საკმარისად დიდი ხართ იმისათვის, რომ გახსოვდეთ, როგორ მოჰქონდათ გაზეთები დილაობით? მამაჩემი ყოველ დილით გააღებდა კარს, მივიდოდა საფოსტო ყუთთან, აიღებდა გაზეთს, იღლიაში ამოიჩრიდა და სამზარეულოში შეიტანდა. დაჯდებოდა მაგიდასთან, ფაფას დაიდგამდა წინ და გაეცნობოდა ახალ ამბებს, რომლებიც 38X55 სმ-ის ზომის ნაცრისფერ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. დღეს კი თითქმის ყველანი ახალ ამბებს მანამდე ვიგებთ, სანამ სამზარეულომდე მივაღწევდეთ.
საპირფარეშოში ჯდომისას, „ვსქროლავთ“ ჩვენს 7×12 სმ-ის ზომის ელექტრონულ მოწყობილობებს. ხელში გვეტევა მთელი მსოფლიო „ფეისბუკის“, „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ მეშვეობით.
ეს ცვლილება არ არის ნეიტრალური. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია (მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ მეგობრებთან კავშირი; ლაპარაკი მათ ნაცვლად, ვისაც არ აქვს ხალხის წინაშე საკუთარ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობასთან წვდომა), ეს საკმაოდ ძვირად გვიჯდება.
2020 წელს გადაღებული დოკუმენტური დრამა „სოციალური დილემა“ განგაშს ტეხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფასად გვიჯდება სოციალური მედია. მაინც რა არის სოციალური მედიის საფრთხეები?
ადამიანთა უმეტესობას გვაწუხებს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი რიგზე არ არის სოციალური მედიისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში. სახელდობრ რის გამო უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი? სხვადასხვა სოციალური მედია-პლატფორმის ყოფილი თანამშრომლები და ხელმძღვანელები „სოციალურ დილემაში“ საუბრობენ ამ საკითხთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის შესახებ.
ეს თანამშრომლები მიუთითებენ იმაზე, რომ „გუგლი“, „ფეისბუკი“, „ტვიტერი“, „პინტერესტი“, „ინსტაგრამი“, „ტიკ ტოკი“ და სხვა სოციალური მედიაპლატფორმები იყენებენ ფსიქოლოგების მუშაობას საკუთარი ჯილდოს მისაღებად და ეს ჯილდო სოციალური მედიისადმი სულ უფრო და უფრო მზარდი ყურადღებაა. მათ ჩვენსავე საწინააღმდეგო იარაღად აქციეს ჩვენი ტვინის „დაჯილდოების სისტემა“.
განვიხილოთ სოციალური მედიის ოთხი საფრთხე:
1. დრო
მადლიერი ვარ ჩემი მშობლების იმის გამო, რომ ბავშვობაში ჩემთვის არც „ატარი“ უყიდიათ და არც „ნინტენდო“. მე არც სიბრძნე მქონდა და არც თავშეკავება იმისათვის, რომ თავი დამეცვა ეკრანებიდან მომდინარე დოფამინის მოზღვავებული დოზისგან. მახსოვს, მეგობრებთან სტუმრობისას, როგორ ვიკარგებოდი ამ ვიდეოთამაშების სამყაროში.
სხვა ახალგაზრდების მსგავსად, კოლეჯში სწავლისას და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას, მეც მივხვდი, რას ნიშნავდა გამოწვევა, რომელიც ვიდეოთამაშებთან შეუზღუდავ წვდომას უკავშირდებოდა. ოთახში დაბრუნებისას ვხედავდი, დერეფანში ყოველთვის ვიღაც იჯდა და თამაშობდა. ამ თამაშების მიზიდულობის შესახებ სრულიად მართებული იქნებოდა, გაგვეხსენებინა სოლომონის სიტყვები მეძავ ქალთან დაკავშირებით:
რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთივით მოედინებიან სიტყვები მისი, მაგრამ მისი შედეგი მწარეა ნაღველივით და ბასრი, ვით ორლესული მახვილი. მისი ფეხები სიკვდილში ჩადიან, შავეთს არიან ჩაჭიდებულნი მისი ნაბიჯები, რომ ცხოვრების გზა არ გაიკაფოს, მისი გზა-კვალი არეულია, ვერ გაიგებ მას.
ჩვენი ცხოვრება კოლეჯის ერთ დიდ საერთო საცხოვრებელს დაემსგავსა. ეკრანები, რომლებიდანაც ვიდეოთამაშები გვიხმობენ სირინოზის ხმით, მუდმივად ხელმისაწვდომია. ჩვენც ჩვენი ყურადღების „გემს“ ამ ხმისკენ მივმართავთ და კვლავ და კვლავ ვამსხვრევთ მას ამ თამაშების „კლდეზე“. გაიხსენეთ, რამდენი დრო დაუთმეთ ეკრანთან ყოფნას გასული კვირის განმავლობაში. ისურვებდით, რომ მომავალ კვირაშიც ამდენივე დრო დაგეთმოთ საკუთარ ტელეფონებში თამაშისთვის? ეჭვი მეპარება. ტელეფონები ხაპავს ჩვენს დროს და ჩვენ რომ სიბრძნე გვქონდეს, ამ დროს ლოცვას, ბიბლიის კითხვას, მსახურებას ან თუნდაც ვარჯიშს დავუთმობდით.
