ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

შთამომავლობითი წყევლა – მითი თუ რეალობა

by ნატალია ჩიქოვანი 4 თებერვალი, 2021
4 თებერვალი, 2021 7.1K ნახვა

სტატია მოიცავს თემას, მოქმედებს თუ არა ქრისტიანის ცხოვრებაში შთამომავლობითი წყევლა და ხდება თუ არა მისგან განთავისუფლება…

ბოლო დროს ძალიან გავრცელებული და პოპულარულია მსახურებათა ჩატარება სახელწოდებით  „შთამომავლობითი წყევლის განადგურება.“

მე გამომაქვს დასკვნა, რომ „მორწმუნე“ ქრისტიანთა რიცხვიდან ასეთი მსახურებები იზიდავთ მათ, ვინც არც თუ ისე დარწმუნებულია იმაში, რომ ღმერთის წინაშე წრფელი მონანიების დროს, მას ეპატიება ყველა ცოდვა.

როგორც წესი, ქრისტიანულ მასმედიაში მსგავს მსახურებათა შესახებ წერენ: „ბევრი ადამიანი იკურნება ამ მსახურებებზე, თავისუფლდება რაიმეზე დამოკიდებულებისგან, მათი ცხოვრებიდან ქარწყლდება წყევლა. თაობიდან თაობაში გარდამავალი ავადმყოფობანი, განქორწინებანი, ვალები, თაობებში ადრეულ ასაკში ადამიანთა სიკვდილიანობა – ეს ყველაფერი არის შთამომავლობითი წყევლის ნიშნები. ამ მსახურებაზე ჩვენ ვლოცულობდით ღვთის წინაშე იმისათვის, რომ ყველა ეს წყევლა გაქარწყლდეს იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც აქ მოვიდნენ.“ 

მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ადამიანები ამ მსახურებებზე შეიძლება განიკურნონ ან განთავისუფლდნენ რაიმეზე დამოკიდებულებისგან, მაგრამ არ ვეთანხმები (თანაც კატეგორიულად), რომ ასეთ მსახურებებზე ხდება წყევლის განადგურება ადამიანთა ცხოვრებაში, თანაც შთამომავლობითი წყევლის და მით უმეტეს მათ ცხოვრებაში, ვინც ქრისტეს საკუთარ უფლად და მხსნელად აღიარებენ. მიმაჩნია, რომ მათ (ამ „მასწავლებლებსა“ და „მქადაგებლებს,“ რომელთაც გაურკვეველია, სად მიიღეს განათლება), ვინც ატარებენ მსგავს მსახურებებს და ხალხს ასეთ „ერესს“ ასწავლიან, უნდა რცხვენოდეთ, რომ ისინი ესოდენ ამახინჯებენ ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილსა და მონანიების არსს.

ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი საკმარისი იყო იმისათვის, რომ წარეხოცა არა მხოლოდ მთელი კაცობრიობის ცოდვები, არამედ ყველა წყევლაც, რაც შეიძლება ადამიანის ძველი (მონანიებამდე) ცხოვრებისგან ყოფილიყო თავსდატეხილი.

ღმერთი ამბობს, რომ ის ისე განგვაშორებს ჩვენს ცოდვებს, თითქოს ყრიდეს მათ თავის ზურგს უკან (ესაია 38:17); თუ ჩვენი ცოდვები ყირმიზივითაა, ის თოვლივით ასპეტაკებს მათ, თუ ცოდვები ჭიაფერივით წითელია – მატყლივით აქცევს მათ (ესაია 1:18). ღმერთი თავის წინაშე აცხადებს ცოდვილს მართლად, სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა „გამართლება.“ თუ ჩვენ სასამართლო პრაქტიკას გადავხედავთ, მართალი არის ის, ვინც უდანაშაულოდ გამოცხადდება, ანუ ის, ვინც იცავს კანონს. ცოდვის სასჯელი იტვირთა ქრისტემ, ამგვარად, კანონის მოთხოვნა სამართლიანი სასჯელის შესახებ, აღსრულებულია.

