სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, ორ ნაწილად გაიყოს: ჰომოსექსუალიზმი და ჰეტეროსექსუალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანთა უმეტესობა გადაჭრით ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, ზოგიერთები იცავენ მას როგორც ბიბლიური, ასევე არაბიბლიური არგუმენტებით. განვიხილოთ მხარდაჭერის ორივე სახე.
არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ
ჰომოსექსუალიზმის მომხრეები გვთავაზობენ არგუმენტთა ორ რიგს საკუთარ ქმედებათა მხარდასაჭერად. მათგან ქრისტიანული ორიენტაციის მქონენი მიმართავენ როგორც წმინდა წერილს, ასევე სხვა სოციალურ და მორალურ ფაქტორებს. უპირველესად განვიხილავთ ბიბლიურ არგუმენტებს.
ბიბლიური არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ
კარგად ნაცნობი ბიბლიური მუხლების ზოგადი ჰეტეროსექსუალური გაგებანი უარყოფილია ჰომოსექსუალისტების მიერ. განვიხილოთ ის მთავარი ტექსტები, რომლებიც გამოყენებულია ჰომოსექსუალისტური პრაქტიკის მხარდასაჭერად:
* სოდომის ცოდვა არ იყო ჰომოსექსუალიზმი − ისინი ამტკიცებენ, რომ სოდომისა და გომორის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ არასტუმართმოყვარეობა. ეს მოსაზრება ეფუძნება ქანაანურ ადათს, რომელიც უზრუნველყოფდა პიროვნების სახლის ჭერქვეშ შემოსულთა დაცვას. ლოტი სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა: „…იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბ. 19:8). ამგვარად, ლოტმა მომხდურებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა, რათა დაეკმაყოფილებინა განრისხებული ბრბო და დაეცვა სტუმართა სიცოცხლე, რომლებიც მის ჭერქვეშ იყვნენ შემოსულები, ე. ი. საჭირო იყო ასეთი სექსუალური დაშოშმინება სტუმართა სიცოცხლის გადასარჩენად. ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი არც ყოფილა გაცხადებული ქალაქის კაცთა მოთხოვნაში „შეეცნოთ“ ლოტის ამხანაგები, რადგანაც ეს ებრაული სიტყვა (იადჰა) უბრალოდ „გაცნობას“ (დაბ. 19:5) ნიშნავს. ის აქა-იქ გვხვდება ძველ აღთქმაში და უმეტესად მას არასექსუალური თანმდევი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, დასკვნა ასეთია, რომ სოდომის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ არასტუმართმოყვარეობა.
* სოდომის ცოდვა იყო ეგოიზმი − სოდომის ცოდვა დამარცვლულია შემდეგ სიტყვებში: „აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ“ (ეზეკ. 16:49). არსად არ არის ნაგულისხმევი ჰომოსექსუალიზმი ანდა რაიმე სექსუალური ცოდვა. ისინი გაკიცხულნი არიან უბრალოდ იმიტომ, რომ იყვნენ ეგოისტები და არა ჰომოსექსუალისტები.
* ლევიანთა რჯული უკვე აღარ არის გამოსადეგი − მთავარი ადგილი ძველ აღთქმაში, რომელიც კიცხავს (გმობს) ჰომოსექსუალიზმს, ლევიანთა რჯულშია ჩაწერილი (ლევ. 18:22). ლევიანთა რჯული ასევე კიცხავს ღორის ხორცის და კრევეტის ჭამას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცერემონიალური კანონები გაუქმდა (საქმ. 10:15). ამიტომ, აღარ არსებობს მიზეზი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალისტური ქმედების ამკრძალავი კანონები კვლავაც ძალაში რჩებოდეს.
* უნაყოფობა უბედურება იყო ებრაელი ქალისთვის − ებრაული რწმენის მიხედვით, უშვილობა დიდი სირცხვილი იყო (დაბ. 16:1; 1-ლი მეფ. 1:3-8). ბავშვები კურთხევა იყო უფლისგან (ფსალ. 126:3), ღვთის კურთხევა შვილიანობაში გამოიხატებოდა (დაბ. 15:5). სინამდვილეშიც, იმედი ებრაელი ქალისა აღთქმული მესიის შობა გახლდათ ( დაბ. 13:15; 4; 2:25). შვილების ყოლის ასეთი ძლიერი სურვილის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ძველი აღთქმის კანონი ამრეზით უყურებდა ჰომოსექსუალურ ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ბავშვები არ იბადებოდნენ. მიუხედავად ამისა, გასაგებია, რომ ეს არანაირად არ გმობს ჰომოსექსუალურ ქმედებებს და ის არც მათ მიერ იგმობა, რომლებიც არ იზიარებდნენ ამ ებრაულ მოლოდინს.
* ჰომოსექსუალიზმი დაკავშირებული იყო კერპთაყვანისმცემლობასთან − ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბიბლიური გაკიცხვანი, რომლებიც გამოიყენება ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ, სუსტდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მუხლების მიზანი არის კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა, ვინაიდან ტაძრების საკულტო პროსტიტუცია − გაიგივებული ჰომოსექსუალურ ქმედებებთან, იგმობოდა კერპთაყვანისმცემლობასთან ერთად (რჯულ. 33:17). მიუხედავად ამისა, მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც ასეთი, არ იგმობოდა, არამედ გაკიცხული იყო ჰომოსექსუალიზმის ის სახე, რომელიც გაიგივებული იყო კერპთაყვანისმცემლობასთან, როგორც საკერპო პროსტიტუციის შემთხვევაში (მე-3 მეფ. 14:24).
* პავლეს გაკიცხვანი მხოლოდ კერძო მოსაზრება გახლდათ − ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული ახალი აღთქმის ადგილთა უმეტესობა მოციქულ პავლეს ეკუთვნის, რომელიც მხოლოდ თავის პირად აზრს გამოთქვამდა (1-ლი კორ. 7:25). ფაქტია, რომ პავლე ამბობდა: „… არა მაქვს ბრძანება უფლისგან…“ და „… ვეუბნები მე (მე და არა უფალი)…“ ეს არის იმავე წიგნის წინამორბედ თავში, სადაც პავლე კიცხავს ჰომოსექსუალისტებს (1-ლი კორ. 6:9). ამგვარად, პავლეს აზრი მსგავს სექსუალურ საკითხებზე, მისივე აღიარებით, არ გვავალდებულებს. პავლე ასევე კიცხავდა კაცის გრძელთმიანობას. ჰომოსექსუალიზმის მომხრეთა მიხედვით, მოციქულ პავლეს მოსაზრებათა უმეტესობა, აშკარად, კულტურული რელატიურობის საგანი უფრო იყო. მაგალითად, კორინთელთა მიმართ 1-ელ წერილში მოციქული იმასაც ფიქრობდა, რომ „მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის“ (11:14), მაგრამ, რადგანაც ეს იყო აშკარა კულტურული რელატიური ცნება, არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული პავლეს მოსაზრებანი მივიჩნიოთ აბსოლუტურ მორალურ აკრძალვად.
* 1-ლი კორინთელთა 6:9 მხოლოდ დამნაშავეების წინააღმდეგ ქადაგებს − ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 1-ლი კორ. 6:9 ლაპარაკობს მხოლოდ ჰომოსექსუალისტი დამნაშავეების (მოძალადეების) წინააღმდეგ და არა ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ასეთზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მუხლი მიუთითებს იმ ჰომოსექსუალურ ქმედებებზე, რომელთა დროსაც წესრიგი ირღვევა და არა მამათმავალთა ჰომოსექსუალურ, ნებაყოფლობით ურთიერთობებზე. აქედან გამომდინარეობს ის, რომ პავლეს აშკარა გაკიცხვაში უნდა დავინახოთ წესიერი ჰომოსექსუალისტების ურთიერთობათა მოწონება, რომელსაც იგი გულისხმობდა.
