ყოველი ადამიანი მიდრეკილია თვითშეცოდებისკენ. ვიბადებით საკუთარ თავზე ორიენტირებულები და გვაქვს ძლიერი სურვილი, დავიცვათ საკუთარი ეგო და „უფლებები“. როდესაც გვეჩვენება, რომ ცხოვრება მოგვექცა არა ისე, როგორც ამას ვიმსახურებდით, ეს გადაიზრდება თვითშეცოდებაში. მის გამო წყვდიადში ვიძირებით და მთელ ყურადღებას მივმართავთ ჩვენს ტკივილზე ‒ ნამდვილზე ან წარმოსახვითზე. თვითშეცოდების ფესვი იმალება იმაში, რომ არ ვეთანხმებით ღმერთს და ვფიქრობთ, რომ ღმერთი და ცხოვრება ჩვენ მიმართ უსამართლონი არიან.
მთავარი მინიშნება იმისა, რომ თვითშეცოდება ღმერთისგან არ არის, გახლავთ თავად სიტყვის წინსართი „თვით“. ყოველთვის, როდესაც ყურადღებას მივმართავთ საკუთარ თავებზე, გარდა მონანიების შემთხვევისა (1-ლი კორ. 11:28; მე-2 კორ. 13:5), ჩვენ ვაბიჯებთ ხორცის ტერიტორიაზე, რომელიც მუდამ მტრობაშია სულთან (რომ. 8:7). როდესაც ვინანიებთ და საკუთარ ცხოვრებას ქრისტეს მივანდობთ, ჩვენს ძველ ბუნებას ჯვარზე ვაკრავთ მასთან ერთად (გალ. 2:20; რომ. 6:6). ჩვენი ცხოვრების ეგოისტურმა ცოდვილმა ნაწილმა აღარ უნდა იმძლავროს. როდესაც ჩვენი ეგოიზმი მძლავრობს, ღმერთს ვტოვებთ საკუთარი ცხოვრების მიღმა. ფაქტობრივად, ჩვენ ვხდებით ღმერთები. კლაივ ლუისმა თქვა ამის შესახებ: „იმ მომენტში, როდესაც თქვენში მჟღავნდება თქვენი „მე“, ჩნდება იმის ალბათობა, რომ მოისურვებთ მის პირველ ადგილზე დასმას; მოისურვებთ, რომ თქვენ გახდეთ ცენტრი, ნაცვლად ღმერთის პირველობისა. სწორედ ამაში მდგომარეობდა სატანის ცოდვა და ამ ცოდვით დაასნეულა მთელი მოდგმა კაცობრიობისა.“
ცოდვები „თვით“ კატეგორიიდან მარტივად არ ნებდებიან. მათი აღმოჩენაც უფრო რთულია, ვიდრე ისეთი აშკარა ცოდვების აღმოჩენა, როგორებიცაა სიძვა, უწმინდურება, შური, ლოთობა და სხვა (გალ. 5:19,20), იმიტომ, რომ მათ ხშირად მეგობრებად მივიჩნევთ. თვითდაჯერებულობა, თვითინტერესი, თვითკმაყოფილება და ა. შ. ეს ყველაფერი ნიშანია ხორციელი ბუნების, რომელიც ჯერ კიდევ არ დამორჩილებია ქრისტეს. სწორედ ამ კატეგორიის ცოდვამ დაღუპა სამსონი (მსაჯ. 16:20) და აიძულა მდიდარი ყმაწვილი, გაბრუნებულიყო ქრისტესგან (მათე 19:21,22). ცოდვები კატეგორიიდან „თვით“, „თვითშეცოდების“ ჩათვლით, მოწმობენ იმაზე, რომ, რასაც არ უნდა ვამბობდეთ ჩვენი ბაგეებით, ყველაზე დიდებულ თაყვანისცემას ჩვენი თავებისადმი ვინახავთ (ესაია 29:13; მათე 15:8).
თვითშეცოდების ნათელი მაგალითი შეგვიძლია დავინახოთ ბოროტი მეფე ახაბის ცხოვრების აღწერაში. მან მოისურვა, ნაბოთის ვენახს დაჰპატრონებოდა, თუმცა ნაბოთმა უარი განაცხადა ვენახის გაყიდვაზე. ახაბი სახლში „დაღვრემილი და შეწუხებული“ დაბრუნდა… „ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.“ (მე-3 მეფ. 21:4). უბრალოდ წარმოიდგინეთ, მეფე გაბუტული იყო თავისივე სასახლეში! ის იმდენად იყო საკუთარ თავზე ჩაციკლული, რომ მხოლოდ მაშინ გამხნევდა, როდესაც მისი ბოროტი ცოლი იეზებელი შეუდგა ნაბოთის მკვლელობის გეგმის შესრულებას (მე-3 მეფ. 21:15,16). თვითშეცოდებას არანაირ სიკეთემდე არ მივყავართ.
მაშინ, როდესაც თვითშეცოდებაში ვიძირებით, საკუთარი თავის მნიშვნელობას ვამაღლებთ ჩვენს თვალში. რომაელთა 12:3-ში წერია: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ.“ ჩვენ ზედმეტად დიდი შეხედულების ვართ საკუთარ თავებზე მაშინ, როდესაც ცხოვრებისეულ ტრაგედიებსა და უსამართლობას ნებას ვაძლევთ, განსაზღვროს ჩვენი ემოციური მდგომარეობა. ნაღველს სწრაფად შეუძლია, გადაფაროს სულის ნაყოფები (გალ. 5:22), რომლებითაც სავსე უნდა იყოს ყოველი მორწმუნის ცხოვრება. 1-ლი თესალონიკელთა 5:18-19-ში დაწერილია, რომ არ უნდა „ჩავაქროთ სული“, არამედ პირიქით, ყველაფერში მადლიერნი უნდა ვიყოთ. შეუძლებელია მადლიერნი ვიყოთ, თუკი ისევ თვითშეცოდებაში დავრჩებით, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულებს არ შეგვიძლია სხვებისადმი მადლიერება. თვითშეცოდებას არ შეუძლია, მადლიერი იყოს იმის გამო, რაც ღმერთმა დაუშვა, რომ მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში.
მარტივი არაა, უარი ვთქვათ თვითშეცოდებისკენ სწრაფვაზე. ცხოვრება საკმაო შესაძლებლობებს გვაძლევს, ვიგემოთ ადამიანთა უარყოფა, უსამართლობა, სისასტიკე. ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა თავდაცვა, რომელსაც ხშირად თვითშეცოდებისკენ მივყავართ. თუმცა შეგვიძლია, ავირჩიოთ: „მოვიქცეთ სულიერად და აღარ აღვასრულებთ ხორცის გულისთქმებს.“ (გალ. 5:16). ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ‒ არ ჩავიძიროთ ჩვენს ცოდვილ ბუნებაში, არამედ ავირჩიოთ ‒ გვქონდეს მადლიერი გული და ვენდობოდეთ ღმერთს, რომელიც „ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებისამებრ.“ (ფილ. 2:13). ყოველი სიტუაცია, რომლითაც შესაძლებელია თვითშეცოდებაში ჩაფლობა, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ დავძლიოთ ძველი, ცოდვილი ბუნება. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, გვჯეროდეს, „რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევათ.“ რომ. 8:28).