წუხხართ, რომ საკმარისად არ გძინავთ? მარტო არ ხართ — ზოგიერთი ქვეყანა უძილობის ეპიდემიამ მოიცვა, რაც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას.
აპლიკაციამ „ძილის ციკლი“ (Sleep Cycle), რომელიც აღრიცხავს ძილის ხანგრძლივობას, ახალი ზელანდია ძილის მოყვარულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ქვეყნად დაასახელა. ქვეყანაში ძილის საშუალო ხანგრძლივობა ღამით 7.5 საათია.
ფინეთი, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ბელგიაც ხანგრძლივი ძილის მოყვარულ ქვეყნებს შორის არიან; ამ სიას ცოტათი ჩამორჩება ირლანდია.
აღმოჩნდა, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში არ სძინავთ ასე კარგად; როდესაც ძილს ეხება საქმე, სამხრეთ კორეა და იაპონია ქვეყნების სიაში უკანა პლანზე ინაცვლებენ. უძილობის პრობლემა იაპონიაში მწვავედ დგას, აღსანიშნავია „კაროშის“ ფენომენი — ძილის ნაკლებობით გამოწვეული სიკვდილი.
საბედნიეროდ, „კაროშის“ შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობა და სიჯანსაღე კვლავ საფრთხის ქვეშაა, ძილის ნაკლებობა შრომის უნარს ართმევს ადამიანს.
საბოლოოდ, არაპროდუქტიულობა სამუშაო დღეებს ამცირებს. კორპორაცია „Rand Corporation“-ის მონაცემებზე დაყრდნობით, არასაკმარისი ძილის გამო, აშშ წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი დღის სამუშაოს ეკვივალენტს კარგავს. იაპონიაში ეს რიცხვი 600 000 სამუშაო დღეა წელიწადში, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 200 000-ია.
დაკარგული დღეები დიდ ეფექტს ახდენს ქვეყნაში წარმოებული ერთობლივი შიდა პროდუქტის წარმოების რაოდენობაზე, რაც ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. აშშ დაახლოებით 238 მილიარდ დოლარს კარგავს წელიწადში (მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.92 %-ს). გერმანიაში ეს რიცხვი უთანაბრდება 60 მილიარდ დოლარს (მშპ-ის 1.56 % ), დიდ ბრიტანეთში — 50 მილიარდ დოლარს (მშპ-ის 1.86 %).
ძილის ხანგრძლივობა ჯაჭვურად უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ფაქტი საკითხს მეტად პრობლემურს ხდის.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში მცხოვრები ადამიანები ღამის განმავლობაში ნაცვლად 6 საათზე ნაკლები ძილისა, ამ ხანგრძლივობას 6-დან 7 საათამდე გაზრდიან, ეკონომიკა 226.4 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ძილის ხანგრძლივობის ზრდა იაპონიაში 75.7 მილირდი დოლარის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს.
გასულ წელს იაპონიაში ქორწილების ორგანიზების ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა (Kazuhiko Mariyama) ბონუსები დააწესა თავისი თანამშრომლებისთვის, იმ პირობით, თუ ისინი, სულ ცოტა, 6 საათს მაინც იძინებდნენ ღამის განმავლობაში. „ყველამ უნდა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, სხვა შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდება,“ — ამბობს იგი.
საუდის არაბეთი, ფილიპინები, მალაიზია და ეგვიპტე იმ ქვეყნების რიცხვში შედიან, სადაც ძილის დროის ხანგრძლივობა ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტხანს სძინავთ, ამ ქვეყანაში არსებული ძილის ხანგრძლივობა – 7.5 საათიც კი, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი.
ამერიკის ძილის კვლევის ეროვნული ორგანიზაციის (The American National Sleep Foundation) რეკომენდაციით, ზრდასრული ადამიანის ძილის საშუალო ხანგრძლივობა ღამის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 7-დან 9 საათამდე დროს.