განვიხილოთ, თუ როგორ უდგება ქრისტიანული მორალი სქესობრივი ურთიერთობის საკითხს და რას ნიშნავს ის სათნოება, რომელსაც ქრისტიანული უბიწოება ეწოდება. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი – ცვალებადი.
თითქმის შიშველი ქალი წყნარი ოკეანის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე, დამოუკიდებლად ჩაცმულობისა, ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს უბიწოდ (ან პირიქით). ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, შექსპირის დროის ზნეკეთილი მანდილოსნები რომ იყენებდნენ, მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ თავაშვებული ქალებისაგან შეგეძლოთ მოგესმინათ. როცა ადამიანები მათ საზოგადოებაში მიღებული წესიერების კანონებს არღვევენ, რათა თავიანთ თავში ან სხვაში ავხორცი ვნება აღძრან, მაშინ ისინი უბიწოების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ თუ ეს უვიცობით ან დაუდევრობით მოსდით, მაშინ ამით მხოლოდ ცუდ აღზრდას ავლენენ. ხშირად შეგნებულად იქცევიან ასე, რათა სხვები გააოგნონ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. მაგრამ ეს აუცილებლად მათ ბიწიერებას არ ნიშნავს. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მოკლებულნი არიან სიკეთეს, რადგანაც მხოლოდ ავ კაცს სიამოვნებს, სხვას რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. არა მგონია, ქცევის მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი ნორმები უბიწოებას მოწმობდეს ან შეეწეოდეს მას. ამიტომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ ნორმების მნიშვნელოვანი გამარტივება და შემსუბუქება დადებით მოვლენად მიმაჩნია. მაგრამ მოცემულ ეტაპზე სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთსა და იმავე ნორმებს არ ცნობენ, რის გამოც იქმნება გაუგებრობა. ვფიქრობ, სანამ ეს გაუგებრობა ძალაშია, ძველი თაობის ადამიანები ან ისინი, ვინც ძველი ყაიდის შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან უნდა გაფრთხილდნენ, რომ ახალგაზრდებს ან „ემანსიპირებულ ადამიანებს“ გარყვნილება არ მიაწერონ, თუ ეს უკანასკნელნი ძველი საზომების მიხედვით წესიერად არ იქცევიან. სამაგიეროდ, არც ახალგაზრდებმა უნდა მიიჩნიონ უფროსები ჩამორჩენილებად და პურიტანებად იმის გამო, რომ ადვილად ვერ ჰგუობენ ქცევის ახალ წესებს. მრავალი პრობლემა გადაიჭრება, თუ ნამდვილად მოისურვებ, სხვებში ყველა მათი დადებითი თვისება შეამჩნიო და შეეცდები, მათ თავი კარგად იგრძნონ.
უბიწოება ყველაზე ნაკლებ პოპულარული ქრისტიანული სათნოებაა. მას ვერსად გაექცევი. ძველი ქრისტიანული წესი ამბობს: ან იქორწინე და დაიცავი სრული ერთგულება მეუღლისა, ან დაიცავი სრული უბიწოება. ეს იმდენად ძნელია და იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენს ინსტინქტებს, რომ იფიქრებ, ან ქრისტიანობა ცდება, ან ამჟამინდელ ეტაპზე გადაგვარებული გვაქვს სქესობრივი ინსტინქტები. ან ერთი, ან მეორე. მე, რა თქმა უნდა, როგორც ქრისტიანი, ვფიქრობ, რომ გადაგვარებული გვაქვს ინსტინქტები.
