ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ცხოვრება კერპების სამყაროში

by თამუნა ბაღდავაძე 21 დეკემბერი, 2020
21 დეკემბერი, 2020 274 ნახვა

სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: ‘შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?’ ყველა ათენელს, ისევე, როგორც სტუმრად მყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.

საქმე მოციქულთა 17:16-21

ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ქალაქში გამოკითხვას თუ ჩაატარებთ, მოსახლეობის უმეტესობა იტყვის, რომ სურთ, სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, ყველას ესმის, რომ სულიერი ცხოვრება აუცილებელია. ჩვეულებრივ, როდესაც ვეკითხები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, ისინი პასუხს იწყებენ ფრაზით: „მე მსურს…“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ისინი თავიანთ თავებზე ზრუნავენ. მე მსურს შინაგანი მშვიდობა; მსურს, მქონდეს ცხოვრების აზრი; მინდა, მქონდეს შინაგანი ძალები, რათა შევძლო ჩემი მიზნების მიღწევა… მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქრისტიანობა არანაირად არ ჯდება ამ ჩარჩოებში. ერთი მხრივ, ქრისტიანობა მართლაც აღორძინებს ადამიანის შინაგან სამყაროს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ცვლილებები ცვლის შეხედულებას იმაზე, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.

აი, მაგალითიც. ადამიანები, როგორც წესი, ასე ფიქრობენ რელიგიაზე: წარმოიდგინეთ ოთახი, რომელშიც მიმდინარეობს წვეულება. იქ იმყოფება 20 ადამიანი და თქვენ ურთიერთობა უნდა იქონიოთ მათთან, მაგრამ საერთოდ არ გაქვთ ამის არც ენერგია და არც სურვილი. ამ ეტაპზე ძალიან დაღლილი ხართ იმისათვის, რომ გამოამჟღავნოთ სიყვარული. არ იცით, რა ქნათ და ამ დროს ჩნდება ღმერთი. ის გეხებათ თქვენ და ახლა სავსე ხართ ენერგიით და სიხარულით. ახლა უკვე შეგიძლიათ, ურთიერთობა იქონიოთ ამ ადამიანებთან და გააკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც მიღებულია. მაგრამ ქრისტიანობა სხვაგვარად უყურებს იმას, თუ როგორ გეხებათ ღმერთი. ქრისტიანობაა, როდესაც წვეულებაზე ხართ და იქ ბევრი ადამიანია, თქვენ კი არ გაქვთ ოდნავი ძალაც კი, რომ მიაქციოთ მათ ყურადღება, მაგრამ ღმერთი გეხებათ და ახლა უკვე ხედავთ, რომ 20 ადამიანის ნაცვლად, ოთახში, სინამდვილეში, 80 ადამიანია! 20 ადამიანის გარდა, რომელთაც ამჩნევდით, დანარჩენი 60 სრულიად შეუმჩნეველი იყო თქვენთვის.

ანუ სხვაობა ღმერთის ნამდვილად შეხებასა და არშეხებას შორის, სხვაობა ქრისტიანობასა და რელიგიას შორის ის გახლავთ, რომ როდესაც ღმერთი მოდის თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერს სხვა თვალით უწყებთ ყურებას! თქვენ გარშემო ყველაფრის დანახვას სხვაგვარად იწყებთ: თქვენი ძველი ინტერესების, ადამიანების, სამსახურის, მეზობლების, მთავრობის, საკუთარი თავის… ყველაფერი იცვლება. და სხვაობა იმ ორ ადამიანს შორის, რომელთგანაც ერთი შეხვდა ღმერთს, ხოლო მეორე – არა, შინაგან ძალებში კი არ არის, არამედ მსოფლმხედველობაში, საღ აზროვნებაში, ჯანსაღ გონებაში! მაგალითად, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ შეხებია, და უყურებთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი შეეხო და სიხარულით აღსავსეა. თქვენ მხოლოდ 20 ადამიანს ხედავთ 80-დან. ის ადამიანი კი ბედნიერია იმიტომ, რომ ის ხედავს და ესმის რაღაც ისეთი, რისი დანახვა და გაგონებაც თქვენ არ შეგიძლიათ.

