რაკი ზნეობრივი სიჯანსაღე დიდ გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომაც წინამდებარე თავში მსურს ყურადღება გავამახვილო ზნეობრივ სიჯანსაღეზე. მიმაჩნია, რომ ზნეობრივი სიჯანსაღის წყაროს თავად ღმერთის მიერ მოცემული ობიექტური ზნეობრივი სტანდარტები უნდა წარმოადგენდეს. ასევე ღვთისაგან შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება და შესაძლებლობა ცხოვრების თავიდან დაწყებისა, რადგან ყველამ შევცოდეთ და დავივიწყეთ ღმერთის ზნეობრივი პრინციპების შესახებ. ამგვარად, ღმერთისადმი რწმენა აუცილებელია ზნეობრივი სიჯანსაღის შენარჩუნებისათვის შემდეგი ორი მიზეზის გამო:
- ღმერთია ობიექტური ზნეობრივი სტანდარტების წყარო.
- ღმერთია ცოდვათა მიტევებისა და შინაგანი სიმშვიდის წყარო მათთვის, ვინც დაარღვია ეს ზნეობრივი პრინციპები (მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და იურიდიული შედეგები შესაძლოა შენარჩუნდეს).
დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგების უმრავლესობა დაადასტურებს იმას, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების 70-90% შეძლებდა ამ სამკურნალო დაწესებულებიდან თავის დაღწევას შემდეგი ორი ნაბიჯის გადადგმისას:
- ცოდვების მიტევების მიღება.
- სხვათათვის ცოდვების მიტევება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მათ ძალიან სჭირდებათ ღმერთი და მისი მადლი.
ადამიანის სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე, ისევე, როგორც სიღრმისეულ ფილოსოფიურ შეკითხვებზე პასუხი მხოლოდ ღმერთის სიტყვაში შეიძლება მოიძებნოს. ადამიანი გამუდმებით პასუხების ძიებაშია: „ვინ ვარ მე?“ „საიდან მოვედი?“ „რას ვაკეთებ აქ?“ „აქვს კი ცხოვრებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა?“ „როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ ჩემი ცხოვრება უაზრო და უმიზნო არ იყოს?“ „არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“ ღმერთმა ჭეშმარიტად მარადიულობა ჩადო ჩვენს გულებში. როდესაც მრავალმა მიმდევარმა მიატოვა იესო, მან დანარჩენ თორმეტ მოწაფეს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს“ (იოან. 6:67-68). თუმცაღა, ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ღმერთის ჭეშმარიტება მეტისმეტად მკაცრია და ამიტომაც მიმართავენ სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობას, მათ შორის პოსტმოდერნიზმს.
პოსტმოდერნიზმი
პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს შეიძლება საწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ამავდროულად ორივენი მართლები იყვნენ: „თქვენ გაქვთ თქვენი ჭეშმარიტება, მე კი – ჩემი. ეს ნორმალურია. შეიძლება ორივენი მართლები ვართ.“ ეს მტკიცებულება ეწინააღმდეგება არაწინააღმდეგობრიობის კანონის ლოგიკას იმ შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ ფაქტებზე, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მოსაზრებებს ეხება, მას აქვს აზრი. მაგალითად, ვთქვათ ორი ადამიანი ხელოვნების ერთსა და იმავე ნიმუშს უყურებს და ერთი მათგანი წამოიძახებს: „რა დიდებულია!“ მეორე კი მხრებს აიჩეჩს და ამბობს: „ვფიქრობ, დიდი არაფერია.“ ამ შემთხვევაში ადამიანური „ჭეშმარიტების“ განმსაზღვრელ ფაქტორად მისი სუბიექტური მოსაზრება გვევლინება.
თანამედროვე კულტურის პირობებში, სადაც ყველასა და ყველაფრისადმი შემწყნარებლობა ერთადერთ ღირსებად იქცა, უზრდელობად ითვლება, თუ ვინმეს ეტყვით, რომ ცდება. თუმცაღა, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ზრდილობა, რამდენადაც ჭეშმარიტება, ვინაიდან ჭეშმარიტების საფუძველს გამოცლილი ზნეობის არსებობა უბრალოდ შეუძლებელია!