* ჰეტეროსექსუალიზმი არაბუნებრივია ჰომოსექსუალისტებისათვის − ზოგიერთი ამბობს, რომ, როდესაც პავლე საუბრობს იმის წინააღმდეგ, რაც „არაბუნებრივი“ იყო რომაელთა მიმართ წერილის 1:26-ში, ის არ აცხადებდა იმას, რომ ჰომოსექსუალიზმი მორალურად მცდარი იყო, არამედ მიუთითებდა იმაზე, რომ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები არაბუნებრივია ჰომოსექსუალისტებისათვის, ანუ „არაბუნებრივი“ გამოყენებულია სოციოლოგიური (და არა ბიოლოგიური) თვალსაზრისით. ამგვარად, ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობების გაკიცხვაზე მეტად რომაელთა წერილის ეს ადგილი იწონებს ამ ურთიერთობათ. თითოეულმა პიროვნებამ უნდა იმოქმედოს თავისი საკუთარი სოციოლოგიური ტენდენციების მიხედვით, მიუხედავად იმისა, ჰეტეროსექსუალურია ეს ტენდენციები თუ ჰომოსექსუალური.
* ესაია სასუფეველს უწინასწარმეტყველებდა ჰომოსექსუალისტებს − ესაია 56:3-5 აცხადებს, რომ საჭურისები წაყვანილ იქნებიან ღვთის სასუფეველში. უფალმა თქვა: „მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებსა და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება“. ეს ადგილი აღებულია იმის მისანიშნებლად, რომ ესაია წინასწარმეტყველებდა იმ დღეზე, როცა ჰომოსექსუალისტები მიღებულნი იქნებიან ღვთის სასუფეველში, რომლის აღსრულებაც, ზოგიერთი ჰომოსექსუალისტის მტკიცებით, ახლა იწყება.
* დავითი და იონათანი ჰომოსექსუალისტები იყვნენ − მეფეთა 1-ლი წიგნის მე-18-მე-20 თავები მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ძლიერად უყვარდათ დავითსა და იონათანს ერთმანეთი. ზოგიერთები ამ ადგილს მიიჩნევენ იმის მაჩვენებლად, რომ ისინი ჰომოსექსუალისტები იყვნენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ იონათანმა „შეიყვარა“ დავითი (18:3), რომ იონათანმა გაიხადა დავითის იქ ყოფნისას (18:4), რომ ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს (20:41), და რომ ისინი „უზომოდ განიცდიდნენ“ (20:41), გამოყენებულია ეაკულაციის აღსანიშნავად აღებული ტერმინი. ქალებთან წარმატებული ურთიერთობების დავითისეული უკმარისობაც მოხმობილია მისი ჰომოსექსუალისტური მიდრეკილების საჩვენებლად.
სხვა არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ
ბიბლიიდან ამოკრეფილი ამ არგუმენტების გარდა არსებობს სოციალურ და მორალურ მიზეზთა საერთო კატეგორია ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ.
* არ უნდა არსებობდეს სექსუალური შეზღუდვები ზრდასრულ ადამიანებში − მრავალი ამტკიცებს, რომ არ უნდა არსებობდეს სექსუალური აკრძალვები ზრდასრულ ადამიანებში, მაშინ, როდესაც იძულებითი სექსი ან სექსუალური შეურაცხყოფა ბავშვებში დანაშაულია. მრავალი ჰომოსექსუალისტი აცხადებს, რომ თავისუფალ სექსუალურ გრძნობათა გამოხატვის აკრძალვა მათი თავისუფლების ხელყოფაა, ორი პიროვნების სექსუალური და თავისუფალი ქმედებაა, ეს მათი პირადი საქმეა, მხოლოდ სხვისი თავისუფლების ხელყოფაა მცდარი და ამ ზღვარს იქით პიროვნებას უფლება აქვს − თავის სხეულს ისე მოექცეს, როგორც თავად სურს.
* პირადულობის უფლება იცავს ჰომოსექსუალიზმს − უზენაესმა სასამართლომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ქალთა პირადულობის უფლება საკუთარ სხეულზე. ხაზგასმულია, რომ ეს კონსტიტუციური უფლება ეხება აგრეთვე ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობებსაც. ქალს თუ აქვს უფლება საკუთარ სექსუალურ გრძნობებთან დაკავშირებით, ისე, რომ მას შეუძლია მოიცილოს განაყოფიერების შედეგი, მაშინ რატომ არ აქვს ჰომოსექსუალისტს უფლება საკუთარ სექსუალურ გრძნობებთან დაკავშირებით, რასაც არ მოსდევს განაყოფიერება? პირადულობა კონსტიტუციური უფლებაა, ამიტომაც ჰეტეროსექსუალისტთა უმრავლესობას არ აქვს უფლება, თავისი მორალური ნორმები თავს მოახვიოს ჰომოსექსუალისტურ უმცირესობას.
* ჰომოსექსუალისტებსაც აქვთ სამოქალაქო უფლებები − ერთი-ერთი არგუმენტი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ჰომოსექსუალისტები, ისაა, რომ ჰომოსექსუალისტებსაც, სხვა უმცირესობათა მსგავსად, აქვთ სამოქალაქო უფლებები. მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს იყოს ჰეტეროსექსუალი, არ ამართლებს მათ წარმავალ კანონებს, რომლებიც ჰომოსექსუალი უმცირესობის წინააღმდეგ არის მიმართული. რატომ უნდა მოაკლდნენ უმცირესობანი თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს მხოლოდ პირადი არჩევანის გამო? ეს დისკრიმინაციაა; დისკრიმინაცია კი მორალურადაც და სოციალურადაც მცდარია.
* სექსუალური ტენდენციები მემკვიდრეობითია − მრავალი ჰომოსექსუალისტი ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი სექსუალური მიდრეკილება ისევე, როგორც არ შეუძლიათ შეიცვალონ თვალის ფერი. ისინი ამტკიცებენ, რომ სექსუალური მიდრეკილებანი მემკვიდრეობითია და არა შეძენილი. აქედან გამომდინარე, პიროვნება არ უნდა გაკიცხონ იმისთვის, რომ ის ჰომოსექსუალია, ისევე, როგორც არ შეიძლება გაკიცხვა იმის გამო, რომ ადამიანი დაბალია, ანდა წითური. ე. ი. ჩვენ უბრალოდ ვიქნებით ისინი, რანიც ვართ ბუნებით, ასევე ჰომოსექსუალებიც იმადვე დარჩებიან, რანიც არიან.
* მორალი დროთა განმავლობაში იცვლება − მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობები იგმობოდა ძველ დროშიც, ისინი ამტკიცებენ, რომ დღეს უკვე აღარ არსებობს რაიმე მიზეზი მათი გაკიცხვისთვის. ასევე ქორწინებამდე სექსიც არ იყო დაშვებული ძველ დროში, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. მრავალი სხვა ტაბუც, სექსუალური თუ არასექსუალური, მოდის წარსულიდან, უფრო პურიტანულ კულტურათაგან, თუმცა უფრო თანამედროვე და უფრო განათლებული პიროვნებები უარყოფენ მსგავს შეზღუდვებს. ასევე უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ჰომოსექსუალისტების მიმართ.
* ბევრი სხვა მამრიც ჰომოსექსუალისტია – ამ არგუმენტის მიხედვით, ბუნება იწონებს ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობებს, ვინაიდან სხვა მამრებიც აკეთებენ ამას და თუ ჰომოსექსუალისტური ქმედებანი არ არის არაბუნებრივი სხვა ცხოველებს შორის, მაშინ აღარ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ ეს უცნაურად ჩავთვალოთ ადამიანურ არსებებს შორის.
