რამდენიმე წლის წინ ჩემი ახლო მეგობარი განუდგა რწმენას. მე ახლაც მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი ღმერთზე. მან მითხრა, რომ ღმერთი არ ვლინდებოდა მის ცხოვრებაში. ის ლოცულობდა და სთხოვდა მას სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ყველაფერი უარესდებოდა. მან გაბრაზებით მითხრა: „აი, თურმე როგორ ექცევა კარგი ღმერთი თავის შვილებს.“ და დაიწყო ყველაფერ იმის ჩამოთვლა, რაც ღმერთმა არ გააკეთა მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის წინაშე თავად ერთგული იყო. ის დაიღალა სწორად მოქცევით, რადგან ამას ის არაფრამდე არ მიჰყავდა.
მე მესმის, რასაც განიცდიდა ჩემი მეგობარი. მეც მქონდა დაუწერელი, ცალმხრივი კონტრაქტები ღმერთთან, რომლის მიხედვითაც ვცდილობდი მეცხოვრა ყოველდღიურად, ხოლო საპასუხოდ მოველოდი, რომ ღმერთი მაკურთხებდა და ყველა ჩემს პრობლემას მოაგვარებდა ‒ განსაკუთრებით თუკი ვილოცებდი და წავიკითხავდი ბიბლიას. მას შემდეგ, რაც მოზარდობისას ქრისტიანი გავხდი, თავდაჯერებულობას ვგრძნობდი, რომ ღმერთი მარტივ ცხოვრებას დამპირდა და ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა, იყო ის, რომ უბრალოდ მეცხოვრა ჩემი ცხოვრებით.
მრავალი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ღმერთი ასრულებდა დაპირებების თავის ნაწილს, მაგრამ ჩემი დაჯერებულობა შესუსტდა, როდესაც პირველად მომეშალა მუცელი. ეს არ უნდა მომხდარიყო ჩემს თავს. შემდეგ ჩემს მეუღლესთან ურთიერთობებში შექმნილმა კრიზისმა, ფაქტობრივად, გამანადგურა. და როგორც კი ჭრილობებმა შეხორცება დაიწყო, უეცრად გარდაიცვალა ჩვენი პატარა ბიჭი.
რამ გამოიწვია ჩემში ტანჯვა?
ყოველთვის, როდესაც რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც საჭირო იყო, მე ვევედრებოდი ღმერთს, გამოესწორებინა ეს, წაეღო ტკივილი, აღედგინა რაღაცები ისე, როგორც ადრე იყო. და როდესაც ყველაფერი უარესდებოდა, ვბრაზობდი და ვწყვეტდი ღმერთთან საუბარს და მიჩნდებოდა კითხვა, საერთოდ ესმოდა თუ არა ღმერთს ჩემი.
თუმცა ისევე, როგორც პეტრემ, მეც გავაცნობიერე, რომ სხვასთან ვერავისთან ვერ მივიდოდი, რადგან მხოლოდ იესოს ჰქონდა სიცოცხლის სიტყვები (იოანეს სახარება 6:68). მე ვყვიროდი და ვთხოვდი ღმერთს, დამხმარებოდა იმაში, რომ მივნდობოდი მას და მასთან ერთად გავერთიანებულიყავი და მეპოვა იმედი იმაში, რაც მაშინ თვალის დამაბრმავებელ სიბნელედ მეჩვენებოდა. მე მშვიდობა მჭირდებოდა და მას ვერსად ვერ ვპოულობდი ‒ მხოლოდ ქრისტესთან. მე ვპოვე აღუწერელი მშვიდობა და იმედი, რომელიც ადრე არ განმიცდია ‒ ჩემს მარტივ და უდარდელ ცხოვრებას არაფერი არ მოეტანა ჩემთვის, გარდა აწმყოთი ტკბობისა. მაგრამ ტანჯვა ჩემში რაღაც შეურყეველს ქმნიდა.
