როგორია მკვდარი საქმეები ებრაელთა 6:1-ის თანახმად?
გამონათქვამს „მკვდარი საქმეები“ ბიბლიაში ვხვდებით 2-ჯერ და ორივეჯერ ებრაელთა მიმართ წერილში. აი, ეს ორი ტექსტი:
ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაყოფს გაუწმინდურებულთ, რათა განიწმინდოს სხეული, მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის.
ამ ორი ტექსტიდან მკვდარ საქმეებზე ვიგებთ შემდეგს:
ჩვენ უნდა ზურგი ვაქციოთ მათ.
„მკვდარი საქმეებისგან განწმენდის“ შესახებ სწავლება ქრისტეს მოძღვრების საწყისი და საფუძველია.
მკვდარი საქმეები ბილწავს ადამიანის სინდისს და ხელს უშლის მას ღვთის მსახურებაში.
არსებობს ორი განსხვავებული აზრი იმის შესახებ, თუ რა არის „მკვდარი საქმეები“, რომელთა შესახებაც წერილის ავტორი წერს ამ ტექსტებში:
ერთნი ემხრობიან იმ აზრს, რომ აქ საუბარია რჯულის (ძველი აღთქმის) საქმეებზე, რომლებიც მკვდარნი არიან იმ გაგებით, რომ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვთ გადარჩენის კუთხით, ისევე, როგორც მკვდარი რწმენის შემთხვევაში, რომელზეც წმინდა იაკობი წერს თავის წერილში (იაკობის წერილის მე-2 თავი);
სხვები მიიჩნევენ, რომ საუბარია მკვდარ საქმეებზე ანუ ცოდვის საქმეებზე, რომელთაც სიკვდილამდე მივყავართ, როგორც იგავთა 21:6-ში წერია მატყუარა ენით სიმდიდრის მოპოვების შესახებ („განძეულობის მოხვეჭა მატყუარა ენით სიკვდილის მძებნელთა წარმავალი ქროლაა“).
გავაანალიზოთ თითოეული აზრი ცალ-ცალკე:
მკვდარი საქმეები, რომელთაც არ აქვთ ძალა, რომ გვიხსნან (რჯულის საქმეები).
ამ მოსაზრების თანამოზიარენი ფიქრობენ, რომ ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი აქ გულისხმობს რჯულის საქმეებს, როგორებიცაა: წინადაცვეთა, მსხვერპლნი, შაბათის დაცვა, რჯულის მიერ გაწერილი წესების დაცვა საკვებთან დაკავშირებით; საქმეები, რომლებიც საჭიროებენ ძალისხმევას ადამიანთა მხრიდან, თუმცა მათ არ აქვთ გადარჩენის ძალა. ზოგიერთი ამ კანონებისა და მცნებების კრებულს „ცერემონიალურ კანონს“ უწოდებს. ეს საქმეები ესადაგება ღვთიურ მცნებებს, რომლებიც ძველი აღთქმისეული თაყვანისცემის სისტემას ეხებოდა ‒ კანონებს, რომელთაც „მომავალ სიკეთეთა აჩრდილი აქვთ“, როგორც წერია სწორედ ებრაელთა მიმართ წერილში:
რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს, სრულყოს მასთან მისულები.
ეს გაგება დაფუძნებულია ებრაელთა მიმართ წერილის კონტექსტზე, კერძოდ კი იმაზე, რომ ამ წერილში ავტორი წერილის მიმღებთ უმტკიცებს, რომ იესო ქრიტემ ლევიანებისაგან განსხვავებული მღვდლობის მიღებით ასევე შეცვალა რჯულიც, ანუ აღთქმა:
„ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით?
რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც.
ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიჰკარებია სამსხვერპლოს.
ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით.
ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ‒ ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“
„ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა.“ (ებრაელთა 7:11-22).
აქედან გამომდინარე, ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი გვიჩვენებს, რომ ახალი აღთქმა არის არა გაგრძელება ძველი აღთქმისა, არამედ მისი შემცვლელი.
რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო, რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.
ამრიგად, ქრისტიანებს აღარ ევალდებულებათ ძველი აღთქმისეული კანონებისა და მცნებების დაცვა, რომლებიც მხოლოდ მიუთითებენ იმაზე, რასაც იესო ქრისტე მოიმოქმედებდა ახალ აღთქმაში. ამ წერილში ავტორი ებრაელებს უხსნის, თუ როგორ მიუთითებს ძველი აღთქმა იმ მისიაზე, რომელიც უნდა აღესრულებინა უფალ იესო ქრისტეს და რომ თავისი მისიით ის ცვლის ძველი აღთქმის ყველა ცერემონიას:
„მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.
ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.
ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: ‘მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.’
სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი.
მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’
ზემოთ რომ თქვა: ‘არც მსხვერპლნი, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი’,
მაშინ დასძინა: ‘აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’ ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.“
ამ ნებით ვართ ჩვენ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
წერილის მიმღებთა პრობლემა, რომლებიც ებრაელები იყვნენ ‒ რჯულში (ძველი აღთქმა) დაბადებულები, იყო ის, რომ სახარების მიღებისა და მისთვის ტანჯვათა დათმენის (ებრაელთა 10:32-34) შემდეგ, ისინი რჯულში, ძველ აღთქმაში დაბრუნების ზღვარზე იყვნენ დევნისა და სუსტი სწავლების გამო, რომელსაც ისინი იღებდნენ (ებრაელთა 5:12-14). ამიტომაც ავტორი აღძრავს მათ იმისაკენ, რომ არ დატოვონ თავიანთი შესაკრებელი და არ დაუბრუნდნენ რჯულს (ძველ აღთქმას), რადგან ასეთ შემთხვევაში ხომ მათ არანაირი შანსი აღარ დარჩებათ გადასარჩენად:
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას. ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი.
ავტორი არ უკრძალავს წერილის მიმღებთ, დაიცვან რჯული, არამედ აჩვენებს მათ, რომ რჯული უძლურია გადარჩენის საკითხში. ამრიგად, ზოგიერთნი მიიჩნევენ, რომ „მკვდარი საქმეები“, რომელთა შესახებაც წერია ებრაელთა მიმართ წერილში, არის რჯულის საქმეები, რომლებიც მკვდარია იმ თვალსაზრისით, რომ არ აქვთ ხსნის ძალა.
ამრიგად, ამ თვალსაზრისის თანახმად, „მკვდარი საქმეები“, რომლის შესახებაც წერს ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი, არის რჯულის საქმეები ან სხვა ნებისმიერი ადამიანური ძალისხმევა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს, მიაღწიოს სულის ხსნას.
მკვდარი საქმეები, რომელთაც სიკვდილისკენ მიჰყავთ.
მეორე თვალსაზრისი მდგომარეობს იმაში, რომ „მკვდარი საქმეები“ ‒ ეს არის ურჯულოება ან ცოდვები, რომელთა შედეგიც სიკვდილია. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში გამოთქმა „მკვდარი საქმეები“ ნათარგმნიც კია, როგორც „საქმეები, რომელთაც სიკვდილისკენ მიჰყავთ“, მაგალითად, ახალ, საერთაშორისო ვერსიის ბიბლიაში (New International Version), ინგლისურ ენაზე ამგვარად წერია:
«Therefore let us move beyond the elementary teachings about Christ and be taken forward to maturity, not laying again the foundation of repentance from acts that lead to death (ზურგის შექცევა იმ საქმეებისგან, რომელთაც სიკვდილისკენ მივყავართ), and of faith in God…» (Heb. 6:1).
არსებობს რამდენიმე არგუმენტი ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ. გავაანალიზოთ ზოგიერთი მათგანი.