ქრისტიანობა არა მხოლოდ შინაგანად გცვლით, არამედ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას ყველაფერ არსებულისადმი! თუკი თქვენ უკვე ქრისტიანი ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ მიაღწიოთ ასეთ ცვლილებებს, ვეცდები, მოგცეთ რამდენიმე რჩევა.

რას ნიშნავს ის, რომ როდესაც ქრისტიანი ვხდები, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება? თანამედროვე სამყარო ფიქრობს, რომ ქრისტიანობა ძალიან პირადულია. თავად ქრისტიანები კი ფიქრობენ, რომ ღმერთი ეხება სულის ყველაზე დიდ სიღრმეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არის ეს მხოლოდ პირადული საქმე, რადგან ირგვლივ ყველაფერი იცვლება.

როგორც წესი, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელთაც არ სწამთ ქრისტიანობის, უბრალოდ არასწორად წარმოუდგენიათ, თუ რა არის ეს სინამდვილეში. ისინი, ვინც ამბობენ, რომ იყვნენ ქრისტიანები და დარჩნენ გულგრილნი, წარმოდგენაც კი არ აქვთ სინამდვილეში, თუ კონკრეტულად რისადმი არიან გულგრილნი! და ამაში არის გარკვეული საშიშროება. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანებს ესუბრებიან ქრისტიანობაზე, ისინი აზროვნებენ საკუთარი, უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით. მაგრამ იმისათვის, რომ გაიგოთ ქრისტიანობის არსი, სამყაროს გაგების ახალი მსოფლმხედველობა უნდა შექმნათ.

მოდით, შევხედოთ ახალი აღთქმიდან მოყვანილ ნაწყვეტს და იმას, თუ როგორ რეაგირებს პავლე შექმნილ სიტუაციაზე. უფრო კონკრეტულად კი შევეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს: სად წავიდა პავლე? როგორ გრძნობდა ის თავს? რას ხედავდა? რა გააკეთა?

პირველ მუხლებში ვკითხულობთ, რომ ის წავიდა არა მხოლოდ იუდეველებთან, ან არა უბრალოდ იმ ადგილას, სადაც ღმერთს სცემდნენ თაყვანს, არამედ მოედანზე. აგორას მოედანი ათენში, იყო ადგილი, სადაც მდებარეობდა ცენტრალური ბაზარი. საჭიროა, გავიხსენოთ ისტორია. ქალაქი ათენი იმ დროს ფილოსოფიისა და ხელოვნების დედაქალაქს წარმოადგენდა. ათენის შუაგულში კი აგორას მოედანი მდებარეობდა. ისტორიკოსები ასე აღწერენ მას: ამ მოედანზე იყო სხვადასხვა ღმერთის ტაძრები, კარვები, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა ხალხს: იურიდიულს, საგანმანათლებლოს თუ სხვას. იქ ასევე განთავსებული იყო საკონცერტო სცენები, მაღაზიები, თეატრები და გალერეები. მოედანზე ნებისმიერ ადამიანს შეხვდებოდით. ვინაიდან იმ დროს არ არსებობდა თანამედროვე ტექნოლოგიები, ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იქ იყო თავმოყრილი. გჭირდებოდა მოსამართლე თუ ადვოკატი, მხატვარი თუ გადამცვლელი, ვაჭარი, თუ უბრალოდ შიკრიკისგან ახალი ამბების მოსმენა – ყველა ამ ცენტრალურ მოედანზე იყრიდა თავს. იმ დროს არ იყო შესაძლებლობა სხვაგვარად ურთიერთობისა. იქ იყვნენ ასევე სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების წარმომადგენლები და თუ ვინმეს სურდა, კონკრეტული შეხედულება ჩამოჰყალიბებოდა რაიმე საკითხზე, მას არ შეეძლო ჟურნალის ყიდვა თავისთვის საინტერესო თემაზე, მას მონაწილეობა უნდა მიეღო სხვებთან დებატებში. არ იყო არც საქმოსანთა ბირჟები, არც კომპიუტერები, არც ინტერნეტი, ყველაფერი კეთდებოდა უშუალოდ, პირისპირ შეხვედრისას. და ეს ყოველივე ხდებოდა მოედანზე. არაფერი მსგავსი ახლა აღარ ხდება. ასეთი მოედნები იმ დროს, შესაძლოა, სულ სამი იყო რომის იმპერიაში: რომში, ათენსა და ალექსანდრიაში. და ეს ადგილები ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენდა მთელი ბერძნულ-რომაული სამყაროს საზოგადოებაზე. რწმენით აღჭურვილი პავლე სწორედ ამ მოედანზე მიდის საქადაგებლად.