ასე რომ ვიფიქრო, სხვა საფუძველიც მაქვს. სექსის ბიოლოგიური მიზანია ახალი თაობის შექმნა, ისევე, როგორც საკვების მიღების მიზანია ორგანიზმის შენახვა. თუ ვჭამთ, როცა მოგვინდება და რამდენიც მოგვინდება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ კატასტროფულად ბევრს მაინც არა. ერთმა კაცმა შეიძლება ჭამოს ორი კაცის ულუფა, მაგრამ ათის ულუფას მაინც ვერ მოერევა. მადა წინ უსწრებს თავის ბიოლოგიურ დანიშნულებას, მაგრამ არა უზომოდ. ხოლო ახალგაზრდა კაცი თუ თავის სქესობრივ მადას აჰყვა, იმდენ სქესობრივ აქტს ჩაატარებს, რომ ყოველი მათგანის შედეგად თუ თითო ბავშვი დაიბადა, ათ წელიწადში ერთ პატარა სოფელს დაასახლებს. ამგვარი მადა არ მიესადაგება მის ბიოლოგიურ ფუნქციას.
ან განვიხილოთ სხვა მხრიდან. ურიცხვი ადამიანი იყრის თავს სტრიპტიზის წარმოდგენაზე იმის სანახავად, თუ როგორ შიშვლდება ქალი სცენაზე. დავუშვათ, რომელიმე ქვეყანაში ჩახვედით და ნახეთ, რომ თეატრი სავსეა ხალხით. სცენაზე შემოაქვთ თავდახურული ჭურჭელი, მერე ამ ჭურჭელს თანდათანობით ეხდება ხუფი და ბოლოს, სინათლის ჩაქრობის წინ, მზერას წარმოუდგება ცხვრის კატლეტი ანდა შაშხის ნაჭერი. განა არ იფიქრებდით, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ჭამის მადა გაუკუღმართებია? ჰოდა, სხვა სამყაროში აღზრდილ კაცს სცენაზე სტრიპტიზი რომ ეხილა, განა არ იფიქრებდა, რომ სქესობრივი ინსტინქტები გაუკუღმართებული გვაქვს?
ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ თუ ნახავდა ქვეყანას, სადაც ცხვრის კატლეტის „სტრიპტიზი“ პოპულარობით სარგებლობს, იფიქრებდა, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. ცხადია, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიც სტრიპტიზია, შედეგია არა სქესობრივი გარყვნილებისა, არამედ – სქესობრივი შიმშილისა. მე ვეთანხმები იმაში, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში ადამიანები ცხოველ ინტერესს იჩენენ კატლეტის აღნიშნული სტრიპტიზისადმი, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. მაგრამ ამ ჩვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და გავარკვიოთ, მართლა აკლიათ თუ არა იმ ქვეყანაში საჭმელი. თუ დადასტურდა, რომ საჭმელი არ ჰკლებიათ, მაშინ შიმშილის ჰიპოთეზაზე ხელი უნდა ავიღოთ და სხვა რამ მოვიფიქროთ. ასევე, სანამ სქესობრივ შიმშილს სტრიპტიზის მიზეზად გამოვაცხადებდეთ, გამოვარკვიოთ, აჭარბებს თუ არა ჩვენი ეპოქა სქესობრივი თავშეკავებულობით გარდასულ ეპოქებს, როცა სტრიპტიზი არ არსებობდა. ეჭვი არაა, არ აჭარბებს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა მკვეთრად გაზარდა სქესობრივ ურთიერთობათა ინტენსივობა როგორც ქორწინებაში, ისე მის გარეთ. წარმართობის შემდგომ ყველა საუკუნესთან შედარებით საზოგადოებრივი აზრი გაცილებით შემწყნარებელი გახდა როგორც უკანონო, ისე გაუკუღმართებული ურთიერთობებისადმი. სქესობრივი შიმშილის ჰიპოთეზა ერთადერთი შესაძლებელი ახსნა არ არის. ყველას მოეხსენება, რომ სქესობრივ მადას, როგორც ყველა სხვა მადას, მოჭარბებულობაც ზრდის. მშიერი მართლაც ბევრს ფიქრობს საჭმელზე, მაგრამ ასეა მსუნაგიც. ღორმუცელასაც და დამშეულსაც უყვართ სასიამოვნო გამაღიზიანებლები.