როგორც ერთმა ავტორმა თქვა თავის საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოში: „ქრისტე და მორწმუნე არ დგანან ერთმანეთისგან შორს და საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს ღმერთს, როდესაც ის უყურებს მორწმუნეს, არ შეუძლია დაინახოს ქრისტე თავისი სიმართლით, თითქოს თვალთმაქცობდეს, რომ ხედავს ორივეს ერთად. არა, ქრისტე და მორწმუნე გაერთიანდნენ ისეთ კავშირში, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტეს სულიერი აქტივები და მორწმუნის სულიერი აქტივები და ვალები გაერთიანებულია ერთ ანგარიშში. ამიტომ, მამა ღმერთი, როდესაც მორწმუნეს უყურებს, ხედავს არა მხოლოდ მას, არამედ ხედავს მას ქრისტესთან ერთად და გამართლების აქტით ამართლებს ორივეს. ღმერთი თითქოს ამბობს: „ისინი მართალნი (გამართლებულები) არიან.“ ეს კავშირი ჰგავს მეუღლეთა კავშირს, რომლებიც ქორწინებით აერთიანებენ საკუთარ ქონებასა და ვალდებულებებს. როდესაც მათი ქონება გაერთიანებულია ერთ ანგარიშად, ერთ-ერთი მეუღლის ფინანსები ფარავს მეორე მეუღლის დავალიანებებს და ამგვარად მიიღება დადებითი ბალანსი.“

მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.

საქმეები 3:19

ღაღადებს ღმერთი მოციქულ პეტრეს ბაგით. „და მოდგმის წყევლას რა დაემართა?“ – ამტკიცებს ღმერთის ყოვლისმომცველ პატიებაში დაეჭვებულ ქრისტიანთა ბრბო. დასახმარებლად მოდის მეორე რჯულის წიგნის ავტორი, რომელიც ხმამაღლა მიმართავს მშიშრებს, რომ ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ სიკვდილით მამების ცოდვების გამო, არამედ ყოველი ადამიანი უნდა დაისაჯოს სიკვდილით თავისი შეცოდების გამო“ (მეორე რჯული 24:16). ეს სიტყვები საგონებელში აგდებს ყველას, ვისაც ჯერ კიდევ სწამს ავგუსტინეს სწავლების პირველყოფილ ცოდვაზე, რომელიც თითქოს „სქესობრივი ურთიერთობების“ მეშვეობით გადადის (სხვათა შორის, ეს სწავლება დაფიძნებულია ბიბლიის ერთადერთ მუხლზე, სადაც დავითი ამბობს:

აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.

ფსალმუნი 50:5

გარდა ამისა, ჩვენ გვეხმარება აგრეთვე ძველი აღთქმის კიდევ ერთი წინასწარმეტყველი ეზეკიელი, ვისი მეშვეობითაც უფალი ამბობს:

ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?

ეზეკიელი 18:2

ვიღაცას, ჯერ ისევ ეჭვით შეპყრობილი ბრბოდან, გამოჰყავს ბრმა ადამიანი და კითხულობს თუ ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ის რომ ბრმა დაიბადა (ამით კი გულისხმობს იმას, რომ ეს ავადმყოფობა შთამომავლობით გადავიდა მასზე). ამაზე თავად უფალი იესო პასუხობს:

არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.

იოანე 9:2-3

ქრისტიანული მასმედიის ცნობილი წარმომადგენელი ცდილობს ბრბოს პროვოცირებას და გაჰყვირის, რომ სწორედ წყევლათა გამო (კერძოდ კი, ჰომოსექსუალიზმის) ერთად იქნა თავმოყრილი და განადგურებული ათასობით ცოდვილი ნიუ-იორკის აფეთქებული სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში (11.09.2001), რაზეც მკაცრ პასუხს იღებს: „ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა…“ (ლუკა 13:4-5).

ვუსურვებ ყველას, ვინც ამ მცდარ შეხედულებათა ტყვე გახდა, უფრო ხშირად გაიხსენოს წინასწარმეტყველის სიტყვები: „მოიქეცით და იცოცხლებთ!“ (ეზეკ.18:32). იცხოვრეთ ნორმალურად, იცხოვრეთ იმ რწმენით, რომ თქვენი ცოდვები მიტევებული და მათთან ერთად წაშლილი და წარხოცილია ყველა ე.წ. „შთამომავლობითი წყევლა.“ ღმერთი გიყურებთ თქვენ როგორც სუფთა ფურცელს. ის თუ არ იხსენებს თქვენს ცოდვებს, ჩვენ რატომღა უნდა გავიხსენოთ წარსული? ნუ ჩავცვივდებით უკიდურესობაში, რადგან ფიზიკური სიკვდილი, მამაკაცის მძიმე სამუშაო და ქალის სამშობიარო ტკივილები არის აგრეთვე იმ  წყევლის ნაწილი, რომლითაც ღმერთმა დასწყევლა ადამიანები (დაბ. მე-3 თავი), მაგრამ ჩვენი მქადაგებლები რატომღაც არ ებრძვიან შთამომავლობითი წყევლის ამ შედეგებს.

