მარადმწვანე ნაძვის ხე ტრადიციულად გამოიყენებოდა ზამთრის ფესტივალის აღსანიშნავად (წარმართებსა და ქრისტიანებში). წარმართები თავიანთი სახლების მოსართავად ზამთრის ბუნიობის დროს მის ტოტებს იყენებდნენ, ეს იყო ნიშანი იმის, რომ გაზაფხული მალე დადგებოდა. რომაელები მარადმწვანე ტოტებით ტაძრებს რთავდნენ, სატურნალიის დღესასწაულის აღსანიშნავად. ქრისტიანებისთვის კი ეს მცენარეები ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრების გამომსახველი იყო.
ზუსტად არავინ იცის, პირველად როდის გამოიყენეს ნაძვის ხე შობის აღსანიშნავად. ეს, დაახლოებით, 1000 წლის წინ მოხდა ჩრდილოეთ ევროპაში. როგორც ჩანს, პირველი შობის ხეები უკუღმა იკიდებოდა ჭერზე, ამისთვის ჯაჭვებს იყენებდნენ.
ჩრდილოეთ ევროპაში საშობაო ხეების ფუნქცია ალუბლის ან კუნელის ხეებს (ან ხის ტოტებს) ჰქონდათ, რომლებსაც შესაბამის ჭურჭელში აწყობდნენ და სახლებში შემოჰქონდათ, იმ იმედით, რომ შობის დროს აყვავდებოდა. თუ შეუძლებელი იყო ცოცხალი მცენარის ქონა სახლში, ადამიანები ხისაგან აკეთებდნენ პირამიდებს და მას რთავდნენ.
ხის პირამიდები განასახიერებდნენ სამოთხის ხეებს. ისინი დეკორაციებად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების გერმანულ მისტერიებსა და დადგმებში. ამგვარი დადგმები შობის ღამეს ეკლესიების წინ ეწყობოდა. ადრეული ეკლესიის კალენდარში 24 დეკემბერი იყო ადამისა და ევას დღე. სამოთხის ხე წარმოადგენდა ედემის ბაღს. ხეს, დადგმის დაწყებამდე, ქალაქის გარშემო დაატრებდნენ, რითიც ერთგვარ რეკლამას უკეთებდნენ საშობაო წარმოდგენას. დადგმები ბიბლიურ ისტორიებს მოუთხრობდა ადამიანებს, რომელთაც არ იცოდნენ კითხვა.
ტალინსა (ესტონეთი) და რიგას (ლატვია) შორის დავაა იმის შესახებ, თუ რომელ ქალაქში დაიდგა პირველად საშობაო ხე. ორივე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ პირველებს მათ ჰქონდათ შობის ხე. ტალინს 1441 წელს და რიგას 1510 წელს. ორივე შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ხე დადგა საძმომ „Brotherhood of Blackheads“, რომელიც იყო ლივონიაში (წარმოადგენს ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიას) დაარსებული ასოციაცია და ადგილობრივი დაუქორწინებელი ვაჭრების, გემის მფლობელებისა და უცხოელებისგან შედგებოდა. მათ შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. გარდა იმისა, რომ საშობაო ხეს დგამდნენ ქალაქის ცენტრში, ასოციაციის წევრები ცეკვავდნენ ხის გარშემო და შემდეგ ცეცხლში წვავდნენ მას. ეს ერთგვარი საშობაო კოცონის ტრადიცია გახლდათ. ასევე, ხე უნდა ყოფილიყო სამოთხის ხის მსგავსი ან ხის შანდლის ფორმა უნდა ჰქონოდა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში არის ფირფიტა, რომელზეც 8 ენაზეა ამოკვეთილი, რომ „პირველი ახალი წლის ხე რიგაში იდგა 1510 წელს“. ასევე არსებობს 1521 წლის სურათი, რომელიც აჩვენებს, როგორ დაატარებდნენ ხეს ქუჩებში, ცხენზე ამხედრებული კაცი კი მას უკან მიჰყვებოდა. ეს კაცი გამოწყობილი იყო ეპისკოპოსის ფორმაში, იგი, სავარაუდოდ, განასახიერებდა წმინდა ნიკოლასს. 