არსებობს მესამე ახსნაც. ძალიან ცოტას ნახავთ ადამიანს, ვისაც იმის ჭამა სურს, რაც, ჩვეულებრივ, საკვებად არ იხმარება, ან კიდევ საჭმელს რაღაც სხვა დანიშნულებით იყენებს. მოკლედ, რაც ჭამას შეეხება, გემოვნების გაუკუღმართება იშვიათია. სქესობრივი ინსტინქტის გადაგვარების შემთხვევები კი ურიცხვია, ძნელად განკურნებადი და თავზარდამცემი. ვწუხვარ, რომ ამგვარ დეტალებში ვიჭრები, მაგრამ სხვაგვარად არ ხერხდება. იძულებული ვარ, ეს ვაკეთო, რადგან ბოლო ოცი წელი სექსის შესახებ მაგარ-მაგარი ტყუილებით გვკვებავენ. ყელში ამოსვლამდე გვიმეორებენ, რომ სქესობრივი ლტოლვა ისეთი ბუნებრივია, როგორიც სხვა რომელიმე სასიცოცხლო ლტოლვა და როგორც კი უარს ვიტყვით ამ ლტოლვის ჩახშობის სულელურ ვიქტორიასეულ იდეაზე, ჩვენი ცხოვრება ლამაზი და საამური შეიქმნება. ეს სიცრუეა. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია, პროპაგანდისგან პირი იბრუნოთ და ფაქტებს გადახედოთ.
თქვენ გეჩიჩინებიან, რომ სქესობრივი ურთიერთობები გადაგვარდა იმის გამო, რომ მას თრგუნავენ. მაგრამ, ბოლო ოცი წელია, სექსს აღარავინ თრგუნავს. ამაზე ლაპარაკით ყურები წაიღეს. მაგრამ საქმე მაინც ვერ მოგვარდა. თუ უბედურების თავი და თავი სქესობრივ ლტოლვათა დათრგუნვა იყო, მაშინ თავისუფლებას პრობლემა უნდა გადაეწყვიტა. ეს კი არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქითაა. ვფიქრობ, რომ ადამიანებმა დასაბამიდანვე დაიწყეს სქესობრივი ლტოლვის შეზღუდვა, რადგანაც ის იმთავითვე დიდ არევ-დარევას იწვევდა. თანამედროვე ადამიანებს უყვართ თქმა: სექსში არაფერია სამარცხვინო. ამაში შეიძლება ორ რამეს გულისხმობენ. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ კაცობრიობა თავის კვლავწარმოებას ამგვარი გზით ახდენს და არც იმაში, რომ ამ გზას თან ახლავს სიამოვნება. თუ ასე ფიქრობენ, მაშინ ისინი მართლები არიან. ქრისტიანობაც ამას ამბობს. სავალალო არც ეს გზაა, არც სიამოვნება. ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო. ვიცი, რომ ზოგმა გონებაჩლუნგმა ქრისტიანმა მოიგონა, თითქოს ქრისტიანული თვალსაზრისით სქესობრივი ურთიერთობები, სხეული, ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნება თავისთავად ბოროტება იყოს. ისინი ღრმად ცდებიან. ქრისტიანობა უდიდეს რელიგიათაგან თითქმის ერთადერთია, რომელიც ათვალწუნებით არ უყურებს სხეულს, რომელსაც მიაჩნია, რომ მატერია სიკეთეა, რომ ერთხელ ღმერთი ადამიანის სხეულით მოგვევლინა, რომ ზეციურ სასუფეველშიც კი მოგვეცემა რაღაც სხეულის მაგვარი და იგი შეიქნება ჩვენი ბედნიერების, სილამაზის, ენერგიის არსებითი ნაწილი. ქრისტიანობამ განადიდა ქორწინება გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიამ. სასიყვარულო პოეზია უმეტესწილად ქრისტიანთა დაწერილია. თუ ვინმე ამბობს, რომ სქესობრივი ურთიერთობები ბოროტებაა, ქრისტიანობა მყისვე შეედავება. მაგრამ, როცა დღეს ამბობენ, სექსში სამარცხვინო არაფერიაო, შეიძლება ამაში გულისხმობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს სქესობრივი ინსტინქტი აღმოჩნდა.