ერთხელ წავიკითხე ისტორია იმის შესახებ, რომ ღამით, ნისლის გამო გემი ხიდის ბურჯს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდის ნაწილი ჩაინგრა. თოთხმეტი ავტომანქანა ერთმანეთის მიყოლებით გადაცვივდა ხიდის ჩანგრეული კიდიდან, სანამ ეს იქვე მახლობლად ნავში მყოფმა მეთევზემ არ შეამჩნია. მან აირბინა ხიდზე და ფარნით ანიშნა სატვირთო მანქანის მძღოლს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თავისდა საბედნიეროდ, მძღოლმა გაითვალისწინა გაფრთხილება და მანქანა ჩანგრეული კიდიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გააჩერა. რა მოხდებოდა, სატვირთო მანქანის მძღოლს რომ ეთქვა, „შენ მიგაჩნია, რომ ხიდს რაღაც შეემთხვა. ეს შენი სიმართლეა. მე კი მჯერა, რომ ხიდი წესრიგშია. ეს ჩემი სიმართლეა.“ ასეთი შეხედულება მძღოლს დაღუპვამდე მიიყვანდა, რადგანაც მისი შეხედულება მცდარი გამოდგებოდა. რეალობა – ობიექტური ჭეშმარიტება – მდგომარეობდა იმაში, რომ ხიდი ჩანგრეული იყო.
ძირითადი მოსაზრება
მტკიცედ მწამს, რომ მორალური ჭეშმარიტების საფუძველი ღვთის სიტყვაა. ამგვარად, ის, ვინც უარყოფს ღმერთის ჭეშმარიტებას და მიმართავს ადამიანურ შეხედულებებს, საბოლოოდ, ეს მორალურ ქაოსსა და განადგურებამდე მიიყვანს მას. ამის გამო საჭიროდ ჩავთვალე, გაგიზიაროთ ქრისტიანული შეხედულება და გაგაფრთხილოთ, რომ ადამიანურ მოსაზრებათა გამო ღმერთის ჭეშმარიტების უარყოფა ზნეობრივ გადაგვარებამდე მიგიყვანთ. არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი, პორნოგრაფია, ძალადობა, ქურდობა, მკვლელობა, აბორტი ბოროტება? თუ ღვთის სიტყვის პრინციპებზე დაყრდნობით არ აფასებთ ამ მოვლენებს, მაშინ ყველაფერი, რაც გაქვთ, მხოლოდ თქვენი საკუთარი შეხედულებები იქნება.
ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ ჩვენს პოსტმოდერნისტულ, სწრაფად ცვალებად კულტურაში ადამიანები უგულებელყოფენ ჩვენი ზნეობრივი სიჯანსაღის ერთადერთ და ობიექტურ სტანდარტს – ღვთის სიტყვას. ღმერთის პასუხების არად ჩაგდებას შედეგად მოჰყვება უზნეობა, იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, დამღუპველი მიდრეკილებანი, განქორწინება, თვითმკვლელობანი, ჩხუბი, ეჭვიანობა, დაბნეულობა და ა. შ.
თუკი ბიბლია არ არის ზნეობის განმსაზღვრელი ერთადერთი და აბსოლუტური სტანდარტი, მაშ, ვის აქვს უფლება, განაცხადოს: „არა კლა?“ და გამოდის, რომ უდანაშაულო, დედის მუცელში მყოფ ნაყოფებს კანონიერად ხოცავენ აბორტის მეშვეობით და მათი კვლა მისაღები მოვლენა ხდება. ზნეობის ასეთი დაცემის პირობებში ვის შეუძლია თქვას, რომ ჰიტლერმა დანაშაული ჩაიდინა ებრაელების დახოცვით? ჰიტლერი მათ ადამიანთა მოდგმის ნარჩენებად და გერმანიის ეკონომიკური პრობლემების მიზეზად მიიჩნევდა. მაშასადამე, ებრაელების განადგურება, მისი აზრით, ღირსეული საქციელი იყო.