მითი შთამომავლობითი წყევლის შესახებ

„შთამომავლობითი წყევლა არის წყევლა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. შთამომავლობითი წყევლა შეიძლება იყოს წინაპართა უარყოფით საქციელთა შედეგი ან მათი დასჯის მიზნით მიზანმიმართული ზემოქმედება მათზე“ (რუსეთის მკურნალთა გაერთიანების საიტი).

„თითქმის ყოველთვის თავდაპირველად დგას შთამომავლობითი წყევლის სტრუქტურა, როდესაც თქვენს წინაპრებს მოუწიათ შეხება ბოროტ მაგიასთან და შემდეგ მემკვიდრეობით მატულობდა უბედურებანი, რომელნიც თაობიდან თაობაში გადადიოდა უფრო და უფრო ძლიერ“ (საიტი სახელწოდებით „ჯადოქრის გვერდი“).

„დაცვა შთამომავლობითი წყევლისაგან. ასეთი დაცვა შედის დიდი მაგიური ცერემონიების რიცხვში“ ( პრაქტიკული მაგიის პორტალი).

„როგორ გავანადგუროთ შთამომავლობითი წყევლა:
‘თუ თქვენი მამა იყო ლოთი, ბოროტი სულები თქვენ თვალს გადევნებენ დაბადებიდან… ასეთი სახით წყევლა გადადის თაობიდან თაობაში“ 
 (ქარიზმატული საიტი).

შთამომავლობითი წყევლის გაუქმების მსახურება –  25 აპრილს ყინულის სასახლეში დნეპროპეტროვსკში (უკრაინა) ევანგელისტმა ვლადიმერ მუნტიანმა ჩაატარა შთამომავლობითი წყევლის მოხსნის მსახურება, რომელსაც ესწრებოდა 6000 ადამიანი.

მე უკვე დიდი ხანია მაკვირვებს ზოგიერთი ქარიზმატული მსახურის და ოკულტური მკურნალების ტერმინოლოგიისა და პრაქტიკის საოცარი მსგავსება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება, ეგრეთ წოდებულ „შთამომავლობით წყევლას.“ ორივეგან მოცემულია სპეციალური მეთოდიკა ასეთი წყეელის მოხსნის, მითითებულია სპეციალური ლოცვები, აღწერილია საჭირო რიტუალები… ჯადოქრები და ოკულტისტი მკურნალები, რბილად რომ ვთქვათ, სწავლების არც თუ ისე კარგი წყაროა ადამიანისთვის, რომელიც თავის თავს ქრისტიან მსახურს უწოდებს.

მაგრამ მე, როგორც ცნობილია, რბილად და შელამაზებით საუბარი არ ვიცი, ამიტომ ვიტყვი მკაცრად: შთამომავლობითი წყევლის შესახებ სწავლება უბრალოდ მითი კი არ არის, არამედ საძაგლობაა ღმერთისთვის. საძაგლობაა, რადგან ის ეწინააღმდეგება ბიბლიურ გაგებას ღმერთის ხასიათის შესახებ და ამახინჯებს იესო ქრისტეს სახარების არსს.

მოდით, ყველაფერი გავარკვიოთ…

1) სწავლება „შთამომავლობითი წყევლის შესახებ“ არ არის დაფუძნებული ბიბლიაზე

ჩვეულებრივ, შთამომავლობითი წყევლის თეორიის აპოლოგეტები იშველიებენ მოსეს მეორე მცნების ტექსტს:

…მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.

გამოსვლა 20:5-6

ბიბლიის ამ მუხლების მიუხედავად, ეს სიტყვები, მამების ცოდვების გამო შვილების დასჯის შესახებ, არ შეიძლება გამოვიყენოთ მორწმუნე ადამიანთან მიმართებით!

აქ საუბარია ურწმუნო შვილებზე, რომლებიც მამებმა აღზარდეს ურწმუნოებაში და ისინი ამ ურწმუნოებაში საკუთარი ნებით დარჩნენ.

აქ უბრალოდ ნათქვამი არ არის ის, თუ რა მოუვა ურწმუნო და ცოდვილი მამის შვილს, თუ ის ღმერთისკენ მოიქცევა და შეიყვარებს მას და დაიცავს მის მცნებებს.