იმ ფაქტს, რომ პავლე სწორედ იქ წავიდა, შესაძლოა, არ ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რელიგია მხოლოდ პირადული საკითხია; რომ ის საკუთარი სიხარულისთვისაა, შინაგანი სიმშვიდისთვის და მასზე საჯაროდ არ საუბრობენ მოედნებზე. ბიბლიაში კი ყველაფერი პირიქითაა. იგავების წიგნის პირველივე თავში არის მუხლები, რომლებიც პავლეს უნდა სცოდნოდა. ღმერთი არ ამბობს: „ჩემი სიბრძნე პირადად შენთვისაა, შენი სიმშვიდისთვის“, რა თქმა უნდა, ასე არ ამბობს! ბიბლიაში დაწერილია: „სიბრძნე ქუჩაში გასძახის, მოედნებზე იმაღლებს ხმას. ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს, კარიბჭესთან, ქალაქში ამბობს თავის სათქმელს.“ (იგავების 1:20).

თანამედროვე ქრისტიანებიც ხშირად იმ წარმართებივით იქცევიან. წარმართობაში თითოეულს სწამს თავისი ტერიტორიული ღმერთის და კონკრეტული საქმიანობის მფარველი ღმერთის, როგორც მაგალითად, ათენის ღმერთი, ეფესოს ღმერთი, ვაჭრობის ან თევზაობის ღმერთი და ა. შ. თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავს და სწორედ ამიტომ მეთევზე თევზაობის ღმერთის წინაშე ლოცულობს და არასოდეს უქადაგებს თავის ღმერთს ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობით არიან დაკავებულნი. ასევე ისინიც, ვინც ათენის ღმერთს სცემენ თაყვანს, არ ეთაყვანებიან ეფესოს ღმერთს. მაგრამ თუკი არსებობს ღმერთი, რომელიც არის შემოქმედი ყველაფრისა, რაც არსებობს, მაშინ ის უნდა იყოს ბატონი და უფალი ყოველივე არსებულისა – თევზაობისაც, ვაჭრობისაც, ქალაქებისაც. ეს ჯანსაღი მსჯელობაა.

შუაგულ მოედანზე, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა იდეისა და აზრის მქონე ადამიანები, სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, პავლე ქადაგებდა ყოველდღე. ალბათ, ქადაგებას იწყებდა ფრაზით: „ძვირფასო, მყიდველებო!“ და აგრძელებდა საუბარს რწმენის შესახებ; აიძულებდა ადამიანებს, დაფიქრებულიყვნენ მარადისობაზე, რადგან ეუბნებოდა: ყველაფერი ამქვეყნიური წარმავალია, ჩვენ კი იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რაც მარადიულია.

რწმენა უნდა მოიცავდეს თქვენი ცხოვრების ყოველ სფეროს – თქვენს სამსახურს, თქვენს თავისუფალ დროს, იმას, თუ როგორ ექცევით ირგვლივ მყოფთ.

