ღვთის ძე ადამიანად იმიტომ იქცა, რომ ადამიანებისთვის ღვთის შვილებად გახდომის ნიჭი ებოძებინა. ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, რა მოხდებოდა, კაცობრიობა ღვთის წინააღმდეგ რომ არ აჯანყებულიყო და მტრის ბანაკს არ მიმხრობოდა. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში, თითოეულ ადამიანს ეცხოვრა ქრისტეში და დაბადებისთანავე მისი სიცოცხლის მონაწილე ყოფილიყო. შესაძლოა, ბიოსი თანდათან გადაზრდილიყო სიცოცხლის უმაღლეს ფორმაში, მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, ჩვენ კი გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა.
სიცოცხლის ორი ფორმა არა მარტო განსხვავდება ერთმანეთისაგან, არამედ უპირისპირდება კიდეც ერთიმეორეს. ბუნებრივ სიცოცხლეს ეგოცენტრულობა ახასიათებს, ის ყურადღებას და აღფრთოვანებას ითხოვს. ის სხვათა ხარჯზე უპირატესობის მოპოვებისა და მათი ექსპლუატაციისკენაა მიდრეკილი. ყველაზე მეტად კი ამ სიცოცხლეს ის სურს, რომ თავი დაანებონ და განზე იდგეს იმისგან, რაც მასზე უკეთესი, ძლიერი ან მაღალია, ანუ გაერიდოს ყველაფერს, რის წინაშეც თავს პაწაწინად და უმნიშვნელოდ გრძნობს. მას სულიერი სინათლის ისევე ეშინია, როგორც სიბინძურეში გაზრდილ ადამიანებს ეშინიათ აბაზანის. გარკვეულწილად, ის მართალიც არის. მან არ იცის, რომ თუ სულიერმა სიცოცხლემ ის თავის ორბიტაში ჩართო, მთელი მისი ეგოცენტრულობა და თვითნებობა ჩაკვდება. სწორედ ამიტომ არის ის მზად, ბოლომდე იბრძოლოს და თავიდან აიცილოს „არასასურველი“ მომავალი.
გიფიქრიათ ბავშვობაში იმაზე, თუ რა საინტერესო იქნებოდა, თქვენი სათამაშოები რომ გაცოცხლებულიყვნენ? წარმოვიდგინოთ, რომ ისინი მართლაც გაცოცხლდნენ. აი, კალისაგან გაკეთებული ჯარისკაცები თქვენ წინ ნამდვილ ადამიანებად გადაიქცნენ. კალა ხორცად იქცა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჯარისკაცს ეს არ მოსწონს, რადგან ფიქრობს, რომ კალა გაფუჭდა და მას მოკლავენ. სათამაშო კაცუნა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეგიშალოთ; ის არასდროს გადაიქცეოდა ადამიანად, მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.
მე არ ვიცი, რას უზამდით თქვენს ჯიუტ სათამაშო კაცუნას, ღმერთმა კი, აი, რა გააკეთა: ღვთაებრივი სამების მეორე პირი, ღვთის ძე, ადამიანად გადაიქცა. ის დაიბადა, როგორც ადამიანი, ნამდვილი, რეალური ადამიანი, რომელსაც აქვს სიმაღლე, თმის ფერი, წონა და გარკვეულ ენაზე მეტყველებს. ის მარადმყოფია, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი იცის; მხოლოდ ადამიანად კი არა, ჩვილად, უფრო ადრე კი ჩანასახად იქცა ქალის წიაღში. თქვენ თუ გსურთ, იცოდეთ, რას ნიშნავდა ეს, წარმოიდგინეთ, როგორ მოგეწონებოდათ, ლორწოდ ან კიბორჩხალად რომ გადაქცეულიყავით.
ასე გამოჩნდა ჩვენს ადამიანურ ოჯახში კაცი, რომელშიც აღსრულდა ის, რაც თითოეულ ჩვენგანში უნდა აღსრულებულიყო. კაცი, რომელშიც დედისგან მიღებული ბიოლოგიური სიცოცხლე მთლიანად და სრულად გარდაიქმნა სულიერ სიცოცხლედ. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობამ ერთ წამში მიაღწია თავისი დანიშნულების პუნქტს, შეუერთდა ქრისტეს სიცოცხლეს და რადგან ჩვენთვის სირთულეს ბიოლოგიური სიცოცხლის კვდომა წარმოადგენს, ქრისტემ ცხოვრების ისეთი გზა აირჩია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე კლავდა მასში ადამიანურ სურვილებს. მან განიცადა სიღატაკე, ოჯახისგან განდგომა, უახლოესი მეგობრისგან ღალატი. მას სდევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ, ბოლოს კი ტანჯვა-წამებით მოკლეს. მას შემდეგ, რაც იგი მოკლეს, მისი ადამიანური ბუნება, ღვთის ძესთან ორგანული ერთიანობის წყალობით, კვლავ აღდგა სასიცოცხლოდ. ადამიანი აღდგა ქრისტეში მკვდრეთით. ადამიანი, და არა მხოლოდ ღმერთი! ეს არის მთავარი. პირველად ვნახეთ ნამდვილი ადამიანი. ერთმა სათამაშო ჯარისკაცმა – ისეთივემ, როგორებიც სხვები არიან – გაიმარჯვა და გაცოცხლდა.
აქაც უკვე მივუახლოვდით იმ წერტილს, სადაც ჩემი მაგალითი აღარ გამოდგება. იმას, რომ ერთ-ერთი სათამაშო ჯარისკაცი გაცოცხლდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვებისათვის. ისინი თავისთავად არსებობენ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ადამიანებთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა. ისინი მხოლოდ გამოიყურებიან ცალკეულ ორგანიზმებად, რადგან ხედავთ, რომ დამოუკიდებლად დადიან და მოძრაობენ, თუმცა ჩვენ იმგვარად ვართ შექმნილნი, რომ მხოლოდ აწმყოს ჭვრეტა შეგვიძლია.
ჩვენ რომ წარსულის დანახვა შეგვეძლოს, ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდებოდა. თითოეული ადამიანი ოდესღაც საკუთარი დედის ნაწილი იყო. უფრო ადრე კი მამისა, ისინი კი, თავის მხრივ − ბებიებისა და ბაბუებისა… თქვენ რომ კაცობრიობას ერთბაშად, დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში ხედავდეთ, ისევე, როგორც ღმერთი ხედავს მას, ის აქა-იქ გაფანტული წერტილების მასად კი არ წარმოგიდგებოდათ, არამედ ერთიან ორგანიზმად, რომელიც უფრო მეტად გიგანტურ, განტოტვილ ხეს წააგავს. თქვენ დაინახავდით, რომ თითოეული ადამიანი დაკავშირებულია ყველა დანარჩენთან, და არა მარტო. თითოეული მამაკაცი და ქალი, თითოეული ბავშვი სამყაროში გრძნობს და სუნთქავს ამჟამად, სწორედ ამწუთას, მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი ამაგრებს მასში სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, ქრისტეს ადამიანად ქცევა არ იყო იგივე, რაც სათამაშო კაცუნას გაცოცხლება. მის მოვლინებაზე ამგვარი რამის თქმა შეიძლება: რაღაცამ, რომელიც გამუდმებით ზემოქმედებდა კაცობრიობაზე, გარკვეულ მომენტში სხვაგვარად დაიწყო ზემოქმედება. ეს ზემოქმედება იმ ადამიანებზეც ვრცელდება, ვინც ქრისტეს მოვლინებამდე ცხოვრობდა და მათზეც, ვისაც არაფერი სმენია მის შესახებ. ისევე, როგორც ჭიქაში ჩაგდებული რომელიღაც ნივთიერების წვეთი ანიჭებს მთელ წყალს ახალ გემოსა და ფერს. უეჭველია, არც ერთი ილუსტრაცია არ ასახავს ზუსტად ჭეშმარიტ ვითარებას. ღმერთს ვერაფერს შევადარებთ. მის საქციელს ანალოგი არ მოეძებნება და ტყუილად ვცდილობთ, ის რაიმეს მივამსგავსოთ.
როგორ შეცვალა მან კაცობრიობა? მან ადამიანი ღვთის ძედ აქცია; შექმნილი არსება მისგან ნაშობად გარდაქმნა; დროებითი ბიოლოგიური სიცოცხლე მარადიულ, სულიერ სიცოცხლედ გადააქცია. ეს ყველაფერი კი ჩვენ გამო და ჩვენთვის მოიმოქმედა. კაცობრიობა არსებითად უკვე გადარჩენილია. ახლა ცალკეულმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ ამ გადარჩენით, თითოეულმა მათგანმა თავად უნდა იმოქმედოს. ამ პროცესის ყველაზე რთული ნაწილია ის, რომელსაც ჩვენ ვერ შევასრულებდით, თავად ღმერთმა ითავა ჩვენ მაგიერ. არ არის საჭირო, რომ ჩვენ საკუთარი ძალისხმევით ვცდილობდეთ სულიერ სიცოცხლესთან მიახლოებას. ეს სიცოცხლე უკვე დაეშვა მიწაზე. გულს თუ გავუხსნით ადამიანს, რომელშიც სუფევს ეს სიცოცხლე მთელი თავისი სისრულით და რომელიც ღმერთად ყოფნასთან ერთად, ნამდვილი ადამიანიცაა, ის მოიმოქმედებს ამას ჩვენში და ჩვენ ნაცვლად. გახსოვთ, რა ვთქვი „სასიკეთო ინფექციის“ თაობაზე? ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთ წარმომადგენელს აქვს ეს სიცოცხლე და ჩვენც „გადაგვედება“, თუ ახლოს მივალთ მასთან.
ავტორი: კლაივ ლუისი