ჩვენი ერთ-ერთი სიმპოზიუმის დროს ფილოსოფიის პროფესორმა ქალმა დაიწყო მოხსენების კითხვა იმაზე ლაპარაკით, რომ ჭეშმარიტება ფარდობითი ცნებაა და რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. დასკვნის სახით, მან განაცხადა, რომ ყოველი საზოგადოება პასუხისმგებელია საკუთარი მორალური სტანდარტების დადგენაზე, რამეთუ უფრო დიდი ძალაუფლება არავის აქვს. მოხსენების განხილვისას მე ვკითხე მას, ნამდვილად იყო თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, რაკი მის განცხადებას ფრიად მტკიცე ხასიათი ჰქონდა. მისი დასკვნის შესამოწმებლად შევთავაზე ასეთი სცენარი: „1939 წელი. მოქმედების ადგილი გერმანია. მე ჰაინრიხ ჰიმლერი ვარ, ხოლო თქვენ – ებრაელი. თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ერთ მიზეზს მაინც თუ დამისახელებთ, რის გამოც საკონცენტრაციო ბანაკში არ უნდა გაგგზავნოთ?“ ამ შეკითხვაზე მან ნამდვილი პოლიტიკური პასუხი გამცა – სიტყვამრავალი, თუმცა რეალურად არაფრის მთქმელი.
ფაქტი ისაა, რომ მრწამსს დიდი ძალა აქვს. ის, ვინც ადამიანურ სიბრძნეს ყველაფერზე მაღლა აყენებს, უარყოფს ღვთიურ ჭეშმარიტებას და დასცინის ქრისტიანებს, როგორც მიამიტ ადამიანებს. თუმცაღა ბიბლია ამბობს, რომ ამქვეყნიური სიბრძნე სისულელეა ღმერთის თვალში. თქვენი ასარჩევია, ვის ერწმუნებით.
ჯვრის უგუნურება
სიბრძნე და უგუნურება დამოკიდებულია შეხედულებაზე. მოციქულმა პავლემ ძალაუფლებით სავსე სიტყვა წარმოთქვა არეოპაგში ქადაგებისას, თუმცა ათენში მცხოვრებ ფილოსოფოსთა უმრავლესობას ჯვრის შესახებ ქადაგება სრულ უგუნურებად მოეჩვენა. დიახ, ისინი მზად იყვნენ, მოესმინათ პავლესთვის (ჩვეულებისამებრ, ისინი ნებისმიერ ადამიანს უსმენდნენ), მაგრამ მათ არ მიიღეს სახარების ჭეშმარიტება. როცა პავლემ უთხრა მათ, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა რომაელთა მიერ და აღდგა მესამე დღეს, მხოლოდ რამდენიმემ ირწმუნა, ხოლო დანარჩენებმა დაცინვა დაუწყეს. მათ არ ისურვეს პავლეს სიტყვების შემოწმება, რადგან მან იქადაგა „ჯვრის უგუნურება.“ მიუხედავად ამისა, პავლეს პასუხი ამქვეყნიურ ამაო ფილოსოფიაზე არ ყოფილა დაფუძნებული, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯვრის სიბრძნესა და ძალას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა. გაიხსენეთ, რა მისწერა მან კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს:
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა? ვინაიდან რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით. რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ. ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას. ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს. რადგან უგუნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძნესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი.
სიტყვა „ფილოსოფია“ სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს. როცა კოლეჯში სწავლისას ფილოსოფიის ლექციებზე დავიწყე სიარული, გაცილებით მეტის გაგებას მოველოდი, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. ვიმედოვნებდი, რომ განმაცვიფრებდა დიდ ფილოსოფოსთა სიბრძნე, მაგრამ ნაცვლად ამისა, ადამიანთა სიბრძნე უბრალო ჩალის გროვად მომეჩვენა ღვთის სიტყვის ხორბლის მდიდარ მოსავალთან შედარებით.
ამაოებათა ამაოება!
