ყველას უნახავს, როგორ კამათობენ ადამიანები. ეს ხან სასაცილო სანახაობაა, ხან კი − უსიამოვნო, მაგრამ რანაირადაც უნდა ჩანდეს ის, რასაც ერთმანეთს ეუბნებიან მოჩხუბრები, მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. თქვენ, დაახლოებით, ამგვარი შინაარსის ფრაზებს მოისმენთ: „მოგეწონებოდათ, თქვენთვის იგივე რომ გაეკეთებინათ?“; „ეს ჩემი ადგილია, მე ის პირველმა დავიკავე“; „დაანებეთ თავი, ის ცუდს არაფერს აკეთებს!“; „მომეცი ფორთოხლის ნაჭერი, მე ხომ გიწილადე ჩემი ფორთოხლიდან!“; „ხომ შემპირდი?“… ადამიანები, ნასწავლნი თუ უსწავლელნი, ბავშვები თუ მოზრდილები, ყოველდღე ამბობენ მსგავს რაღაცებს.
აქ საყურადღებოა ერთი რამ: როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს კიცხავს, მას ქცევის გარკვეული წესების დარღვევას საყვედურობს. ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც წესრიგის დამრღვევი პასუხობს: „ჯანდაბას თქვენი წესებიო“, პირიქით, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ არანაირი წესი არ დაურღვევია და თუ დაარღვია კიდეც, ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა; მაგალითად, იგი იმგვარად წარმოადგენს საქმის ვითარებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა უფლება, მასზე ადრე მისული ადამიანისგან ადგილის გათავისუფლება მოეთხოვა ან გეტყვით, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, რაც მას დანაპირების შესრულებისგან ათავისუფლებს. ისე ჩანს, რომ ორივე მხარე გულისხმობს რაღაც კანონს, თამაშის გარკვეულ წესებს, გნებავთ, ზნეობის ან ქცევის ნორმებს, რომლებიც თითოეული მათგანისთვის მისაღებია. სინამდვილეში, ეს ასეც არის, ისინი რომ რაღაც ნორმას არ გულისხმობდნენ, შეიძლება ცხოველებივით დასტაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერ იდავებდნენ და იკამათებდნენ. კამათის დროს ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ მეორე ადამიანი ცდება. ამგვარ მცდელობას აზრი არ ექნებოდა, თუ წინასწარ არ შეუთანხმდებოდით მოპაექრეს იმის შესახებ, რა არის საერთოდ „სწორი“ და რა − „არასწორი“.
სწორედ ასევე არ ექნებოდა აზრი ფეხბურთელის მიერ წესის დარღვევაზე ლაპარაკს, თუ წინასწარ არ იქნებოდა დადგენილი ფეხბურთის თამაშის წესები.
ამ კანონს ადრე „ბუნებრივს“ ანუ ბუნების კანონს უწოდებდნენ. დღეს კი, როცა ბუნების კანონებზე ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივ მიზიდულობის, მემკვიდრეობითობის ან ქიმიის კანონებს ვგულისხმობთ ხოლმე. ძველი მოაზროვნეები სიკეთისა და ბოროტების კანონს როცა „ბუნების კანონს“ უწოდებდნენ, ისინი გულისხმობდნენ „ადამიანურ ბუნების კანონს“.
ისინი ამგვარად მსჯელობდნენ: ყველა ფიზიკური სხეული მიზიდულობის კანონს ემორჩილება, ყველა ორგანიზმი ბიოლოგიური კანონით ცხოვრობს, ადამიანსაც აქვს თავისი კანონი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია აირჩიოს, ის ვერ გადაწყვეტს – დაემორჩილოს მიზიდულობის კანონს მაშინ, როცა ადამიანს აქვს ნების თავისუფლება, ის თვითონ ირჩევს, მისდიოს თუ არა ადამიანური ბუნების კანონს.