თუ ეს აქვთ მხედველობაში, ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან. ჩემი აზრით, დღეს იგი ძალიანაც სამარცხვინოა. არაფერია სამარცხვინო იმაში, კაცმა რომ საჭმელი დააგემოვნოს, მაგრამ დიდი სირცხვილი იქნებოდა, კაცობრიობის ნახევარი ცხოვრების მთავარ ინტერესად ჭამას გაიხდიდეს და ცხოვრებას საჭმლის გამომხატველი სურათების ცქერაში, ტუჩების ლოკვასა და ნერწყვის ყლაპვაში გაატარებდეს. იმის თქმა არ მინდა, რომ პირადად მე და თქვენ ვართ პასუხისმგებელნი შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენმა წინაპრებმა ამგვარად წახდენილი სხეულები გადმოგვცეს, ჩვენ კი ვიზრდებოდით სქესობრივი თავშეუკავებლობის პროპაგანდის გარემოცვაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, ჩვენი სქესობრივი ინსტინქტები ნიადაგ აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფონ, რადგან ამით დიდ ფულს შოულობენ. ვნებააშლილი ადამიანი ფულის დახარჯვაზე უკან არ დაიხევს. ღმერთმა იცის ჩვენი მდგომარეობა. იგი ჩვენ ისე არ განგვსჯის, თითქოს სიძნელეები არ გვქონოდა გადასალახი.
სანამ განვიკურნებოდეთ, განკურნება უნდა გვინდოდეს. ვინც ჭეშმარიტად ესწრაფვის დახმარებას, მიიღებს კიდეც. მაგრამ ბევრ თანამედროვე ადამიანს ამის სურვილიც არ ებადება. იოლია, ვიფიქროთ, ვითომ რამე გვინდა, როცა ის სინამდვილეში სულაც არ გვსურს. ძალიან დიდი ხნის წინ ერთმა ცნობილმა ქრისტიანმა თქვა, რომ ახალგაზრდობაში ღმერთს ვევედრებოდი, უბიწოების დაცვაში შემწეოდაო. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ, როცა ჩემი ბაგეები ჩურჩულებდნენ: „ჰოი, ღმერთო, მქმენ მე უბიწო“, გული იდუმალ ამატებდა: „ოღონდ ნუ იზამ ამას ახლავეო“. იგივე შეიძლება შეემთხვეს სხვა სათნოებათა გამო ლოცვა-ვედრებას. მაგრამ არსებობს სამი მიზეზი იმისა, თუ დღესდღეობით ასე რატომ გვიჭირს, ვესწრაფოდეთ სრულ უბიწოებას, მის მიღწევაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჯერ ერთი, ჩვენი წამხდარი ბუნება, მაცდური ეშმაკეულნი და ავხორცობის მთელი თანამედროვე პროპაგანდა ერთად გვარწმუნებენ, რომ სურვილები, რომელთაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ბუნებრივია, საღი და კანონზომიერი, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევაა არანორმალურობა და სიმახინჯე. აფიშა აფიშაზე, ფილმი ფილმზე, რომანი რომანზე სქესობრივ თავშეუკავებლობას უკავშირებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ნორმალურობას, ახალგაზრდობას, გულმართლობას, და კარგ გუნება-განწყობას. ჰოდა, ასეთი დაკავშირება ყალბია. ყველაზე დიდი ტყუილის მსგავსად ესეც წილნაყარია