ქრისტიანობაში არის ისეთი რაღაცები, რაც ქრისტიანად გახდომამდეც შეიძლება გაიგო, მაგრამ არის რაღაცები, რასაც გზის ნაწილის გავლამდე ვერ გაიგებ. ეს პრაქტიკული საკითხები გახლავთ, თუმცა ერთი შეხედვით სხვაგვარად გამოიყურებიან. ისინი თითქოს მიმართულებას გიჩვენებენ გზაჯვარედინზე, ან გაფრთხილებენ წინააღმდეგობათა შესახებ, რომელიც წინ შეგხვდებათ. ბუნებრივია, ისინი, ვისაც გზაჯვარედინამდე არ მიუღწევია და წინაღობები არ შეხვედრია, ვერაფერს გეტყვიან ამაზე. ყოველთვის, როცა ქრისტიანულ ლიტერატურაში ისეთ რამეს წააწყდებით, რასაც თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაუფიქრებლად აუარეთ გვერდი, შეიძლება არც იყოს საჭირო, რომ ეს საკითხი ძალიან ადრე გაიგოთ.
შევეცდები, რწმენის ამაღლებულ მნიშვნელობაზე გელაპარაკოთ, რომლის გააზრების მოთხოვნილება მანამ არ გაგიჩნდებათ, სანამ ყველაფერს არ მოიმოქმედებთ ქრისტიანულ სათნოებათა აღსასრულებლად და არ დაინახავთ, რომ ეს შეუძლებელია და რომ შეგძლებოდათ კიდეც, ღმერთს მხოლოდ იმას მიაგებდით, რაც მას ისედაც ეკუთვნის. ერთი სიტყვით, ეს მოთხოვნილება მაშინ ჩნდება, როდესაც თავს მთლიანად გაკოტრებულად ცნობთ.
ღმერთისთვის ჩვენს ქმედებებზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი სულიერი მდგომარეობაა. მას სურს, რომ ჩვენ განსაკუთრებული არსებები ვიყოთ, ისეთები, როგორებადაც მან ჩაგვიფიქრა, ანუ გარკვეული სახით მასთან კავშირში მყოფნი. არ არის აუცილებელი, დავამატოთ ერთმანეთთან კავშირში მყოფნიც, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება. თუ თქვენ სწორ ურთიერთობას დაამყარებთ ღმერთთან, მაშინ ასეთივე ურთიერთობა გექნებათ გარშემომყოფებთანაც. მაგრამ სანამ ადამიანი ღმერთს იმ გამომცდელად მიიჩნევს, რომელიც შესამოწმებელ დავალებას სთავაზობს, ან ორმხრივი გარიგების ერთ-ერთ მხარედ აღიქვამს მას; სანამ მიიჩნევს, რომ ჩვენ ერთმანეთს მოთხოვნები უნდა წავუყენოთ, ღმერთთან სწორ ურთიერთობაზე ლაპარაკიც ნაადრევია. ამ ადამიანს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, რას წარმოადგენს თვითონ და ვინ არის ღმერთი.
ადამიანი ღმერთთან სწორ ურთიერთობას ვერ დაამყარებს, სანამ საკუთარ თავს სრულ ბანკროტად არ ცნობს, ამ გადაწყვეტილებამდე კი ის თავად უნდა მივიდეს, რადგან გარკვეული რელიგიური განათლების მიღების შემდეგ ბავშვმაც კი შეიძლება გაიმეოროს, რომ ჩვენ ღმერთს ვერაფერს შევთავაზებთ, რაც მას არ ეკუთვნის და ამ რაღაცასაც ვერ გავიღებთ მთლიანად ისე, რომ ჩვენთვის არ დავიტოვოთ. მე კი, როცა რწმენის ამაღლებულ მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ნამდვილი აღმოჩენა, როდესაც ადამიანი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე რწმუნდება, რომ ეს ჭეშმარიტებაა.
