„ჭეშმარიტი ლოცვა არც უბრალო გონებრივი სავარჯიშოა და არც ორატორული წარმოდგენა. ლოცვა გაცილებით უფრო ღრმაა. ეს არის სულიერი შეთანხმება ცისა და მიწის შემოქმედთან“.
რა არის ლოცვის ძალა? როგორ შეუძლია ლოცვას, სიცოცხლე დაუბრუნოს ადამიანს? როგორ შეუძლია მას სნეულის განკურნება? როგორ ანუგეშებს ლოცვა სასოწარკვეთილებაში მყოფთ? რატომ ლოცულობენ ქრისტიანები საკუთარი მომავალი მეუღლეებისათვის? რატომ სთხოვენ ღმერთს თავიანთი შვილების დაცვას, როდესაც სკოლაში გზავნიან მათ? როგორ შეუძლია ლოცვას, გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იცნობენ იესო ქრისტეს? ანდა როგორ შეიძლება, ლოცვა დაგვეხმაროს ისეთი კრიზისის დროს, როგორიცაა, მაგალითად, პანდემია?
პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ წმინდა წერილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწყვეტში:
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის.“
ბიბლიაში რამდენიმე ათეული მაგალითია იმისა, როგორ იბრძვიან ქრისტე და მისი მოწაფეები და ზოგადად, ღმერთის მორწმუნეები ლოცვის მეშვეობით. ელიას ლოცვის გამო ღმერთმა ცა დახშა და წვიმა სამ წელიწადს აღარ მოსულა. მან ზღვა გააპო ორად მოსესათვის, რათა ისრაელიანი ხალხი მეორე ნაპირზე გადაეყვანა. ქრისტე დევნიდა ბოროტ სულებს ადამიანებისგან, კურნავდა სნეულებს, თვალებს უხელდა ბრმებს და გარდაცვლილებს მკვდრეთით აღადგენდა, მაგალითად, ლაზარეს.
ვაცნობიერებთ, რამხელა ძალაა ჩვენთვის მისაწვდომი ლოცვის მეშვეობით? ასე რომ იყოს, იესოს სახელით უფრო მეტ ლოცვას აღვავლენდით. არ იქნებოდა ეჭვი, შიში ან შფოთი, რადგან დაჟინებით ვილოცებდით და ზეცას შევძრავდით ქვეყნიერებაზე გაბატონებული სიბნელისა და ბოროტ ძალთა წინააღმდეგ ბრძოლისას.
ღმერთთან საუბარი
ამრიგად, სახელდობრ, რა არის ლოცვის ძალა? ლოცვის ძალა არ არის თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები. ლოცვის ძალა არც იმასთანაა დაკავშირებული, რას ლოცულობთ ან როგორ ლოცულობთ. ლოცვას ღმერთთან საუბარს ვუწოდებთ, მაგრამ ეს გაცილებით მეტია. ლოცვა თაყვანისცემის აქტია, რომელიც განადიდებს ღმერთს და აძლიერებს ჩვენს სწრაფვას მისკენ, გვაგრძნობინებს, როგორ გვჭირდება ღმერთი. ლოცვით ჩვენ ვუკავშირდებით მას, ვინც ჩვენი არსებობის სათავე და მიზანია.
ლოცვა ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრისცილა შირერის წიგნში „მხურვალე: ქალის საბრძოლო გეგმა სერიოზული, კონკრეტული და სტრატეგიული ლოცვისათვის“, ვკითხულობთ: „ლოცვა არის კარი, რომლის გავლითაც ზეცის ძალა მოდის დედამიწაზე. ეს სასიკვდილო დარტყმაა მტრისა და მისი ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის წინააღმდეგ“.
კიდევ ერთი ცნობილი ავტორი, მარკ პატერსონი, წერს: „ლოცვა წინასწარმეტყველებაა. ის თქვენი სულიერი მომავლის საუკეთესო წინასწარმეტყველია. ის, თუ ვინ გახდებით, განისაზღვრება იმით, თუ როგორ ლოცულობთ. საბოლოოდ, თქვენი ლოცვების ტექსტები თქვენი ცხოვრების სცენარად იქცევა“.