პასუხი ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ არგუმენტებს
ჰომოსექსუალისტური ურთიერთობების სასარგებლოდ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების საპასუხოდ, ყურადღებას იმსახურებს გარკვეული კრიტიკა. განვიხილოთ იგი.
პასუხი ბიბლიიდან მოყვანილ არგუმენტებს
ბიბლიიდან აღებული თითოეული ზემოხსენებული არგუმენტი დაფუძნებულია წმინდა წერილის მცდარ გაგებაზე ან მცდარ ინტერპრეტაციაზე. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
* სოდომის ცოდვა იყო ჰომოსექსუალიზმი − მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ცნობა“ (იადჰა) აუცილებლად არ ნიშნავს „სექსუალური კავშირის დამყარებას“, სოდომისა და გომორის შესახებ ტექსტის კონტექსტში მას ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს. ეს, ცხადია, რამდენიმე მიზეზის გამო. თორმეტიდან ათ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოიყენება დაბადების წიგნში და ის ეხება სექსუალურ კავშირს (იხ. დაბ. 4:1-25). ეს ნიშნავს − „იცნობდე სექსუალურად“ ზუსტად ამავე თავში, როდესაც ლოტი ამბობს თავის ქალიშვილებზე, რომ მათ მამაკაცი არ „იციან“ (19:8). სიტყვის მნიშვნელობა გასაგები ხდება იმ კონტექსტით, რომელშიც გამოყენებულია იგი, ხოლო კონტექსტი აქ გარკვეულად გულისხმობს სექსუალურ კავშირს, როგორც ამას ვხედავთ ამ ქალაქის გარყვნილი სახის დანახვისას (თავი მე-18) და იმ ფაქტით, რომ ქალწულებს სთავაზობს ლოტი მათ საკუთარ სექსუალურ ვნებათა დასაკმაყოფილებლად (19:8). ამ კონტექსტში „ცნობა“ შეუძლებელია უბრალოდ „გაცნობას“ ნიშნავდეს, რადგანაც ის უთანაბრდება ბოროტებას (მუხლი მე-7). რატომ უნდა შესთავაზო ქალიშვილები დასაკმაყოფილებლად იმათ, ვისი ზრახვანიც არ არის სექსუალური?!
* სოდომის ცოდვა მხოლოდ არასტუმართმოყვარეობა არ იყო − სოდომის ცოდვა მხოლოდ ეგოიზმი კი არა, ჰომოსექსუალიზმიც იყო. ეს ცხადი ხდება რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, როგორც ახლახან აღვნიშნეთ, დაბადების მე-19 თავის კონტექსტი ნათელს ხდის, რომ მათი გადახრა სექსუალური იყო. მეტიც, ეგოიზმი, ნაგულისხმევი ეზეკიელის 16:49- ში არ გამორიცხავს ჰომოსექსუალიზმს. ფაქტია, რომ სექსუალური ცოდვები ეგოიზმის ფორმებია, ხორცის სურვილების დაკმაყოფილება. ეზეკიელის მომდევნო მუხლი (მუხლი 50-ე) გვიჩვენებს, რომ მათი ცოდვა სექსუალური იყო და ამას „სისაძაგლეს“ უწოდებს იგი. ეს იგივე სიტყვაა, რომელიც გამოიყენება ჰომოსექსუალური ცოდვების აღსაწერად ლევიანთა წიგნში (18:22). ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია ის, რომ სწორედ ეს სექსუალური გადახრებია გაცხადებული სიტყვა „სოდომის“ წარმომავლობასა და გამოყენებაში და იგი სწორედ სოდომიდან მოდის. წმინდა წერილი როცა ხაზს უსვამს სოდომის ცოდვას, ეს სწორედ სექსუალურ გადახრას აღნიშნავს. იუდას წერილიც მათ ცოდვას „მეძაობას“ უწოდებს (მუხლი მე-7).
* აკრძალვა ჰომოსექსუალიზმის მიმართ მორალურია და არა ცერემონიალური − მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული მოსესმიერი აკრძალვანი იგულისხმება ლევიანთა წიგნში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს წარმოადგენდა ცერემონიალური რჯულის ნაწილს, რომელიც გაუქმდა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ არც გაუპატიურება, არც ინცესტი და არც ცხოველთმავლობა (ზოოფილია) არ იქნებოდა მორალურად მცდარი, ვინაიდან ეს ცოდვები დაგმობილია იმავე თავში, სადაც ჰომოსექსუალური ცოდვებია დაგმობილი (ლევ. 18:6-14; 22-23). ჰომოსექსუალურ ცოდვას ღმერთი წარმართთა შორისაც გმობს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცერემონიალური რჯული. ზუსტად ამ მიზეზის გამო იყო, რომ ღმერთმა განსაჯა ქანაანელები (18:1-3, 25). ლევიანთა რჯულშიც ებრაელებისთვის არსებობდა განსხვავება სასჯელში ცერემონიალური კანონების დარღვევისთვის. კერძოდ, ღორის ხორცისა და კრევეტების ჭამისთვის სასჯელი რამდენიმედღიანი იზოლაცია გახლდათ, ხოლო ჰომოსექსუალიზმი კი სიკვდილით ისჯებოდა (18:29). იესომ შეცვალა ძველი აღთქმის „დიეტური“ კანონები (მარკ. 7:18; საქმ. 10:15; 11:9), მაგრამ ჰომოსექსუალიზმის აკრძალვანი ახალ აღთქმაშიც მეორდება (რომ. 1:26-27, მე-2 კორ. 6;9; 1-ლი ტიმ. 1:10; იუდ. 7). უნაყოფობა არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიიჩნევა. წმინდა წერილში არსად არაა მინიშნება, რომ ჰომოსექსუალური კავშირი ცოდვილ ქმედებად ბავშვების არყოლის გამოა აღიარებული; თუ ჰომოსექსუალისტები იმის გამო ისჯებოდნენ, რომ უნაყოფონი იყვნენ, მაშინ რა გამოსავალი იქნებოდა მათი სიკვდილი?.. ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ სასჯელი მხოლოდ ებრაელებისთვის არ იყო დაწესებული, ეს წარმართებსაც ეხებოდა (ლევ. 18:24), რომელთა კურთხევაც არ იყო დამოკიდებული მემკვიდრის ყოლაზე ისრაელის მიწის დასამკვიდრებლად. უნაყოფობა თუ ღვთის სასჯელი იყო, მაშინ მარტოხელობა ცოდვა იქნებოდა, თუმცა ორივე, იესოც (მათ. 19:11-12) და პავლეც (1-ლი კორ. 7:8), პატივს მიაგებდნენ მარტოხელობას თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.
* ჰომოსექსუალიზმი მანკიერია კერპთაყვანისმცემლობის გარეშეც − ჰომოსექსუალისტური ურთიერთობანი ბიბლიაში გაკიცხულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მჭიდროდ უკავშირდებოდა კერპთაყვანისმცემლობას. მისი გაკიცხვა კერპთაყვანისმცემლობასთან რაიმე აშკარა მითითების გარეშეც ხშირად ხდება (ლევ. 18:22; რომ. 1:26-27) (ადიულტერიც – ცოლქმრული ღალატი – ცოდვად არის მიჩნეული ქალთა საკულტო პროსტიტუციის გარეშე). ჰომოსექსუალიზმი კერპთაყვანისმცემლობასთან როცა ასოცირდება (როგორც სატაძრო, საკულტო პროსტიტუცია), ეს არ არის არსობრივად დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს მხოლოდ თანმხლები და არა ეკვივალენტური ცოდვაა. სექსუალური ღალატი ხშირადაა გამოყენებული კერპთაყვანისმცემლობის საილუსტრაციოდ (მაგ. ოსია 3:1; 4:12), მაგრამ ის აუცილებლად ჰომოსექსუალიზმთან არ არის დაკავშირებული. კერპთაყვანისმცემლობას შეუძლია, გვიბიძგოს ამორალურობისკენ (რომ. 1:22-27), თუმცა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცოდვებია. თვით 10 მცნებაც განასხვავებს კერპთაყვანისმცემლობასა (გამოსვ. 20:3-4) და სექსუალურ ცოდვებს (გამოსვ. 20:14-17).