ღვთის კანონების აღსრულება რომ არ შეგვიძლია, ამის აღმოჩენას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა გულწრფელად და მონდომებით ვცდილობთ მათ შესრულებას. სანამ მთელი გულისყურით არ ჩავუკვირდებით, მანამ გულის სიღრმეში მაინც გვექნება იმედი, რომ შემდეგი მცდელობისას წარმატებას მივაღწევთ და გავხდებით უფრო უცოდველნი. ღმერთთან დაბრუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამ ძალისხმევას მივყავართ სწორედ იმ მნიშვნელოვან წამთან, როდესაც ღმერთისკენ შემოვბრუნდებით და ვთხოვთ: „შენ იმოქმედე, მე ამის ძალა არ შემწევს.“ და ძალიან გთხოვთ, ნუ შემეკითხებით, მივაღწიე თუ არა მე ამას. ნუ დაიწყებთ ქექვას, დგება თუ არა ეს მნიშვნელოვანი წამი თქვენს შეგრძნებაში; როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მას. ადამიანი არასდროს ამბობს: „რა კარგია, მე ვიზრდები!“ ამას ის მაშინ შეამჩნევს, როცა უკან მოიხედავს. ამგვარი ვითარება უფრო მარტივ სიტუაციებშიც შეიძლება შევნიშნოთ. ადამიანი, რომელიც მონდომებით ცდილობს დაძინებას, ხშირად უძილობის მსხვერპლი ხდება. ეს მნიშვნელოვანი წამი ისე მეხის გავარდნასავით შეიძლება არ მოხდეს ყველას ცხოვრებაში, როგორც ეს პავლე მოციქულის ან ჯონ ბუნიანის შემთხვევაში მოხდა. ზოგჯერ ეს ნელ-ნელა, თანდათანობით ხდება და ადამიანი ვერც საათს და ვერც წელს ვერ მიგითითებთ, თუ როდის მოხდა მასში ესოდენ მნიშვნელოვანი გარდატეხა. ყველაზე გადამწყვეტი ისაა, რომ ეს მოხდა და არა ის, რომ ჩვენ ეს ვიგრძენით. გარდატეხა მაშინ ხდება, როცა საკუთრი ძალების რწმენა იმგვარი მდგომარეობით შეგვეცვლება, რომ სასოწარკვეთილნი ღმერთს მივანებებთ ყველაფერს. ქრისტიანისთვის ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ქრისტეს მიანდოს. ქრისტე გვიზიარებს მორჩილების მისეულ უნარს, რომელიც ახასიათებდა მას შობიდან ჯვარცმამდე. ამ სიტყვებში გაისმის იმედი, რომ ის მიგვიმსგავსებს ჩვენ, განგვკურნავს სისუსტისა და მანკიერი თვისებებისგან. ამრიგად, ძე ღვთისა გვაზიარებს თავის ღვთაებრივ ბუნებას და თავისი ძეობის თანამონაწილეებად გაგვხდის.
ქრისტიანული ცხოვრება, გარკვეული თვალსაზრისით, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად განსაკუთრებულ წინადადებას ვიღებთ, ქრისტე გვთავაზობს უაღრესად მნიშვნელოვანს უსასყიდლოდ… ძნელია იმის აღიარება, რომ ყველაფერი, რაც გავაკეთეთ და რის გაკეთებასაც მომავალში შევძლებთ, არსებითად არარაობაა. თუმცა ჩვენი საზრუნავის ქრისტესთვის გადაბარება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ მოქმედებასა და მცდელობაზე. პირიქით, მასზე მინდობილებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც გვიკარნახებს.
არსებითად რა აზრი აქვს მინდობას, თუ მის რჩევებს არ შევასრულებთ?! ახლა ჩვენ სხვანაირად უნდა ვცადოთ, მღელვარების გარეშე. ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს არა იმიტომ, რომ გადავრჩეთ, არამედ იმიტომ, რომ ის უკვე შეუდგა ჩვენს გადარჩენას. თქვენ იმოქმედებთ არა იმის გამო, რომ ზეცაში მოხვდეთ, არამედ იმიტომ, რომ ზეციური სხივის მკრთალი ათინათი უკვე თქვენშია.
ქრისტიანები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რას მიჰყავს ადამიანი სასუფეველში − კეთილ საქმეებს თუ ქრისტესადმი რწმენას. არ ვიცი, მაქვს თუ არა ასეთი საკითხის განსჯის უფლება, მაგრამ ეს იგივეა, რომ ვიკითხოთ, მაკრატლის რომელი პირი უფრო მნიშვნელოვანია. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თუ მიხვდებით, რომ მთელი თქვენი ძალისხმევა ამაოა, მაშინ მხოლოდ ქრისტეს რწმენას ძალუძს სასოწარკვეთისგან თქვენი ხსნა. ეს რწმენა კი აუცილებლად მიგიყვანთ კეთილ საქმეებთან.
არსებობს იმ ჭეშმარიტებათა ორი პაროდია, რომელთაც აღიარებს ქრისტიანთა გარკვეული ნაწილი და რომელნიც იგმობა რეალური, ქრისტიანული სწავლებით. ამ პაროდიებზე თუ დავფიქრდებით, შესაძლოა, უფრო ცხადი გახდეს ჭეშმარიტება.
