მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქრისტიანობამ გამოიწვია ბევრი ფილოსოფოსი და რელიგიური სისტემა. ამასთანავე მან უპასუხა კიდეც მათ მისწრაფებებს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის სიძლიერე არის არა რაიმეს უარყოფა, არამედ ჭეშმარიტების მტკიცება, ყოვლისმომცველობა და სისრულე.
თუ ბუდიზმი გაჟღენთილია ბოროტებისგან გათავისუფლების მგზნებარე სურვილით, ხსნისკენ მისწრაფებით (ბუდა ამბობდა, რომ როგორც ზღვის წყალია მარილით გაჟღენთილი, ასევეა მისი სწავლება გადარჩენის იდეით სავსე), ეს წყურვილი გადარჩენის და ხსნის აღთქმისა ახასიათებს ქრისტიანობას.
თუ ისლამში ვხედავთ ადამიანის აბსოლუტურ მიძღვნასა და ერთგულებას ღმერთისადმი, რომელიც არის სრულუფლებიანი ბატონი სამყაროსი და ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი, ამ იდეის ჭეშმარიტ სახეს ჩვენ ვხვდებით ქრისტიანობაში.
თუკი ჩინურ მსოფლმხედველობაში ზეცა – „ციანი“ არის რაღაც, რაც ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეულ საკითხებში, წვრილმანებშიც კი, რომ ტრადიციების სხვადასხვა ელფერში ორიენტირება შეძლოს, ქრისტიანობაში ესეც არის.
თუ ბრაჰმანიზმი (თანამედროვე ინდუიზმი) გვესაუბრება ღვთაებრივის მრავალგვარ გამოვლინებაზე, ქრისტიანობაში ესეც გვაქვს.
თუ პანთეიზმი ამბობს, რომ ღმერთი ყველაფერშია, თითქოსდა ეს ამოუხსნელი სუბსტანცია მოიცავს ყოველ დეტალს და ის ყოველ წერტილსა და ყოველ ატომშიც კი გვხვდება, მაშინ ამ იდეასაც მოიცავს ქრისტიანობა, და უფრო მეტიც, ის არ ზღუდავს ღმერთს პანთეიზმური შეხედულებით, უფალი უფრო მეტია.
ჩვენ აუცილებლად შევცდებით, თუ გვეგონება, რომ ქრისტიანობა „კრებულია“, რომელმაც ამოკრიფა ეს ასპექტები სხვადასხვა რელიგიიდან. მასში გამოვლინდა უდიდესი ძალა, რაღაც ახლის და ეს ახალი არ იყო უბრალოდ დოქტრინა, ეს ძალა გამოიხატა რეალურ გარდაქმნაში ახალი ცხოვრებისაკენ, ადამიანის უწინდელი ცხოვრების სრული ტრანსფორმაციით.
კაცობრიობის უდიდესი სწავლულები და ავტორები: ლაო-ძი, კონფუცი, მუჰამედი, ბუდა, სოკრატე, პლატონი და კიდევ ბევრი, აღიქვამდნენ ჭეშმარიტებას, როგორც მთის მწვერვალს, რომელზე ასვლაც უდიდეს ძალისხმევას საჭიროებდა. ეს მართებულიცაა, რადგან ჭეშმარიტება საგანი არაა, რომელიც მარტივად შეიძლება დაიკავო ხელში, ის მართლაც ჰგავს მთის მწვერვალს, რომელზეც უნდა აცოცდე, მყარად მოეჭიდო კლდეებს, რომ უკან არ ჩამოვარდე, ამავდროულად, გაიხედო უკან და უფრო მეტად გაიაზრო, რა დიდი გზა გიდევს წინ, მწვერვალამდე. აღმასვლა – ესაა კაცობრიობის ისტორია.
შეიძლება შემეწინააღმდეგოთ: „და რამდენი საფეხურია, რომლებსაც ქვემოთ მივყავართ?“ ერთი შეხედვით, გზა ქვემოთ უფრო დიდია და საფეხურებიც ბევრი. დიდია ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ეცემიან და ამ ქვესკნელში ჩადიან, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მაინც წამოდგეს და ავიდეს ამ ღრუბლებს მიღმა მწვერვალებზე, გონებრივი და სულიერი სიცხადის მთებზე.