* პავლეს სწავლება ღვთაებრივად ავტორიტეტულია − პავლეს მიერ ჰომოსექსუალიზმის გაკიცხვა ღვთაებრივად ავტორიტეტულია კორინთელთა მიმართ პირველ წერილშიც კი. ფაქტობრივად, პავლესმიერი ჰომოსექსუალიზმის გამოკვეთილი გაკიცხვა რომაელთა წერილის პირველ თავშიც გვხვდება, რომლის ღვთაებრივ ავტორიტეტსაც არ აყენებს ეჭვქვეშ არცერთი ქრისტიანი, რომელიც აღიარებს წმინდა წერილის ღვთივსულიერებას. პავლეს მოციქულებრივი რწმუნებულება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული წმინდა წერილში. გალატელთა მიმართ წერილში ის აცხადებს, რომ გამოცხადებანი მას „… არ მიუღია და არ უსწავლია ადამიანისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით“ მიიღო (1:2). კორინთელთა მიმართ მე-2 წერილში პავლე აცხადებს: „მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით“ (მე-2 კორ. 11:12). თვით კორინთელთა მიმართ პირველ წერილშიც, სადაც პავლეს ავტორიტეტი რამდენჯერმე დააყენეს ეჭვქვეშ მისმა კრიტიკოსებმა, მისი ღვთაებრივი ავტორიტეტულობა ცხადი ხდება სამგზის. ის ამ წერილს იწყებს განცხადებით: „ამას ვლაპარაკობ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისგან შესწავლილით“ (1-ლი კორ. 2:13). ის წერილს ამთავრებს დასკვნით: „…რასაც გწერთ თქვენ, უფლის მცნებაა“ (14:37). თვით საკამათო მეშვიდე თავშიც, სადაც პავლე ამბობს, რომ გვაწვდის თავის აზრებს, რომლებიც არაა შთაგონებული, ბოლოს მაინც აღნიშნავს: „…მეც მაქვს ღვთის სული“ (მუხლი მე-40). მართლაც, როდესაც ის ამბობს: „მე და არა უფალი“, არ ნიშნავს იმას, რომ მისი სიტყვები უფლისგან არ არის, რადგან ეს იმ ყოველივეს საწინააღმდეგო იქნება, რაც კი მას აქამდე უთქვამს. მეტიც, ეს ნიშნავს იმას, რომ იესოს არ ულაპარაკია ზუსტად ამ საგანზე, სანამ ის დედამიწაზე იყო, მაგრამ იესო შეჰპირდა თავის მოციქულებს, რომ ის გამოგზავნიდა სულიწმიდას, რომელიც შეუძღვებოდა მათ „ყოველ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:13). პავლეს სწავლებაც კორინთელთა წერილებში ამ დანაპირების ასრულება იყო.
* ჰომოსექსუალიზმი დანაშაულია − როდესაც კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის 6:9 ლაპარაკობს „ჰომოსექსუალისტ დამნაშავეთა შესახებ“, ეს ნიშნავს ჰომოსექსუალიზმის დანაშაულს და არა ჰომოსექსუალისტის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც უპირისპირდება დანაშაულის არჩამდენს. „ჰომოსექსუალისტი“ ნიშნავს „დამნაშავეს (დამრღვევს)“ და არა პირიქით, ის მიუთითებს დანაშაულის სექსუალურ ხასიათზე და არა ჰომოსექსუალისტის დანაშაულებრივ ფორმაზე, თუ მხოლოდ ჰომოსექსუალისტური ქმედების დანაშაულებრივი (ძალადობრივი) ფორმებია მცდარი, მაშინ რაღა ვთქვათ მრუშობისა და კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრებზე, რომელთა წინააღმდეგაც იმავე თავშია საუბარი? განა უნდა დავასკვნათ, რომ მრუშობისა და კერპთაყვანისმცემლობის მხოლოდ დანაშაულებრივი ფორმებია მცდარი? წმინდა წერილში ვერსად ვერ ვიპოვით აზრს იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმის დანაშაულებრივი ფორმებია მცდარი; ის თითქმის ყველგანაა გაკიცხული. (ლევ. 18:22; რომ. 1:26-27; 1-ლი ტიმ. 1:10; იუდ. 7).
* ჰომოსექსუალიზმი და გრძელი თმა ერთი და იგივე არ არის − ბიბლია არსად არ განსაზღვრავს ჰომოსექსუალისტურ ცოდვებს მხოლოდ კულტურულ კონტექსტში, როგორიცაა, მაგალითად, ვარცხნილობის სტილი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვარცხნილობის სტილი შეუძლებელია დაუკავშირდეს მორალურად აშკარად წამხდარ ცხოვრებისეულ სტილს, როგორიც აქვთ მეძავებს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ბიბლიას არსად არ დაჰყავს ჰომოსექსუალური ცოდვა კულტურული გემოვნების ნიშნულამდე. ეს არგუმენტი ერთმანეთში არ ურევს მორალურსა და კულტურულ შეხედულებებს. „რაც არის“, არ არის ყოველთვის ის, რაც უნდა იყოს. იმავე ლოგიკით, არ უნდა არსებობდეს ობიექტური მორალური აკრძალვანი, ისეთების ჩათვლით, როგორებიცაა: სისასტიკე, ბავშვთა დამცირება, გაუპატიურება ანდა სისხლის აღრევა. პავლეს არასდროს უთქვამს: გრძელთმიანები ჯოჯოხეთში წავლენო, თუმცა მან განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალისტური დანაშაულის მიმდევრები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1-ლი კორ. 6:9). პავლეს არც ის უთქვამს, რომ გრძელი თმა ეკლესიიდან განკვეთის საფუძველია, თუმცა ის გვასწავლიდა, რომ სექსუალური ცოდვები არის ამის საფუძველი (1-ლი კორ. 5:1-5). პავლე ამბობდა, რომ მოცემულ ბუნებრივ წესრიგში „მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის“ (1-ლი კორ. 11: 14). მას ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს, რომ ეს ღვთის უპატივცემულობაა, რაც თქვა ჰომოსექსუალობაზე (რომ. 1:21-27), მან აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინოა მამაკაცისთვის, ვინაიდან ეს მას დედაკაცს ამსგავსებს.
* ჰომოსექსუალისტური ცოდვები ბუნების საწინააღმდეგოა − როდესაც წმინდა წერილი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობანი „ბუნების საწინააღმდეგოა“ (რომ. 1:26), ის გულისხმობს არსობრივ ბუნებას და არა სოციოლოგიურს. აქედან გამომდინარე, ეს ადგილი შეუძლებელია გამოვიყენოთ ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად იმ საფუძველზე, რომ ჰეტეროსექსუალური ქმედებები ჰომოსექსუალთა ბუნებრივ მიდრეკილებებს ეწინააღმდეგება. არსებობს რამდენიმე მიზეზი ამ დასკვნისთვის. ბიოლოგიურად სექსი ბიბლიაში დასაწყისიდანვეა დადგენილი. დაბადების 1-ელ თავში წერია, რომ ღმერთმა შექმნა „მამაკაცი და დედაკაცი“ და შემდეგ უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“ (მუხლი 27-28). ეს გამრავლება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ ბიოლოგიური კაცი და ქალი. სექსუალური ორიენტაცია გაგებული იყო ბიოლოგიურად და არა სოციოლოგიურად, როდესაც ღმერთმა თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ“ (დაბ. 2:24). ფრაზა „ერთ ხორცად“ ლაპარაკობს ფიზიკურ ქორწინებაზე. რომაელთა მიმართ წერილის ის ადგილი, რომელიც ამბობს, რომ მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, ცხადად გვიჩვენებს, რომ ეს ცოდვილი ქმედება ბუნებით ჰომოსექსუალისტური იყო (1:27); რასაც ისინი აკეთებდნენ, არაბუნებრივი იყო მათთვის, ანუ „შეცვლილ ბუნებრივ წესს “ წარმოადგენდა (მუხ. 26-ე). ასე რომ, აშკარაა შედეგი: ღმერთი გმობს სექსუალურ ცოდვებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელთა შორის.