ერთ-ერთი აზრი, რომელიც იგმობა ჭეშმარიტი, ქრისტიანული სწავლებით, ასეთია:
„მნიშვნელოვანია მხოლოდ კეთილი საქმეები, მათგან ყველაზე საუკეთესო, რის გაკეთებაც შეგვიძლია, ქველმოქმედებაა, ხოლო ქველმოქმედების საუკეთესო ფორმა კი ფულადი შემოწირულობაა. სად უნდა ჩადოს ადამიანმა თავისი ფინანსები, თუ არა ეკლესიაში? ამგვარად, გაიღეთ ეკლესიისთვის 10 000 გირვანქა სტერლინგი და ის იზრუნებს თქვენი სულისათვის.“
უნდა გვახსოვდეს, რომ ზეცის „მოსყიდვის“ მიზნით ჩადენილი კეთილი საქმეები სულაც არ გახლავთ სიკეთე. ეს უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულებაა.
მეორე მცდარი აზრი მოგვიწოდებს:
„მნიშვნელოვანია მხოლოდ რწმენა. აქედან გამომდინარე, თუ რწმენა გაქვთ, თქვენს საქციელს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. შესცოდეთ, რამდენიც გნებავთ, გაერთეთ, დატკბით ცხოვრებით, ქრისტე კი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენ საუკუნო ცხოვრება გქონდეთ.“
ამ ბოდვას კი ამგვარი პასუხი უნდა გავცეთ:
ის, რასაც თქვენ რწმენას უწოდებთ, თუ არ გიბიძგებთ, ყურადღება მიაქციოთ მის რჩევებს, მაშინ მას რწმენას ვერ ვუწოდებთ. თქვენ მხოლოდ გარკვეული ცოდნა გაქვთ ღმერთის შესახებ. რწმენა არის ის, რასაც აუცილებლად მიჰყავხართ კეთილ საქმეებთან.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად“ და ასე გვგონია, თითქოს ყველაფერი ჩვენს საქმეებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფრაზა გრძელდება: „ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.“ (ფილიპ. 2:12–13). ამით ცხადი ხდება, რომ ღმერთი ჩვენ ნაცვლად აკეთებს ყველაფერს. ამგვარად, ჩვენ ვაწყდებით მსგავს დილემას ქრისტიანობაში – რწმენა თუ საქმეები?
ხშირად თავადაც ჩიხში ვექცევი, რადგან ჩვენ ახლა იმის გაგებას და განმარტებას ვცდილობთ, რაც განმარტებას საერთოდ არ ექვემდებარება. მაგ., რას აკეთებენ ღმერთი და კაცი, როცა ისინი შეერთებულად მოქმედებენ? გონებაში ჩვენ ორ ერთად მომუშავე ადამიანს წარმოვიდგენთ და ვამბობთ: „ერთმა ეს გააკეთა, მეორემ – აი, ეს!“ თუმცა ეს შედარება სწორი არაა, რადგან ღმერთი ადამიანი არ არის. ის ჩვენშიც მოქმედებს და გარე სამყაროშიც, კიდეც რომ მოვახერხოთ იმის გაგება, ვინ რას აკეთებს, ამის გამოთქმას მაინც ვერ შევძლებდით.
მრავალი სხვადასხვა ეკლესია ამის გამოხატვას მაინც ცდილობს და ისინი, რომლებიც ხაზს კეთილ საქმეებს უსვამენ, აღნიშნავენ რწმენის აუცილებლობას და პირიქით, ისინი, ვინც რწმენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, კეთილ საქმეებსაც აუცილებლობად მიიჩნევენ. ეს არის ის, რის თქმაც ამ საკითხზე შემიძლია.
ვფიქრობ, ყველა ქრისტიანი დამეთანხმება, რომ ერთი შეხედვით, ქრისტიანობა ზნეობაზე, მოვალეობაზე, ადათ-წესების დაცვაზე, ცოდვა-ბრალსა და სათნოებაზე დაიყვანება, მაგრამ მას უფრო შორს, ამ ცნებათა საზღვრებს მიღმა გავყავართ. ადამიანი ხედავს უცხო სამყაროს გამონათებას, სადაც ამ საკითხებზე სერიოზულად არავინ ლაპარაკობს, იმ სამყაროში ყველა სავსეა სიკეთით, ისევე, როგორც სავსე – სინათლით, მაგრამ არავინ უწოდებს ამას სინათლეს, ან რაიმე სხვა სახელს, ამაზე უბრალოდ არც ფიქრობენ, იქ მისი სათავის ჭვრეტით არიან დაკავებულნი. ჩვენ ახლა იმ ადგილს მივუახლოვდით, საიდანაც სხვა სამყაროში მიმავალი გზა იწყება. ბევრის მზერა ვერ აღწევს იქ, თუმცა ბევრი ჩემზე შორს იხედება…
კლაივ ლუისი – „ეს ქრისტიანობაა“