მოხდება შემდეგი რამ: ღმერთის სასჯელი მაშინვე შეწყდება და ამოქმედდება ღმერთის კურთხევა. ასე იყო ძველაღთქმისეულ პერიოდშიც (არ დაინანოთ დრო და წაიკითხეთ ციტატა თავიდან ბოლომდე):

ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს. თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა, არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და წიდოვან ცოლს არ ეკარება; არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს; სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის, ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი. რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი რამის ჩამდენი, არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს, ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს, სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი. აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა. არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს, არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს, ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს! მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში, თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;

ეზეკიელი 18:2-21

აქედან ცხადად ვხედავთ, რომ სასჯელი წყდება იმ მომენტში, როდესაც უმართლო და უწმინდური მამის შთამომავალი მოექცევა უფლისკენ და პირიქით, თუ მართალი შვილი განუდგება ღმერთს, წყევლა ისევ დაიწყებს მოქმედებას მასზე! (ეზეკიელის 18:24) ღმერთს საქმე აქვს პიროვნებებსა და მათ არჩევანთან. ამიტომ ის არ მოქმედებს ბრმად!

წმინდა წერილი გვეუბნება, რომ იგივე პრინციპია შენარჩუნებული ახალი აღთქმის ეპოქაშიც!

იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: ‘მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო!’ რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება; ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება. აჰა, მოდის დღეები,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას.’

იერემია 31:29-31

ბიბლია მოგვითხრობს იმ ადამიანთა მაგალითებზე, რომელთა უბრალო რწმენამ გაანადგურა ყოველგვარი წყევლა სპეციალური მსახურებების, ლოცვებისა და რიტუალების გარეშე. მაგალითად, მოაბელი რუთი შევიდა ქრისტეს გენეალოგიაში (წაიკითხეთ შთამომავლობითი კურთხევა) იმის წყალობით, რომ გახდა დავით მეფის დიდი ბებია. არადა, როგორი ძლიერი შთამომავლობითი წყევლა იყო მის ერზე!

ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, მათი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში უკუნისამდე.

მეორე რჯული 23:3

თუმცაღა, ეს შთამომავლობითი წყევლა მოიხსნა, როგორც კი რუთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოექცა.

სხვათა შორის, ქრისტეს გენეალოგია გვიჩვენებს, რომ მამების ცოდვებმა ან სიწმინდემ შეიძლება გავლენა იქონიოს ან არ იქონიოს შვილებზე. თავად განსაჯეთ:

  • კეთილმა ასამ შვა კეთილი იოშაფატი.
  • კეთილმა იოშაფატმა შვა ბოროტი იორამი.
  • ბოროტმა იორამმა შვა ბოროტი ყუზია.
  • ბოროტმა ახაზიამ შვა კეთილი იოაში, რომელიც შემდგომ გაირყვნა.
  • ბოროტმა მენაშე, რომელმაც შემდგომ მოინანია, შვა ბოროტი ყამონი.
  • ბოროტმა ახაზმა შვა კეთილი ხიზკიაჰუ.

არსებობს ერთი კარგი იგავი ამ თემასთან დაკავშირებით:

ოჯახში იყო 2 ვაჟი, ორივე გაიზარდა, ერთი გახდა ლოთი, მეორე კი საერთოდარ ეკარებოდა სასმელს. ჰკითხეს პირველს:

–        რატომ სვამ?

–        იმიტომ, რომ მამაჩემი სვამდა.

მეორე შვილს ჰკითხეს:

–        შენ რატომ არ სვამ?

–        იმიტომ, რომ მამაჩემი სვამდა.

ყველაფერი შენს არჩევანზეა დამოკიდებული; რას აირჩევ: სიცოცხლეს თუ სიკვდილს, კურთხევას თუ წყევლას… ყველაფერი ძველებურად რჩება.

„შთამომავლობითი წყევლის“ მქადაგებლებს რაიმე სახის არაბიბლიური პრაქტიკა რომ შეექმნათ, ეს მხოლოდ ერთი უბედურება იქნებოდა, მაგრამ გაცილებით უფრო უარესია ის ფაქტი, რომ…

2) შთამომავლობით წყევლაზე სწავლება ქმნის ღმერთის ხასიათის კარიკატურას

შთამომავლობითი წყევლის მომხრეები ქადაგებენ გულგრილი და სუსტი ღმერის შესახებ, რომელსაც არ შეუძლია პირადი ურთიერთობები დაამყაროს თავის მიერ დახსნილ ადამიანთან. ასეთი მქადაგებლების „ღმერთი“ იძულებულია „დაუმორჩილოს“ ადამიანები თავის წყევლას და არ ხსნის ამ წყევლას სპეციალური „ჯადოსნური, განმანთავისუფლებელი ლოცვების“ გარეშე. ასეთი „ღმერთი“ ძალზე შორსაა ბიბლიისეული ღმერთისგან. ის უფრო კარმას ინდუისტურ კანონს წააგავს.

