ყოველ წელს ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი ვარდება ადამიანებით მოვაჭრეთა ხელში თავიანთ ქვეყნებსა თუ საზღვარგარეთ. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მძვინვარებს ეს დანაშაული. დანაშაული შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოში ხორციელდებოდეს, ამიტომ მის გამოსავლენად და შესაბამისი ზომების გასატარებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა თანამშრომლობა.
2003 წელს ძალაში შევიდა გაერთიანებული ერების კონვენცია ადამიანის, განსაკუთრებით კი, ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ, რომელიც განმარტავს დანაშაულს, ადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, დანაშაულის აღკვეთისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის გზებს.
ტრეფიკინგის ელემენტები
ტრეფიკინგს სამი მთავარი ელემენტი აქვს: ქმედება, საშუალება და მიზანი.
ქმედება (თუ რა ხორციელდება) ადამიანთა გადაბირება, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება ან მიღებაა.
საშუალება (როგორ ხორციელდება), ესაა მუქარა, ძალის გამოყენება ან იძულების სხვა საშუალება ‒ მოტაცება, თაღლითობა, მოტყუება, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენება.
მიზანი (რატომ ხორციელდება), ესაა ადამიანების ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს: სხვათა პროსტიტუციის ექსპლოატაციას, სქესობრივი ექსპლოატაციის სხვადასხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, მონურ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას.
ადამიანთა ვაჭრობის დანაშაული, შესაძლოა, შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. გლობალურ დონეზე ზუსტი ციფრების განსაზღვრა რთულია, თუმცა უკანასკნელი კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ 40.3 მილიონი ადამიანი გახდა თანამედროვე მონობის მსხვერპლი, აქედან 24.9 მილიონი შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლია, 15.4 მილიონი კი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი. მსოფლიოს ქვეყნებში ყოველი 1000 ადამიანიდან 5 ან 6 მათგანი თანამედროვე მონობის მსხვერპლია.
ტრეფიკინგი სქესის მიხედვით
დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც კაცი, ასევე ქალი, ასაკის მიუხედავად. თუმცა, კვლევების თანახმად ჩანს, რომ ქალები ტრეფიკინგის დანაშაულის რისკჯგუფს წარმოადგენენ, რადგან დანაშაულის მსხვერპლთა 71% არის ქალი და გოგონა, 29% კი ‒ მამაკაცი და ბიჭი.
ტრეფიკინგი ასაკის მიხედვით
ასაკის მიხედვით დანაშაულის მსხვერპლთა განაწილება შემდეგია: 30,2 მილიონი მსხვერპლი, ანუ 75% არის 18 წელს მიღწეული და მეტი ასაკის მქონე პირი. დანაშაულის მსხვერპლთა 25% კი, რაც 10.1 მილიონია ციფრებში, 18 წელს მიუღწეველი ადამიანები არიან. ტრეფიკინგის მსხვერპლთა 37%-ს წარმოადგენენ იძულებით ქორწინებაში მყოფი ბავშვები, 21%-ს კი ბავშვები, რომლებიც სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლნი გახდნენ.
იძულებითი შრომა სხვადასხვა ინდუსტრიაში
16 მილიონი ადამიანი (64%) იძულებითი შრომის მსხვერპლია. ისინი ასრულებენ საოჯახო საქმიანობას, ჩაბმულნი არიან სამშენებლო ან სოფლის მეურნეობის სფეროებში. 4.8 მილიონი ადამიანი (19%) არის სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი.
სავალო მონობა
სავალო მონობამ იძულებითი შრომის მსხვერპლთა ნახევარზე მეტ შემთხვევაში იქონია გავლენა. იგი კერძო პირების მიერ ხორციელდება. სავალო მონობა არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანი, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდეს, რადგან იგი მეორე პირს ვერ უბრუნებს ვალს და, შესაბამისად, თანხმდება ვალის გამოსყიდვის პირობებს.
წყარო: https://www.unodc.org