ეს აზრი შეიძლება სხვაგვარადაც გამოვხატოთ. თითოეული ადამიანი გამუდმებით იმყოფება რამდენიმე კანონის ზემოქმედების ქვეშ და მათ შორის მხოლოდ ერთია ისეთი, რომელსაც შეუძლია, რომ არ დაემორჩილოს. ისევე, როგორც ფიზიკური სხეული, იგი ემორჩილება მიზიდულობის კანონს და ამ რეალობის შეცვლა მას არ შეუძლია. ადამიანს თუ საყრდენის გარეშე დავტოვებთ ჰაერში, მას არ ექნება უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება, ვიდრე ქვას, რომელიც თავად ვერ გადაწყვეტს, დაეცეს თუ არა მიწაზე. ისევე, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ადამიანიც ბიოლოგიური კანონებით ცხოვრობს და ისევე ვერ დაარღვევს მათ თავისი სურვილისამებრ, როგორც ცხოველები ვერ არღვევენ, მაგრამ ის კანონი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანური ბუნებისათვის და რომელიც არ ვრცელდება ცხოველებზე, მცენარეებზე ან არაორგანულ სხეულებზე, ადამიანს, თავისი ნების თანახმად, შეუძლია დაარღვიოს. ამ კანონს უწოდეს ბუნების კანონი, რადგან მიაჩნდათ, რომ თითოეულმა ადამიანმა ის ბუნებრივად, ინსტინქტურად იცის და მისი სწავლება საჭირო არაა.
ძველ მოაზროვნებს მიაჩნდათ, რომ, რასაკვირველია, დროდადრო გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი ეცოდინებოდათ ბუნების კანონის თაობაზე, ისევე, როგორც ჩნდებიან ხოლმე დალტონიკები ან ადამიანები, მუსიკალური სმენა რომ არ გააჩნიათ, მაგრამ ადამიანური არსის იდეიდან გამოდინარე, მათ მიაჩნდათ, რომ ქცევის ნორმები ყველასთვის გასაგები და მისაღები უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, ისინი არ ცდებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაო შეხედულება ომსა და ნგრევაზე უაზრობად გადაიქცეოდა. რა აზრი აქვს, ილაპარაკო მტრის სისასტიკესა და ვერაგობაზე, თუ არ არსებობს სიკეთე? ნაცისტებს თუ გულის სიღრმეში ისევე კარგად არ ეცოდინებოდათ, როგორც ჩვენ ვიცით, რომ სიკეთის ხმას უნდა მიჰყვე, თუკი მათ წარმოდგენა არ ექნებოდათ კარგსა და ცუდზე, მაშინ ჩადენილ ბოროტებაში დადანაშაულების იმდენივე უფლება გვექნებოდა, რამდენიც მათი თმის ფერის გაკილვის.
ვიცი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი წესიერი ქცევის კანონს მტკიცე საფუძველი არ გააჩნია, რადგან სხვადასხვა ცივილიზაციას სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა ზნეობაზე.
ეს მცდარი აზრია. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ საკითხზე. ვინმე თუ გაირჯება და შეადარებს ზნეობაზე არსებულ მოძღვრებებს, რომლებიც გაბატონებული იყო, მაგალითად, ძველ ეგვიპტეში, ბაბილონში, ინდოეთში, ჩინეთში, საბერძნეთსა და რომში, მას გააოცებს ის ფაქტი, რამდენად ჰგვანან ეს მოძღვრებანი ერთმანეთს და ამავე დროს, ჩვენს დღევანდელ შეხედულებებს ზნეობაზე.
წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც აღტაცებულნი არიან იმ ადამიანებით, რომლებიც ბრძოლის ველიდან გარბიან, ანდა, სადაც ადამიანი ამაყობს იმით, რომ კეთილისმყოფელები მოატყუა. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქვეყანა, სადაც ორჯერ ორი ხუთია. ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდაც იმის თაობაზე, თუ ვის მიმართ არ უნდა იყო ეგოისტურად განწყობილი, ანუ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ირგვლივ მყოფთა მიმართ, თუ საერთოდ ყველა ადამიანის მიმართ, მაგრამ ყველა იზიარებდა იმ აზრს, რომ ყველაზე წინ საკუთარი თავი არ უნდა დააყენო. ეგოიზმი არსად და არასდროს არ მიიჩნეოდა საქებარ თვისებად.
განსხვავებული თვალსაზრისები არსებობდა იმის თაობაზეც, თუ რამდენი ცოლია საჭირო − ერთი თუ ოთხი, მაგრამ არავინ დავობდა იმაზე, რომ რომელი ქალიც თვალში მოგივა, ყველა გვერდით არ უნდა მოიწვინო.