შეიძლება ვინმე შემეპასუხოს და თქვას, რომ პავლე მქადაგებელი იყო. ის გადიოდა მოედანზე და ქადაგებდა. როგორ შეიძლება ეს მე მეხებოდეს, მე ხომ მქადაგებელი არ ვარ? შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ კარგი პრინციპის აღება შეგვიძლია ამ ისტორიიდან. მე-4 მეფეთა წიგნის მე-5 თავი აღწერს სირიელი მხედართმთავრის, ნაყამანის შესანიშნავ ისტორიას. ნაყამანი წარმართი იყო და კეთრით იყო დაავადებული. ის ისრაელში წავიდა და ელისე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიიღო განკურნება. ნაყამანმა განაცხადა: „აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი.“ რას გააკეთებს ის ამიერიდან, როდესაც სულიერი და ფიზიკური განკურნება მიიღო? მოგვიანებით გიპასუხებთ ამ კითხვაზე, მაგრამ აი, რა არის აქ საინტერესო: ორი რამ, რაც ნაყამანს არ გაუკეთებია. ის არ ეუბნება ელისეს: „ნება მომეცი, დავრჩე აქ, რადგან იქ, საიდანაც მე ვარ, მხოლოდ წარმართები და კერპთაყვანისმცემლები ცხოვრობენ.“ ამის ნაცვლად ის ჰყვება, რომ მისი, როგორც მხედართმთავრის მოვალეობებში შედის კვირაში ერთხელ რიმონის კერპის ტაძარში მეფესთან ერთად მისვლა და მასთან ერთად ამ კერპის თაყვანისცემა. მაგრამ ნაყამანი არ ამბობს, რომ ამას აღარ გააკეთებს და სჯობს, იქ დარჩეს, მორწმუნეებთან ერთად. არა! ის არც იმას ფიქრობს, რომ შეძლებს, თავისთვის შეინახოს უფლის რწმენაზე თავისი მოქცევის ამბავი და ისე გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდა. ამრიგად, ის არც იგნორირებას უწევს თავის კულტურას და არც საბოტაჟს უწყობს მას. ის არ გარბის თავისი გარემოცვიდან და არც რამის დამალვას არ აპირებს მისგან. ის, რისი გაკეთებაც ნაყამანმა გადაწყვიტა, აოცებს მორწმუნეებსაც და ურწმუნოებსაც.

და თქვა ნაყამანმა: ‘თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მსახურმა. ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანის საცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.’

IV მეფეთა 5:17-18

აქ ის ფაქტობრივად ამბობს, რომ გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას, მაგრამ როდესაც ის ტაძარში შევა, მასთან იქნება ისრაელის მიწა, რომელსაც მსახურები იატაკზე მიმოფანტავენ და როდესაც მუხლებზე დაიჩოქებს, ყველა დაინახავს, რომ ის ისრაელის ღმერთს სცემს თაყვანს.

მიწა ამ შემთხვევაში არის სიმბოლო, რომელიც რწმენაზე მეტყველებს. ნაყამანი ამით ყველას უჩვენებს ირგვლივ, თუ რისი სწამს კონკრეტულად. მან იცის, რომ აუცილებლად დაუსვამენ კითხვებს და მზად არის, უპასუხოს მათ. ის ფაქტობრივად ამბობს, რომ აღარ იცხოვრებს ისე, როგორც ადრე, მაგრამ ყველაფრით, რასაც გააკეთებს, დიდებას მოუტანს ღმერთს. იგი – სირიის მხედართმთავარი – არ გაურბის თავის მოვალეობებს და არ იმალება! ის ავლენს თავის რწმენას ცხოვრების სოციალურ სფეროში, შეიძლება ითქვას, მოედანზე.

ეს გახლავთ ჩემი პირველი რჩევა. ვერავინ გეტყვით, როგორ გამოიტანოთ თქვენი რწმენა გულიდან, შინაგანი სამყაროდან გარეთ თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში. პავლე ამას თავისებურად აკეთებდა, ნაყამანი – თავისებურად. თქვენ თქვენი სიტუაცია გაქვთ და ამას თქვენებურად გააკეთებთ, მაგრამ კარგად დაფიქრება და გადაწყვეტილების პოვნა გმართებთ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

ხშირად ადამიანები ამბობენ: „თქვენ, ქრისტიანები, ცხოვრობთ წიგნის მიხედვით. სად გაქვთ პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც თქვენ ნაცვლად იქნება დაწერილი თქვენთვის?“ ჩემ მაგივრად დაწერილი პასუხები? ბიბლია არანაირ ერთმნიშვნელოვან პასუხებს არ იძლევა. პირიქით, ბიბლია დავალებებს გაძლევთ! და თუ ამას ხედავთ, გესმით, რომ როგორც კი ჭეშმარიტება გაგიცხადდებათ, დიდხანს მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოიყენოთ ეს ჭეშმარიტება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში!

