ასტროლოგია (ბერძ. Astron − ვარსკვლავი; logos − მოძღვრება) — ფსევდომეცნიერება, რომელიც აცხადებს, რომ ციური სხეულების, ძირითადად, პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახელების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა.
ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე, ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
რა არის ზოდიაქო? როდის და სად შეიქმნა თავდაპირველად ზოდიაქოს ნიშნები?
ასტრონომიასა და ასტროლოგიაში ზოდიაქო არის ეკლიპტიკის გასწვრივ არსებული სარტყელი, რომელზეც გადის მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების გზა. ყველაზე ცნობილია ზოდიაქო, რომელიც შედგება თორმეტი ნიშნისგან და რომელიც ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში ჩვ. წ. აღ-მდე 1-ლი ათასწლეულის შუა ხანებში. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იკავებს ამ დიდი წრის 1/12-ს (30°). ზოდიაქოს სარტყლის სიგანე, დაახლოებით, 9°-ია ეკლიპტიკის ორივე მხარეს.
სიტყვა „ზოდიაქო“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან zodiakos, რომელიც აღნიშნავს „ცხოველების ციკლს/წრეს“ (სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ზოდიაქოს ნიშნებში ჭარბობს ცხოველების გამოსახულებები). ზოდიაქოს თორმეტი ნიშნის სახელწოდებებია: მერწყული, თევზები, ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა.
პირველად ეკლიპტიკის დაყოფა ზოდიაქოს ნიშნებად მოხდა ბაბილონის ასტრონომიაში ძვ. წ. აღ-ით 1-ლი ათასწლეულის პირველ ნახევარში. დაახლოებით, ძვ. წ. აღ-ით მე-5 საუკუნეში ბაბილონელმა ასტრონომებმა ეკლიპტიკა დაყვეს თორმეტ თანაბარ „ნიშნად“, წელიწადის თორმეტი თვის (თითოეული 30 დღის ხანგრძლივობით) შესაბამისად.
ბაბილონური ასტრონომიიდან ზოდიაქოს 12 ნიშნისგან შემდგარი სისტემა ბერძნულშიც გადავიდა. ბერძნულ წყაროებში ზოდიაქო პირველად მოიხსენიება ძვ. წ. აღ-ით მე-4 საუკუნეში მცხოვრები მათემატიკოსისა და ძველბერძნული თეორიული ასტრონომიის ფუძემდებლის, ევდოქსე კნიდოსელის შრომებში. შემდეგ უკვე, ახ. წ. აღ-ით მე-2 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ასტროლოგისა და ასტრონომის, პტოლემაიოსის ნაშრომმა (Tetrabiblos) ჩაუყარა საფუძველი დასავლურ ასტროლოგიურ ტრადიციას.
ადრეული ქრისტიანები ასტროლოგიის შესახებ
ადრეული ეკლესიის მამები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ასტროლოგიას, რადგან სწამდათ, რომ წმინდა წერილების სწავლების მიხედვით, ადამიანი თავისუფალი ნებით იბადება და შეუძლია, თავად აირჩიოს ესა თუ ის რამ. ასტროლოგიის ამოსავალი წერტილი კი იყო ის, რომ ადამიანის ბედი ზოდიაქოს იმ ნიშნით განისაზღვრებოდა, რომელი ნიშნის ქვეშაც დაიბადებოდა იგი.
ეს იყო დაპირისპირება ბედისწერასა და რწმენას, დეტერმინიზმსა და თავისუფალ ნებას, ღვთიურ სწავლებასა და დემონურ სწავლებას შორის.
ქრ. შობიდან მე-2 საუკუნეში მოღვაწე იუსტინე წამებული ისტორიაში ცნობილი პირველი ქრისტიანია, ვინც ასტროლოგიას ეწინააღმდეგებოდა. ამის შესახებ ის წერს თავის ნაშრომში „Second Apology“, რომელშიც ის გმობს ასტროლოგიას, როგორც წარმართულ პრაქტიკას. იუსტინეს შემდეგ ტატიანე სირიელმა (ახ. წ. აღ-ით 120-180 წწ.) განაცხადა, რომ ასტროლოგიას დემონური წარმოშობა ჰქონდა. ტერტულიანეც (ახ. წ. აღ-ით 160-225 წწ.) იმავე მოსაზრებას იზიარებდა. მისი თანამედროვე ჰიპოლიტუს რომაელი (ახ. წ. აღ-ით 170-235 წწ.) ასევე აკრიტიკებდა ასტროლოგიას.
კლიმენტი ალექსანდრიელი (ახ. წ. აღ-ით 150-215 წწ.) მართალია არ მიიჩნევდა, რომ ასტროლოგიას დემონური წარმომავლობა ჰქონდა, მაგრამ მისთვის მაინც მიუღებელი იყო იგი. თვლიდა, რომ ასტროლოგები იყვნენ არა ბოროტნი, არამედ უმეცარნი. გარდა ამისა, ასტროლოგია, თავისი დეტერმინისტული ბუნების გამო, ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ შეხედულებას თავისუფალი ნების შესახებ.
