მორწმუნისათვის ნაღვლისგან გათავისუფლების ნიშანი არის წუხილი მტრის ტანჯვის გამო და თანამონაწილეობა მის სიხარულში. თქვენ არ ზიხართ გულხელდაკრეფილი, როდესაც ხედავთ მტრის ტანჯვას, არ გეუფლებათ კმაყოფილების გრძნობა და არ ამბობთ: „ასე უნდა. ღირსია. ის მიიღო, რაც დაიმსახურა“. მაშინაც კი, როდესაც ის იმკის თავისი ცოდვის შედეგებს, მაშინაც კი, როდესაც ეს შედეგები სამართლიანია, თქვენ გული გტკივათ ამის გამო და ლოცულობთ, რომ ღმერთმა ეს ტკივილი გამოიყენოს პატიებამდე მის მისაყვანად.
განა ასე არ მოგვექცა ჩვენ იესო? ჩვენი მისდამი ჩადენილი ცოდვისა და ჩვენ მიერ მისი ჯვარცმის მიუხედავად, ის ტიროდა და ლოცულობდა ჩვენს პატიებაზე.
რომაელთა მიმართ წერილში პავლე მოციქული ციტირებს იგავთა წიგნის 25-ე თავიდან:
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი, რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
თქვენ შეიძლება იფიქროთ: „ეს უკეთესია, ეს ზუსტად ისაა, რასაც ვგრძნობ ჩემი მტრისადმი. სად ვიპოვო ეს ნკვერცხლები?“
მოდით, უკეთ გავერკვეთ ამ ებრაულ მეტაფორაში. ვინმეს თავზე ნაკვერცხლების დაგროვება მიგვიყვანს ამ ორიდან რომელიმემდე: ის ან აღმოაჩენს უსამართლობას იმაში, რასაც თქვენ გიკეთებთ, ან ეს გააძლიერებს უფლის სამსჯავროს მასზე ანგარიშსწორების დღეს. ღმერთი ეტყვის მას სამსჯავროზე: „ყველა იმ სიკეთის მერე, რაც მან გამოავლინა შენდამი, როგორ მოიქეცი?!“ და ღვთის სამსჯავრო მისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება. თქვენი სიკეთე მას ნაკვერცხლების გროვას დააყრის თავზე. თქვენ კი სიკეთეს უნდა ირჩევდეთ, რომ ამით დაეხმაროთ მას გონს მოსვლაში. ყოველ შემთხვევაში, ბოროტებაზე პასუხი ყოველთვის კურთხევა უნდა იყოს. ასე მოქცევით ბოროტებაზე გაიმარჯვებთ, ამბობს პავლე მოციქული (რომ. 12:21).
ეს როგორ? პირველ რიგში, თქვენ შეაჩერებთ თქვენს ბოროტებას. ხოლო როდესაც სიკეთით პასუხობთ, თქვენ აძლევთ მჩაგვრელს შეჩერების შესაძლებლობას.
უმცროსმა მარტინ ლუთერ კინგმა შესანიშნავად თქვა: „სიბნელეს არ ძალუძს სიბნელის განდევნა, ამის გაკეთება მხოლოდ სინათლეს შეუძლია. სიძულვილს არ ძალუძს სიძულვილის განდევნა, ამის გაკეთება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.“
ბოლოს და ბოლოს, განა ასე არ მოგექცათ იესო? განა ღვთიურმა სამსჯავრომ მიგიყვანათ ქრისტესთან? განა ეს პატიება და სიყვარული არ იყო? ზუსტად ასევე ეხმარებით სხვასაც გულის შეცვლაში. არა თვალი თვალის წილ, არამედ წყალობა.
რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს სამართლიანობას, მაგრამ ცხადია, რომ სიყვარულის გამოვლინება მათდამი არ აძლევს საშუალებას ჩვენს მტრებს, გააგრძელონ ჩვენი ან სხვების შეურაცხყოფა. შუა მართლმსაჯულების დროსაც კი ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ღვთიური პატიება.
ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენი ნებისყოფით. ჩვენ ამის გაკეთების ძალა შეგვიძლია მოვიპოვოთ, თუკი გვემახსოვრება სახარება.
ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით; დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე.
როგორც მიროსლავ ვოლფმა თქვა: „პატიება ბორძიკდება, როდესაც მე ვწყვეტ მტრის ადამიანად მიჩნევას, ან თუკი გამოვრიცხავ საკუთარ თავს ცოდვილთა საზოგადოებიდან.“
იყავით თავმდაბალნი. თქვენ გაცილებით მეტი საერთო გაქვთ იმ ცოდვილთან, რომელიც თქვენ გჩაგრავთ, ვიდრე ამის აღიარება გსურთ. ის ისეთივე ადამიანია, როგორიც თქვენ, და თქვენც ისეთივე ცოდვილი ხართ, როგორიც ის. პატიება გჭირდებათ ორივეს და ის შესაძლებელია ორივესთვის.
ყველაზე მეტად კი გახსოვდეთ იესო ‒ ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა უფლება, გავესამართლებინეთ და რომელიც ზეციდან ჩამოვიდა, რათა ჩვენ ნაცვლად ყოფილიყო გასამართლებული. გაიხსენეთ მისი მოთმინება თქვენ მიმართ, თუ როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა და თქვენს წყევლას კურთხევით პასუხობდა. გაიხსენეთ მისი კეთილი გეგმა თქვენდამი.
თქვენ არ სწავლობთ სიყვარულს იმით, რომ უბრალოდ ცდილობთ ‒ ეს გააკეთოთ. ბავშვებს არ აძლევენ წიგნს სიყვარულის შესახებ ‒ მათ ეძლევათ ოჯახი, რომელიც მათ სიყვარულს ჩუქნის. იგივე შეიძლება ვთქვათ პატიებაზეც. თქვენ სწავლობთ პატიებას არა ანალიზისა და მსჯელობის მეშვეობით, არამედ გამოცდილებიდან. თქვენ ჯერ ვიღაცას ხვდებით, ვიდრე თავად შესთავაზებდეთ ვინმეს პატიებას. და ეს ვიღაც იესო ქრისტეა, რომელიც თქვენ გპატიობთ.
თქვენდამი ღვთის წყალობის განსახიერებასთან შეხვედრა წარმოშობს თქვენში წყალობას სხვების მიმართ.
წყარო: http://ieshua.org