სიტყვა „მკვდრის“ გრამატიკული ფორმა:
ეს შეხედულება უმეტესწილად დაფუძნებულია სიტყვა „მკვდრის“ გრამატიკულ ფორმაზე ბერძნულ ენაში (ორიგინალში). ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ნათარგმნია, როგორც „მკვდარი“, გახლავთ „νεκρων“, რომელიც მოცემულია ნათესაობით ბრუნვაში, მრავლობით რიცხვში. ეს სიტყვა ქართულად ითარგმნება, როგორც „მკვდარი“, „მკვდრები“, „გვამი“. მათეს 8:22-ში ისევ ეს სიტყვა (ზედსართავი სახელი) „νεκρων“ („ნეკრონ“) ნათარგმნია, როგორც „მკვდრები“ (მკვდარი ადამიანები):
იესომ კი უთხრა მას: ‘შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.
ამგვარად, ქართულ ენაში ბერძნულ ზედსართავ სახელებს შეუძლიათ, არსებითი სახელების როლი შეასრულონ. ნათესაობითი ბრუნვა გამოხატავს მიზიდულობით ურთიერთობებს ობიექტებს შორის (ფართო გაგებით). ყველაზე ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს ბრუნვა გამოხატავს კუთვნილებას. ნათესაობითი ბრუნვა პასუხობს კითხვებს: „ვისი?“ „რისა?“ ასე რომ, თუკი გავითვალისწინებთ სიტყვა „მკვდრების“ ფორმას ბერძნულ ენაზე, ჩნდება კითხვა: „ვისი საქმეები?“ პასუხი კი იქნება: მკვდართა საქმეები, ანუ მათი, ვინც სჩადის ისეთ საქმეებს, რომელთაც სიკვდილისკენ მივყავართ (როგორც ბიბლიის „New International Version“ ინგლისურენოვან თარგმანში დავინახეთ: „საქმეები, რომელთაც სიკვდილისკენ მივყავართ“).
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ორიგინალში სიტყვის გრამატიკული ფორმის გათვალისწინებით, სიტყვა „მკვდარი“ ებრაელთა 6:1-დან არის არა ზედსართავი სახელი, რომელიც მიუთითებს საქმეების ხარისხზე, არამედ არსებითი სახელი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ეს საქმეები, რომელზეც წერია ებრაელთა მიმართ წერილში.
მკვდარი საქმეები ებრაელთა მიმართ წერილის კონტექსტში:
წერილის პირველ ხუთ თავში ავტორი აჩვენებს მკითხველთ, თუ ვინ არის იესო ქრისტე და რა არის მისი დედამიწაზე მოსვლის (განკაცების) მიზეზი. მე-5 თავის ბოლოს, მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს მღვდლობაზე საუბრობს, ის სწერს ებრაელებს, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი ქრისტეს მღვდლობაზე, რაც „ძნელია, განმარტო.“ წერილის ადრესატებს არ შეეძლოთ, მიეღოთ ეს სწავლება, რადგან არ გააჩნდათ ჯანსაღი სულიერი ზრდის პროცესი. ამიტომ ისინი, რომელთაც უკვე სხვები უნდა განესწავლათ, თავად საჭიროებდნენ სახარების პირველსაწყისების შესწავლას:
„და იგი ‒ სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა თავისი მორჩილისათვის, და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით.
ვინაიდან ამდენ ხანში თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვათა პირველსაწყისების სწავლება გჭირდებათ. თქვენ მაგარი საჭმელები კი არა, რძე გჭირდებათ.“ (ებრაელთა 5:9-12).
მე-6 თავი იწყება იმის დასკვნით, რაც ითქვა მე-5 თავის ბოლოს, სადაც ნაჩვენებია იმ სწავლების ცოდნისა და გაგების მნიშვნელობა, რომელიც „ძნელია, განმარტო“ იესო ქრისტეს მღვდლობასთან მიმართებით (მაგარი საჭმელი). ამის გათვალისწინებით ავტორი ასკვნის, რომ მათ მართებთ „ქრისტეს მოძღვრების პირველსაწყისების“ დატოვება და სრულყოფისაკენ სწრაფვა.
„ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია.
მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.
ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.“ (ებრაელთა 5:13-6:2).
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერს მე-6 თავში: „ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“, ავტორი იწყებს იესო ქრისტეს მღვდლობის შესახებ წერას და გვაჩვენებს, რომ მღვდლობასთან ერთად აუცილებელი იყო რჯულის (ანუ აღთქმის) შეცვლაც და რომ თაყვანისცემის მთელ სისტემას რჯულის (ძველი აღთქმის) მიხედვით ჰქონდა მხოლოდ აჩრდილი მომავალ სიკეთეთა (ებრაელთა 10:1) და არ ჰქონდა ძალა, გადავერჩინეთ. ამრიგად, „რჯულის საქმეების“ შესახებ სწავლება ეხება „სრულყოფას“ და იმას, რაც „ძნელია, განმარტო“ და არა „ქრისტეს მოძღვრების პირველსაწყისებს“. ამგვარად, ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ „მკვდარი საქმეები“ ებრაელთა 6:1-დან არ შეიძლება იყოს რჯულის საქმეები, რომელთაც არ აქვთ ხსნის ძალა.
მკვდარი საქმეები ებრაელთა 9:14-დან:
გამოთქმა „მკვდარი საქმეები“ ნახსენებია ასევე მე-9 თავში. ამ ტექსტში ვიგებთ, რომ ისინი ბილწავენ ჩვენს სინდისს და ხელს გვიშლიან ცოცხალი ღმერთის მსახურებაში:
„ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმინდაყოფს გაუწმინდურებულთ, რათა განიწმინდოს სხეული, მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის.“ (ებრაელთა 9:13-14).
მხოლოდ მაშინ, როდესაც მკვდარ საქმეთაგან განწმენდილი სინდისი გვაქვს, ადამიანს შეუძლია, ემსახუროს ღმერთს:
რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა!
ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითიც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
რომაელთა მიმართ წერილის მე-7 და მე-8 თავებში, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოკვდეს რჯულისთვის, ამით გვაჩვენებს, რომ არა რჯულია რაღაც ცუდი ან ცოდვილი, არამედ ხორცი (პირველქმნილი ცოდვა) ხდიდა მას უძლურს:
ამრიგად, რჯული წმინდაა, მცნებაც წმინდაა, მართალი და კეთილი. … რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ‒ ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ რაც მძულს, იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება ‒ არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი აღთქმა (სიცოცხლის სულის რჯული ქრისტე იესოში) გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან და გვაძლევს საშუალებას, ვემსახუროთ ღმერთს ახალ სულში. ამრიგად, ღვთის მსახურებაში ხელს არა რჯულის საქმეები გვიშლის, არამედ ხორცი, რომლის ვნებებიც რჯულის მიერ ცხადდება.
მკვდარ საქმეებზე უარის თქმა მთელი ბიბლიის კონტექსტში:
ებრაელთა 6:1-ში საუბარია მკვდარი საქმეებისგან მოქცევაზე. სიტყვა „მონანიება“ (ბერძნული „მეტანოია“) ნიშნავს აზროვნების შეცვლას, ბიბლიურ კონტექსტში კი იგულისხმება „ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოქცევა“. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აღიარებს თავის ცოდვას და უარს ამბობს მასზე. ასე აისახება მონანიება საქმეებში. სიტყვა „მოქცევა“ („მონანიება“) ბიბლიის ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა და ის ყოველთვის ცოდვასთან მიმართებით გამოიყენება, მაგრამ არასოდეს არ გამოიყენება რჯულის საქმეებთან მიმართებით. არსად ბიბლიაში არ წერია, რომ ვინმე მოექცა რჯულის საქმეებისგან, ან რომ ადამიანმა უნდა მოინანიოს რჯულის საქმეები. თავად პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში წერს, რომ რწმენაში ძლიერებმა, რომლებიც არ იცავენ რჯულის დადგენილებებს (საკვებთან, სასმელთან და სხვათა მიმართ) არ უნდა უგულებელყონ სუსტები რწმენაში, რომლებიც მათ იცავენ:
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს. და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ, რომ ღმერთმა მიიღო იგი.