* ესაიას წინასწარმეტყველება შეეხებოდა საჭურისებს − ზოგიერთი ჰომოსექსუალისტის მტკიცების საწინააღმდეგოდ, ესაიას არ უწინასწარმეტყველებია მათი ყოფნის შესახებ ღვთის სასუფეველში. წინასწარმეტყველება (ეს. 56:3) შეეხება საჭურისებს და არა ჰომოსექსუალისტებს. საჭურისები კი ასექსუალები არიან და არა ჰომოსექსუალები. ესაიას წერილში ნახსენები „საჭურისები“, როგორც ჩანს, სულიერნი არიან და არა ფიზიკურნი. იესო ლაპარაკობდა სულიერ „საჭურისებზე“, რომლებმაც დათმეს ქორწინების შესაძლებლობა ღვთის სასუფეველის გულისათვის (მათ. 19:11-12). ეს არის კლასიკური მაგალითი პიროვნების მრწამსის წაკითხვისა ტექსტში (ეიზეგეზა), უფრო მეტად, ვიდრე მნიშვნელობის წაკითხვისა ტექსტის გარეთ (ეგზეგეზის), ზუსტად ის, რასაც ჰომოსექსუალისტები აბრალებენ ჰეტეროსექსუალებს წმინდა წერილთან დამოკიდებულებაში.
* დავითი და იონათანი არ ყოფილან ჰომოსექსუალისტები − წმინდა წერილში არ არსებობს იმის მაჩვენებელი, რომ დავითი და იონათანი ჰომოსექსუალისტები იყვნენ. პირიქით, საკმაოდ თვალშისაცემია, რომ ისინი არ ყოფილან ჰომოსექსუალისტური ორიენტაციის. დავითის ლტოლვა ბათ-შებაყის მიმართ (მე-2 მეფ. 11) ააშკარავებს, რომ მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალური იყო და არა ჰომოსექსუალური. ფაქტობრივად, თუ მისი ცოლების რიცხვის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ დავითს საკმარისზე მეტი ჰეტეროსექსუალურობა ჰქონდა! დავითის „სიყვარული“ იონათანისადმი იყო არა სექსუალური (ეროტიკული), არამედ მეგობრული (ფილეო). მესამე, იონათანს მთელი ტანსაცმელი არ შემოუძარცვავს დავითის თანდასწრებით, არამედ მხოლოდ თავისი შესამოსელი და სამეფო მოსასხამი (1-ლი მეფ. 18:4). ე. წ. „კოცნაც“ მისალმების წესი იყო კაცებს შორის იმ დროს. მეტიც, მათ ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ მაშინ, როდესაც იონათანმა გადასცა დავითს თავისი შესამოსელი; არამედ ეს შემთხვევა აღწერილია წიგნის მომდევნო თავში (2:41). ბოლოს, ის ემოციები, რომლებიც მათ გამოხატეს, იყო ტირილი (მუხლი 41-ე) და არა ორგაზმი. ტექსტი ამბობს, „მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ტიროდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა“ (20:41).
პასუხი ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ სხვა არგუმენტებს
ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად გამოყენებული ბიბლიური არგუმენტების გარდა არსებობს აგრეთვე მორალური, სოციალური და სამოქალაქო არგუმენტები.
* ზრდასრულთა ორმხრივი შეთანხმება არ აქცევს ამ შეთანხმებას სწორ ქმედებად − ის არგუმენტი, რომ ზრდასრულ ადამიანთა შეთანხმებული ქმედება მორალურად გამართლებულია, მცდარი არგუმენტია, რადგან მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ ბანკის გაძარცვაზე, ბავშვის გატაცებაზე ანდა პრეზიდენტის მოკვლაზე. მათი შეთანხმება ქმედებას არ აქცევს სწორ გადაწყვეტილებად; თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა საკითხი მხოლოდ ამ ორი ადამიანის სხეულს ეხება, შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, როცა ისინი ერთმანეთს ეხმარებიან თვითმკვლელობაში, ან სხეულის დამახინჯებაში. ორმხრივი შეთანხმება ავტომატურად არ ამართლებს ქმედებას. ეს არგუმენტი მცდარად მიიჩნევს, რომ პიროვნება არის საბოლოო სტანდარტი იმისა, თუ რა არის სწორი და რა − მცდარი და რომ არ არსებობს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, გარდა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებებისა. ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ და არა საკუთარი თავის შემოქმედნი და, როგორც ქმნილებებს, მორალური ვალდებულება გვაქვს ჩვენი შემოქმედის მიმართ, რომელმაც გვიბრძანა, არ გამოვიყენოთ ჩვენი სხეულები გაუკუღმართებული სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.
* პირადულობის უფლება არ ნიშნავს ამორალურობის უფლებას − პირადულობის ჩვენი უფლებები არ ვრცელდება არაეთიკურ ქმედებებზე. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ნება-სურვილისამებრ გავაუპატიუროთ ანდა მოვკლათ ვინმე. ლოგიკა მოითხოვს, რომ ამორალური ქმედებანი არ მივიჩნიოთ მორალურად ადგილმდებარეობის გადანაცვლების შედეგად; ანუ თუ მცდარია ჯგუფური ორგიის მოწყობა, მაშინ ასევე მცდარი იქნება, გააკეთო ეს კერძოდ. ამორალური ქმედების ადგილმდებარეობის შეცვლა არ ცვლის ამ ქმედებისგან მორალური კანონის დარღვევას. ცხადია, არც საპირისპირო რამ არის სიმართლე. მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლქმრული სექსი კარგია კერძოდ, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგია საჯაროდაც. ბოლოს, არსებობს განსხვავება კერძო სექსუალური ქმედების განხორციელებასა და მისი აკრძალვის სიძნელეს შორის, თუმცა მის საწინააღმდეგოდ აკრძალვების დაჩქარება ასევე არ არის მორალურად სწორი.
* ჰომოსექსუალისტური ტენდენციები არ არის მემკვიდრეობითი − ჰომოსექსუალური ქმედებანი ვერ გამართლდება იმ საფუძველზე, რომ ისინი მემკვიდრეობითია. გარკვეულ მიზეზთა გამო არ არსებობს უდავო სამეცნიერო სიცხადე იმ განცხადების გასამყარებლად, რომ ჰომოსექსუალისტური მიდრეკილებანი გენეტიკურია. ამას ცხადყოფს ქცევის შესწავლის ყოველი მონაცემი. არსებობს დასწავლის პრაქტიკა, რომლის შედეგადაც ადამიანი სწავლობს ჰომოსექსუალისტური აქტის განხორციელებას და თუნდაც არსებობდეს მემკვიდრეობითი ტენდენცია ჰომოსექსუალიზმისკენ, არც ეს გაამართლებს ჰომოსექსუალისტურ ქმედებას. ზოგიერთები ამბობენ, რომ აქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ალკოჰოლისკენ, მაგრამ ეს ვერ ამართლებს მათ ლოთობას. ბიბლია ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმი „არაბუნებრივია“ და ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ტოვებს თავის ბუნებრივ მიდრეკილებას (რომ. 1:26-27). ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ყველას მემკვიდრეობით მიღებული გვაქვს მიდრეკილება ცოდვისკენ (ფსალ. 50:4; ეფეს. 2:3), თუმცა ჯერ კიდევ პასუხისმგებლობა გვაკისრია ცოდვის ჩადენისთვის.