ადამიანს ორი ბუნება და ორი სამშობლო აქვს. პირველი სამშობლო ეს დედამიწაა. ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მეორე სამშობლო კი სულის საიდუმლო სამყაროა, რომელსაც თვალი ვერ დაინახავს და ყური ვერ მოისმენს, მაგრამ მას ვეკუთვნით ჩვენი არსით. ჩვენ შვილები ვართ მიწის და ამავდროულად, სტუმრები ამ სამყაროში.
სწორედ ამიტომ ადამიანი უფრო მეტად უნდა აცნობიერებდეს თავის უზენაეს ბუნებას (სულიერ ბუნებას), ვიდრე ფიზიკურს, როდესაც ის თესავს, მკის, აშენებს, ჭამს, იბრძვის და სხვა. ტერმიტები აშენებენ, მაიმუნები იბრძვიან, ჭიანჭველების ზოგიერთი ჯიში კი თესავს და ასე იკვებება შემდგომ, მაგრამ არცერთი ქმნილება, გარდა ადამიანისა, არ ფიქრობს და არ უკვირდება ცხოვრების აზრსა თუ მნიშვნელობას, არასდროს ფიქრობს თავისი ფიზიკური საჭიროებების მიღმა. არცერთ ცოცხალ არსებას, გარდა ადამიანისა, არ ძალუძს რისკზე წასვლა, სასიკვდილო რისკზეც კი, ჭეშმარიტების სახელით იმისთვის, რისი ხელში დაჭერაც ფიზიკურად შეუძლებელია. ათასობით წამებული სხვადასხვა კულტურიდან და მრწამსიდან ავლენს ამ უნიკალურ ფენომენს მთელ სამყაროში. მაგრამ როდესაც სახარებას მივმართავთ, სრულიად სხვა სამყაროში ვხვდებით. არა იმ სამყაროში, სადაც ჩვენი ამაღელვებელი მცდელობებით უნდა მივაღწიოთ ზეცას და ჭეშმარიტებას, არამედ საიდუმლო პასუხის წინაშე ვდგებით და ეს პასუხი იესო ქრისტეა.
ოცდახუთი წლის განმავლობაში პრინცმა გაუტამამ ასკეტურ ცხოვრებას მიჰყო ხელი, რათა შეემეცნებინა ჭეშმარიტება. ასევე შრომობდნენ გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად ბუდისტი ბერები, ფილოსოფოსები, განდეგილობაში მცხოვრები ასკეტები და სხვანი, მაგრამ იესო ქრისტე მოდის ჩვეულებრივი სოფლიდან, სადაც ის უბრალო ცხოვრებას ეწეოდა. თავად მასში იყო სრულყოფილება, ის არსად ასულა, პირიქით, ის ადამიანებამდე ჩამოვიდა.
ყოველმა დიდმა ბრძენმა იცოდა თავისი უმეცრების შესახებ. სოკრატე ამბობდა: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. სამყაროს ყველა დროის უდიდესი წმინდანები თავს ცოდვილებად აღიქვამდნენ უფრო მეტად, ვიდრე უბრალო ადამიანები, იმიტომ, რომ ისინი უფრო ახლოს იყვნენ სინათლესთან, და ყოველი ლაქა მათ ცხოვრებაში, სინდისში უფრო აშკარა ხდებოდა. ქრისტეს კი ცოდვილი ბუნება არ გააჩნდა, ის მოვიდა ადამიანებთან და მოიტანა ის სრულყოფილება, რაც მასშია დასაბამიდან.
თავიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ იესოს ქრისტიანობის ქადაგება არ დაუწყია, როგორც რაღაც კონცეფციის. ის, რაც მან ხალხს აუწყა, იყო სახარება, ბერძნულად „euangelion“, რაც ნიშნავს „კეთილ უწყებას“, „სასიხარულო უწყებას“. და რაში გამოიხატებოდა ეს სახარება?
თანამედროვე მწერლები, როგორებიც არიან ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი და სხვები, ხშირად საუბრობენ ყოფიერების საშინელ აბსურდზე. ეს მწერლები, რომანტიკოსები, ფილოსოფოსები, დრამატურგები საუბრობენ ათეისტური მსოფლმხედველობის პოზიციიდან. მათ რაღაცნაირად ვერ შეამჩნიეს ერთი რამ, როდესაც ისინი სამყაროს აბსურდულობაზე, უაზრობაზე საუბრობენ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ადამიანში „აზრის“ გაგების, გააზრების საპირისპირო აღქმა დევს. ვინც ვერ გრძნობს და ვერ აღიქვამს სამყაროს საზრისს, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის აბსურდი. ის არასდროს შეწუხდება „აბსურდის“ გამო, ის მასთან ერთად იცხოვრებს, როგორც თევზი წყალში. როდესაც ადამიანი აბსურდსა და სამყაროს უაზრობაზე იწყებს საუბარს, უკვე თავისთავად მეტყველებს ცხოვრების „საზრისის“ არსებობაზე.
ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, განვიცადოთ შინაგანი გადატრიალება და ვუთხრათ რეალობას – დიახ, თვალებში შევხედოთ იმას, რაც ასე საშიშად წარმოგვიდგენია. სწორედ მაშინ ამ ქაოსიდან, აბსურდულობიდან, მყოფადობის საშინელებიდან დავინახავთ, რომ როგორც მზე ღრუბლებს მიღმა, ისე გვიცქერს ღმერთის თვალი. ღმერთი პიროვნებაა და პიროვნება გამოხატულია ადამიანში, რადგან ადამიანი მის მსგავსად და ხატად შეიქმნა. სწორედ ამ პიროვნულობიდან გამომდინარე, ჩვენ უფალთან საუბარი და მასთან ურთიერთობაც შეგვიძლია. სწორედ ასე, ურთიერთობისას წარმოიშვა შეთანხმება, კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელსაც ძველი აღთქმა ეწოდა.
ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნეში კი ესაია წინასწარმეტყველი წერს: „ასე ამბობს უფალი. დავუდებ ახალ აღთქმას ჩემს ერს, ახალი აღთქმა, რომელიც არ იქნება უწინდელის მსგავსი. ის გულებზე ამოიტვიფრება.“ და იესო ქრისტე მოევლინა ქვეყანას, აღთქმული მესია, კაცობრიობის მხსნელი, ის, ვინც რელიგიაზე მეტია, კონცეფციაზე მეტი, ფილოსოფიაზე მეტი, იდეაზე მეტი. ის, ვინც თავადაა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
ჩვენი წელთაღრიცხვით ოცდამეათე წლის გაზაფხულს, იესო ნაზარეველმა მოციქულებთან ერთად ჭამა პასექი და აღავლინა პირველი ზიარება ახალ აღთქმაში. აქ არ იყო ძველი აღთქმისეული კრავის სისხლი, აქ იყო ღვინო და პური. მან გატეხა და თქვა: „ეს ჩემი სხეულია, როგორც სამსხვერპლო კრავი“. ჩამოატარა სასმისი და თქვა: „ეს ჩემი სისხლია, რომელიც თქვენთვის იღვრება, ესაა ახალი აღთქმა ჩემს სისხლში“.
ამ სახით, წმინდა სერობისას, ღმერთი და ადამიანი გაერთიანდნენ არა ფიზიკურ სისხლში, არამედ სულიერ და სიმბოლურ სისხლში. ღმერთმა თავისი თავი დადო სამსხვერპლოზე კაცთათვის. იმ წუთიდან, იმ ღამის შემდგომ, არ წყვეტს ეს მსხვერპლი აღვლენას და ხდება ევქარისტია, ზიარება.
იესომ დედამიწაზე ყოფნისას თქვა: „ახალ მცნებას გიდებთ – გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. ადრეც არსებობდა მცნება სიყვარულზე: „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. ქრისტემ ამას სრულიად სხვა ჟღერადობა შესძინა – „როგორც მე შეგიყვარეთ“, ის ჩვენ მიმართ სიყვარულის გამო მოევლინა ამ ცოდვილ, ჭუჭყიან და სისხლიან მიწას. ეს თავგანწირვით სიყვარულია, ამიტომაც ამბობს: „ვისაც სურს, რომ გამომყვეს, მიატოვოს თავისი თავი“. ეს გულისხმობს, რომ ადამიანმა უნდა მიატოვოს თავისი ეგოცენტრულობა, სხვა სიტყვებით – აიღოს თავისი ჯვარი და სიხარულშიც და ტანჯვაშიც გაჰყვეს იესოს…
P.S. იესო ქრისტეა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ქრისტიანობა გზაა, რომელიც მარადისობაში მიდის. ის არ ჰგავს სხვა რომელიმე რელიგიას, არც რელიგიების კრებულია, არამედ გზაა მარადისობისკენ. ქრისტიანობა რელიგიაზე მეტია.
ავტორი: ალექსანდრე მენი (ამონარიდი 1990 წლის 8 სექტემბრის ლექციიდან).