ქრისტიანებს სწამთ, რომ ბოროტი ძალა წუთისოფლის მმართველი გახდა. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. ღვთის ნებით ხდება ეს ყველაფერი? თუ ღვთის ნებით ხდება, მაშინ საკმაოდ უცნაური ღმერთი გვყოლია, იტყვით თქვენ; მაგრამ თუ ბოროტება სამყაროში მისი ნების წინააღმდეგ გამეფდა, როგორ მოხდა ეს, აბსოლუტური ძალაუფლება ხომ ღვთის ხელშია?
თუმცა ყოველმა კაცმა, ვისაც კი როდისმე რაიმე ძალაუფლება ჰქონია, კარგად იცის, რანაირად შეიძლება, რომ რაღაცები, ერთი მხრივ, ეთანხმებოდეს მის ნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგებოდეს. მაგალითად, დედამ შეიძლება უთხრას შვილს: „მე არ ვაპირებ ყოველ საღამოს თქვენი ოთახის დალაგებას, თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ მისი მოწესრიგება.“ ერთ საღამოს იგი შედის ოთახში და ხედავს, სათამაშო თაგვი, სამელნე და ფრანგული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო ერთ კუთხეშია მიყრილი. ეს ეწინააღმდეგება მის ნებას, მას ურჩევნია, რომ ოთახი დალაგებული იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც სურს, რომ ბავშვები დამოუკიდებლობას შეაჩვიოს. ეს კი მათთვის თავისუფლების შესაძლებლობის მიცემას ნიშნავს. მსგავსი მოვლენების მოწმე ვხდებით მმართველობის ნებისმიერ სისტემაში, სამსახურში იქნება ეს თუ სკოლაში. როგორც კი რაიმეს ნებაყოფლობით შესრულებას შემოიღებთ, ადამიანთა ნახევარი ამ მოვალეობას არ შეასრულებს.
ეს არ შეესაბამება თქვენს სურვილს, თუმცა მსგავსი მდგომარეობა სწორედ თქვენი ნების თანახმად გახდა შესაძლებელი.
შეიძლება სამყაროშიც იგივე ხდება, შესაძლოა თავისი ზოგიერთი ქმნილება ღმერთმა თავისუფალი ნებით დააჯილდოვა. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ სწორი ან არასწორი გზა. ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ შესაძლებელია შექმნა თავისუფალი არსება, რომელიც არასწორად ვერ მოიქცევა. მე არ შემიძლია ამგვარი არსების წარმოდგენა. თუ ვინმე თავისუფალია სიკეთის კეთებაში, ასევე თავისუფალია ბოროტის ჩადენაშიც. სწორედ თავისუფალმა ნებამ გახადა ბოროტება შესაძლებელი. მაშ, რატომ მისცა ღმერთმა თავის ქმნილებებს თავისუფალი ნება? იმიტომ, რომ თავისუფალი ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტი სიყვარული, სიკეთე, სიხარული და ყოველივე, რაც ღირებულია ამ სამყაროში.
ავტომატ-რობოტებით დასახლებული სამყარო შესაქმნელადაც არ ეღირებოდა. ბედნიერება, რომელიც ღმერთმა მოუმზადა თავის უმაღლეს ქმნილებებს, ესაა ღმერთთან და ერთმანეთთან თავისუფალი შეერთების ბედნიერება, რასაც სიყვარულისა და აღტაცების ისეთი განცდა ახლავს თან, რომელთან შედარებითაც ყველაზე ამაღლებული ამქვეყნიური სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის მხოლოდ წყალგარეულ რძეს მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ უნდა ჰქონდეთ ქმნილებებს თავისუფლება.
ღმერთმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რაც მოხდებოდა, თუკი ქმნილებები მათთვის მინიჭებულ თავისუფლებას არასწორად გამოიყენებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მიიჩნევდა, რომ ჩანაფიქრი რისკის გაწევად ღირდა. ჩვენ ხშირად არ ვეთანხმებით ღმერთს, მაგრამ წინააღმდეგ წასვლა ძნელია, რადგან ისაა ჩვენი აზროვნების წყარო.