2. სოციალური ურთიერთქმედება
ადამიანები სოციალური არსებები არიან. ყველას გვჭირდება ურთიერთობები. გასული 50 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ღია, საჯარო სივრცეებიდან (პარკები, რესტორნები, ბოულინგის დარბაზები) ჩვენს მობილურ ტელეფონებში გადმოინაცვლა. ნაცვლად იმისა, რომ რამდენიმე მეგობარს ვუთმობდეთ ჩვენს დროსა და ყურადღებას, ასობით ურთიერთობას ვუთმობთ ამ დროს და ყურადღებას. ბევრ ადამიანს გაუცვლია თითზე ჩამოსათვლელი ღრმა ურთიერთობები ზედაპირულ ურთიერთობებში. პირისპირ ურთიერთობის ნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობები აღარ არის ისეთივე ღრმა, როგორიც ადრე იყო. ჩვენ იშვიათად ვარიდებთ თავს ზედაპირულობას; კიდევ უფრო იშვიათად ვცდილობთ, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებანი და მაშინვე, როგორც კი მცირეოდენი დაბრკოლება იჩენს თავს ურთიერთობაში, ხელს ვიღებთ ამ ურთიერთობაზე.
3. დაყოფა
„სოციალურ დილემაში“ დიდი დრო ეთმობა იმის განმარტებას, თუ როგორ და რატომ არის სოციალური მედია დაყოფათა გამომწვევი. არსებობს ერთი და იმავე ფაქტის მიერ გამოწვეული ორი ძირითადი მიზეზი: სოციალური მედიის კომპანიებს სურთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვსარგებლობდეთ მათი პლატფორმებით. ჩვენ მათი პროდუქტის მომხმარებელნი არ ვართ. ჩვენ მათი პროდუქტი ვართ. ისინი გამუდმებით ცდილობენ, „მიგვყიდონ“ სარეკლამო აგენტებს.
სოციალური მედია გვაიძულებს, დავრჩეთ ჩვენს იდეოლოგიურ დახშულ სივრცეებში, ანუ ექო-კამერებში. ეს გახლავთ პირველი მიზეზი იმისა, რის გამოც არის სოციალური მედია დაყოფის გამომწვევი. ჩვენ უფრო დიდხანს ვრჩებით იქ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ამრიგად, სოციალური მედიის კომპანიები ჩვენამდე არ უშვებენ განსხვავებული შეხედულებების მქონე მეგობრების პოსტებს, რომლებმაც შეიძლება თავი არაკომფორტულად გვაგრძნობინოს. სწორედ ამიტომ, ისინი უფრო და უფრო გაძლიერებულად გვაწვდიან იმ მეგობრების პოსტებს, რომლებსაც ვეთანხმებით.
სოციალური მედია წინ წამოსწევს ისეთი შინაარსის ინფორმაციას და პოსტებს, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს და იწვევს მათ ჩართულობას. ეს გახლავთ მეორე მიზეზი იმისა, რის გამოც სოციალური მედია იწვევს დაყოფას. ახლავე შედით „იუთუბზე“ და შეამოწმეთ სათაურები, რომლებითაც გადავსებულია თქვენი ეკრანი: თითქმის ყველა მათგანი „კლიკბეიტია“ (სატყუარა, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებკონტენტი, რომელიც ინტერნეტრეკლამის მეშვეობით ფულის საშოვნელად ვრცელდება). მყვირალა სათაურები იბრძვიან ჩვენი ყურადღების მისაპყრობად, აღვივებენ ჩვენს ბრაზს და უფრო მეტად განამტკიცებენ ჩვენს შეხედულებებს.
რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ერთნაირად მიაჩნიათ, რომ მეორე პარტია ამერიკელ ერს ანადგურებს. ორივე პარტია ერთმანეთს ისე აღიქვამს, როგორც მთავარ საფრთხეს ერისათვის. სოციალური მედია აქტიურად მონაწილეობს ამ დანაწევრებული და დაყოფილი კულტურის შექმნაში. ის გვაჯილდოებს ჩვენი იდეოლოგიური მოწინააღმდეგის კარიკატურული სახის შექმნისათვის, ხელს უშლის დეტალურ, გაწონასწორებულ და მშვიდ მსჯელობას. გასულ კვირას ჩემმა მეგობარმა „ფეისბუკზე“ დაწერა პოსტი, რომელსაც ქვემოთ მოგიყვანთ. ძალიან სასარგებლო პოსტი იყო. არ გამკვირვებია, როდესაც დავინახე, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოიწონა ის და რომ მხოლოდ მე დავწერე კომენტარი მის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, რომ მის მეგობართა უმრავლესობას არც უნახავს ეს პოსტი, რადგან ის არცერთ ალგორითმს არ ერგება, რომელსაც „ფეისბუკი“ იყენებს სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად. ღირს წაკითხვა და ამის შესახებ დაფიქრება:
„არჩევნები დამთავრდა, მაგრამ დაყოფა გრძელდება. დღეს თავს უკეთ ვიგრძნობ, თუ ‘საერთო სიკეთის’ შესახებ ინფორმაციას გავიხსენებ. რა არის ის რაღაცები, რაზეც შეიძლება ყველა შევთანხმდეთ? რა არის ის ზოგიერთი მიზანი, რისკენაც ყველა ვისწრაფვით, თუნდაც განსხვავდებოდეს ამ მიზნების მიღწევის ჩვენეული გზები? ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ განსხვავებანი არ არის რეალური და მნიშვნელოვანი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაადამიანურება, დანახვა იმისა, რაც გვაერთიანებს. რამდენიმე რამ მახსენდება: ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა; უდანაშაულოთა და ჩაგრულთა დაცვა; ერთმანეთისადმი სამართლიანად მოქცევა; რწმენის და სიტყვის თავისუფლება; კარგი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველასთვის თანაბარი შანსების მიცემა; გულმოდგინე მუშაობის, სიახლეებისა და ძალისხმევის დაჯილდოება; სამართლიანად თამაში და არა სხვების გაცურება და გაქურდვა; ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების დაცვა ზიანისაგან და არა ტყუილი და ცრუმოწმეობა; ღირსებითა და სიკეთით ქცევა; ჭეშმარიტების ძიება და სწავლა; გაგება იმისა, რომ არსებობს სწორი და მცდარი, მართალი და ტყუილი; ერთმანეთის მოსმენა და გაგება; ჩვენზე დაკისრებულ დაწერილ თუ დაუწერელ მოვალეობათა პატივისცემა; სამყაროში არსებული მშვენიერების დანახვა და მისით აღტაცება; ჩვენთვის მონდობილი რესურსების ჭკვიანურად მართვა; კარგი საკვებისა და სუფთა წყლის, საცხოვრებლისა და ტექნოლოგიის დაფასება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიხარებს და ისარგებლებს ამ ყველაფრით; მომავალი თაობებისათვის უკეთეს მდგომარეობაში გადაცემა იმ ყველაფრისა, რაც მივიღეთ; ძიება იმისა, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, რაც სათნო და ქებულია.“
სოციალური მედია არ არის მოწყობილი მსგავსი საუბრებისათვის, რომლებიც ადამიანებს ერთობისკენ, ერთიანობისკენ მოუწოდეს, მაგრამ განა არ გვჭირდება გაერთიანება? ასე არ ფიქრობთ?
4. რელიგიური ნიშნის გამო ჩაგვრა
ბოლოს, სოციალური მედიის მესვეურები ნეიტრალური მსაჯები როდი არიან. მათი იდეოლოგია ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ამას მე მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე როდი ვამბობ. ეს უბრალოდ ფაქტია. სოციალური მედიის კომპანიებმა „სიძულვილის ენის“ ცენზურა არათანაბრად დაუწესეს განსხვავებულ იდეოლოგიათა მქონეთ. სრულიად მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება მომდევნო წლების განმავლობაში.
ახლა რა?
რა მოვიმოქმედოთ ამ შემაშფოთებელი ამბის წაკითხვის შემდეგ?
უპირველეს ყოვლისა, გონივრულად გამოვიყენოთ სოციალური მედია. გააცნობიერეთ, რომ თამაში თქვენ წინააღმდეგ არის დაპროგრამებული. ამის გათვალისწინებით, მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თამაშს თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ტელეფონს საძინებელ ოთახში არ შეიტანთ, ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე არ დადებთ; ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გათიშავთ შეტყობინებებს, ან ზოგიერთ აპლიკაციას წაშლით ტელეფონიდან, ან შეიძლება, საკუთარი ანგარიშებიც კი წაშალოთ სოციალური მედიის პლატფორმებიდან.
მეორე, მხოლოდ იმაზე ნუ ვიფიქრებთ, როგორ დავაღწიოთ თავი საფრთხეს, ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ ვესწრაფოთ კარგს. მიზანდასახულად გავაბათ ურთიერთობები ადამიანებთან. ვიფიქროთ, საიდან ვიღებთ ახალ ამბებს და საერთოდ, ყოველგვარ ინფორმაციას. გამოიწერეთ სასარგებლო ბლოგები და პოდკასტები. უპირატესობა ბიბლიის კითხვასა და ლოცვას მიანიჭეთ. მეც თქვენსავით ამ გამოწვევების წინაშე ვდგავარ. ახლა მიწევს ყველაფრის გადაფასება. ხუცესი ვარ და მიმაჩნია, რომ უნდა ვჩანდე სოციალურ მედიაში, მაგრამ არც მე ვარ დაცული მისი მომწამვლელობისა და მიზიდულობისაგან.