მოციქულთა საქმეების წიგნის მე-10 და მე-11 თავებში აღწერილი მოვლენები იესოს სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ მოხდა. მე-10 თავიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ პეტრე მოციქული ჯერ კიდევ იცავდა რჯულს და არ სურდა, საკვებად არაწმინდა ცხოველები მიეღო, მაშინაც კი, როდესაც ღმერთმა უთხრა მას, რომ ეჭამა:
პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმინდური.“ (საქმეების 10:14).
შემდეგ, მე-11 თავში ჩვენ ვხედავთ, რომ იუდეველთა ეკლესია აგრძელებდა რჯულის დაცვას:
„გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას წინადაცვეთილები და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.“ (საქმეების 11:18).
მხოლოდ მას შემდეგ, რაც პეტრემ უამბო მათ ღვთისგან მოცემული ხილვის შესახებ, მორწმუნეები იუდეველებიდან დამშვიდნენ და გაიგეს, რომ ხსნა წინადაუცვეთელთათვისაც არის:
„ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: ‘აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.’“ (საქმეების 11:18).
საქმეების წიგნის მე-15 თავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ 10 წლის შემდეგაც კი იერუსალიმის ეკლესიას არ ჰქონდა მკაფიო სწავლება მორწმუნე ქრისტიანების მიერ რჯულის (ძველი აღთქმის) დაცვასთან დაკავშირებით. ამ თავში აღწერილი მოვლენები ხდება ქრ. შობიდან 49 წელს, პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის წინ. ამ თავში საუბარია ანტიოქიის ეკლესიაში მომხდარ კონფლიქტზე. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ ზოგიერთნი ჩამოსულ იუდეველთაგან ასწავლიდა, რომ თუკი მოწაფეები არ დაიცავენ რჯულს, ისინი ვერ გადარჩებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულმა იერუსალიმის საბჭომ გამოავლინა, რომ იმ მომენტისთვის (ეკლესიის დაბადებიდან, დაახლოებით, 20 წლის შემდეგ) მოციქულები არ ასწავლიდნენ მკაფიოდ იმას, რომ ქრისტიანებმა არ უნდა დაიცვან რჯული. ამ საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება წარმართებს ეხებოდა:
„დაწერეს თავიანთი ხელით: ‘მოციქულები და უხუცესები, ძმები ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ! რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვებით და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. საჭიროდ მივიჩნიეთ სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ გარდა იმისა, რაც აუცილებელია. ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამხრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ (საქმეების 15:23-29).
ამრიგად, ეკლესიის პირველ წლებში მოციქულები არ ასწავლიდნენ ქრისტიანებს იუდეველებიდან, რომ მათ არ სჭირდებოდათ რჯულის დაცვა. მე არანაირად არ ვცდილობ ვთქვა, რომ იუდეველებმა უნდა დაიცვან რჯული. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ქრისტიანისა და რჯულის ურთიერთობების შესახებ სწავლება მივიჩნიოთ ქრისტეს მოძღვრების პირველსაწყისად და შესაბამისად, არ შეგვიძლია იმის თქმაც, რომ მკვდარი საქმეები რჯულის საქმეებს წარმოადგენს. ქრისტიანისა და რჯულის (ძველი აღთქმის) ურთიერთობების შესახებ სწავლება განეკუთვნება ისეთ კატეგორიას, რაც „რთულად განსამარტი“ ან „სრულყოფილია“ და არა „ქრისტეს მოძღვრების პირველსაწყისებს“.
ავტორი: ანასტასია ფილატი
წყარო: https://moldovacrestina.md/ru