შეუძლებელია, რომ თქვენ მართალი იყოთ, ის კი ცდებოდეს, ისევე, როგორც ნაკადული ვერ ასცდება თავის სათავეს. როცა საკამათოდ მიიჩნევთ მის გადაწყვეტილებებს, იმ ძალის წინააღმდეგ გამოდიხართ, რომელიც კამათის უნარით გაჯილდოებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ იმ ტოტს ჭრით, რომელზეც ზიხართ. თუ ღმერთი ფიქრობს, რომ თავისუფალი ნება ღირს სამყაროში გაჩაღებულ ომად და სწორედ ამიტომ შექმნა არსებები, რომელთაც თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, და არა სათამაშო მარიონეტები. გამოდის, თავისუფალი ნება მართლაც ფასეული რამ ყოფილა. მხოლოდ იმ სამყაროში შეიძლება ხდებოდეს რაღაც ნამდვილად ფასეული და მნიშვნელოვანი, სადაც ყველაფერი კეთილსა და ბოროტს შორის თავისუფალ არჩევანზეა დაფუძნებული.
როცა გავაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს ნების თავისუფლება, სისულელედ მოგვეჩვენება კითხვა, რომელიც ოდესღაც დამისვეს: „რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ასეთი დამპალი მასალისგან?“ რაც უკეთესია მასალა, რომლისგანაც ქმნილებაა შექმნილი, მით უფრო ჭკვიანი, ძლიერი და თავისუფალია იგი, ამავე დროს, მით უკეთესი იქნება, თუ ის სწორ გზას დაადგება, მაგრამ უფრო უარესი გახდება, თუ მცდარ გზას ამოირჩევს. ძროხას არ შეუძლია იყოს ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი, მაგრამ ძაღლს შეუძლია იყოს უკეთესი ან უარესი; ბავშვს უფრო გამოკვეთილად შეუძლია უკეთესი ან უარესი იყოს, ბავშვზე უფრო მეტად კი ეს მოზრდილ ადამიანს ძალუძს. მომდევნო საფეხური გენიალური ადამიანია; ზეადამიანური სული არსებათა შორის ყველაზე უარესი ან ყველაზე უკეთესი შეიძლება იყოს.
როგორ მოხდა, რომ ღმერთის ქმნილება არასწორ გზას დაადგა? რასაკვირველია, ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა ადამიანს უჭირს. თუმცა შეიძლება დავუშვათ გონივრული (და საყოველთაოდ მიღებული) ვარაუდი, რომელიც არასწორი გზით სიარულის ჩვენს პირად მაგალითზეა დაფუძნებული.
იმწუთას, როგორც კი თქვენში პირადი „მე“ მჟღავნდება, ჩნდება შესაძლებლობა, რომ მისი პირველ ადგილზე დაყენება მოისურვოთ, მოგინდეთ – გახდეთ ცენტრი, ე. ი. ფაქტობრივად ღმერთი. სწორედ ეს იყო სატანის ცოდვა. ეს ცოდვა ასწავლა სატანამ კაცობრიობას. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ადამიანის დაცემა როგორღაც სექსუალურ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ეს მცდარი აზრია (დაბადების წიგნში მოთხრობილი ამბავი უფრო იმ ვარაუდისკენ გვიბიძგებს, რომ ჩვენს სექსუალურ ბუნებას ხრწნა დაცემის შემდეგ შეეხო და უფრო მისი შედეგი იყო, ვიდრე მიზეზი).
სატანამ შთააგონა ჩვენს შორეულ წინაპრებს, რომ მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ, „როგორც ღმერთები“, ყველაფერი თავისებურად მოეწყოთ, თითქოს თავად ყოფილიყვნენ საკუთარი თავის შემოქმედნი, გამხდარიყვნენ თავიანთი თავის ბატონ-პატრონები და გამოეგონებინათ თავიანთთვის ბედნიერება, ღმერთისგან მოწყვეტით და მისგან დამოუკიდებლად. ამ განწირული მცდელობიდან წარმოიშვა თითქმის ყველაფერი, რამაც განსაზღვრა ადამიანური ისტორიის ხასიათი – ფული, სიღატაკე, პატივმოყვარეობა, ომები, პროსტიტუცია, სოციალური ფენები, იმპერიები, მონობა; ხანგრძლივი და საშინელი ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობს, ღმერთის გარეშე იპოვოს ბედნიერების გასაღები.