სხვა სიტყვებით, ის, თქვენი მომავალი მე, თქვენი ცხოვრებისეული გარემოებანი და თქვენი ხასიათი განისაზღვრება იმით, თუ რის შესახებ ესაუბრებით ღმერთს. ბიბლიის თანახმად, ლოცვის ძალა, მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთის ძალაა, ვინც ისმენს და პასუხს სცემს ლოცვებს. იფიქრეთ შემდეგ საკითხებზე:
ღმერთი ყოვლისშემძლეა
ყოვლისშემძლე უფალ ღმერთს ძალუძს ყოველივე; არაფერია მისთვის შეუძლებელი (ლუკა 1:37). ღმერთის ხასიათი და გულია ჩაქსოვილი სახარებაში. თვალებს როცა ვხუჭავთ და მუხლებზე ვდგებით, ღვთის სული ჩაგვჩურჩულებს: „მე ვარ უფალი, ღმერთი ყველა ხორციელისა, განა ჩემთვის ძნელია რაიმე?“ ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი საჭიროება არ არის მეტისმეტად დიდი ან მეტისმეტად მცირე.
ღმერთი გვთხოვს, რომ ვილოცოთ
ის მოგვიწოდებს, ვესაუბროთ მას. მას სურს ეს. მასთან რწმენით უნდა მივდიოდეთ (იაკობი 1:5), დაჟინებულობით (ლუკა 18:1), მადლიერებით (ფილიპელთა 4:6), ღვთის ნების შესაბამისად (მათე 6:10) და მართალი გულით (იაკობი 5:16).
ლუკას 18:1-ში ვკითხულობთ: „უთხრა [იესომ] მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მოჰბეზრდეთ.“ ებრაელთა 4:14-16-ში დაწერილია იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ჩვენი მღვდელმთავარი და ის თანაგვიგრძნობს.
ებრაელთა 4:16-ში დაწერილია: „აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.“ თავად ღვთის ტახტთან გვაქვს მისადგომი ლოცვის მეშვეობით.
ღმერთი პასუხს სცემს ჩვენს ლოცვებს
ყოვლისშემძლე უფალი ღმერთი პასუხს სცემს ლოცვას. „ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან“ (ფსალმუნი 16:1). „მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან“ (ფსალმუნი 33:17) იოანეს 16:23-24-ში იესო გამაოგნებელ, დიდებულ და შთამბეჭდავ დაპირებას გვაძლევს:
„იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.“
სხვა სიტყვებით, როდესაც ღმერთს ვთხოვთ, მოგვცეს სიყვარული მოყვასის მიმართ, ის გვისრულებს თხოვნას. მოთმინებას რომ ვთხოვთ, ის გულს გვირბილებს, მოუთმენლობას აღმოფხვრის ჩვენგან და შემდეგ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვივარჯიშოთ მოთმინებაში, გამოვცადოთ ჩვენი მოთმინება. ჩვენთან მოახლოებას რომ ვთხოვთ, ის მოდის კიდეც ახლოს და მისი თანდასწრება გარემოგვიცავს და გვფარავს თბილი და რბილი საბანივით.
ხანდახან, როცა ღმერთზე მინდობას ვსწავლობთ ჩვენს ლოცვათა მეშვეობით, პატარა ბავშვებს ვგავართ, რომლებიც ის-ისაა იდგამენ ფეხს. ჩვენ ვბორძიკობთ და ვეცემით, მაგრამ ღმერთი არ გვსჯის. ნაცვლად ამისა, ის გვამხნევებს, რათა კვლავ წამოვდგეთ და კიდევ ვცადოთ გავლა გაწვდილი ხელებით, რადგან ის ამბობს: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათე 17:20).
როგორია ლოცვის ძალა და როგორ გამოვიყენოთ ის შედეგიანად?
ლოცვის ძალა არ არის იმ ადამიანში, ვინც ლოცულობს. ეს ჯადოსნური ფორმულა არ გახლავთ. ეს არც გამოცანის გასაღებია. ლოცვის ძალა არის გახსნილ და თავმდაბალ გულში, რომელიც სავსეა უფლისადმი მოწიწებით. ლოცვის ძალა მომდინარეობს უფლისგან, ვის მიმართაც ვლოცულობთ.
1-ლი იოანეს 5:14-15-ში დაწერილია:
„და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.“
იესო კიცხავს მათ, ვინც სახალხოდ ლოცულობენ, ან ვინც მრავალსიტყვაობენ ლოცვისას:
„ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიჰბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ“ (მათე 6:7-8).
ფსალმუნი 106:28-30 შეგვახსენებს: „და შეღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა. დააწყნარებს ზღვის ღელვას და დადუმდებიან მისი ტალღები. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წაუძღვება ნანატრ ადგილას“.