I კორინთელთა 4:15-ში პავლე მოციქული აცხადებს შემდეგს: „ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.“
როდესაც პავლეს სიტყვებს ვკითხულობთ, შეგვიძლია მაშინვე შევამჩნიოთ, რომ მისი გული მიმართულია მათკენ, რომელნიც თავის მსახურებაში შეიძინა კეთილი უწყების მეშვეობით. ის აშკარად გრძნობს კავშირს და ასევე სხვების ღმერთთან ერთად სიარულში ზრდაზე პასუხისმგებლობას. პავლე მოციქულისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო იმათთან მიმართებით, რომლებზეც მისმა სამოციქულო მსახურებამ იქონია უშუალო ზემოქმედება მისი მისიონერული მგზავრობების მეშვეობით.
პავლე მოციქულის მრავალრიცხოვანი წერილებიდან ჩანს, რომ იგი მრავალი ადამიანისა თუ ეკლესიის რწმენის მამად მიიჩნევდა თავს. ეს მამობის მოდელი, რომელიც მან მიიღო და გააზრებულად განახორციელა ცხოვრებაში, არ არის რთული შესამჩნევი ტიმოთესთან ურთიერთობის სტილშიც, რომელიც ეფესოში (მცირე აზია) იმყოფებოდა პავლესგან წერილების მიღების დროს.
მართლაც, ის მიმართავს ტიმოთეს, როგორც „საყვარელ შვილს“ ტიმოთეს მიმართ მე-2 წერილის 1-ლი თავის მე-2 მუხლში. ეს გარკვევით ასახავს რწმენაში ჭეშმარიტი მამის გულს.
ტიმოთესადმი ასეთი ალერსიანი და გულითადი მიმართვის შემდეგ, პავლე ეუბნება მას: „…განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.“ როგორი საოცარი მიძღვნაა სულიერი შვილისადმი, რომელიც შრომობდა უფლისთვის და საჭიროებდა ძლიერ ლოცვით მფარველობას, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი განსაცდელების შუაგულში, რომელთაც შეეჯახნენ ტიმოთე და ეფესოს ეკლესია.
ტიმოთეს მიმართ თავის წერილებში პავლე ცხადად ამჟღავნებს თავის სიყვარულსა და მამობრივ დამოკიდებულებას ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ, თანაც ისეთი სახით, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება და სამწუხაროდ, არ არსებობს მსახურების ბევრ მოდელში, რომელთაც დღეს ვხედავთ. საშინელი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სულიერი შვილების წარმოქმნის უნარი არ გახლავთ ნორმის ნიმუში ან მსახურების ცენტრი, როგორც ეს სინამდვილეში უნდა იყოს. შედეგად კი ჩვენ სულიერ უნაყოფობას ვიღებთ.
არსებობს სულიერი უნაყოფობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი, რომელთაც თვალს ვადევნებდი ჩემი მსახურების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მსურს, დეტალურად გავარჩიო მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი:
გამუდმებით საკუთარ თავზე კონცენტირებულობა
თანამედროვე მსახურებათა გამოვლინებები მეტწილად დაკავშირებულია ცალკეულ პიროვნებებთან ან პიროვნულ იმიჯთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს მრავალი ეკლესია და მსახურება, რომელიც თავის წარმატებას, მნიშვნელობას და რეპუტაციას მსახურის ან ლიდერის პიროვნებაზე აგებს. სამწუხაროდ, დიდი მსახურებანიც კი შეიძლება შენდებოდნენ ამ არასწორ მოდელზე. მაგრამ ასეთი მსახურებები ვერ განავითარებენ იმ უნარის მქონე ძეებსა და ასულებს, რომლებიც მიუტანენ სახარებას და მოემსახურებიან მომავალ თაობას.
საკუთარ თავზე ფოკუსირებული მსახურების ტრაგიკული შედეგი ხშირად მემკვიდრის არარსებობა და ხედვის არქონაა. ეს სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეა ბევრი ლიდერისა და მსახურისთვის დღეს. ამიტომ, პავლეს მაგალითზე, ინვესტიციას უნდა ვდებდეთ სხვებში და უზრუნველვყოფდეთ მათთვის ატმოსფეროს და პლატფორმას იმაში მოსამწიფებლად, რაშიც მოუწოდა მათ ღმერთმა.
ჩვენი წარმატებისა და ნაყოფიერი ლიდერობის ჭეშმარიტი მაჩვენებელი მდგომარეობს არა იმაში, რასაც ცალ-ცალკე მარტო ვაკეთებთ, არამედ იმაში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ახალი თაობისთვის მათივე მეშვეობით.
დაუცველობის განცდა
მე ვუწოდებ ამას „საულისა და დავითის“ მსახურების მოდელს. იმის თქმა მსურს, რომ მრავალი ლიდერის ცხოვრებასა და შრომაში მოდის მოჩვენებითი საფრთხის გრძნობა. მათ ეშინიათ, რომ პატივისცემასა და შექებას, რომლებიც ასე სწყურიათ, მიიღებს ვიღაც სხვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ არ მისცეს ქრისტეს საკუთარი თავი და თავიანთი მოწოდება სრულიად.
ასეთი აზროვნება დამღუპველია და ქმნის სულიერი უნაყოფობის ისეთი დონეს, რომელიც არასოდეს არ წარმოშობს ჭეშმარიტ ძეებსა და ასულებს, რომლებიც შეძლებენ ღვთის სამეფოს განვითარებას მომავალ თაობებში.