როდესაც ბიბლიას ვშლით იმისთვის, რომ ვიპოვოთ პასუხები კონკრეტულ ცხოვრებისეულ საკითხებზე, მაგალითად, თუ ვისზე ვიქორწინოთ, რა ვაკეთოთ ცხოვრებაში, რომელი სამსახური დავიწყოთ და როდის… ბიბლია არ გვაძლევს პირდაპირ პასუხებს, მაგრამ გვეუბნება იმას, თუ როგორ გავხდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ღვთის ნების გაგება და შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ღმერთის ნების შესაბამისი იქნება.

ჩვენ ეს არ მოგვწონს, რადგან გვინდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, თუ როგორ დავდგეთ სიკვდილის პირისპირ, როგორ გადავიტანოთ ტანჯვა… ბიბლია კი პასუხად გვეუბნება: „აი, როგორები უნდა გახდეთ, აი, როგორი გულები უნდა გქონდეთ, რომ შეძლოთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა.“ ჩვენ ვამბობთ: „მე მჭირდება ამაზე პასუხის ცოდნა, ხასიათისა და გულის შეცვლა კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს.“ შესაძლოა, თქვენ არ ხართ მზად, უპასუხოთ ამ კითხვებს ახლა, მაგრამ თუ ახლა არ დაიწყებთ, ვერც ვერასოდეს შეძლებთ მზადყოფნას.

დასაწყისისთვის დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გრძნობდა პავლე თავს? მისი სული აღშფოთდა.

ერთ-ერთმა განმმარტებელმა ამ მუხლის შესახებ დაწერა: „მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ისე საუბარი, როგორც პავლე საუბრობდა, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რასაც პავლე ხედავდა; ვერ ვგრძნობთ იმას, რასაც ის გრძნობდა.“ საერთოდ რა საჭიროა ყურადღების გამახვილება გრძნობებზე? პირველი პრინციპი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ისაა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ იგივე შეგრძნებები, რაც პავლეს ჰქონდა, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ ადგილას, როგორიცაა „ცენტრალური მოედანი“.

პავლე ერთდროულად განიცდიდა სიყვარულსაც ამ ხალხის მიმართ და აღშფოთებასაც კერპებით სავსე ქალაქის ხილვით. სიყვარულის გამოვლინებას იმაში ვხედავთ, რომ ის მათთან ერთად ბჭობდა და საუბრობდა. ის არ დადიოდა და არ ადანაშაულებდა მათ უსასრულოდ და აგრესიულად. მომდევნო თავში ჩანს, რომ პავლე ყოველთვის თავაზიანად და ზრდილობიანად საუბრობდა.

თუ თქვენ არ აღშფოთებულხართ ისე, როგორც პავლე, ვერ გაბედავთ იმის გაკეთებას, რაც მან გააკეთა. მაგრამ თუკი მხოლოდ აღშფოთდებოდით, მაშინ ვერ გამოავლენდით თავაზიანობას.

იოანეს სახარების მე-11 თავში იესო მიდის მარიამთან და მართასთან, რომელთაც ახლად გარდასცვლოდათ ძმა. როდესაც იესო მიუახლოვდა მარიამს და უთხრა, რომ ლაზარე არ მოკვდებოდა, იესო რომ იქ ყოფილიყო, იესო ატირდა. ხოლო როდესაც მართა მოვიდა და იგივე რამ უთხრა, იესომ უპასუხა: „მე ვარ სიცოცხლე“. პირველ შემთხვევაში ის გრძნობებით არის აღსავსე, მეორე შემთხვევაში კი იგი აძლევს მკაფიო და გადაჭრილ პასუხს. იმიტომ, რომ იესო სავსეა ჭეშმარიტებითაც და გრძნობებითაც, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. ზოგიერთნი აღშფოთებით არიან სავსენი, ზოგიერთნი – თავაზიანობითა და სიყვარულით, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს იესოს მსგავსი იდეალური ბალანსი. მაგრამ აი, რა არის მთავარი: თუ თქვენ მხოლოდ აგრესიულნი ხართ ან მხოლოდ თავაზიანნი, ვერაფერს გახდებით ისეთ ადგილას, როგორიცაა „ცენტრალური მოედანი“. მაშ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?

