სიყვარულის აღთქმანი რეალობაა. თქვენ დებთ მათ და ასრულებთ კიდეც. გადაწყვეტილების მიღებისთანავე იწყებთ მოქმედებას. მაშინ, როცა საკუთარ მეუღლეს აღთქმას დაუდებთ, დაინახავთ, რომ თქვენს ურთიერთობაში გაჩნდება სხვა ქცევები და დამოკიდებულებანი. მაღალი სტანდარტებისადმი სწრაფვა სრულყოფისკენ გვიბიძგებს.
ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მოგვცა დაპირებების მიცემისა და შესრულების ძალა. ჩვენ ვირჩევთ, ამ ძალას დადებითი დაპირებებისთვის გამოვიყენებთ, თუ უარყოფითის. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები დაიწყო მაშინ, როდესაც ერთმა გულმა განიზრახა სხვათა სიძულვილისა და დახოცვის გადაწყვეტილება. ამავე დროს, არსებობდა ძალაც, რომელიც დედა ტერეზამ ჩადო დადებით გადაწყვეტილებაში და რომელიც დაეხმარა მას, ჰყვარებოდა მილიონობით სხვებისგან მოძულებული ადამიანი. ის ინდოეთში მცხოვრებ ამ ადამიანთა ცხოვრებას სიკეთით შეეხო.
ღმერთმა შექმნა ორივე პიროვნება. თითოეულს თითო გული ჰქონდა. თითოეულმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება თავის გულში და შეასრულა კიდეც. თქვენც გაქვთ გული – დიდი გული, რომელსაც შესწევს წარმოუდგენელ გადაწყვეტილებათა მიღების ძალა და ეს გადაწყვეტილებანი შეიძლება იყოს როგორც დამღუპველი, ასევე სასიკეთო.
დაპირებებს, რომლებსაც მეუღლეები თქვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით აძლევთ ერთმანეთს, მე ვუწოდებ სასიყვარულო აღთქმებს (შეთანხმებებს). ისინი უკიდურესად მნიშვნელოვანია.
სასიყვარულო დაპირებანი, რომელთაც თქვენ აძლევთ ან არ აძლევთ ერთმანეთს, განსაზღვრავს, იქნება თუ არა თქვენი ქორწინება საოცარი და სიყვარულით სავსე, თუ ურთიერთგანცალკევებული და ცივი.
თქვენი სასიყვარულო აღთქმები გამოვლინდება თქვენს ყოველდღიურ მოქმედებებში. დღითი დღე უნდა შეასრულოთ მიცემული დაპირებანი.
სიყვარულის ამ შვიდი აღთქმის საშუალებით უფრო მეტად დაუახლოვდებით ღმერთსა და ერთმანეთს. სასიყვარულო აღთქმანი მყისიერ შედეგებს არ გვპირდება, თუმცა მათი მეშვეობით იწყება თქვენი ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი. ეს პროცესი უკეთ მიმდინარეობს, თუკი მეუღლეები ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუმცა თითოეულს შეუძლია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებანი მეუღლესთან დაახლოებისათვის. კარგი იქნება, თუ დროდადრო გადავხედავთ ამ აღთქმებს და განვაახლებთ მათ. ჭეშმარიტი სიყვარული და ახლო ურთიერთობა დღითი დღე იზრდება და შენდება.
სიყვარულის შვიდი აღთქმა:
ერთგულება: მე ყოველთვის და ყველა გარემოებაში ერთგული ვიქნები ჩემი მეორე ნახევრის.
მოთმინება: მე არ შევეცდები შევცვალო ხასიათის თვისებები, რომლებიც არ მომწონს ჩემს მეუღლეში, მაგრამ გამოვასწორებ ჩემს ქცევას, რომელიც აღიზიანებს მას.
პატიება: თუ მე ვაწყენინებ ჩემს მეუღლეს, დაუყოვნებლივ ვთხოვ პატიებას და მასაც ვაპატიებ თავის დანაშაულს მანამდეც კი, ვიდრე თავად მთხოვს პატიებას.
მხარდაჭერა: ჩემთვის სულ ერთი არ იქნება ჩემი მეუღლის სულიერი, ემოციური, ფიზიკური და მატერიალური საჭიროებანი და მე ყოველმხრივ შევეცდები, რომ ეს საჭიროებანი დავაკმაყოფილო.
პატივისცემა: მე არ მოვიქცევი და არ ვილაპარაკებ ისე, რომ ამით შეურაცხვყო ან დავამცირო ჩემი მეუღლე.
სიკეთე: მე კეთილი ვიქნები ჩემი მეუღლის მიმართ და ყველანაირ უხეშობას მოვიშორებ, რომელიც თავს იჩენს ჩემს ქცევასა და მეტყველებაში.
მადლიერება: მე გავიხარებ ჩემი მეუღლის საჩუქრებითა და მისი ჩემდამი დამოკიდებულებით და მადლობას გადავუხდი პირადადაც და სხვათა წინაშეც.
მაშინ, როდესაც თქვენ სრულად გაიაზრებთ სიყვარულის ამ შვიდ აღთქმას, თქვენ შეძლებთ თქვენი ქორწინების სწორად წარმართვას. ჩვენ, ქრისტიანები, სიმაღლეთა დაპყრობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რადგან ამ აღთქმათა დადებით პრაქტიკულად ახორციელებთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამით იწყებთ საკუთარი თავის გაუმჯობესების პროცესს, რასაც სულ სხვა დინამიკა შეაქვს ოჯახურ ურთიერთობებში.