* მორალურობა არ იცვლება − ძირითადი მორალური პრინციპები არ იცვლება; რაც იცვლება, ეს ამ პრინციპების ჩვენეული გაგება და განხორციელებაა. იმის თქმა, რომ მორალური კანონები თავისთავად იცვლება, მცდარია მრავალი მიზეზის გამო. ეს ერთმანეთში ურევს უცვლელ მორალურ ფასეულობებსა და ცვალებად მორალურ ქცევებს. ეს მორალისა და ნორმების ერთმანეთში აღრევაა. ეს აბსოლუტურ მორალურ ბრძანებას ურევს ამ ბრძანების ჩვენეულ აღქმაში. სიყვარულის ჩვენეული აღქმა იცვლებოდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, თუმცა თავად სიყვარული არ შეცვლილა. იმის მტკიცება, რომ მორალს შეუძლია შეიცვალოს, ერთმანეთში ურევს ფაქტებსა და ფასეულობებს. მიზეზი იმისა, რომ ჯადოქრებს ერთ დროს ხოცავდნენ, მაგრამ ახლა ამას აღარავინ აკეთებს, მორალურობის შეცვლა როდია, არამედ, სინამდვილეში, დამოკიდებულებაა ჯადოქრობისადმი. იმ მდგომარეობის გამო, რომ მორალური პრინციპები აირეკლავს ღვთის ბუნებას, არ შეიძლება მათი შეცვლა, რადგან ღმერთს არ შეუძლია, შეცვალოს თავისი ძირითადი მორალური ხასიათი (მალაქ. 3:6; ებრ. 6:18).
* ცხოველთა ქცევა არ არის ნორმატიული ადამიანისთვის − არსებობს რამდენიმე მოსაზრება ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობათა გამმართლებლად ცხოველთა ქცევის მოხმობის გზით. უმეტეს შემთხვევაში, ჰომოსექსუალისტური ქმედებანი მამლებს შორის შემთხვევითი და დროებითია და არა ჩვეულებრივი და ხანგრძლივი; ანუ ცხოველთა ქცევის მოხმობა ჰომოსექსუალისტური ცხოვრების წესის გასამართლებლად საფუძველსაა მოკლებული. ზოგიერთი ადამიანური ჰომოსექსუალისტური ქმედების განსჯა იმ გაუკუღმართებათა და დარღვევათა მეშვეობით, რომლებიც ცხოველებს შორის გვხვდება, ცუდი შედარებაა. ცხოველთა ქცევა არ არის ნორმატიული ადამიანისათვის. ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ცხოველების ქცევა მაგალითი უნდა იყოს ადამიანური ქცევისთვის, ცხოველები არ არიან რაციონალურად და მორალურად პასუხისმგებელი ქმნილებანი, ჩვენ კი ვართ. ისინი მოქმედებენ ინსტინქტებით, ადამიანები კი შექმნილნი არიან ღვთის ხატად და პასუხისმგებელნი არიან, იმოქმედონ ღვთის და არა ცხოველების მსგავსად.
არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ
ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო არგუმენტები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ბიბლიურად და სოციოლოგიურად.
ბიბლიური არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ:
მრავალი ბიბლიური არგუმენტი მეტყველებს ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ და ეს არგუმენტები გვხვდება ნაგულისხმევი სახითაც და ცხადადაც. ნაგულისხმევი არგუმენტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ღმერთმა ჰეტეროსექსუალური ქმედებები (და არა ჰომოსექსუალური) ქორწინების ფარგლებში დაადგინა.
* ღმერთმა დაადგინა ჰეტეროსექსუალიზმი და არა ჰომოსექსუალიზმი − ღმერთმა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობანი დაადგინა მაშინ, როცა შექმნა „მამაკაცი და დედაკაცი“ და უბრძანა მათ გამრავლება (დაბ. 1:27-28). სექსი დასაწყისიდანვე ოჯახის კონტექსტში იქნა მოცემული. ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას , მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ “ (დაბ. 2:24). პავლე კონკრეტულად ამბობს, რომ „ერთხორცობა“ გულისხმობს სექსუალურ შერწყმას (1-ლი კორ. 6:15-17). ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი აცხადებს, რომ „ყველას ცოლქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრ. 13:4). მართლაც, ათი მცნება აცხადებს: „არ იმრუშო“ და „არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი“ (გამოსვ. 20:14-17 ), ეს ადგილები ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთმა სექსი დაადგინა ორ სქესს − მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობის ფორმად, ჰეტეროსექსუალური ქორწინების ჩარჩოებში.
* სოდომი და გომორაც იყვნენ გაკიცხულნი − სოდომისა და გომორის ცოდვა ლეგენდარული იყო. დღესაც სიტყვა „სოდომის“ ზუსტი მნიშვნელობა არის ამ ქალაქისათვის დამახასიათებელი ცოდვის მაჩვენებელი. ზემოთ როგორც აღვნიშნეთ, მათი ცოდვა უბრალოდ ვნება და არასტუმართმოყვარეობა კი არ ყოფილა, არამედ ჰომოსექსუალიზმი. იმ ქალაქის კაცებმა უთხრეს ლოტს: „სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ“ (გვინდა სექსი გვქონდეს მათთან). ლოტის მცდელობა, ჩაეცხრო მათი სექსუალური მოთხოვნილება თავისი გასათხოვარი ქალიშვილებით, წარუმატებლად დამთავრდა და ღმერთმაც გაანადგურა ეს ქალაქები. იუდა ამატებს, რომ „როგორც სოდომი და გომორა და მათი მოსაზღვრე ქალაქები მეძაობდნენ და აედევნნენ უცხო ხორცს“, აქედან გამომდინარე, ბიბლია აცხადებს, რომ ისინი „საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილნი“ (იუდ. 7).
* მოსეს რჯული კიცხავდა ჰომოსექსუალიზმს − სოდომიაც და ზოოფილიაც გაკიცხულია ძველი აღთქმის რჯულში. ღმერთმა თქვა: „მე ვარ უფალი. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმინდურდე მისგან“ (ლევ. 18:21-23). ის ამატებს: „ეს სიბილწეა“ (მუხლი 23-ე). ჰომოსექსუალიზმი მხოლოდ ებრაელებისთვის არ ყოფილა ცოდვა, ზუსტად ეს იყო მიზეზი, რისთვისაც ღმერთმა დასაჯა ქანაანელები. მოსე აგრძელებს, „არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმინდურებულნი ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან. გაუწმინდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებას და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი“ (მუხლ. 24-25). რჯულში ასევე ვკითხულობთ: „ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი მოიკვეთებიან თავისი ხალხის წიაღიდან“ (მუხლ. 29-ე). მკაცრი შეფასება (სისაძაგლე, უწმინდურება, სიბილწე…) და სიკვდილით დასჯა მიანიშნებს, რომ ღმერთი ჰომოსექსუალისტურ ცოდვას სერიოზულად ეკიდება და ამის გამო მხოლოდ ებრაელებს კი არა, წარმართებსაც ატეხდა თავის რისხვას.
* ჰომოსექსუალური სატაძრო პროსტიტუციაც იგმობოდა − ჰომოსექსუალიზმი იგმობოდა აგრეთვე, როგორც ნაწილი სატაძრო საკულტო პროსტიტუციისა. მოსე წერდა: „არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის… რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისთვის.“ (რჯლ. 23:17-18). ჰომოსექსუალისტური ქმედებანი დაგმობილია არა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში დაკავშირებულია კერპთაყვანისმცემლობასთან, არამედ იმიტომ, რომ საქორწინო ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისგან გადახვევად გვევლინება და გაუკუღმართებულ სექსს წარმოადგენს.