ორიგენე (ახ. წ. აღ-ით 184-263 წწ.), ლაქტანციუსი (ახ. წ. აღ-ით 250-325 წწ.), ათანასე ალექსანდრიელი (ახ. წ. აღ-ით 297-373 წწ.), ბასილი დიდი (ახ. წ. აღ-ით 330-379 წწ.), იოანე ოქროპირი (ახ. წ. აღ-ით 349-407 წწ.) ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ასტროლოგიას და მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო სიცრუე, გამოგონებული ბოროტ ძალთა მიერ, ცრურწმენა.
ნეტარი ავგუსტინეც (ახ. წ. აღ-ით 354-430 წწ.), როგორც ზემოხსენებული ადრეული ქრისტიანი ავტორები და მოღვაწენი, ფიქრობდა, რომ ასტროლოგიის დეტერმინიზმი ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ დოქტრინებს ადამიანის თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
შუა საუკუნეები
როგორც დავინახეთ, ასტროლოგიას არ ჰქონდა დიდი მხარდაჭერა ადრეულ ქრისტიანთა შორის, თუმცა შუა საუკუნეებში მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.
ევროპაში პირველი ასტროლოგიური წიგნი „გამოჩნდა“ 1010-1027 წლებს შორის („Liber Planetis et Mundi Climatibus“), რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ჰერბერტ დ’ორილაკი (პაპი სილვესტერ II) გახლდათ. პტოლემაიოსის მიერ ახ. წ. აღ-ით მე-2 საუკუნეში ასტროლოგიის შესახებ დაწერილი Tetrabiblos (ოთხწიგნეული) ლათინურად ითარგმნა 1138 წელს პლატონ ტივოლელის მიერ.
დომინიკანელთა ორდენის წარმომადგენელი, კათოლიკე ბერი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, თომა აკვინელი (1225-1274 წწ.) იზიარებდა არისტოტელეს შეხედულებას იმის შესახებ, რომ ვარსკვლავები მართავდნენ „მზისქვეშეთს“; ამავდროულად, ამბობდა, რომ ღმერთი „მართავდა“ ადამიანის სულს. ამით ის ცდილობდა, ქრისტიანობა და ასტროლოგია ერთმანეთისათვის მოერიგებინა.
ასტროლოგია რენესანსის პერიოდში
რენესანსის პერიოდის სწავლულები ხშირად ხდებოდნენ პრაქტიკოსი ასტროლოგები, რათა მიღებული შემოსავლით საკუთარი მეცნიერული კვლევები დაეფინანსებინათ. ასტროლოგები აძლევდნენ რჩევებს ყველას: მონარქებიდან დაწყებული რიგითი ადამიანებით დამთავრებული. მათ შეეძლოთ ერჩიათ იმის შესახებ, თუ როდის იყო საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის, მოსავლის აღებისთვის; შეეძლოთ „დაესვათ დიაგნოზი“ და დაენიშნათ მკურნალობა ფიზიკურ თუ გონებრივ ავადმყოფობათა დროს და ბუნებრივ კატასტროფათა შესახებაც კი „წინასწარმეტყველებდნენ“. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყველა და ყველაფერი: ადამიანები და მსოფლიო ურთიერთგადაჯაჭვული იყო და ასტროლოგია ბედნიერად თანაარსებობდა რელიგიის, ჯადოქრობისა და მეცნიერების გვერდით.
ასტროლოგია მომდევნო ეპოქაში
განმანათლებლობის პერიოდში ინტელექტუალებმა უარყვეს რწმენა ასტროლოგიისადმი, თუმცა მას მაინც ბევრი მიმდევარი ჰყავდა. მე-19 საუკუნეში ასტროლოგიის პოპულარობამ ისევ იწყო ზრდა სპირიტუალიზმის და მოგვიანებით, „ახალი საუკუნის“ ფილოსოფიის აღორძინებასთან ერთად. ასტროლოგიის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა დაბეჭდილი ჰოროსკოპების მეშვეობით.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფსიქიატრმა და ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ იუნგმა ასტროლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე კონცეფცია შეიმუშავა, რამაც საფუძველი დაუდო ფსიქოლოგიური ასტროლოგიის ჩამოყალიბებას.
უნდა სწამდეთ თუ არა ქრისტიანებს ზოდიაქოს ნიშნების?
ზოდიაქოს ნიშნების თუ გვჯერა, გამოდის, რომ ვეთანხმებით ვარსკვლავების „წინასწარმეტყველებას“ და „განსაზღვრებას“ ჩვენს პიროვნებასა და მომავალთან დაკავშირებით. ეს ხელს გვიშლის ჩვენი ცხოვრებისთვის განკუთვნილი ღვთის ნების დანახვაში, რადგანაც ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიის ნაწილია, ბიბლია კი კრძალავს ყოველივეს, რაც მკითხაობასთან არის დაკავშირებული (ასტროლოგია ხომ ვარსკვლავების განლაგებისა და მდებარეობის მიხედვით განსაზღვრავს ადამიანის ხასიათსა და მომავალს).
წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ისრაელიანებს აუკრძალა ქანაანელთა სამისნო საქმეებში (რაც ასტროლოგიასაც მოიცავდა) მონაწილეობის მიღება, რადგან ეს ყველაფერი სისაძაგლედ მიიჩნეოდა უფლის წინაშე:
„არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, დევნის მათ შენი პირისაგან“ (რჯული 18:10-12).
დანიელის წიგნში ვხედავთ, რომ ჯადოქრები და შემლოცველები შერცხვნენ მეფის წინაშე, რადგან მისი სიზმრის ახსნა ვერ შეძლეს:
„მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები, შემლოცველნი, ქალდეველნი და ვარსკვლავთმრიცხველნი [ასტროლოგები]. ვუთხარი სიზმარი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა.“
დანიელი 4:7
მოციქულთა საქმეების წიგნის მე-16 თავში დაწერილია მონა ქალის შესახებ, რომლისგანაც პავლე მოციქულმა ბოროტი სული განდევნა. ამ ბოროტი სულის მეშვეობით მისნობდა ეს ქალი და ბევრ ფულს შოულობდა თავისი ბატონებისათვის (საქმეები 16:16). პავლე მოციქული შეაგონებდა ეკლესიას, მოეშორებინათ ყველაფერი, რაც ჯადოსნობას უკავშირდებოდა.
„მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.“
საქმეები 19:18-19
წმინდა წერილში ღმერთი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას უნდა მივმართოთ, თუ სწორი მიმართულების დანახვა გვინდა; თუ რჩევა გვჭირდება და სიბრძნე გვაკლია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცაღა თუ ზოდიაქოს ნიშნების გვჯერა, გამოდის, რომ ვარსკვლავების განლაგების მიხედვით შედგენილ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებს ვაძლევთ ჩვენი პიროვნებისა და მომავლის განსაზღვრის უფლებას. ეს კი ბოროტ ძალებს უღებს კარს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ, ქრისტიანებმა, თავი შორს უნდა დავიჭიროთ მსგავს პრაქტიკათაგან, რადგან ის, რაც ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარ საქმიანობად გვეჩვენება, სინამდვილეში, დიდი ზიანის მომტანია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ადამიანებს ბევრი რამ არ გვესმის საკუთარი თავის და სხვების შესახებ და ამიტომაც გვინდა, ახსნა მოვუძებნოთ საკუთარ თუ სხვების ქცევებს; გვინდა, გავიგოთ, რატომ გვეადვილება ზოგ ადამიანთან ურთიერთობა, ხოლო ზოგთან – არა; ასევე, გვინდა ვიცოდეთ, რა გველის მომავალში. ხშირად, სწორედ ამიტომაც მივმართავთ ზოდიაქოს ნიშნებს და მათი მეშვეობით ვცდილობთ, მეტი გავარკვიოთ საკუთარი თუ სხვა ადამიანების პიროვნებისა და ხასიათის შესახებ; ან იმის შესახებ, ზოდიაქოს რომელი ნიშნების „ქვეშ დაბადებულები“ „შეეწყობიან ერთმანეთს“ უფრო კარგად.
თუკი გვჯერა იმის, რაც ღვთის თვალში ბოროტებაა და ამ რაღაცას მივმართავთ ჩვენი პიროვნებისა თუ მომავლის შესახებ მეტის გასაგებად, ამით ბოროტ ძალებს ვუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენზე გავლენის მოხდენის უფლებას ვაძლევთ.
უფლის ნებისა და ჩანაფიქრის საწინააღმდეგო იქნება, თუ შევეცდებით, რომ ღმერთის ქმნილება (ციური სხეულები) საკუთარი პიროვნებისა თუ მომავლის გასარკვევად გამოვიყენოთ, რადგანაც ღმერთმა ყველაფერი (მათ შორის, ციური სხეულებიც) შექმნა თავისი სახელის სადიდებლად (და არა იმისათვის, რომ ვიმარჩიელოთ).
ჩვენ, ვინც ვირწმუნეთ იესო ქრისტე საკუთარ მხსნელად, უფლად და სულიწმიდით ხელახლა ვიშვით, ვიცით, რომ უკვე ახალი ქმნილებები ვართ ქრისტეში. სწორედ ამიტომ, აღარ უნდა ვუბრუნდებოდეთ ძველი ცხოვრების გზას, არამედ გამუდმებით უფლის ნებას უნდა ვეძიებდეთ ჩვენს ახალ ცხოვრებაში.
ღმერთმა შეგვქმნა იმისათვის, რომ გვქონდეს სურვილები და მისწრაფებანი, გვქონდეს მიზანი და დანიშნულება ცხოვრებაში. მას სურს, რომ თავად გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს, რათა ასტროლოგიას ან სხვა რამეს არ მივმართოთ ჩვენს კითხვებზე პასუხების გასაცემად. წმინდა წერილში დაწერილია ყოველივე, რის ცოდნაც ჩვენთვის არის საჭირო, რათა ღვთისმოსავი ცხოვრებით ვიცხოვროთ; ღმერთი სასტიკად კრძალავს ციურ სხეულთა თაყვანისცემას და მკითხაობას მომავლის წინასწარმეტყველების მიზნით.