწერილია, როგორ განკურნა მან თავისი სიტყვით ცხელებით დაავადებული ქალი.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 მართლაც სერიოზული საფრთხეა, ჩვენ, ქრისტიანები, უნდა მივენდოთ იმ ფაქტს, რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს. იესოს აქვს ძალაუფლება და ძალა იმისათვის, რომ განკურნოს, ვისი განკურნებაც სურს, როდესაც სურს და როგორც სურს. შესაძლოა, სრულად არ გვესმოდეს, რა გეგმა აქვს ღმერთს ამ დროს, მაგრამ შეგვიძლია, მივენდოთ მას და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მისი გეგმები მუდამ ჩვენდა სასიკეთოდაა (რომაელთა 8:28). შეიძლება, ჩვენი გეგმები შეიცვალოს, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება მუდამ აღსრულდება (იგავნი 19:21). ამ განსაცდელისას ქრისტე არ გვტოვებს. ის არის ჩვენი ერთადერთი იმედი.
ღმერთი არც ამ პანდემიისას მიგვატოვებს. მან ეს თავისი ცხოვრებით, სიკვდილითა და აღდგომით დაგვიმტკიცა. თუ გწამთ სახარების და ცდილობთ, მის სინათლეში იცხოვროთ, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ქრისტე თქვენ გვერდით მიაბიჯებს ამ გაურკვევლობისა და დაბნეულობის ჟამს.
იესო თავისი ნებით მოვიდა ამქვეყნად, დატოვა ზეცა, მამა ღმერთის სრულყოფილი თანდასწრება იმისათვის, რომ ამ დაცემული ქვეყნიერების სასოწარკვეთილებისაგან ვეხსენით (1-ლი კორინთ. 5:20-21). იესო დადიოდა სნეულებს, დაჭრილებს, ცოდვილებს შორის. მან სრულად განიცადა ის ტკივილი, რასაც ჩვენ, ადამიანები, განვიცდით. ის მწუხარებდა ახლობელი ადამიანის სიკვდილის გამო (იოან. 11:1-44); კარგად ესმოდა ცოდვის, სირცხვილის და სნეულების რეალობა. ის მოვიდა იმისათვის, რომ გამოვესყიდეთ, რათა ერთ დღესაც ბოლო მოეღო ცოდვისა და მისი შედეგებისათვის (გამოცხადება 21:3-5). თავისი ქმნილებისადმი სიყვარულის გამო ქრისტემ აიტანა ტანჯვა და ტკივილი, საკუთარ თავზე იწვნია ღვთის რისხვა (ესაია 53:4-5).
მისი მსხვერპლის გამო ჩვენ უკვე შეგვიძლია, მივიდეთ ღვთის წინაშე, ვიცოდეთ, რომ მას ესმის ჩვენი ღაღადის (ფსალმუნი 144:18) და თანაგვიგრძნობს. ამ სოციალური დისტანციის, თვითიზოლაციის პირობებში, შიშისა და მწუხარებისას ღმერთი ჩვენთან არის და არ გვტოვებს.
თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.
მაგრამ რატომ გვიწევს ამ ყოველივეს გადატანა, რატომ? თუ ღმერთი არ გვტოვებს და არც აპირებს ჩვენს მიტოვებას, მაშ, რატომ უშვებს ის ამ პანდემიას? თუ მას შეუძლია შეაჩეროს იგი, რატომ არ აჩერებს?
მოდით, ვიფიქროთ იმაზე, რომ ღმერთმა ირჩია, არ აღკვეთოს ეს პანდემია მხოლოდ იმიტომ, რომ მას უფრო მეტად ჩვენს გულში არსებული სნეულება აწუხებს, ვიდრე ჩვენი სხეულის ავადმყოფობა (ეზეკიელი 36:26; იერემია 17:9). ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ წარმოთქვა ქადაგება ამ თემაზე:
„ჩვენ ვიტანჯებით, როცა რაღაც უბედურება და ბოროტება ხდება და ღმერთს ვეკითხებით: ‘ღმერთო, როგორ შეგიძლია ამის დაშვება?’ ჩვეულებრივ, ადამიანები სვამენ კითხვას: ‘როგორ შეუძლია კეთილ ღმერთს ამდენი ბოროტების დაშვება მსოფლიოში?’ მაგრამ განა ღმერთის სიკეთე და მისი მადლი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახოთ, გამოვცადოთ და ვიგრძნოთ, რაოდენ დაცემულია ქვეყნიერება? როგორ შეუძლია კეთილ ღმერთს, დაუშვას ტანჯვა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცობრიობას ჭეშმარიტი რეალობა უჩვენოს. ვფიქრობ, რომ ღმერთი მოწყალე და კეთილია და ამიტომაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვნახოთ და საკუთარ თავზე გამოვცადოთ ცოდვით დაცემულ, სიბნელითა და ბოროტებით სავსე ქვეყნიერებაზე ცხოვრება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, არამედ იმას, რომ მისი ქმნილება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.“
მე მჯერა, რომ ღმერთი იმიტომ არ აჩერებს ამ პანდემიას, რომ ჯერ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია თავისი დიდებულება. ტანჯვა უფრო ნათლად წარმოაჩენს დაცემული კაცობრიობის მდგომარეობასა და იმას, თუ როგორ გვჭირდება მხსნელი. ღმერთი ამ სნეულებას იყენებს იმისათვის, რომ გვიბიძგოს მუხლებზე დადგომისკენ, რათა ვიხილოთ მისი დიდებულება და სხვებსაც ვუთხრათ ამის შესახებ (ებრაელთა 1:3; მათე 28:16-20 ; ფილიპელთა 2:9-11). დაე, მოვინანიოთ, ზურგი ვაქციოთ ცოდვას და ეგოიზმს და ვერწმუნოთ მარადიულ, ჭეშმარიტ ღმერთს. (მე-2 პეტრე 3:9).
ავტორი: სტეფანი ენგლჰარტი