მინდა, ბერძენ ფილოსოფოსთა დიდად ქებული „სიბრძნის“ რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. ჰერაკლიტე მიიჩნევდა, რომ სამყაროში ყველაფერი მუდმივი ცვლის პროცესში იმყოფება და უცვლელი მხოლოდ თავად ცვლილების კანონია. მისი მოწაფე კრატილიუსი კიდევ უფრო შორს წავიდა და გადაწყვიტა, რომ რაკი ყველაფერი მუდმივად ცვალებადია, ცვლილების კანონიც კი არ შეიძლება იყოს უცვლელი. ამგვარად, მან დაასკვნა, რომ რადგან ჩვენ მიერ გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობაც მუდმივად ცვალებადია, ამ შემთხვევაში საუბარსაც ყოველგვარი აზრი ეკარგება. იგი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ, როცა ვინმე ელაპარაკებოდა, მხოლოდ თითის შერხევით ანიშნებდა, რომ გაიგონა მისი ნათქვამი.
ფირო, პლატონის სკოლის წარმომადგენელი, ძვ. წ. III საუკუნის „დიდი“ ფილოსოფოსი, ისეთი სკეპტიკოსი გახლდათ, რომ გადაწყვიტა, ნებისმიერ სფეროში შეუძლებელი იყო ჭეშმარიტებისა და სიცრუის განსხვავება. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი განსჯისაგან. ცნობილია, რომ ერთხელ ფრიალო კლდის პირას სეირნობისას, მოწაფეებმა ხელი შეუშალეს მას, რომ კლდიდან არ გადავარდნილიყო.
სოლომონმა შესანიშნავად შეაფასა თითქმის ყველა ძირითადი ადამიანური იდეოლოგია: „ამაოებათა ამაოება, ყველაფერი ამაოებაა“ (იხილეთ ეკლესიასტეს წიგნი ძველ აღთქმაში მისი შეხედულების უკეთ გასაგებად). ადამიანური სიბრძნე ღვთიური გამოცხადების სინათლის გარეშე მართლაც ამაოებაა, რადგან იგი ვერასოდეს შეძლებს, პასუხი გასცეს იმ უმთავრეს ცხოვრებისეულ კითხვებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენს არსებობას: საიდან მოვედით, რა არის ჩვენი დანიშნულება დედამიწაზე და რა მოხდება სიკვდილის შემდეგ.
მორალური რელატივიზმი = მორალური ქაოსი
ჰუმანისტურმა ფილოსოფიამ მორალური რელატივიზმის ლაბირინთში შეგვიყვანა. აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ მორალური რელატივიზმი სინამდვილეში თავის თავს ეწინააღმდეგება? კ. ს. ლუისმა ერთხელ შენიშნა, რომ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დადგენილი ზნეობრივი კანონი ან აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაშინვე ხელს გტაცებთ, თუ საუზმეზე მის ფორთოხალს აიღებთ. ამერიკაში ზნეობრივი სურათი ისე ძალიან შეიცვალა და იმდენად ძნელად საცნობი გახდა, რომ ახალგაზრდა დასაქორწინებელ წყვილს, რომელმაც საკუთარი ჩვილი თავში აგურის ჩარტყმით მოკლა და სანაგვეზე გადააგდო, მხოლოდ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ჩიკაგოში კაცს კატების მკვლელობისათვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს ხომ საძაგლობაა! ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დამახინჯდეს ადამიანური ზნეობა, რომელიც ღმერთის სიტყვის პრინციპებზე არ იქნება დაფუძნებული.
ამ გადაწყვეტილებათა უკან მდგარი აზროვნების მსვლელობა აშკარად გვიჩვენებს გადანაცვლებას ქრისტიანული მორალიდან, რომელიც დიდად აფასებს ადამიანის სიცოცხლეს, რადგანაც ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი. ევოლუციონიზმზე დაფუძნებული ჰუმანისტური აზროვნების მიხედვით, ადამიანი მხოლოდ ცხოველია, რომელიც გადაშენების გზაზე მდგარ სახეობებს არ მიეკუთვნება; მაშასადამე, ადამიანის ჩვილის სიცოცხლე არაფრით არ აღემატება კატის, ვირთხის ან ვეშაპის სიცოცხლეს. ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ მაშინაა ფასეული, თუ ეს ადამიანი ვინმესთვის ძვირფასია. იმ ახალგაზრდა წყვილს არ უნდოდა შვილი და მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვის მოშორება მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ გადაწყვიტეს მაშინ, როცა აბორტის მეშვეობით ან თუნდაც მშობიარობისას ჩვილის მკვლელობა კანონით არ ისჯება. იმ კაცს კი, რომელმაც კატები დახოცა, მხოლოდ იმიტომ ჩაეთვალა ეს დანაშაულად, რომ კატები ვიღაცას სჭირდებოდა; ამგვარად, იგი გაცილებით უფრო მკაცრად იქნა განსჯილი, ვიდრე ის წყვილი, რომელმაც ასე მხეცურად მოკლა საკუთარი შვილი. ხვდებით, რომ ეს იგივე გაუკუღმართებული ფილოსოფიაა, რომელიც ჰიტლერმა გამოიყენა, რათა გაემართლებინა მისთვის არასასურველ ადამიანთა განადგურება?
ყურადღება მიაქციეთ ევოლუციური თეორიის ძალას, რადგან ჰიტლერი საკუთარ შეხედულებათა სისტემიდან გამომდინარე მოქმედებდა, ისევე, როგორც ის მოსამართლეები, რომლებმაც ასეთი დამახინჯებული განაჩენი გამოიტანეს!
ღვთიური სინათლის უარყოფა ზნეობის საკითხია!
ჭეშმარიტი ფილოსოფია მშვენიერია და პირდაპირ ყოვლისშემძლე ღმერთთან მივყავართ, თუმცა ჰუმანისტური ფილოსოფია მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობისა და ყოვლისშემძლე ღმერთის პიროვნების დადგენის ამაო მცდელობაა. ურწმუნოებაზე დამყარებული მოჩვენებითი ინტელექტუალიზმი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკანაც ნამდვილი ზნეობრივი საკითხები იმალება.
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. განკითხვა კი ის არის, რომ ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. ხოლო ჭეშმრიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.
ღმერთის სიბრძნე
(ჭეშმარიტ ფილოსოფიას უყვარს ღმერთი)
ფაქტობრივად, არ არსებობს ამქვეყნიური ფილოსოფიის ჰუმანისტური სისტემა, რომელიც სამართლიანად დაიმსახურებდა „ფილოსოფიის“ წოდებას, რადგან სიბრძნისადმი ნამდვილ სიყვარულს თავად სიბრძნის სათავესთან მივყავართ. ქრისტიანებმა უნდა მოიგერიონ როგორც „ეგრეთ წოდებული მოძღვრების“ (1-ლი ტიმ.6:20), ასევე ეგრეთ წოდებული ფილოსოფიის თავდასხმანი.
ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა. ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
დასკვნა
ვის სიბრძნეს აირჩევთ თქვენი და თქვენი ერის ზნეობრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად – ღვთის სიბრძნეს, რომელიც ობიექტურ მორალურ სტანდარტებზეა მტკიცედ დაფუძნებული, თუ ადამიანის სიბრძნეს, რომელიც გამუდმებით იცვლება კულტურის ცვალებადობასთან ერთად? რომელი შეხედულება უზრუნველყოფს ზნეობრივ სიჯანსაღეს – შეხედულება, რომელიც განადიდებს ღმერთს და რომელიც საღვთო წერილში გაცხადებულ მორალურ სტანდარტებს ეფუძნება თუ ადამიანურ შეხედულებას, რომელიც შეუჩერებლად მიექანება მორალური რელატივიზმის უფსკრულში?
დოსტოევსკი წერდა: „ღმერთი რომ არ არსებობდეს, ყველაფერი ნებადართული იქნებოდა.“ რაც უფრო მეტად უარყო ჩვენმა საზოგადოებამ ღვთიური სტანდარტები და შეისისხლხორცა ამქვეყნიური ჰუმანისტური იდეალები, მით უფრო შემწყნარებელნი გავხდით ბოროტების მიმართ.
1960-იანი წლების სექსუალური რევოლუცია შედეგი იყო ზნეობრივი სტანდარტების გადაგვარებისა, რომელსაც თან ახლდა განქორწინებათა და დანაშაულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა, ძალადობრივი და საშინლად გარყვნილი პორნოგრაფიის გავრცელება. ლოგიკური და ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ, რაც უფრო მეტი ოჯახი ინგრევა პორნოგრაფიისა და მრუშობის გამო, მით უფრო მეტია მარტოსული, გულნატკენი, გაბრაზებული ბავშვების რიცხვი, რომლებიც ჩვენი ქალაქების ქუჩებში დაეხეტებიან და ეძალებიან ნარკოტიკებს, უერთდებიან ქუჩებში მოთარეშე ბრბოებს, ხდებიან ჰომოსექსუალები და მეძავები. დოსტოევსკის მართალი უთქვამს!
ჩემს ბავშვობაში ჰომოსექსუალიზმს იშვიათად თუ ვინმე ახსენებდა, თუმცა გაგონილი მქონდა ჩვენს ქალაქში მცხოვრები ერთი უცნაური კაცის შესახებ, რომელსაც ქალივით ჩაცმა უყვარდა. დღეს კი „ჰომოსექსუალთა უფლებების“ დამცველი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს და ქორწინება ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის კანონიერი გახდეს, რათა მათ მოიპოვონ საზოგადოების კეთილგანწყობა და ფულადი შეღავათები. თუმცაღა, ღვთის სიტყვის თანახმად ქორწინება ნიშნავს ჭეშმარიტ ერთობას ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის მთელი მათი სიცოცხლის განმავლობაში. წმინდა წერილის თანახმად ქორწინების მიზანი და დანიშნულება მდგომარეობს ჯანსაღი და კანონიერი სექსუალური ურთიერთობის მქონე მტკიცე კავშირის შექმნაში, შვილების გაჩენასა და მათ ღვთისმოსავ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად აღზრდაში. ბავშვებს, რომლებიც სტაბილურ ოჯახებში იზრდებიან ორივე მშობლის მიერ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საზოგადოების ჯანსაღი, ბედნიერი და ნაყოფიერი წევრები. ქორწინება თავის დანიშნულებას დაკარგავს სექსუალური კავშირის დაკანონებით ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის, რასაც ვითომდა „ქორწინება“ ეწოდება.
მერსედესის ემბლემა შეიძლება ზაპოროჟეცს მივაკრათ და მერსედესი ვუწოდოთ, მაგრამ ვერც სახელი და ვერც ემბლემა სინამდვილეს ვერ შეცვლის. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის ამორალური კავშირისათვის „ქორწინების“ სახელის დარქმევა არ ცვლის ამ კავშირის გარყვნილ და გადაგვარებულ არსს. ღვთის სიტყვა მამათმავლობას საძაგლობას უწოდებს (იხ. ლევ. 18:22 და რომ. 1:18-32). განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 26-ე-27-ე მუხლებს). ჩვენ მართლაც ასეთ გარყვნილებათა მოწმენი ვხდებით „ჰომოსექსუალთა უფლებების“ დასაცავად გამართული მსვლელობებისას, როცა ჰომოსექსუალები, რომლებიც „საკუთარ სირცხვილში ზეიმობენ“, ქუჩებში დედიშობილა დადიან და გულისამრევ საქმეებს სჩადიან ყველას თვალწინ. თუმცა იესო ცოდვილთათვის მოკვდა და ხელებგაშლილი ელოდება მასთან მონანიებით მისულთ.
ყველა მორალურ სტანდარტს საფუძველი უნდა ჰქონდეს. რომელ საფუძველზე გსურთ აშენოთ – ღმერთის სიბრძნეზე თუ ადამიანის სიბრძნეზე?
ღმერთის მიერ მიცემული კანონების გამეორების შემდეგ მოსემ თავის ხალხს შეახსენა:
მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენ წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე…
ავტორი: რიკ დეიტონი