თუ თქვენ წახვალთ „ცენტრალურ მოედანზე“ მხოლოდ თქვენი ხასიათის ბუნებით, ვერაფრის მიღწევას ვერ შეძლებთ იქ. ჩვენ ან ზედმეტად მშიშრები ვართ, რომ რამე ვთქვათ, ან ზედმეტად აგრესიულები იმის მცდელობისას, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცოთ. როგორღა დავძლიოთ ეს პრობლემა? პავლე სწერდა კორინთელებს: „როდესაც პირველად მოვედი თქვენთან, შიშისგან ვთრთოდი და გადავწყვიტე, არაფერი მცოდნოდა, გარდა იესოსი და ისიც ჯვარცმულისა!“ პავლე ჯვარს უყურებდა. მის გულშიც „ჯვარი“ იყო. ჯვარი არის შეხსენება იმისა, რომ ღმერთი, ერთი მხრივ, აბსოლუტურად წმინდაა – ის ვალდებულია, გადმოღვაროს თავისი მრისხანება და აღადგინოს ღვთაებრივი სამართლიანობა ბოროტებასა და ცოდვაზე; და მეორე მხრივ, იგივე ჯვარი გვიმტკიცებს, რომ ჩვენი ღმერთი აბსოლუტურად მოსიყვარულეა და გზავნის თავის ძეს ჩვენ ნაცვლად.

მხოლოდ ჯვარი, მხოლოდ სახარება გვეუბნება იმას, რომ იესო მოკვდა იმიტომ, რომ ის მოსიყვარულე და წმინდაა. პავლეს გულში ეს უწყება სამუდამოდ ენთო, ამიტომაც არის იგი ისეთი, როგორებიც ჩვენ არ ვართ. ეს ადამიანი სავსეა სიყვარულით. ამიტომაცაა აღშფოთებული და მისი გული შუაზე იხლიჩება იმით, რასაც ხედავს.

თუ წარმოვიდგენთ ადამიანს, რომელიც მართლაც ცხოვრობს სახარების მიხედვით, და იღებს და აცნობიერებს იმ მსხვერპლს, რომელიც იესომ ჯვარზე გაიღო, ის არასოდეს გაგრძნობინებთ თავს უხერხულად და არ მოგეპყრობათ აგრესიულად. ასეთი ადამიანები წარმატებულნი იქნებიან „მოედანზე“ – საჯარო ადგილებში.

მეორე პრინციპი: მივდივართ წინ და საჭიროა, დავინახოთ ის, რასაც ხედავდა პავლე. ის ირგვლივ მხოლოდ კერპებს ხედავდა. თქვენ შეიძლება თქვათ: რა არის ამაში უცნაური? რა თქმა უნდა, თქვენ ხომ უძველეს საბერძნეთში ხართ, ცხადია, იქ ყველგან კერპებია, ყველაზე ცნობილები მათ შორის არიან: აფროდიტე – სილამაზის ქალღმერთი, აპოლონი – მუსიკისა და ხელოვნების ღმერთი, არესი – ომისა და ძალის ღმერთი, ადონისი – ნაყოფიერების ღმერთი. თქვენ იტყვით: მართალია, უამრავი ქანდაკებაა, მაგრამ ეს ის არაა, როგორც მსოფლიო უყურებს ამას.

ფრაზაში „პავლემ დაინახა“, სიტყვა „ხედვა“ – „ტეორეო“, ნიშნავს მიაღწიო სიღრმემდე, დაინახო ყველაზე ღრმა, დაფარული.

და აი, როგორ გავიგოთ ის, თუ როგორ გავხდეთ ქრისტიანები ამ სამყაროში? პავლემ დაინახა, რომ ამ ხელოვნების ქმნილებების, ბიზნესის და მთავრობის, ყოველგვარი ფილოსოფიის უკან იდგნენ კერპები. მან დაინახა ის, რაც ჩვენც უნდა დაგვენახა. ყველანაირი ხასიათის უკან კერპებია, ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების უკანაც კერპებია, ყველა კულტურის უკან ასევე კერპებია, ყოველი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური პრობლემების უკანაც კერპები დგას. „ტეორეო“ ნიშნავს იმას, რომ მან დაინახა დაფარული. აი, როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი.