* ჰომოსექსუალიზმი დაგმობილია მსაჯულებშიც − ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული და საშინელი ცოდვა ძველ აღთქმაში ჰომოსექსუალისტების მიერ იქნა გამოწვეული, როდესაც გიბელმა კაცმა შეიპატიჟა მოგზაური სახლში, „…ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია, უნდა შევიცნოთო (სექსი გვქონდესო მასთან)“ (მსაჯ. 19:22 ). სახლის პატრონი ცდილობდა შეეგონებინა ბრბოსთვის, რომ არ ჩაედინათ უზნეობა (მუხლ. 23-ე). შემდგომ მასპინძელმა მათ შესთავაზა თავისი გასათხოვარი ქალიშვილი და თავისი სტუმრის ხარჭა. მომხდურებმა შეიცნეს ხარჭა და მთელი ღამე აუპატიურებდნენ მას (მუხლ. 25-ე) და როცა, მეორე დილით, პატრონმა იპოვა იგი კარის ზღურბლთან დავარდნილი, დაჭრა 12 ნაწილად და ისრაელის 12 შტოს თითო ნაწილი გაუგზავნა. ყველამ, ვინც ეს ნახა, თქვა: „მსგავსი არაფერი ყოფილა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დროიდან მოყოლებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით“ (მუხლ. 30-ე). ძნელია, წარმოიდგინო ჰომოსექსუალისტების მიერ ჩადენილი, ამაზე დიდი სიბილწე, მაგრამ, რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო გაუპატიურება და მისი შედეგი, ლევიანმა კაცმა ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია თავისი ხარჭის ბრბოსთვის გადაცემა, ვიდრე ჰომოსექსუალიზმი (მუხლ. 24-ე).
* წინასწარმეტყველები კიცხავდნენ სოდომიას − ჰომოსექსუალისტური ქმედებანი მთელ ძველ აღთქმაში იგმობა. მეფეთა წინასწარმეტყველი და მწერალი (შესაძლოა, იერემია) ლაპარაკობს ჰომოსექსუალიზმის უკეთურებაზე. მან დაწერა: „როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან“ (მე-3 მეფ. 14:24). მოგვიანებით, ასამ განახორციელა რეფორმები და „გაყარა როსკიპები ქვეყნიდან“ (15:12). მსგავსადვე, იოშაფატმა „როსკიპ კაცთა ნატამალი, თავისი მამის, ასას დროიდან რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა პირისაგან მიწისა“ (1-ლი მეფ. 22: 47). როცა მეფე იოშიამ დაიწყო რეფორმების განხორციელება, მან აგრეთვე დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები (მე-4 მეფ. 23:7). წინასწარმეტყველი ეზეკიელი ლაპარაკობდა სოდომის გრძნობისმიერი ცოდვების საწინააღმდეგოდ. უწოდებდა მათ „სისაძაგლეებს“ (ეზეკ. 16:50). ეს იგივე სიტყვაა, რომელიც გამოიყენება ლევიანთა წიგნში (18:22-23) და რომელიც აღწერს ჰომოსექსუალურ ქმედებას.
* რომაელთა მიმართ წერილის 1-ლი თავი გმობს ჰომოსექსუალიზმს წარმართებში − ყველაზე ნათლად გამოკვეთილი ადგილი ჰომოსექსუალურ ქმედებებზე ბიბლიაში დაწერილია რომაელთა წერილის 1-ელ თავში. პავლე უწოდებს მას ისეთ ცოდვას, რომლისთვისაც „ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა“ (მუხლ. მე-18). ჰომოსექსუალიზმის ცოდვის აღწერა, ფაქტობრივად, ყოველთვის ჭარბობს წერილში. ის სახელდებულია, როგორც „უწმინდური გულისთქმა“, „შებილწვა“, „სიცრუე“, „ავხორცობა“, „სამარცხვინო ვნება“, „ცდუნება“, „ბუნების საწინააღმდეგო წესი“ და შედეგად ამ უკეთური ქმედებებისა, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად და ისინი „აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით და სიავით“ (მუხლ. 29-ე). წერილი ამბობს: „რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის“ (მუხ. 26-ე-27-ე). სიტყვები: „შეცვალეს“ და „მიატოვეს“, მიუთითებს, რომ ეს იყო მათი მხრიდან თავისუფალი არჩევანი იმისათვის, რათა ჩართულიყვნენ უკუღმართ ქმედებაში. ეს უარყოფს იმ მტკიცებას, რომ განსაზღვრული პიროვნებები იბადებიან ჰომოსექსუალისტებად და მათ არ შეუძლიათ ამის შეცვლა. ასევე საყურადღებოა, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობები „ბუნების საწინააღმდეგოა“ (მუხლ. 26-ე). ისინი უპირისპირდებიან იმ ბუნებრივ კანონს, რომელიც ღმერთმა მათ „გულებში დაწერა“ (რომ. 2:15). ამგვარად, ჰომოსექსუალისტების ცოდვა არა მხოლოდ ბიბლიური ეთიკის დარღვევაა, არამედ ეს არის ღვთის მიერ ყველა ადამიანისათვის დადგენილი ბუნებრივი, მორალური სტანდარტის დარღვევა, ვინაიდან „ისინი, ვინც რჯულის (მოსეს რჯულის) გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან… ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ“ (2:12-15).
* ჰომოსექსუალისტები არ არიან ღვთის სასუფეველში − კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის 6:9-ის მიხედვით: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი… ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. ცხადია, რომ აქ ყურადღება გამახვილებულია ურწმუნოებზე, ვინაიდან პავლემ უთხრა კორინთოელ მორწმუნეებს: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“ (მუხლ. მე-11). სხვა სიტყვებით, შეუძლებელია, რომელიმე მორწმუნე ეწეოდეს ასეთ ცხოვრებას. ცხადია, მორწმუნეები, შესაძლოა, ჩაცვივდნენ რაიმე ცოდვაში, მაგრამ ის, ვინც განაგრძობს ჰომოსექსუალისტურ ცხოვრებას, არ იწოდება მორწმუნედ.
* ტიმოთეს მიმართ პირველი წერილი გმობს ჰომოსექსუალიზმს − ამ წერილშიც არის ადგილი, რომელიც გმობს ჰომოსექსუალიზმს. პავლე ამბობს, რომ რჯული (კანონი) მოცემულია „…კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, კაცისმპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, რაც საღი მოძღვრების საწინააღმდეგოა“ (1-ლი ტიმ. 1:9-10). სიტყვა „მამათმავალი“ (სექსუალური გაუკუღმართება) ფართოდ გამოიყენება და სხვა სექსუალურ ცოდვებსაც აღნიშნავს, სიტყვა „მეძავისგან“ განსხვავებით. ის აღნიშნავს ჰომოსექსუალურ ქმედებებს.
* იუდა ჰომოსექსუალიზმს უცხო ხორცს უწოდებს − იუდა აცხადებს, რომ ღმერთმა გაასამართლა შემცოდე ანგელოზები, დაადო მათ საუკუნო ბორკილები და შეინახა განკითხვის დიადი დღისთვის, ის ასევე ამბობს: „როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს (გაუკუღმართებას), საუკუნო ცეცხლის დასჯის მაგალითებად არიან დადგენილნი“ (მუხ. მე-7). „ასევე დაემართებათ იმ მეოცნებეთაც, რომლებიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ“ (მუხლ. მე-8). ეს ადგილები მცირე ეჭვს თუ ტოვებს სოდომური ცოდვის სექსუალურ ბუნებაზე, ანდა მათ მიერ ჩადენილი ჰომოსექსუალური ქმედებებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე. ბიბლიის დასაწყისიდან მის დასასრულამდე სოდომის ცოდვა თანმიმდევრულად და მკაცრადაა დაგმობილი. უბრალოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღები „ალტერნატიული ცხოვრების სტილია“.