საფრთხის გრძნობა ხშირად დაკავშირებულია ასევე შურთან და ტერიტორიისთვის ბრძოლასთანაც კი. სამწუხარო შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ იქმნება თვითგადარჩენის ატმოსფერო და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეების წარმოშობის უნარი კარგავს აქტუალურობას. მსახურების ასეთ სტილს, შესაძლოა, ასევე თან ახლდეს გაღიზიანებულობა, როდესაც ანგარიშის ჩაბარებაა აუცილებელი. ეს გამოწვეულია ისევ და ისევ შიშით, რომელიც ბევრ ლიდერში ცხოვრობს და რომელიც აკონტროლებს მათ. ეს ცხადად შეიმჩნევა მეფე საულის დავითისადმი დამოკიდებულებაში.
ავტორიტარიზმის სული
ავტორიტარული ან მაკონტროლებელი სული ისეთი სულია, რომელიც ითხოვს მორჩილებას არაბიბლიური და ხშირად არაჯანსაღი ფორმით. ის წარმოშობს არასამართლებრივ ძალაუფლებას, დაკავშირებულს მსახურების მართვის ფორმასთან, რომელიც ხელს უშლის სხვებს, განვითარდნენ ღმერთთან სულიერ ურთიერთობაში.
ის, ვინც თავის პირად წარმატებასა და იმიჯზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე იმაზე, თუ როგორ განავითაროს და მოამზადოს სხვები, რომ მათ აღასრულონ თავიანთი დანიშნულება უფალში, ხშირად მსახურებისა და ლიდერობის სწორედ ამ ფორმას იყენებს.
ლიდერობის ეს მოდელი ასევე ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ხასიათდება შიშის არსებობით. ის მოითხოვს არაჯანსაღ ერთგულებას, და ავტორიტეტული ლიდერების მიერ თავსმოხვეული დაუკმაყოფილებელი მოლოდინის გამო დანაშაულის გრძნობას შთააგონებს მათ, ვინც კავშირშია ამ სისტემასთან. ისევ და ისევ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არასწორი ფორმის შედეგი გახლავთ სულიერი უნაყოფობა.
ზედმეტი დაკავებულობა მსახურებაში
არაზომიერი აქტიურობა ეკლესიურ საქმეებში უფრო და უფრო უახლოვდება ნორმის დონეს მსახურების ბევრ თანამედროვე მოდელში. ეს მოდელი ფოკუსირდება იმაზე, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა გამოვჩნდეთ წარმატებულნი, სასარგებლონი, მოხერხებულნი, მოსიყვარულენი და დიდსულოვნებიც კი.
მე არ ვარ წინააღმდეგი კეთილი საქმეებისა, რომლებიც სხვებს ეხმარება და სრულად ვიაზრებ, რომ ეს არის ჩვენი, როგორც ეკლესიის, მისიის ნაწილი. თუმცაღა, ჩვენ ზედმეტად დაკავებულნი ვართ იმისათვის, რომ ვთესოთ ჩვენს რწმენისმიერ ძეებსა და ასულებში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე მართლაც ზედმეტად ვართ დაკავებულნი და შედეგად დგება სულიერი უნაყოფობა.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კეთილი საქმეების კეთება, რომლებისთვისაც მოწოდებულნი ვართ, მაგრამ ასევე მზად უნდა ვიყოთ, გამოვყოთ საკმარისი დრო, რათა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს მოწაფეებში. ამიტომაც ბევრი ლიდერი და მსახურება საჭიროებს პრიორიტეტების სწორად განაწილებას.
ხორციელი ან ქვეყნიური მიდგომა
ძველი ანდაზა ამბობს: „შენ არ შეგიძლია, წაუძღვე სხვებს იქ, სადაც თავად არასდროს ყოფილხარ.“ ეს ძალიან სწორია, როდესაც საუბარია სულიერი შვილების გაჩენაზე. სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი აპრაქტიკებს მსახურების მხოლოდ ზედაპირულ ფორმას, რომელსაც არ გააჩნია ღრმა სულიერი ფესვები და შედეგად, მათ არ ძალუძთ, გაზარდონ ერთგული მოწაფეები ღვთის სამეფოში.
უპირველეს ყოვლისა, როდესაც მსახურება ფუნქციონირებს მარკეტინგის წესების მიხედვით და არა იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობების საფუძველზე, მაშინ ის იძენს ქვეყნიურ ხასიათს. ეს მოდელი შობს მათ, ვინც იცის, როგორ გაუკეთოს პოპულარიზება მესიას მოხერხებულად და პროფესიონალურად, მაგრამ ის არასოდეს არ შობს ჭეშმარიტ მოწაფეებს, რომლებიც სინამდვილეში იცნობენ ქრისტეს და ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ცხოვრობენ.
აგრეთვე, როდესაც ლიდერულ წრეში ცოდვა და კომპრომისი ხდება ნორმად იმ დონემდე, რომ იწოდება თავისუფლებად ქრისტეში, შედეგად ამას ყოველთვის მოჰყვება ლიდერთა ხორციელი ქცევები, რაც გამუდმებით დათრგუნავს და გაანადგურებს კიდეც მათ, ვინც საჭიროებს მოწაფეობას. ეს სამწუხარო რეალობა ასევე გაანადგურებს ეკლესიის ლოცვის მუხტსა და ცეცხლს, დაკარგულ სულებზე პასუხისმგებლობას, მისიონერული საქმიანობის არსს, გამოღვიძების წყურვილს და ა.შ.
მიუხედავად პრობლემებისა, რომელთაც ვეჯახებით სულიერ უნაყოფობასთან მიმართებით, მინდა ვთქვა, რომ შთამაგონებს და აღმაფრთოვანებს ის ფაქტი, რომ მაინც რჩებიან მიძღვნილი ადამიანები, რომლებიც ზრდიან სულიერ შვილებს.
მოდით, გავიხსენოთ და ვილოცოთ მალაქიას სიტყვებით (მალაქიას 4:5-6):
აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.
ავტორი: ქეით კოლინზი