როდესაც ნაყამანმა თქვა, რომ დაბრუნდებოდა უკან, თავის ქალაქში და დაუბრუნდებოდა თავის სამსახურს, მან თქვა, რომ გააგრძელებდა თაყვანისცემას, მაგრამ არა რამონისას – ეს იყო სირიის ღმერთი. რას ნიშნავს სირიის ღმერთის თაყვანისცემა? იმას, რომ ისინი თაყვანს სცემდნენ თავიანთი ქვეყნის, სირიის მფარველ ღმერთს. იმ დროში ყველას თავისი ღმერთი ჰყავდა და თითოეული ფიქრობდა, რომ მისი ღმერთი ყოვლისშემძლე იყო და ამრიგად, სხვებზე აღმატებულად გრძნობდნენ თავს, როდესაც თაყვანს სცემდნენ თავიანთ ღმერთს. ნაყამანმა გადაწყვიტა, რომ დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში და გააგრძელებდა მხედართმთავრობას, მაგრამ ის აღარ აპირებდა, თაყვანი ეცა თავისი ქვეყნის ღმერთისთვის.

აქ შეიძლება მცდარი დასკვნა გამოვიტანოთ. ზოგიერთი ადამიანი ხვდება, რომ მათი კარიერა მათი ღმერთია. აპოლონი ხელოვნების ღმერთია. ცუდია რომელიმე ხელოვნებით დაკავება? რა თქმა უნდა, არა! ხოლო ხელოვნების თაყვანისცემა? დიახ! და რას ნიშნავს თაყვანს სცემდეთ ხელოვნებას? გჯეროდეთ, რომ მხოლოდ მასშია თქვენი ცხოვრების მთელი აზრი და სხვა არაფერში. ცუდია, ეწეოდეთ ბიზნესს? ცუდია, სპორტს მიჰყვებოდეთ და მონაწილეობას იღებდეთ შეჯიბრებებში? ცუდია გართობა? არა. მაგრამ თუკი ეს არის ის, რაშიც ეძებთ სიცოცხლის ძალებს, რასაც ეყრდნობით – ეს თქვენი კერპია და მას სცემთ თაყვანს. სწორედ ეს არის თაყვანისცემა. პავლემ კი ეს უშუალოდ მოედანზე დაინახა. როდესაც დგება დრო და თქვენ ირწმუნებთ ღმერთს და გადარჩებით მადლით, მაშინ იწყებთ ამის დანახვას.

ვიღაცამ შეიძლება თქვას: მე ბიზნესი მქონდა, ახლა კი ვხედავ, თუ როგორი დაცემულია ეს ქვეყნიერება. არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს ამ ქვეყნიერებასთან. იქ ყველგან მხოლოდ ტყუილი და სისასტიკეა. ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ სარგებლის გამო იყენებენ. სჯობს, საერთოდ შევეშვა ბიზნესს. მაგრამ ეს ის არ არის, რაც ნაყამანმა გააკეთა. მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა თავისი ქვეყნის სამსახური, მაგრამ აღარ ეცა მისთვის თაყვანი. თუ თქვენ გრძნობთ, რომ უნდა გაექცეთ თქვენს კერპს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ამ კერპის მონა ხართ და გჭირდებათ ამ კერპისგან გათავისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა ირწმუნოთ, რომ იესო ქრისტეა თქვენი კეთილისმყოფელი, თქვენი დიდება და სილამაზე, სიმართლე, სიყვარული და ცხოვრების აზრი. და როდესაც ეს მართლა ასე იქნება თქვენთვის, იმავე ბიზნესს გააგრძელებთ, მაგრამ უკვე სხვაგვარად – არა ისე, როგორც სხვები. სხვაგვარად შეხედავათ, რა არის მოგება და წაგება. იფიქრებთ ადამიანებსა და მათ მომსახურებაზე. თქვენც შეგიძლიათ მოიქცეთ, როგორც ნაყამანი, რომელიც დაბრუნდა თავის სამსახურში, მაგრამ თაყვანს სცემდა ღმერთს გულშიც და ადამიანთა წინაშეც. კერპთაყვანისმცემლობა კი რა არის? – თაყვანს სცემდე ქმნილებას და ვერ ამჩნევდე შემოქმედს. მაგრამ როდესაც შემოქმედს ვამჩნევთ ქმნილების უკან და ვიწყებთ მისთვის პატივის მიგებას, ჩვენი რწმენა ხდება სრული და არა ნაწილებად დამსხვრეული.