ეს უიმედო და განწირული ძიებაა. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა, ისევე, როგორც ადამიანი იგონებს მანქანას. ავტომობილის საწვავად ბენზინია გათვალისწინებული და იმ კონსტრუქციით, როგორიც მას აქვს, იგი სხვა საწვავზე არ იმუშავებს. ადამიანი კი ღმერთმა იმგვარად „ააგო“, რომ სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიას ღვთისაგან იღებს. ღმერთი ის საწვავია, რომელმაც უნდა აამოძრაოს ჩვენი სული და კვებოს იგი. ამიტომ არ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს ბედნიერება ჩვენი გემოვნების თანახმად ისე, რომ არ შეგვბოჭოს არავითარი რელიგიით. ღმერთს არ შეუძლია, მოგვანიჭოს ბედნიერება მისგან მოწყვეტით, იმიტომ, რომ მის გარეშე ბედნიერება და მშვიდობა უბრალოდ არ არსებობს.
სწორედ ესაა ისტორიის გასაღები. იხარჯება გიგანტური რაოდენობით ენერგია, იბადებიან ცივილიზაციები, იქმნება ბრწყინვალე, კეთილშობილური ორგანიზაციები, მაგრამ ყოველთვის რაღაც არ გამოდის ისე, როგორც საჭიროა. რომელიღაც ფატალური დეფექტის გამო სათავეში ყოველთვის ეგოისტი და სასტიკი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე, მათი საფუძველი იშლება და ძირს – უბედურებისა და სასოწარკვეთისკენ – მიექანება. მანქანა ჩერდება. თავდაპირველად ის თითქოს ადვილად მუშაობდა, გაივლის რაღაც მანძილს და იმსხვრევა. აი, რა გვიქნა ადამიანებს სატანამ.
ღმერთმა რაღა გაგვიკეთა? უპირველეს ყოვლისა, მან სინდისი დაგვიტოვა, რომ გვესმოდეს, თუ რა არის სწორი და რა – არასწორი. ისტორიას ახსოვს ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ხანდახან საკმაოდ შეუპოვრადაც, რომ სინდისის ხმისთვის დაეგდოთ ყური. ეს სრულყოფილად ვერავინ მოახერხა.
გარდა ამისა, ადამიანთა მოდგმას მიანიჭა ის, რასაც მე ნათელ ოცნებას ვუწოდებ. მხედველობაში მაქვს ის უცნაური ისტორიები (რომლებიც თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში გვხვდება),
სადაც მოთხრობილია მკვდრეთით აღმდგარ ღმერთზე, თავისი სიკვდილით რომ ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანებს.
და კიდევ, მან გამოარჩია ერთი ერი და ასწლეულების განმავლობაში თავისი რჩეული ხალხის ცნობიერებაში ნერგავდა იმ აზრს, რომ თავადაა ერთადერთი ღმერთი და მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქცევიან ადამიანები. ეს გამორჩეული ერი ებრაელები იყვნენ და ძველი აღთქმა დაწვრილებით გვითხრობს მათ ისტორიას.
შემდეგ კი მოხდა გამაოგნებელი რამ. ებრაელ ერში გაჩნდა კაცი, რომელიც იმგვარად ლაპარაკობდა, თითქოს თავად ყოფილიყო ღმერთი. იგი ამბობდა, რომ შეეძლო ცოდვების შენდობა, რომ დასაბამიდან არსებობდა და ამტკიცებდა, რომ განკითხვის დღეს კაცობრიობის განსასჯელად მოვიდოდა.
აქ ერთი განმარტებაა საჭირო. ნებისმიერ პანთეისტს, მაგალითად ინდუსს, შეუძლია თქვას, რომ ის ღმერთის ნაწილია ან შერწყმულია მასთან; ამაში არაფერია საკვირველი. მაგრამ იმ ადამიანს, რადგან იგი იუდაიზმს აღიარებდა და არა პანთეიზმს, არ შეეძლო ამგვარი ღმერთი ჰყოლოდა მხედველობაში. ებრაელთა გაგებით, ღმერთი – ესაა ასრება, რომელიც სამყაროს მიღმა იმყოფება; მან შექმნა ეს სამყარო და იგი უსასრულოდ განსხვავდება მისი ქმნილებებისგან. ასე რომ, ებრაელებისათვის ის, რასაც ეს კაცი ამბობდა, გამაოგნებელი იყო.
ზოგიერთი რამ, რასაც ის ამბობდა, ხშირად ჩვენი ცნობიერების მიღმა რჩება, რადგან უკვე იმდენჯერ მოგვისმენია, რომ ხეირიანად ვეღარც კი აღვიქვამთ. მხედველობაში მაქვს განცხადება ცოდვების შენდობის თაობაზე. თუ ეს განცხადება ღმერთისგან არ მოდის, ის უაზროდ და სასაცილოდ ჟღერს. როცა ერთი ადამიანი მეორეს მისთვის მიყენებულ წყენასა და შეურაცხყოფას პატიობს, ეს სავსებით გასაგებია. ფეხი რომ დამადგით, შემიძლია გაპატიოთ, ფული მომპარეთ და ამასაც შეგინდობთ. მაგრამ რას იფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც არავინ შეხებია, არ გაუძარცვავთ, ის კი აცხადებს, შეგინდობთ სხვას რომ ფეხი დაადგით და ფული მოჰპარეთო. ამგვარი ქცევა საკმაოდ სულელურად მოგეჩვენებოდა.
თუმცა იესო ზუსტად ასე ლაპარაკობდა. იგი ეუბნებოდა ადამიანებს, რომ ცოდვებს მიუტევებდა, თუმცა ამ დროს არასოდეს ეთათბირებოდა იმათ, ვისაც იმ ცოდვებმა ზიანი მიაყენა. იესო უყოყმანოდ იქცეოდა ისე, თითქოს თავად იყო ის, ვინც დაზარალდა ყველა ამ ცოდვის გამო. ამგვარ ქცევას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ის მართლაც ღმერთი იყო, ანუ ის, ვისი კანონებიც შეილახა და ვისი სიყვარულიც შეურაცხყო ყოველმა ჩადენილმა ცოდვამ.
ვინც ასე იქცევა (თუ, რასაკვირველია, ის ღმერთი არ არის), ქვეყანას ანახვებს, რომ ბრიყვია და განდიდების მანიით არის შეპყრობილი, თანაც ისეთი, ჯერ რომ არავის სმენია.
თუმცა (და ეს ნამდვილად საოცარია), მის მტრებსაც კი, როცა ისინი სახარებას კითხულობენ, არ ეჩვენებათ რომ იესო ბრიყვი და განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფია. ქრისტე ამბობს, რომ იგი „მშვიდია და გულით თავმდაბალი“ და ჩვენ გვჯერა მისი, ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ, სიმშვიდე და თავმდაბლობა ძნელად თუ მიესადაგება მასავით მოლაპარაკე კაცის საქციელს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ გზა გადავუღობო იმ მართლაც სულელურ შენიშვნას, რომელიც არცთუ ისე იშვიათად გვსმენია მავანისა და მავანისაგან: „მე მზად ვარ, იესო ზნეობის დიდ მოძღვრად ვაღიარო, მაგრამ არ მჯერა, რომ იესო ღმერთია.“ ამის თქმა არ შეიძლება. უბრალო მოკვდავ კაცს რომ იმისთანა რამეებზე დაეწყო ლაპარაკი, რასაც იესო ლაპარაკობდა, დიდი ზნეობის მოძღვარი ვერ გამოდგებოდა. იგი ან ისეთი ჭკუიდან გადასული უნდა ყოფილიყო, თავს ლაყე კვერცხად რომ აცხადებს, ანდა ჯოჯოხეთიდან ამოსული ეშმაკი. თქვენ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოთ. იგი ან მართლა ღვთის ძე იყო და არის, ან ვიღაც შეურაცხადი. თქვენ მას ან ხმა უნდა ჩააწყვეტინოთ, როგორც სულელს, უნდა აფურთხოთ და მოკლათ კიდეც, როგორც დემონი – ან არადა მის წინაშე უნდა დაემხოთ და აღიაროთ, როგორც უფალი და ღმერთი. ოღონდ უარი თქვით იმ ქედმაღლურ უაზრობაზე, რომ იგი მხოლოდ დიდი მოძღვარია. იესო ჩვენ ამგვარი ფიქრების საბაბს არ გვაძლევს.
ავტორი: კლაივ ლუისი