ყველაზე ღირსშესანიშნავი კი სხვა რამაა, სადაც არ უნდა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისთვის სიკეთე და ბოროტება არარსებული ცნებებია, იმწამსვე მოგეცემათ შესაძლებლობა დაინახოთ, თუ როგორ მიუბრუნდება იგი თავისივე უარყოფილ პრინციპებს. მას შეუძლია დაარღვიოს თქვენთვის მოცემული პირობა, მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით მასთან დადებული შეთანხმების დარღვევას, სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებთ, იმწამსვე დაიჩივლებს: „ეს ხომ უსამართლობაა?!“…
ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლები შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ ხელშეკრულებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაშინვე გააბათილებენ თავიანთ მტკიცებას, როდესაც განაცხადებენ, რომ ხელშეკრულება, რომლის დარღვევასაც აპირებენ, უსამართლოა. ხელშეკრულებანი თუ არაფერს ნიშნავს, თუ არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, ე.ი. თუ არ არსებობს ადამიანური ბუნების კანონი, მაშინ რა განსხვავებაა სამართლიან და უსამართლო ხელშეკრულებას შორის? ჩემი აზრით, შუბს ხალათში ვერ დამალავ და რასაც არ უნდა ამბობდნენ, მათთვის კარგადაა ცნობილი ადამიანური ბუნების კანონის არსებობა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულნი ვართ ვირწმუნოთ, რომ სიკეთე და ბოროტება ნამდვილად არსებობს. დროდადრო ადამიანები შესაძლოა შეცდნენ მათ განსაზღვრაში, როგორც ცდებიან, მაგალითად, რიცხვების შეკრებისა და გამოკლების დროს, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების არსი იმაზე მეტად არაა დამოკიდებული ვინმეს გემოვნებასა და აზრზე, ვიდრე გამრავლების ტაბულა.
არცერთი ჩვენგანი არ იცავს ზედმიწევნით ადამიანური ბუნების კანონს. თქვენ შორის თუ მოიძებნებიან გამონაკლისნი, ბოდიშს ვუხდი მათ და ვურჩევ, სხვა წიგნი წაიკითხონ, რადგან, რაზეც აქ ვაპირებ საუბარს, მათ არ ეხება.
ამრიგად, ჩვეულებრივ ადამიანებს დავუბრუნდეთ. არ ვცდილობ, სხვაზე უკეთესი გამოვჩნდე, უბრალოდ, ვცდილობ თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მე და თქვენ ვერ შევძელით, მოვქცეულიყავით ისე, როგორც გვინდოდა, რომ სხვები მოქცეულიყვნენ. ახსნა და მობოდიშება უამრავი შეიძლება მოიძებნოს.
მაგალითად, საშინლად დაღლილი იყავით, როცა უსამართლოდ მოექეცით ბავშვებს; ის არცთუ ისე სუფთა საქმე, რომელიც დავიწყებული გქონდათ, მაინცდამაინც მაშინ შემოგთავაზეს, როცა ძალიან გჭირდებოდათ ფული; რაღაცას შეჰპირდით და ვერ გააკეთეთ, მაგრამ რომ გცოდნოდათ, ასეთი დაკავებული იქნებოდით, არ დაჰპირდებოდით… ვერც მე ვიცავ ბუნების კანონს და თუ ვინმე შენიშვნას მომცემს, მაშინვე ახსნა-განმარტებაზე გადავდივარ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საფუძვლიანია ეს ახსნა-განმარტებანი. მთავარი ისაა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა ღრმადაა ჩვენში ფესვგადგმული ადამიანური ბუნების კანონი. ჩვენ თუ არ ვაღიარებთ წესიერი ქცევის ფასეულობას, მაშინ რატომღა ვცდილობთ ასე თავგამოდებით საკუთარი უწესო საქციელის გამართლებას?! სინამდვილეში, ჩვენ ღრმად გვწამს წესიერებისა და ისე ძლიერ მოქმედებს ჩვენზე, რომ ვერ შევრიგებივართ მის დარღვევას და ვცდილობთ, სხვა ვინმეს ან რამეს გადავაბრალოთ საკუთარი ქცევა.
დაკვირვებიხართ, რომ ახსნა-განმარტებას მხოლოდ ცუდ საქციელს ვუძებნით ხოლმე? ცუდ საქციელს ვხსნით მხოლოდ იმით, რომ ვიყავით დაღლილნი, შეშფოთებულნი ან მშიენი. კარგ ქცევას კი არ ვუძებნით გარეგან მიზეზებს: ის მხოლოდ ჩვენს დამსახურებად მიგვაჩნია.
ამრიგად, ადამიანი მიიჩნევს, რომ უნდა მისდიოს ქცევის გარკვეულ ნორმებს, სინამდვილეში კი ასე არ იქცევა. ადამიანებმა იციან ბუნებრივი კანონი და არღვევენ მას. ამ ორ ფაქტზეა დაფუძნებული როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივ არსებული სამყაროს შეცნობა.
ავტორი: კლაივ ლუისი