პავლე კერპებს ხედავდა ყველგან. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოიქცეთ შემოქმედისადმი თქვენი რწმენის შესაფერისად თქვენს სამუშაო ადგილზე ან რომელიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ეძებეთ თქვენში არსებული კერპები. თუ გსურთ გაიგოთ, რა არის თქვენს სამსახურში ან ცხოვრებაში პრობლემების ფესვი, ეძებეთ კერპები და თავიდან მოიშორეთ ისინი. მაშინ უკვე სხვაგვარად იმუშავებთ, სხვაგვარად მოუსმენთ მუსიკას, სხვაგვარად გააფორმებთ ხელშეკრულებებს, სხვაგვარად ააშენებთ ურთიერთობებს. 

და ბოლოს, რა გააკეთა პავლემ? ის ქადაგებდა სახარებას და მკვდრეთით აღდგომას. იმ დროში აღდგომაზე საუბარი გაბედული საქმე იყო. მაგრამ მას არ ეშინოდა იესო ქრისტეზე საუბრის! ძალიან მომწონს ის ადგილი, სადაც პავლე ფესტოსს და აგრიპას ესაუბრება. პავლე ამბობს: „იესო მკვდრეთით აღდგა“, ფესტოსს კი გაეცინა. პავლე შემობრუნდა და თქვა: „ჰკითხეთ აგრიპას“. აგრიპა იუდეველი იყო, ის პალესტინაში გაიზარდა. იგი იმ ხანებში იქ ცხოვრობდა და ყველაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. მან იცოდა, რადგან ეს ყველაფერი დაფარულ ადგილას არ მომხდარა; ასობით ადამიანი იყო იქ და შეეძლოთ, დაემოწმებინათ ქრისტეს აღდგომის შესახებ. სწორედ ამის გაცხადება დაიწყო პავლემ მოედანზე. სხვა რელიგიები გვპირდება მშვიდობას გულში, მაგრამ არა „მოედანზე“.

და კიდევ, პავლე მას სახელით მოიხსენიებდა – იესო! როდესაც კერპები დაინახა, პავლე აღშფოთდა. მას სურდა, რომ ხალხს დაენახა ღმერთის სიყვარული. პავლეს სურდა ეთქვა, რომ კერპებისგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალებაა – გიყვარდეს ღმერთი!

შეგიძლიათ, იგრძნოთ იგივე, რასაც პავლე გრძნობდა, ხედავდა და განიცდიდა? ხედავთ, როგორ ცდილობენ ადამიანები გადარჩენას კერპების მეშვეობით? საკუთარ კერპებს თუ ასხვავებთ? თქვენ ჯერ კიდევ მხოლოდ ადამიანთა ორ ჯგუფს ხედავთ – რელიგიურებს და არარელიგიურებს?

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ქრისტიანი, ალბათ იტყვით, მე არ მაქვს უნარი, მწამდეს ასე თავდადებით. მინდა მოგმართოთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უკვე გაქვთ დიდი რწმენა, პრობლემა უბრალოდ ისაა, რომ ეს არ არის ქრისტეს რწმენა. რისი გწამთ? კარიერის? ოჯახური ცხოვრების? სტატუსის? ძალაუფლების? ფულის? გართობის? მინდა გითხრათ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც ძალუძს თქვენი დამშვიდება, სიყვარული და დაცვა. და მხოლოდ ერთი სახელი გადაგარჩენთ თქვენ და ეს სახელია იესო!

წყარო: www.Blogoblog.ru


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები