ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ მისი რწმენა ჭეშმარიტია და საერთოდ, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება მათ გვერდს არ კი არა, ვერ აუვლის.
ისიც გვინახავს, ალბათ, როცა ადამიანს ადამიანის (საკუთარი ან შეიძლება სხვისიც) ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია, ვიდრე ღმერთის სიტყვა.
თავი ყველას მორწმუნე ჰგონია, ყველა ფიქრობს, რომ ის არის ქრისტიანი.
ჩვენ ყველანი ასეთები ვართ. ჩვენს ქრისტიანობაში გვემოწმებიან ჩვენი მოძღვრები, მეგობრები, ახლობლები და საკუთარი თავიც კი, მაგრამ არის ეს მოწმობები საკმარისი იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულნი ჩვენს ქრისტიანობაში?
მოკრძალებით შეგეკითხებით, ხომ არ აჯობებდა, ეს საკითხი თავად იესო ქრისტესთან შეგვეთანხმებინა? ვინ არის მისაღები და მოსაწონი უფლისთვის? ეს კითხვა უფალს ეკუთვნის და ნება მომეცით, გკითხოთ, ვინ მისცა უფლება ადამიანს, რომ მეორე პიროვნებას ქრისტიანობა თავისი შეხედულებისამებრ დაუხარისხოს?
იესომ თქვა: „ვინც ისმენს და ასრულებს ჩემს სიტყვას…“ ჯერ ისმენს და შემდეგ ასრულებს. რომელ სიტყვას? რომელი სიტყვა მიეცათ ღმერთისგან ქრისტიანებს? ესაა „ახალი აღთქმა“.
ამ წიგნშია გადმოცემული ღმერთის ნება, ის, რაც მოსწონს უფალს. მე ბევრი სხვა რელიგიური წიგნებიც მომწონს, მაგრამ თუ რომელიმე წიგნი ეწინააღმდეგება „ახალ აღთქმას“, მაშინ ვაკეთებ არჩევანს.
ღმერთის სიტყვას არ აქვს ალტერნატივა, ღმერთის სიტყვა – ეს თავად იესო ქრისტეა. ხოლო იესო არის ჭეშმარიტება. მე მხოლოდ ამ უკვდავ, მარადიულ და სიყვარულით სავსე ჭეშმარიტებას ვცნობ და ვენდობი.
ჩემი მოკრძალებული თხოვნაა: მიენდე შენც ღმერთის სიტყვას და შენს გულში გაცოცხლდება ჭეშმარიტება, სამყაროს მხსნელი, მარადიულობის მეფე: იესო ქრისტე.