ტანჯვა ‒ ეს კატალიზატორია, რომელიც გვაიძულებს, ვიმოძრაოთ ამა თუ იმ მიმართულებით. არავინ გადის ტანჯვას ცვლილებების გარეშე. ტანჯვა ყოველთვის გცვლით.
პავლე მოციქული ამბობდა:
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება ‒ სიმტკიცეს, სიმტკიცე ‒ სასოებას, ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
აქ ქრისტიანის ტანჯვას საბოლოოდ მივყავართ იმედამდე, რომელიც არ შეგვარცხვენს. მაგრამ ჩვენ არ გადავდივართ ტანჯვიდან პირდაპირ იმედზე. ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, როგორც ჩემი მეგობარი, ტანჯვას პროტესტამდე და მრისხანებამდე მიჰყავს. ის იმედს კი არ უმტკიცებს მას, არამედ ანგრევს. რაშია განსხვავება? რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთათვის ტანჯვა ღმერთის რწმენისა და იმედის განმამტკიცებელია, ხოლო ზოგიერთთავის დამანგრეველი რამ?
მე წლების განმავლობაში ვფიქრობდი ამ საკითხზე. მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ღმერთი გამეცხადა ტანჯვის მეშვეობით, მაგრამ ვგლოვობ, როდესაც სხვები მხოლოდ ტანჯვას ხედავენ და არა მოსიყვარულე ღმერთს, რომელიც ამ ტანჯვის უკან დგას. გარკვეული განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გვესმის და განვიცდით იმედსა და ტანჯვას ღმერთთან ერთად ცხოვრებაში.
როგორ მოვიპოვოთ იმედი ტანჯვაში?
იმისათვის, რომ ვიპოვოთ იმედი ტანჯვის მეშვეობით, არ შეიძლება ორიენტირებულები ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე. ჩემი იმედი არის არა იმაში, რომ სიტუაცია შეიცვლება რაიმე კონკრეტული სახით ან რომ ღმერთი მომცემს მე ზუსტად იმას, რაც მინდა, არამედ უფრო იმაში, რომ ღმერთი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ჩემთვის უკეთესია. ეს არის ჩვენს მოყვარულ მაცხოვარსა და მხსნელზე დადებული ცოცხალი იმედი და არა შედეგზე, რომლის უფლებაც, ჩემი აზრით მაქვს. მე უნდა მჯეროდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებს არაფერს ისეთს, რაც ჩემთვის საუკეთესო არაა და რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის სასიკეთოდაა. (რომაელთა 8:28). ღვთის სიყვარული გადმოიღვარა ჩემზე და მთელი წმინდა წერილი ღაღადებს ამ სიყვარულზე. ჯვარი ირეკლავს ამას, ხოლო სულიწმიდა აღბეჭდავს.
მაგრამ თუკი მე არ მჯერა ღმერთის და იმის, რომ მას ვუყვარვარ, მაშ, ვერც დავინახავ, როგორ შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ჩემი ტანჯვა. მოცემულ მომენტში მე მტკივა და ცალსახად ვერ ვგრძნობ თავს კარგად. მე ვიწყებ ღმერთის ერთგულებისა და სიყვარულის განსჯას იმაზე დაყრდნობით, რასაც ვხედავ და მპასუხობს თუ არა ღმერთი ლოცვებზე ისე, როგორც მე მინდა. მე მანამ წავალ, ვიდრე ბოლო, კეთილ ნაწილს დავინახავ და იქამდე მივალ, რადგან გავდივარ განსაცდელის ურთულეს პერიოდს. მე ვერ დავინახავ ვერაფერს, რის გამოც შემეძლებოდა გახარება და ჩემი ტანჯვაც უაზრო და უმიზნო მომეჩვენება. მაგრამ, როდესაც ღმერთს ვენდობი, რომელსაც, როგორც მე ვიცი, ვუყვარვარ, ის კარდინალურად მცვლის განსაცდელის მეშვეობით. როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ეჭვი მეპარებოდა ყველაფერში, რაც ჩემ გარშემო იყო. მაგრამ როდესაც შევღაღადე ღმერთს და მას მოვუხმე, მან გადმოღვარა თავისი სიყვარული ჩემზე და ჩემი რწმენა გამყარდა.
და როდესაც წლების შემდეგ გავიგე ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თავიდან დავიბენი, მაგრამ გამახსენდა, რამდენად ერთგული იყო ყოველთვის ჩემ მიმართ უფალი. მე არ ჩავვარდნილვარ პანიკაში; საკუთარი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ ღმერთი მომცემდა ყველაფერს, რაც მჭირდებოდა. წმინდა წერილი გვახსენებს, რომ ცხოვრებისეულ ტვირთს და სასოწარკვეთას შეუძლია ჩვენი რწმენის განმტკიცება (მე-2 კორინთელთა 1:8-9). ეს იმიტომ, რომ ყველაზე ღრმა განსაცდელები გვაიძულებს, დავიმედდეთ არა ჩვენს თავებზე, არამედ ღმერთზე, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. რაც უფრო მეტი რამ გადაგვაქვს ქრისტესთან ერთად და ვხვდებით, რომ ჩვენთვის ის სავსებით საკმარისია, მით უფრო ძლიერი ხდება ჩვენი რწმენა.
განმწმენდი ცეცხლი
ეს გამძლეობა შობს ხასიათს. ტანჯვა არბილებს ჩემი ხასიათის ბასრ კუთხეებს, მხდის ნაკლებად განმკითხველს და მეხმარება ‒ ადამიანები მეტად დავაფასო, ვიდრე საგნები. ის მეხმარება, კონცენტრირება მოვახდინო იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
შედეგად მე უფრო მეტად თანამგრძნობი ვარ, უფრო თავშეკავებული, მადლიერი, მეტს ვლოცულობ, მეტი წყურვილი მაქვს ბიბლიისადმი და მეტად ვხარობ ზეცის გამო, ვიდრე მანამდე. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი კი უფრო გაღიზიანებული ვიქნებოდი, უფრო კრიტიკული და მოუთმენელი, ვიდრე უკვე ვარ, მაგრამ ჩემი ფიზიკური შეზღუდვები მასწავლის სიკეთეს, მოთმინებას და მადლს. ყველა ჩემი ტანჯვა იყო ზრდის შესაძლებლობა.
ჩემი იმედი არის იმაში, რომ ერთხელაც დავინახავ უფლის დიდებას და გარდავიქმნები (მე-2 კორინთელთა 3:18) და ტანჯვა ამის წინათგრძნობას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ ვხედავ იმას, რისი იმედიც მაქვს (რომაელთა 8:24), წმინდა წერილში მოცემული უფლის აღთქმები და მისი ერთგულების უშუალო გამოცდილება მარწმუნებს, რომ არ დავრჩები იმედგაცრუებული. მე განვიცადე ეს ერთგულება ყველაზე ღრმა და ვერაგ გზებსა და ველებზე, სადაც ღმერთის თანდასწრება დევნიდა ჩემს შიშს (ფსალმუნი 22:4), ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის არასოდეს დაარღვევს თავის დაპირებებს.
აქედან გამომდინარე, შემიძლია მიხაროდეს ჩემი ტანჯვების გამო, რადგან ვიცი, რომ ღმერთი იყენებს მათ, რათა წარმოქმნას ჩემში ის, რის წარმოქმნასაც დამოუკიდებლად მე ვერ შევძლებდი. ახლა ჩემი რწმენა უფრო ძლიერია, ჩემი ხასიათი მეტად ჰგავს ქრისტეს ხასიათს, ხოლო ჩემი იმედი გამყარდა. დიდება უფალს, რადგანაც ვენდობით მას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ის მხოლოდ საუკეთესოს აკეთებს ჩვენთვის. ტანჯვა მართლაც წარმოშობს იმედს.
წყარო: http://ieshua.org