და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
30 წლის წინ დავსვი შეკითხვა, რომელიც სასაცილოდ მიიჩნეოდა იმ დროისათვის. „შეუძლია გონებას ტვინში ცვილებების გამოწვევა?“ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მეცნიერებს სჯეროდათ, რომ შეუძლებელი იყო დაზიანებული ტვინის ცვლილება.
სამედიცინო სფეროში გვასწავლიდნენ, რომ პაციენტებს უნდა დავხმარებოდით ტვინის შეზღუდული შესაძლებლობებისა და გონებრივ აშლილობათა კომპენსირებაში, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებაზე, უმეტეს შემთხვევაში, საუბარიც არ შეიძლებოდა. იმ დროისათვის მონაწილეობას ვიღებდი ნეიროპლასტიკურობის (ტვინის ცვლილება) კვლევაში.
ნეიროპლასტიკურობა არის ადამიანის ტვინის ნეირონული ქსელის უნარი, შეიცვალოს ზრდისა და რეორგანიზაციის შედეგად. ეს არის ადამიანის ტვინის უნარი, შეიცვალოს გამოცდილების (ადამიანის მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარ-შესაძლებლობათა ერთობლიობა) შედეგად და ასევე აღადგინოს გაწყვეტილი კავშირები დაზიანების შემდეგ ან გარეგან ზემოქმედებაზე პასუხად. ადრე მიიჩნეოდა, რომ თავის ტვინის სტრუქტურა უცვლელი რჩებოდა ბავშვობის ასაკში ჩამოყალიბების შემდგომ.
მიწევდა მუშაობა სწავლის უნარის არმქონე ადამიანებთან; მათთან, ვისაც ჰქონდათ ტვინის ტრავმული დაზიანება, გონებრივი აშლილობანი. ვმუშაობდი სამხრეთ აფრიკის სკოლებში, როგორც პედაგოგი და მწვრთნელი. ჩემს კვლევასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რამხელა ძალას ფლობს ტვინი იმისათვის, რომ შეიცვალოს.
ვხედავდი, როგორ შეუძლია ხშირ და დადებით შემეცნებით გამოცდილებას, გაზარდოს ინტელექტი საკმაოდ მოკლე ხანში! როგორც აღმოჩნდა, ის, რაც სასაცილო იყო, სინამდვილეში სიმართლე ყოფილა! დღეს უფრო და უფრო მეტად მტკიცდება ის, რომ ტვინი იცვლება გამოცდილების შესაბამისად.
ადამიანის ტვინის ანატომია და ფიზიოლოგია გაცილებით უფრო პლასტიკური და დამყოლია, ვიდრე ერთ დროს გვეგონა. ტვინი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვიყენებთ მას!
დიახ, ცხოვრებაში მართლაც ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგებით, მაგრამ ჩვენი გონება სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პირისპირ შეხვდეს ამ გამოწვევებს და დასძლიოს მათ. ამისათვის კი მხოლოდ დადებითდ აზროვნებაა საჭირო! ადამიანის აზროვნების უნარი ჭეშმარიტად ფენომენურია. ჩვენს ტვინს შეუძლია, შეიცვალოს ფიქრისას (ნეიროპლასტიკურობა) და წარმოქმნას ტვინის ახალი უჯრედები (ნეიროგენეზისი). ამ წარმოუდგენელი ძალის გამოყენებით, რასაც ჩვენი გონება ფლობს, შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და გავიზარდოთ კიდეც მათთან დაპირისპირებისას. ჩვენ შეგვიძლია, ვმართოთ საკუთარი აზრები და შევცვალოთ საკუთარი აზროვნება, მეტყველება და ქცევა!
რის მეშვეობით შეგვიძლია, განვავითაროთ გონებრივი (ფსიქოლოგიური) მოქნილობა და შევცვალოთ საკუთარი ტვინი?
თავს როცა უიმედოდ იგრძნობთ, შეჩერდით და უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენს ტვინს შეუძლია შეცვლა. უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენი ტვინი მოქნილია და შეგიძლიათ აზროვნების გამოყენება იმისათვის, რომ გონება შეიცვალოთ და საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები თავად აიღოთ ხელთ.
ჩამოწერეთ თქვენი აზრები, თუ ეს დაგეხმარებათ. გააკეთეთ ეს სამი კვირის განმავლობაში (21 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ნეირონებს შორის არსებული გამტარი გზების ცვლილება დაიწყოს). მომდევნო 21 დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას გეუბნებიან ადამიანები. უარყოფით სიტყვებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. აპატიეთ მათ და გონებაში არ დაუშვათ უარყოფითი რეაქცია. გახსოვდეთ, რაზეც ყველაზე მეტს ფიქრობთ, ის იზრდება ყველაზე მეტად და გავლენას ახდენს თქვენს აზროვნებაზე, ლაპარაკსა და ქცევაზე. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად რამდენიმე წუთით იფიქრეთ იმ გამოწვევათა შესახებ, რომელთა დაძლევაც მოახერხეთ წარსულში. შეახსენეთ საკუთარ თავს იმის შესახებ, რომ გაქვთ ძალა და უნარი იმისათვის, რომ არა მხოლოდ არსებობისთვის იბრძოლოთ, არამედ წარმატებასაც მიაღწიოთ.
ნუ მისცემთ ცხოვრებას თქვენი დამარცხების უფლებას. გახსოვდეთ, რომ თქვენში არსებული ძალა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც გზად გხვდებათ და თუ წინ აღუდგებით მათ, დაჯილდოვდებით, გონებრივადაც და ფიზიკურადაც.
იფიქრეთ საკუთარ აზროვნებაზე და ამავდროულად, იკითხეთ ბიბლია. დასვით ღრმააზროვანი შეკითხვები, რათა თანდათანობით გააცნობიეროთ, თუ რა გავლენას ახდენს თქვენი აზროვნება თქვენს ტვინზე, სხეულსა და ცხოვრების წესზე.
ავტორი: ქეროლაინ ლიპი