სიმართლესთან, კერძოდ, ზემოთ აღიარებულ სიმართლესთან, რომ სქესობრივი ლტოლვა (ზედმეტობისა და გაუკუღმართების გარეშე) ნორმალურია, ჯანმრთელი და ა. შ. მაგრამ ტყუილია ის, რომ ყოველი სქესობრივი აქტი, რომლისკენაც ლტოლვას მოცემულ მომენტში გრძნობთ, ჯანსაღია და ნორმალური. ქრისტიანობაც რომ იქით იყოს, ეს საღი აზრის პოზიციიდანაც სისულელეა. ჩვენს ყველა სურვილს რომ გასაქანი მივცეთ, ცხადია, მიგვიყვანს იმპოტენციამდე, ავადმყოფობამდე, ეჭვიანობამდე, ტყუილამდე, თვალთმაქცობამდე და ყველაფერ იმამდე, რაც ვნებს ჯანმრთელობას, კარგ განწყობილებას და სიწრფელეს. ამ სამყაროში ბედნიერების მისაღწევად საკმაოდ დიდი თავშეკავებაა საჭირო. ამიტომ განცხადება, რომ ყოველი ლტოლვა, თუ ის ძლიერია, კიდეც ჯანმრთელია და კანონიერი, უაზრობაა. ყოველ გონიერსა და ცივილიზებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც სისტემა პრინციპებისა, რომელთა მეოხებითაც სურვილების ნაწილს განახორციელებს, ნაწილს ჩაიხშობს. ზოგისთვის ამოსავალია ქრისტიანული პრინციპები, ზოგისთვის – ჰიგიენური, ზოგისთვის – სოციალური. კონფლიქტი არსებობს არა ქრისტიანობასა და ბუნებას შორის, არამედ ბუნების გაკონტროლების ქრისტიანულ და მისგან განსხვავებულ პრინციპებს შორის, რადგანაც ბუნების (ე. ი. ბუნებრივი სურვილების) კონტროლი მაინც საჭიროა, თუ არ გსურთ ცხოვრების დაღუპვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტიანული პრინციპები სხვებზე მკაცრია, მაგრამ თავად ქრისტიანობა გვეხმარება მათ აღსრულებაში. სხვა პრინციპთა დაცვისას კი გარედან დახმარებას ვერ მივიღებთ.
მეორე, მრავალ ადამიანს ეშინია, დაიცვას ქრისტიანული უბიწოება, რადგან წინდაწინ მიაჩნია, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ როცა რამის მცდელობა აუცილებელია, ნუ იფიქრებთ, დაძლევთ თუ არა მას. როცა საგამოცდო ფურცელზე არასავალდებულო შეკითხვა გიწერიათ, თქვენ დაფიქრდებით, შეგიძლიათ თუ არა პასუხის გაცემა. როცა შეკითხვა სავალდებულოა, აკეთებთ იმას, რის გაკეთებაც შეგიძლიათ. არასრულყოფილ პასუხზეც კი რაღაც შეფასებას მიიღებთ, მაგრამ საერთოდ თუ არ უპასუხეთ, ნამდვილად არანაირი შეფასება არ გექნებათ. ასეა არა მარტო გამოცდებზე, არამედ ომში, მთაზე ასვლის წინ, ან ციგურებით სრიალს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას რომ სწავლობთ, ან სულაც გათოშილი ხელებით საყელოს შეკვრას რომ ცდილობთ. ადამიანები აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც მცდელობამდე შეუძლებელი ეგონათ. გაოცება გიპყრობს, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, როცა ამას აუცილებლობა გაიძულებს.
შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყოთ, რომ სრულყოფილი უბიწოება, ისევე, როგორც სრულყოფილი სიქველე, მარტოოდენ ადამიანური ძალისხმევით არ მიიღწევა. დახმარება ღმერთს უნდა სთხოვოთ. მაგრამ ამის მერეც მოგეჩვენებათ, რომ დიდხანს დახმარებას არ მიიღებთ, დახმარება იმდენი არაა, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. ამაზე არ იდარდოთ. ყოველთვის, როცა უკან იხევთ, პატიება ითხოვეთ, გამაგრდით და კიდევ სცადეთ. უმეტეს შემთხვევაში ღმერთი უშუალოდ სათნოებას კი არ განიჭებთ, არამედ – ძალას, რათა თავიდან შეეცადოთ. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი სათნოება იყოს უბიწოება (ან სიმამაცე, სიმართლე თუ ნებისმიერი სხვა), თავად მისი მიღწევის პროცესი ჩვენში ისეთ სულიერ ჩვევებს აყალიბებს, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. იგი გვკურნავს იმ ილუზიებისაგან, საკუთარ თავზე რომ გვაქვს და გვასწავლის, ყველაფერში ღმერთს დავემყაროთ; ჩვენ ვსწავლობთ, ერთი მხრივ, რომ არ შეიძლება, საუკეთესო წუთებშიც კი საკუთარ თავს ვენდოთ, მეორე მხრივ, იმას, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგანაც წარუმატებლობას ღმერთი გვაპატიებს. ერთადერთი საბედისწერო შეცდომა ისაა, ხელი ჩავიქნიოთ და დავკმაყოფილდეთ რაღაც ისეთით, რაც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილება.
მესამე, ადამიანებს სწორად არ ესმით ის, რასაც ფსიქოლოგები „დათრგუნვას“ უწოდებენ. ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ დათრგუნული სქესობრივი ინსტინქტები სერიოზული საფრთხეა. მაგრამ „დათრგუნული“ ტექნიკური ტერმინია. იგი არ ნიშნავს „უარყოფილს“ ან „უგულებელყოფილს“. დათრგუნული სურვილი ან აზრი გადაისროლება არაცნობიერში (ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში), ამის შემდეგ კი შეუძლია აღდგეს ცნობიერში შენიღბული და გამოუცნობი სახით. დათრგუნული სექსუალობა პაციენტში სექსუალობის სახით სულაც არ მჟღავნდება. როცა ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის კაცი, რომელიმე ცნობიერ სურვილს ეწინააღმდეგება, იგი არაფერს თრგუნავს და დათრგუნვის რაიმე საფრთხესაც კი არ ქმნის. პირიქით, ვინც სერიოზულად ცდილობს, დაიცვას უბიწოება, იგი უკეთ აცნობიერებს საკუთარ სექსუალობას და სხვებზე მეტი იცის მის შესახებ. ასეთი ადამიანი იცნობს საკუთარ სურვილებს, როგორც იცნობდა ველინგტონი ნაპოლეონს, შერლოკ ჰოლმსი – მორიარტის ან კიდევ ვირთხების დამჭერი ერკვევა ვირთხებში, ხოლო სანტექნიკოსი – მილებში. სათნოებას ან თუნდაც მისი მიღწევის სურვილს სინათლე მოაქვს, თავშეუკავებლობას – ბურუსი.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გამიგრძელდა სექსზე, მინდა განვმარტო, რომ ქრისტიანული ზნეობის შუაგული აქ არაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უბიწოების დაუცველობა ქრისტიანობის ყველაზე დიდი ცოდვაა, ძალიან ცდება. ხორციელი ცოდვები საშინელია, მაგრამ მათზე უარესი ცოდვებიც არსებობს. ყველაზე წამხდარი სიამენი სულიერი რიგისაა. ასეთია სიამოვნება, აცდუნო ვინმე ბოროტ საქციელზე, მოახვიო სხვას საკუთარი ნება, ჩაუშალო სხვას საქმე, ცილი დასწამო, ბოროტად გამოიყენო ძალაუფლება, გძულდეს. ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ორი საწყისი, რომელიც ებრძვის ადამიანის „მე“-ს, იმას, რადაც უნდა ვისწრაფოდე, რომ ვიქცე. ეს საწყისებია ჩემი ცხოველური „მე“ და ეშმაკისეული „მე“. აი, რატომაა, რომ ცივი, თვითკმაყოფილი პედანტი, რეგულარულად რომ დაიარება ეკლესიაში, შეიძლება უფრო ახლოს იყოს ჯოჯოხეთთან, ვიდრე მეძავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია, არც ერთი იყო და არც მეორე.
ავტორი: კლაივ ლუისი