1584 წელს ბალთაზარ რუსომ დაწერა რიგაში არსებული ერთი ტრადიციის შესახებ. მორთული ნაძვის ხე იდგა ბაზრის მოედანზე, სადაც ახალგაზრდა კაცები „გოგონებთან და ქალებთან ერთად მიდიოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და შემდეგ ხეს ცეცხლს უკიდებდნენ.“
პირველი ადამიანი, რომელმაც შობის ხე სახლში დადგა, იყო გერმანელი მქადაგებელი მარტინ ლუთერი, მე 16-საუკუნეში. გადმოცემის მიხედვით, ერთ ღამეს, შობის წინ, ის ტყეში დახეტიალებდა და უყურებდა, როგორ ბრწყინავდნენ ვარსკვლავები ხის ტოტებს შორის. ისეთი მშვენიერი სანახაობა იყო, რომ ის სახლში წავიდა და უთხრა თავის შვილებს, რომ ეს ხე იესოს აგონებდა, რომელმაც თითქოს ვარსკვლავები დაგვიტოვა ზეცაზე იმის ნიშნად, რომ ის დედამიწაზე კვლავ დაბრუნდება.
საშობაო ხის დადგმის ტრადიცია ბალტიის ზღვას მიუყვება ლატვიიდან გერმანიამდე. 1400-იან 1500-იან წლებში, ტერიტორიები, რომლებიც ახლა გერმანიისა და ლატვიის სახელმწიფოებს წარმოადგენს, იყო ორი დიდი იმპერია ერთმანეთის მეზობლად.
სხვა ისტორიის მიხედვით, წმინდა ბონიფაცმა ინგლისი დატოვა და გაემგზავრა გერმანიაში, რათა ექადაგა გერმანელი წარმართებისთვის. ის წარმართებთან მივიდა მაშინ, როდესაც ბიჭის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ მუხის ხის თაყვანისცემის დროს. ბონიფაცს ხმა ჩაესმა, რომ მოეჭრა მუხის ხე, იმისთვის, რომ მსხვერპლშეწირვა შეეჩერებინა. გადაჭრილი ხის ადგილზე ამოიზარდა ნაძვის ხე. წმინდა ბონიფაცმა ხე ქრისტიანული რწმენის ნიშნად გამოაცხადა. წმინდა ბონიფაცმა იმ ღამეს უქადაგა წარმართებს.
კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს გერმანიაში: შობის ერთ ცივ ღამეს, მეტყევე და მისი ოჯახი ქოხში იყვნენ შეკრებილები ცეცხლის გარშემო. უეცრად კაკუნი გაისმა კარზე. როდესაც მეტყევემ კარი გააღო, მან პატარა საბრალო ბიჭი დაინახა, კართან იდგა მარტო, დაკარგული. მეტყევემ ბიჭი სახლში შეიყვანა. ოჯახის წევრებმა აჭამეს, დაჰბანეს და თავიანთ პატარა შვილთან ერთად დასაძინებლად დააწვინეს. მეორე დილას, „შობის დღეს ოჯახი ანგელოზების გუნდის სიმღერამ გააღვიძა. პატარა ღარიბი ბიჭი იესოდ გარდასახულიყო. იესო გავიდა ქოხის წინ მდებარე ბაღში, მოტეხა ნაძვის ტოტი და მისცა ოჯახს საჩუქრად, რათა მადლობა გადაეხადა მასზე ზრუნვისთვის. აქედან მოყოლებული, ადამიანები იხსენებენ ამ ღამეს და მოაქვთ საშობაო ხე სახლში.
წყარო: https://www.whychristmas.com