სხვა არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ
ბიბლიური არგუმენტების გარდა, არსებობს აგრეთვე მყარი მორალური და სოციალური მოსაზრებანი სექსუალურ გადახრათა მცდარი ბუნების შესახებ.
ჰომოსექსუალიზმი არაბუნებრივია ბიბლიურ მცნებათა გარეშეც. ბუნება თავისთავად გვიჩვენებს, რომ ჰომოსექსუალიზმი მცდარია. ეს პიროვნების სექსუალურობის ბუნებრივი ხასიათის საწინააღმდეგოა. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს, 2-4 %-ს აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებანი. არსებობს ყოფილ ჰომოსექსუალისტთა დამოწმებები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ცხოვრების ასეთ წესს ხელი მიჰყვეს საკუთრი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და მათ დატოვეს ჰეტეროსექსუალური კავშირები და ზოგიერთმა, ოჯახიც კი.
არცერთი საზოგადოება არ გამყარებულა ჰომოსექსუალისტური პრაქტიკით. საზოგადოება თავისი საწყისიდანვე დამოკიდებულია ჯანსაღ, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე. ცხადია, რომ არავინ დაბადებულა ჰომოსექსუალისტური კავშირების შედეგად. ჰეტეროსექსუალიზმი აბსოლუტურად არსებითია მემკვიდრეობითი ხაზის გასაგრძელებლად.
ჰომოსექსუალიზმი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. არავისთვისაა ახალი, რომ შიდსი, ძირითადად, ჰომოსექსუალისტური ურთიერთობების შედეგად ვრცელდება. ამ ვირუსის პირდაპირი და არაპირდაპირი გადაცემის შედეგად სნეულებამ ეპიდემიურ მასშტაბებს მიაღწია მთელ მსოფლიოში.
ზოგიერთი შეკამათება
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტები ჰომოფობიის საფუძველია. ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს წარმოქმნის არაბუნებრივ და უსაფუძვლო შიშს ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ეს ემოციებზე დაფუძნებული ისტერიაა. ამის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ემოციებზე დაფუძნებული გაკიცხვა, არამედ იგი ეყრდნობა წმინდა წერილსა და ფაქტებს. ჰომოსექსუალისტური ქცევის საწინააღმდეგოდ მიმართული არგუმენტების მიჩნევა ისევე არ შეიძლება ჰომოფობიისათვის ხელშეწყობად, როგორც ქურდობის საწინააღმდეგოდ მიმართულ არგუმენტებს ვერ მივიჩნევთ კლეპტოფობიის წახალისებად.
ეს ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს ჰომოსექსუალისტებისათვის. ამ არგუმენტთან დაკავშირებით არსებობს ორი ძირითადი შეცდომა. პირველი, ის არ ასხვავებს ჰომოსექსუალიზმსა და ჰომოსექსუალისტებს ერთმანეთისაგან. (ნასვამ მდგომარეობაში მართვის საწინააღმდეგო კანონები მაინცდამაინც მსმელთა დისკრიმინაციისათვის არ არის შემოღებული. პიროვნება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ალკოჰოლიზმს და არა ალკოჰოლიკებს, ჩვენ უნდა განვასხვაოთ პიროვნება პრაქტიკისაგან. მიუღებელია ჰომოსექსუალისტური ქცევა, რაც არ გულისხმობს, რომ მიუღებელნი არიან ჰომოსექსუალისტები, როგორც პიროვნებები). მეორე, ეს შეკამათება არასწორად ვარაუდობს, რომ ყველანაირი დისკრიმინაცია მცდარია. ეს დისკრიმინაციაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, დისკრიმინაცია კარგი ტერმინია, რადგან ყველა გონიერი ადამიანი ახდენს დისკრიმინაციას, ანუ განასხვავებს. სწორედ ამიტომაა, რომ შხამზე მითითებულია თავის ქალა, რაც საშიშროებაზე მიგვითითებს, ან სიგარეტის კოლოფზე არსებული წარწერა: „მოწევა კლავს!“ ჩვენ დისკრიმინაციას ვახდენთ ასევე სოციალურად საშიში ქცევის საწინააღმდეგოდ სასჯელითა და პატიმრობით. არ მოვახდინოთ დისკრიმინაცია (შეზღუდვა) სოციალურად არასასურველი ქცევის საწინააღმდეგოდ, ეს იგივეა, რომ არ მოვახდინოთ რეაგირება ძალადობაზე და განვაცხადოთ, რომ მოძალადის დაპატიმრებით ჩვენ ვავლენთ დისკრიმინაციას მის მიმართ.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებში არ არის საკმარისი ქრისტიანული სიყვარული ადამიანის მიმართ. ეს შეკამათება მიიჩნევს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ცოდვილი მაშინ, როდესაც გვძულს მისი ცოდვა. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ვერ შევძლებთ, გვიყვარდეს ლოთი და გვძულდეს ლოთობა. მსგავსადვე, ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ჰომოსექსუალისტები, მაგრამ გვძულდეს ჰომოსექსუალიზმი. ყველასთვის ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანი ვერ ახორციელებს თანმიმდევრულად ამ დამოკიდებულებათ. მრავალი ადამიანი უარს ამბობს საკუთარ შვილებზეც კი, როდესაც ისინი „ზღვარს სცილდებიან“. ეს ტრაგიკული შეცდომაა. ეს არც ქრისტიანული საქციელია და არც შველაა გზას აცდენილთათვის. ეს ეწინააღმდეგება ქრისტეს სულს, რომელიც მოვიდა მებაჟეთა და ცოდვილთა გადასარჩენად. არც არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უარყოფით დაიბრუნებს მათ; თუ ისინი რწმენის აღმსარებლები და ეკლესიის წევრები არიან და ამავდროულად ეწევიან ჰომოსექსუალურ ცხოვრებას, მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საეკლესიო დისციპლინა (1-ლი კორ. 5). მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული მათდამი, როგორც მეგობრებისა და ახლობლებისადმი, რათა დახმარება აღმოვუჩინოთ. მათი, როგორც პიროვნებათა, სრული უარყოფა უფრო მეტად უბიძგებს მათ ცოდვილ ქმედებათაკენ. სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ შორის, მსგავსი ცოდვის ჩამდენზეც და ხელს არ ჰკრავს მათ. ჰომოსექსუალისტებს, როგორც პიროვნებებს, თანადგომა სჭირდებათ და არა გაკიცხვა და უარყოფა.
შეჯამება და დასკვნა
ღმერთმა დაადგინა, რომ სექსი დასაშვებია მონოგამიურ, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობათა კონტექსტში. ჰომოსექსუალისტური პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანებისათვის ღვთისგან დადგენილ ნიმუშს. დამატებით, ბიბლია გამოკვეთილად და მყარად ლაპარაკობს ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობათა წინააღმდეგ. ძველი აღთქმა ამას მძიმე დანაშაულად მიიჩნევს, ხოლო ახალი აღთქმა მას განკვეთის საფუძვლად ადგენს. ბიბლიაში ჰომოსექსუალისტური პრაქტიკა სახელდებულია არაბუნებრივად, სიბილწედ, სისაძაგლედ, სამარცხვინოდ, უკუღმართად და სხვა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, უნდა გვიყვარდეს ცოდვილი, თუნდაც საძულველი იყოს მისი ცოდვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გამოვიჩინოთ სიყვარული მათდამი, რათა შევიძინოთ ისინი ქრისტესთვის, მისთვის, ვისაც უყვარს ისინი და ვინც თავი გაწირა მათთვის ჯვარზე.
ნორმან გეიზლერი – „ქრისტიანული ეთიკა“