შობა სიმბოლოებითაა დატვირთული, თუმცა მრავალმა მათგანმა სეკულარულ სამყაროში დაკარგა ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობა. გთავაზობთ საშობაო დეკორაციების მნიშვნელობებს და ისტორიას, თუ თავდაპირველად რას აღნიშნავდნენ ისინი ქრისტიანებისათვის, სანამ თანამედროვე სამყაროში მათი დანახვა ქუჩებსა თუ ვიტრინებში უბრალოდ შობის მოახლოებას გვამცნობდა.
ბაძგი
ბაძგი ყინვაგამძლე მცენარეა, ამიტომ მრავალ ადგილას იზრდება. მცენარეს გამოარჩევს წითელი ნაყოფი და გლუვი, ბასრფორმებიანი მწვანე ფოთლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მარადმწვანე რჩება. მცენარე ბაძგი განასახიერებს უკვდავებას, თვისებას, რომელიც ღმერთმა თითოეულ ადამიანს მისცა. ბაძგის ფოთლები ქრისტეს ვნების დროს მის თავზე დადგმულ ეკლის გვირგინს განასახიერებს. ბაძგის წითელი ნაყოფი ასევე ქრისტიანული სიმბოლოა და ქრისტეს სისხლთან ასოცირდება.
საჩუქრები
მრავალი ადამიანისათვის საჩუქრები შობასთან ასოცირდება. ადამიანები გასცემენ და იღებენ საჩუქრებს. საშობაოდ საჩუქრების ჩუქების ტრადიცია ერთ მოვლენას უკავშირდება. მოგვებმა, რომლებმაც ჩვილი მეფე ბეთლემში მოინახულეს, ოქრო, საკმეველი და მური აჩუქეს მას პატივისცემის ნიშნად. საჩუქრების ტრადიცია ასევე დაკავშირებულია სულიწმიდის ნიჭებთან, რადგან ეს ღმერთის საჩუქრად აღიქმება.
ფითრი
ფითრი არის პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარე. ბინადრობს ხეზე, რომელსაც მიეკვრება. ამ ხის გარეშე იგი კვდება. ფითრი შობის სიმბოლოა და წარმოადგენს ჩვენს სიყვარულს, რომელიც წარმოიშობა და ღმერთთან ერთად არსებობს, რადგან ღმერთს ვუყარვართ ჩვენ. ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ სიყვარულით და მოგვცა უნარი – გვიყვარდეს.
მარადმწვანე მცენარეები
მრავალი მცენარე სეზონების მიხედვით იცვლება, ფოთლებს შემოდგომით კარგავს და ზამთარს ასე ხვდება; ახალ წანაზარდებს მხოლოდ გაზაფხულზე აღმოიცენებს. მარადმწვანე მცენარეები კი მთელი წლის განმავლობაში მწვანედ რჩებიან. როგორც ქრისტიანობის სიმბოლო, მარადმწვანე მცენარეები წარმოადგენენ ამტანობისა და ცხოველუნარიანობის სიმბოლოს და გვახსენებენ იესოს სიტყვებს: „ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.“
შობის ხე
მარადმწვანე ხე ტრადიციულად გამოიყენებოდა ზამთრის ფესტივალის აღსანიშნავად (წარმართებსა და ქრისტიანებში) 4000 წლის განმავლობაში. წარმართები სახლების მოსართავად იყენებდნენ ხის ტოტებს ზამთრის ბუნიობის დროს. რომაელები წიწვოვანი ხეებით რთავდნენ ტაძრებს სატურნალიის პერიოდში. ქრისტიანებისათვის ეს ხე არის ღმერთთან ერთად მარადისობაში ცხოვრების სიმბოლო. არ არის დაზუსტებული, პირველად როდის შეიძინა ნაძვის ხემ შობის ხის ფუნქცია; მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ეს 1000 წლის წინ მოხდა ჩრდილოეთ ევროპაში.
წვიმა
წვიმა თხელი, მეტალისფერი წვრილი თოკებია, რომლებიც შობის დეკორაციად გამოიყენება. ლეგენდის მიხედვით, ღარიბ, მორწმუნე ოჯახს უნდოდა შობის ხის მორთვა ქრისტეს სადიდებლად, მაგრამ არ მათ ჰქონდათ ფული დეკორაციებისთვის. ღამით შობის ხესთან მოვიდნენ ობობები და ქსელები გააბეს ხის გარშემო, რომლებიც ვერცხლად გადაიქცა.
სანთლები და საშობაო განათებები
სანთლები და საშობაო განათებები ასოცირდება ქრისტესთან, როგორც მსოფლიოს სინათლესთან. სანთლები და შობის განათებები გვახსენებს, რომ ვიყოთ სინათლე სხვებისთვის, რათა ვაჩვენოთ მათ ქრისტეს გზა.
ზარები
ზარები ებრაელი უმაღლესი სამღვდელო პირების ჩაცმულობის ნაწილია. შობის ზარები არა მხოლოდ შობის სიხარულს განასახიერებს, ასევე შეგვახსენებს, რომ ქრისტე არის მღვდელმთავარი.
ტკბილი ჯოხები
ტკბილი ჯოხები განასახიერებს მწყემსის კვერთხს; შეგვახსენებს, რომ იესო, კეთილი მწყემსი, ჩვენს სამყაროში მოვიდა. წითელი ხაზები განასახიერებს იესოს მსხვერპლშეწირვას და თეთრი ფონი მის სიწმინდეს. ტკბილი ჯოხების პიტნის არომატი გვახსენებს უსუპს, რომელსაც სამედიცინო დანიშნულებით იყენებდნენ და ეს კი, თავის მხრივ, იმას გვახსენებს, რომ განწმენდა ქრისტეთი მოვიდა.
სანტა-კლაუსი
სანტა-კლაუსი არის წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლასის) ალტერნატივა, მირას მეოთხე ეპისკოპოსი. წმინდა ნიკოლოზი ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებით. ეპისკოპოსის მიტრა და ბეწვით გაწყობილი წითელი ზამთრის სამოსი სანტას სამოსის იდეად იქცა, მისი ხელგაშლილობა კი „მხიარული მოხუცი კაცის“ თვისებად, რომელიც ჩუმად გასცემს საჩუქრებს შობის ღამეს.
გვირგვინი
გვირგვინი აერთიანებს შობის რამდენიმე სიმბოლოს: ბაძგას, ხილს, ფითრს, მარადმწვანე მცენარეებს, წვიმებს და ა.შ. რგოლში ჩაწნული მცენარეები მეფის გვირგვინს განასახიერებს, მრგვალი ფორმის გამო მარადიულობის, სიცოცხლის წრისა და მარადიული იმედის სიმბოლოა. იქიდან გამომდინარე, რომ გვირგვინს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული და არის წრე, იგი თვით ღმერთის სიმბოლოდაც წარმოგვიდგება.
საშობაო ნამცხვრები, პურები, საკონდიტრო ნაწარმი
საშობაო პურეული გვახსენებს, რომ ბიბლიაში მრავალჯერაა გამოყენებული პური. უსაფუარო პური წაიღო თან ისრაელის ხალხმა ეგვიპტის დატოვებისას. ისინი ამ შემთხვევას იხსენებენ ყოველ წელს, პასექის დროს. ასევე, როდესაც დავითმა კიდობანი იერუსალიმში დააბრუნა, თითოეულ ადამიანს დაურიგა პური, ხორცი და ქიშმიშის ნამცხვარი; იესომ გაამრავლა პური; კაცობრიობას მოევლინა, როგორც პური სოცოცხლისა; ზიარების დროს ვიყენებთ პურსა და ღვინოს..
შობის წინდები
შობის წინდებში საჩუქრების განთავსება სხვა ტრადიციიდან მოდის, რომელიც წმინდა ნიკოლოზს, მირას ეპისკოპოსს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, სამი ქალი, რომელთაც სჭირდებოდათ შემწეობა იმისთვის, რომ პროსტიტუციას გადარჩენოდნენ, წმინდა ნიკოლოზმა გადაარჩინა. მათ თავიანთი წინდები ჩამოკიდეს ბუხართან გასაშრობად. მათ დასახმარებლად მისულმა ნიკოლოზმა ისროლა ფული და ის შემთხვევით წინდებში აღმოჩნდა.
შობის მგალობლები
შობის მგალობლები გვახსენებენ ანგელოზებს, რომლებმაც ქრისტეს შობა აუწყეს. გალობა იყო თაყვანისცემის ნაწილი დასაწყისიდანვე. მირიამმა იმღერა სამადლობელი სიმღერა, როდესაც ღმერთმა ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოიყვანა. დავითმა იმღერა და იცეკვა უფლის კიდობნის წინ, როდესაც ისრაელში ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც ის ფილისტიმელებისაგან გამოიხსნა. მან შექმნა ფსალმუნები, რომლებიც იგალობება.
ანგელოზი
ანგელოზები არიან ღმერთის სიტყვის მაუწყებლები. ისინი ბიბლიაში რამდენიმეგან ჩნდებიან. გაბრიელ ანგელოზმა აუწყა ქრისტეს დაბადება და ასევე უთხრა იოსებს, წაეყვნა იესო და მარიამი ეგვიპტეში, რათა გაჰქცეოდა ჰეროდეს. ანგელოზი გამოეცხადა მწყემსებს, როდესაც ქრისტე დაიბადა; გალობდა და ადიდებდა ღმერთს და მოუწოდებდა მწყემსებს, ეჩქარათ ბეთლემისკენ, რათა ენახათ ახალდაბადებული მეფე. ანგელოზები გვახსენებენ, რომ ვემსახუროთ და ვადიდოთ ღმერთი.
წყარო: https://nolacatholic.org