ინდუისტებს აქვთ ლეგენდა ერთ მეფეზე, რომელმაც თავისი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს უხვად დაასაჩუქრა ბრძენკაცები, მაგრამ დაავიწყდა ძღვენი მიერთმია იქ მყოფი ერთი ბრძენკაცისთვის. მან კი, საშინლად დამცირებულმა, დასწყევლა მეფე. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მეფე ფეხებში ჩაუვარდა და პატიებას სთხოვდა, მაგრამ ბრძენკაცმა უთხრა, რომ უკვე გვიანი იყო: წყევლამ დაიწყო მოქმედება და მისი გაჩერება შეუძლებელი იყო – მეფე დაკარგავდა ტახტს…

მაგრამ ღმერთი, რომელიც წმინდა წერილში გვეცხადება, სულაც არ არის ასეთი! მას შესწევს ძალა გაანადგუროს ცოდვის გამო წარმოქმნილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ ჩვენი გუშინდელი ცოდვა არ დატოვებს არანაირ კვალს დღევანდელ დღეზე.

შთამომავლობითი წყევლის აპოლოგეტების „ღმერთი“ მეწვრილმანეა და ადამიანთა დასაღუპად მიზეზებს ეძებს. ასე წარმოედგინათ ღმერთი იობის მეგობრებსაც. ელიფაზი ღმერთის ხასიათის შესახებ დასაგმობ სიტყვებს ამბობს:

აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!

იობი 4:18

ელიფაზის ღმერთი ჭირვეული და დესპოტურია. განა გასაკვირია, რომ ელიფაზის მსგავსი მქადაგებლები მზად უნდა იყვნენ მოისმინონ ღმერთის სიტყვები:

აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.

იობი 42:7

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე დიდი საძაგლობა ისაა, რომ…

3) „შთამომავლობითი წყველის“ შესახებ სწავლება ამახინჯებს ქრისტეს სახარებას

მქადაგებლები, რომლებიც აშინებენ მორწმუნეებს შთამომავლობითი წყევლით და სთავაზობენ ხანგრძლივ ცერემონიებს, სპეციალურ „გამანადგურებელ“ ლოცვებს – გმობენ და უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ ქრისტეს სახარებას.

მათი სწავლების მიხედვით, ქრისტეს არ შესწევს ძალა მაშინვე გაათავისუფლოს ადამიანი წყევლისაგან. ისინი ქმნიან ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა „შვიდი ნაბიჯი სულიერი თავისუფლებისკენ“ მაშინ, როდესაც სახარება გვაუწყებს მხოლოდ ერთი პროგრამის შესახებ: „ერთი ნაბიჯი!“ და ეს არის ნაბიჯი ქრისტესკენ!

შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.

იოანე 8:32; 36

წმინდა წერილი არ გვასწავლის იმას, რომ თუ  ქრისტე მივიღეთ რწმენით, სულიერი სრულყოფილებისათვის დამატებითი წყაროების ძიება გვჭირდება.

ბიბლია ცხადათ გვეუბნება: სრულყოფილება მხოლოდ ქრისტეშია! არ ეძებოთ სხვა რამ!

რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.

ებრაელთა 10:14

ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში.რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.

კოლასელთა 2:6-7

ქრისტეშია ყოველგვარი წყევლისგან გათავისუფლება! ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე“ (გალატელთა 3:13).

ის ადამიანები კი, ვინც ეძიებენ „საოცარ და ჯადოსნურ“ მქადაგებლებს, რომლებიც ლოცვით ანადგურებენ შთამომავლობით წყევლას, უბრალოდ არ ენდობიან ქრისტეს და არ სწამთ მისი სახარება.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ ადგილი ეშმაკს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვაწარმოოთ სულიერი ომი, რათა შევებრძოლოთ მას, ვინც ცხოვრობს „ცოდვის რკინის სასახლეში.“

წმინდა წერილი არსად არ ამბობს იმას, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ქრისტე წყევლას გადაგვცემს იმის გამო, რომ ჩემი ბებია (ან სხვა ვინმე წინაპარი) მარჩიელობდა ან ჯადოქრობდა (ან რაიმე საძაგლობას აკეთებდა). ბებია მოკვდება თავისი ცოდვების გამო, თუ არ მოინანიებს! ბაბუაც, ბიძიაც… ღმერთი თითოეულს პირადად გვკითხავს: გწამდა ქრისტესი, თუ არა?

სწორედ ამაშია სახარების მთელი არსი! იწამე ქრისტე იესო და გექნება უხვი შთამომავლობითი კურთხევანი!

შთამომავლობითი წყევლა კი საძაგლობა და მითია, თანაც განადგურებული!


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები