რატომ არ სჯერა უამრავ განათლებულ ადამიანს ღმერთის არსებობის? კაცობრიობა ამაყობს თავისი არჩევანის თავისუფლებით. ადამიანები არიან თავისუფალი არსებები, რომელთაც მიცემული აქვთ თავისუფალი ნება. თითოეული ადამიანი თავად ირჩევს, თუ რა ჩაიცვას, რა მიირთვას და სად წავიდეს. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, თუ რა ირწმუნოს. ძველი აღთქმის პერსონაჟის, იესო ნავეს ძის, სიტყვა გვიჩვენებს, თუ რამდენად თავისუფალია თითოეული ჩვენგანი არჩევანში – ირწმუნოს თუ არა ღმერთის. ებრაელ ერთან საუბრისას ათასწლეულების წინ, იესო ნავეს ძე ამბობს:
თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომელთაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.
იესოს მინიშნება უფრო მეტად ცხადი ვერ იქნებოდა: ებრაელებს, ისევე, როგორც ყველა სხვა ერს და ყველა ინდივიდს, აქვთ არჩევანის თავისუფლება – ირწმუნონ თუ არა ღმერთის.
თუმცა თავისუფლება ყოველთვის მოიაზრებს პასუხისმგებლობასაც. არჩევანის თავისუფლებას მოაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვიფიქროთ ყურადღებით, ავირჩიოთ ბრძნულად და ვიმოქმედოთ მტკიცედ. ამიტომაც ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა – გააცნობიეროს, ირწმუნოს და დაემორჩილოს ჭეშმარიტებას.
ურწმუნოობის მრავალი სახე და მიზეზი
მთელი ისტორიის განმავლობაში მრავალმა ადამიანმა გადაწყვიტა, არ ერწმუნა ღმერთის. ისინი მოიხსენიებიან უამრავი განსხვავებული სახელით: ათეისტები, აგნოსტიკოსები, ურწმუნოები და ა.შ. ამ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ ურწმუნოების ცალკეულ სახეობებს.
ათეისტები
სიტყვა „ათეისტი“ ნიშნავს „ღმერთის გარეშე“. ათეისტი არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს. კარლ საგანი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ათეისტი. მან შეაჯამა ათეიზმი, როდესაც განაცხადა: „კოსმოსი არის ის ყველაფერი, რაც არის, ოდესმე იყო, ან იქნება.“ ათეისტი პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს.
თუმცა გაცილებით უფრო ადვილია ზოგიერთისთვის, თავის თავს უწოდოს ათეისტი, ვიდრე ეს პოზიცია დაიცვას.
იმისათვის, რომ პიროვნებამ ამტკიცოს ღმერთის არარსებობა, საჭიროა, იცოდეს თითოეული ფაქტი სამყაროში, იმიტომ, რომ ის ერთი ფაქტი, რაც მან შეიძლება არ იცოდეს, არის ის, რომ ღმერთი არსებობს. მაგალითად, თუ პიროვნებას აქვს უნიკალური ლურჯზოლებიანი მაისური, მას არ შეუძლია, ეს დანამდვილებით თქვას, თუ იგი არ ნახავს მსოფლიოში არსებულ თითოეულ მაისურს. ათეისტს არ შეუძია ამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგანაც შეუძლებელია, იცოდეს ყველა სხვა ფაქტი ისევე, როგორც ლურჯზოლებიანი მაისურის მქონე ადამიანს არ შეუძლია, ნახოს ყველა სხვა მაისური, რომელიც არსებობს მსოფლიოში.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ უმეტესი ათეისტი, საერთო ჯამში, არ განიხილავს ფაქტებს. ისინი იმდენად არიან ღმერთის არარსებობის იდეით შეპყრობილნი, რომ უარყოფენ და აიგნორებენ ღმერთის არსებობის მტკიცებულებებს. ისააკ ასიმოვმა, კიდევ ერთმა ცნობილმა ათეისტმა, თქვა: „გულის სიღრმეში მე ათეისტი ვარ. არ მაქვს მტკიცებულება ღმერთის არარსებობის დასამტკიცებლად, მაგრამ იმდენად ძლიერად მჯერა მისი არარსებობის, რომ არ მინდა, ჩემი დრო დავკარგო.“ ათეიზმი ვერ პასუხობს ღმერთის არსებობის მტკიცებულებას და არ ძალუძს ღმერთისადმი რწმენის მისაღები ალტერნატივის შემოთავაზება.
აგნოსტიკოსები
სიტყვა „აგნოსტიკოსი“ ნიშნავს „ცოდნის გარეშე“. აგნოსტიკოსი მტკიცედ არ აცხადებს, რომ ღმერთი არ არსებობს. ნაცვლად ამისა, ის ამბობს, რომ არავის შეუძლია იცოდეს, არსებობს თუ არა ღმერთი, რადგანაც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ამ დასკვნის გამოსატანად. ფაქტობრივად, აგნოსტიკოსი ამბობს: „მე არ ვიცი, შენ არ იცი, არავინ არ იცის და ვერც შეძლებს იცოდეს, რომ ღმერთი არსებობს.“ აგნოსტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანს არ ძალუძს, იცოდეს ყველაფერი და მას არასდროს არ შეეძლო „აღმოეჩინა“ ღმერთი თავისი შეზღუდული გონებით და შესაძლებლობებით. ამგვარად, აგნოსტიკოსი გვთავაზობს, რომ შევწყვიტოთ ძებნა. აგნოსტიკოსი ვერ აცნობიერებს, რომ ამ კონცეფციამ უნდა იმუშაოს ორივე მხარისათვის. მაშინ უნდა ითქვას, რომ ადამიანს არ შეუძლია, მისწვდეს ღმერთს და ასევე ღმერთს არ შეუძლია, ჩამოვიდეს ადამიანამდე. მაგრამ ღმერთს, რა თქმა უნდა, შეუძლია, მისწვდეს ადამიანს, რადგანაც, ადამიანისგან განსხვავებით, იგი არ არის შეზღუდული იმავე სახის დაბრკოლებებით დროისა და ცოდნის მხრივ. ყოვლისშემძლე ღმერთს შეეძლო, თავისი თავი გაეცხადებინა ჩვენთვის ნებისმიერ დროს, როდესაც იგი ამას მოისურვებდა და არ არსებობს რაიმე დაბრკოლება, რაც მას ამაში ხელს შეუშლიდა. გარდა ამისა, არსებობს კარგი მტკიცებულება იმისა, რომ მან ზუსტად ეს გააკეთა. აგნოსტიკოსის მტკიცებულება: „მე არ შემიძლია ვიცოდე“, ნამდვილად არის ის ნიღაბი, რომელსაც იკეთებს ფაქტის დასამალად, რადგანაც ხვდება, რომ არის ღმერთის არსებობის საკმარისი მტკიცებულება (მას არც ახსნა შეუძლია და არც უარყოფა). ალბათ, აგნოსტიკოსი ვერ პოულობს ღმერთს იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ქურდს არ შეუძლია პოლიციელის პოვნა.
სკეპტიკოსები
სკეპტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც ღმერთის არსებობაში ეჭვი ეპარება. სტანდარტული ლექსიკონის განმარტება სკეპტიკოსს აღწერს, როგორც პიროვნებას, რომელიც ფლობს „მოძღვრებას, რომ ჭეშმარიტი ცოდნა ან ცოდნის გარკვეული მხარე ბოლომდე მაინც გაურკვეველია და ვინც ეჭვობს ძირითადი რელიგიური პრინციპების შესახებ.“ ყურადღება მიაქციეთ: სკეპტიკოსი არ ამტკიცებს, რომ ღმერთის შემეცნება მიუწვდომელია (აგნოსტიკოსების მსგავსად), არამედ არის „გაურკვეველი“. სკეპტიკოსი არაა მზად, მიიღოს ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც ცდის მიხედვით შეუძლებელია (ხუთი გრძნობის გამოყენებით).
სკეპტიკოსისათვის მეცნიერება ხდება ერთადერთი მართებული მეთოდი რაიმეს დასამტკიცებლად. „სკეპტიკოსი იტყვის: რადგან არ შეგვიძლია, დავამტკიცოთ ღმერთის არსებობა ხედვის, გემოს, სმენის, შეხების ან ყნოსვის საშუალებით, მაშინ ის ან არსებობს, ან თუნდაც არსებობდეს, არაა მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, სკეპტიკოსის პოზიცია მცდარია, რადგან იცის, რომ არსებობს ისეთი რაღაცები, რისი მეცნიერული მეთოდით დამტკიცებაც შეუძლებელია. მეცნიერები ვერასოდეს შეძლებენ, გამოიკვლიონ ან ახსნან ისეთი კონცეფციები, როგორიცაა სიყვარული, სიძულვილი, მწუხარება ან სიხარული. მეცნიერება ვერასოდეს ახსნის, თუ რატომ შეიძლება გაწიროს ჯარისკაცმა ომის დროს თავისი სიცოცხლე მეგობარი ჯარისკაცების გადასარჩენად. სამწუხაროა, რომ სკეპტიკოსი იხდის დიდ ფასს თავისი სკეპტიციზმისადმი – ადამიანის რასის ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთი ცნების უარყოფა და მიტოვება. რატომ? იმისათვის, რომ შეეძლოს თქვას: მე ვეჭვობ, რომ ღმერთი არსებობს. ურწმუნო არის პიროვნება, რომელიც არა მარტო თვითონ უარყოფს ღმერთის არსებობას, არამედ შეუწყნარებელია მათ მიმართ, ვისაც იგი სწამს და აქტიურად ეწინააღმდეგება მათ. ურწმუნო ლაპარაკობს ღმერთის წინააღმდეგ და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია რელიგიის დასაგმობად. ურწმუნო აბუჩად იგდებს ღმერთს და ბიბლიას და ყველას, ვისაც მისი სწამს.
ურწმუნოების მიზეზები
ამ პუნქტამდე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, რომელთაც არ სწამთ ღმერთის. მაგრამ ზუსტად რა მიზეზების გამო უარყოფენ ისინი ღმერთს? ამ გაკვეთილის დარჩენილი ნაწილის მსვლელობისას ჩვენ გვსურს, გამოვიკვლიოთ ბიბლიური ღმერთისადმი ურწმუნოების ზოგიერთი მიზეზი.
ტენდენცია ღმერთის წინააღმდეგ
არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ ადამიანებს უჭირთ, ირწმუნონ ღმერთის, რადგანაც მათ გონებაში არის ტენდენციურობა, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ განაწყობს მათ. ამ თანდაყოლილი ტენდენციურობას ზოგიერთი უწოდებს „ურწმუნოობის აკვიატებას“. ერთმა მწერალმა ამის შესახებ თქვა: „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აშკარა მიზეზი, თუ რატომ რჩება ურწმუნო ურწმუნოდ, არის ის, რომ მას მოსწონს თავისი არჩეული გზა. ფაქტობრივად, ნებისმიერი მტკიცებულება, რა დონისაც არ უნდა იყოს ის, ვერ ახერხებს ადამიანის პოზიციის შეცვლას, თუ მისი გული თავიდანვე ამ მტკიცებულების წინააღმდეგაა განწყობილი და ემხრობა ურწმუნოებას.“
დროდადრო ადამიანები განიცდიან უკიდურეს ტენდენციურობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ღმერთის რწმენას ეხება. ისინი მოქმედებენ ბიბლიის ღმერთის წინააღმედ არსებული ტენდენციურობის ფარგლებში. მათთვის სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ღმერთი, რადგან ის ადამიანის სურვილებისა და ამბიციებისათვის წარმოადგენს საფრთხეს. სხვა სიტყვებით: ადამიანის ნება წინააღმდეგობაში მოდის ღმერთის ნებასთან. ამგვარი კურსი აუცილებლად გამოიწვევს ინტერესთა დაპირისპირებას. აშკარაა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცოდვაში სიკვდილს ამჯობინებს მორჩილებაში სიცოცხლეს.
პავლე რომში პირველი საუკუნის ქრისტიანებს ახსენებს იმათ შესახებ, ვინც „შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; და რაკი არ ეცადნენ, გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც ღმერთმა გადასცა ისინი გაუკუღმართებულ გონებას დაუწესებლის საკეთებლად.“ (რომაელთა 1:21,28). პრობლემა, რომლის შესახებაც პავლე წერს, არ იყო ის, რომ მათ არ შეეძლოთ, მიეღოთ შეუცნობელი (ტექსტი რომაელებში ნათლად მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ღმერთის არსებობის შესახებ); არამედ ეს პრობლემა იყო ის, რომ მათ უარყვეს იმის მიღება, რაც იცოდნენ – ე.ი. ღმერთის რეალურობა.
მათ, ვისაც პავლე მიმართავდა, ჰქონდათ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები ღმერთის წინააღმდეგ და უარყვეს, რომ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი. სწორედ ამის გამო დაწერა პავლემ (რა თქმა უნდა, სულიწმიდის შთაგონებით), რომ „თავიანთ თავებს ბრძენებს უწოდებდნენ და გამოსულელდნენ.“ (რომაელთა 1:22). ბიბლიაში სიტყვა „სულელი“ სულაც არ აღნიშნავს გაუნათლებელ პიროვნებას და ამ შემთხვევაში ამ მიზნით არაა გამოყენებული ეს სიტყვა. ნაცვლად ამისა, ეს ტერმინი ატარებს ორივე მორალურ და რელიგიურ აზრს, როგორც ეს რომაელთა პირველ თავშია. ამის გამოა, რომ მეფსალმუნე (რა თქმა უნდა, სულიწმიდის შთაგონებით) წერს: „თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.“ (ფსალმუნი 13:1). თუ „ღვთის შიში სიბრძნის დასაწყისია.“ (ფსალმუნი 110:10), მაშინ ამის საპირისპიროდ უგუნურება ღმერთის უარყოფიდან იღებს სათავეს. ესაია უგუნურს უწოდებს ადამიანს: „რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს“ (ესაია 32:6). ტენდენციურობა ღმერთის წინააღმდეგ გახდა ურწმუნოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, სწორედ ამის გამო აფრთხილებს პავლე ებრაელებს: „იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.“ (ებრაელთა 3:12).
მშობლების და აღზრდის მნიშვნელობა
უდავოდ, ადამიანზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ მისი მშობლები. დედ-მამა ზეგავლენას ახდენს არა მარტო ბავშვობის ასაკის დროს, არამედ ეს ზეგავლენა შედგომი ცხოვრების განმავლობაშიც გრძელდება.
ბავშვის გონებაში სწორი რაღაცების მოთავსება რთული ამოცანაა და მოითხოვს დიდ მოთმინებას. ეს 24-საათიანი, გამუდმებული პროცესია, რომელიც უნდა ხდებოდეს განუწყვეტლივ, ბავშვთან ერთად ჯდომისას, მანქანის მართვისას, მასთან ერთად ჭამისას და თუნდაც ტელევიზორის ყურებისას (იხილეთ მეორე რჯულის 6:6-7). ზოგჯერ ბავშვის განათლება ხორციელდება მითითებით, რაც საშუალებას აძლევს მშობლებს, აღზარდონ თავიანთი ბავშვები „უფლის შეგონებით და სწავლებით.“ (ეფესელთა 6:4). სხვა შემთხვევაში, ეს ხორციელდება დისციპლინის მეშვეობით, როგორც იგავების ავტორი აღნიშნავს:
ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
თუმცა ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ, ასწავლონ თავიანთ შვილებს ღმერთისადმი რწმენა. ზოგჯერ ისინი პირიქით, ბავშვებს ასწავლიან, რომ არ ირწმუნონ ღმერთის. თუ ბავშვი ხედავს მშობლებს, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ ღმერთი, ან სკეპტიკურად არიან განწყობილნი ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი მტკიცებულების მიმართ, სავარაუდოდ, ეს ბავშვი ისეთივე გულგრილი და სკეპტიკოსი იქნება, როგორიც თავისი მშობლები. მთელი ერების სულიერი მდგომარეობა დაზარალებულა იმის გამო, რომ მშობლებმა ვერ მოახერხეს თავიანთი შვილების ღმერთის შესახებ სათანადოდ ინფორმირება.
განათლება
უდავოდ, ურწმუნოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის არასათანადო განათლება. სათანადო განათლება შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი საზოგადოებისა და ერის შესაქმნელად.
სამწუხაროდ, ზოგიერთი სახის განათლებას ცუდი შედეგები მოაქვს არა მარტო პიროვნებებისათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ნებისმიერი სახის განათლება, რომელიც ანადგურებს ღვთაებრივი შემოქმედის (ღმერთის) არსებობის რწმენას, არის უარყოფითი სისტემა, რომელსაც მხოლოდ ნგრევის მოტანა შეუძლია. სამწუხაროდ, ის განათლება, რომლის შეთავაზებაც ბევრ საჯარო სკოლაში ხდება, მიმართულია ღმერთის რწმენის განადგურებისაკენ. ერთ-ერთი მთავარი საშუალება ამ რწმენის გასანადგურებლად არის სწავლება ორგანული ევოლუციის შესახებ. ბოლო 25 წლის განმავლობაში ევოლუცია ბევრ დაწყებით, საშუალო სკოლაში და თვით უმეტეს კოლეჯსა და უნივერსიტეტშიც ისწავლება, როგორც მეცნიერული ფაქტი. შედეგად, როდესაც სახელმძღვანელოები და მასწავლებლები წარმოადგენენ ორგანულ ევოლუციას, როგორც „ავტორიტეტულ მეცნიერულ რწმენას“, ბევრი სტუდენტი იჯერებს ამ თეორიას სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, რომელიც გვიჩვენებს, რომ კრეაციონიზმი არის ბევრად უკეთესი ახსნა სამყაროს და მისი მცხოვრებლების წარმოშობის შესახებ. ევოლუციის ნატურალისტური კონცეფციის მიღება სავსებით ბუნებრივია, რომ იწვევს ღმერთისადმი ურწმუნოებას.
ამორალობა
ბევრ ადამიანს არ უნდა, რომ ირწმუნოს ღმერთის, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ ცხოვრების სტილის შეცვლა. ასეთი ადამიანები შეიძლება გახვეულნი იყვნენ ისეთ ცოდვებში, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი, მრუშობა ან ნებისმიერი ის ქმედება, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის მცნებებს. როდესაც ისინი აღიარებენ ღმერთის არსებობას, შემდეგ მათ ასევე უწევთ იმის აღიარება, რომ არის კონკრეტული რაღაცები, რაც ღმერთს სურს, რომ გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ. მათ არ სურთ ისეთი ღმერთი, რომელიც ეტყვის, თუ რა გააკეთონ. შედეგად, ისინი უბრალოდ ირჩევენ იმას, რომ დაიჯერონ ღმერთის არარსებობა. ფსალმუნი 13:1 ნათლად საუბრობს ამის შესახებ: „თქვა უგუნურმა თავის გულში, არ არის ღმერთი. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს.“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, თუ ადამიანებს რატომ არ სურთ, ირწმუნონ ღმერთის, არის ის, რომ მათ არ სურთ, უარი თქვან თავიანთი ცოდვილი ცხოვრების წესზე.
მეცნიერული მატერიალიზმი
ჩვენს ეპოქაში მეცნიერება ბატონობს და ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მის მიღწევებს. მეცნიერებას უამრავ სფეროში ჰქონდა საოცარი წინსვლა, როგორიცაა: ყვავილას აღმოფხვრა, ადამიანის მთვარეზე გაგზავნა, პოლიომიელიტის თავიდან აცილება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება. თუმცა, სანამ მადლიერნი ვიქნებით ყველა იმ მიღწევისათვის, რაც მეცნიერებამ გააკეთა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მეცნიერება ღმერთის მოვალეა. დაბადების 1:28-ში ღმერთმა უთხრა ადამიანს, რომ „დაუფლებოდა დედამიწას და ებატონა მასზე.“ უდავოდ, ღმერთის ეს განცხადება წარმოადგენს მეცნიერების ქვაკუთხედს. ღმერთისადმი რწმენის ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება არის ის დამოკიდებულება, რომელიც მეცნიერებამ როგორღაც მოახერხა და ღმერთისადმი რწმენა გახადა მოძველებული. უამრავი მეცნიერი დღეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი საშუალება რაიმეს აღმოსაჩენად არის ემპირიული დაკვირვება. თუ რაიმეს ვერ დავაკვირდებით ხუთი გრძნობის გამოყენებით, მაშასადამე, ის არც არსებობს ან არ არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, რადგანაც ღმერთს ვერ დავაკვირდებით ხუთი გრძნობის გამოყენებით, ბევრი მეცნიერისათვის (და ზოგიერთისთვის, ვინც იზიარებს ამგვარ ხედვას) ღმერთი არ არსებობს, ან არ არის მნიშვნელოვანი, რომც არსებობდეს.
საზოგადოებრივი ზეგავლენა
სასიამოვნო არაა, გაკრავდნენ სულელის, უჭკუოს, უვიცის ან ჭკუასუსტის იარლიყს. ამ იარლიყებს ადებენ იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, დაიცვან თავიანთი რწმენა ღმერთის არსებობისადმი და სამყაროს შექმნის ბიბლიური კონცეფცია.
ათასობით უაღრესად განათლებული ადამიანი არის ათეისტი და უამრავ მათგანს სჯერა ევოლუციის. შემოთავაზებულ იქნა იდეა, რომ ყველა „გონიერ“ ადამიანს სჯერა ევოლუციის. ყოველივე ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, ამდენი „ჭკვიანი“ ადამიანი ცდებოდეს?
თუმცა აზრი, რომ ჭეშმარიტება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად პოპულარულია ეს შეხედულება ან იზიარებს თუ არა მას უმრავლესობა, მცდარია. საკითხი შეიძლება (და ხშირად ასეცაა) იყოს მართალი მაშინაც კი, როდესაც მას უმცირესობა იზიარებს. ფაქტობრივად, მეცნიერული მიღწევები ხშირად იმის გამო მოხდა, რომ მკვლევრები პროტესტს უცხადებდნენ უმრავლესობას, ჭეშმარიტების გამო. მხოლოდ იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანს სჯერა რაიმე, არ ამტკიცებს ამ რაღაცის ჭეშმარიტებას. თუ რაიმე ჭეშმარიტებაა, მისი მილიონჯერ გამეორება ვერ გახდის მას უფრო მეტად ჭეშმარიტს და თუ ის სიცრუეა, მისი მილიონჯერ გამეორება ვერ გახდის მას უფრო მეტად მცდარს.
ბოროტება, ტკივილი და ტანჯვა
ურწმუნოების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი არის ბოროტების, ტკივილის და ტანჯვის არსებობა სამყაროში. თუ არსებობს ყოვლადძლიერი ღმერთი და ის ყოვლად კეთილია, მაშინ რატომ ხდება ცუდი რაღაცები უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართ (როგორიცაა, მაგალითად, ბავშვები)? ბევრმა მიატოვა რწმენა საკუთარ თუ თავიანთი ახლობლების ცხოვრებაში არსებული ტკივილის გამო. ზოგიერთებმა დაკარგეს ბავშვები, ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ ის, რაც მათ სწამდათ, უბრალოდ უპასუხო ლოცვები იყო და სხვებმა კი თავიანთი საუკეთესო მეგობრები დაკარგეს. ამგვარი საშინელი ტრაგედიების განცდის შემდეგ მათ იფიქრეს, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგანაც მართლა რომ არსებობდეს იგი, რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებდა ამგვარი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნულზე მოკლე პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მან თქვა, რომ ეს ძალიან კარგი იყო (დაბადება 1:31). პირველმა კაცმა და ქალმა შესცოდეს ღმერთის წინააღმდეგ და კარი გაუხსნეს ტკივილს და ტანჯვას დედამიწაზე. ღმერთი ადამიანს ყოველთვის უტოვებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას. მას ადამიანები არ შეუქმნია რობოტებად, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ნება. ის ტანჯვა, რომელიც დღეს არსებობს წინა და ჩვენი თაობების მიერ, ამ არჩევანის თავისუფლების არასწორად გამოყენების შედეგია. გარდა ამისა, არის დრო, როდესაც ტანჯვა არსებითად სასარგებლოა. იფიქრეთ ადამიანზე, რომლის მკერდიც ძლიერად იწყებს ძგერას გულის შეტევის დაწყების ნიშნად, ან ქალი, რომელსაც გვერდი სტკივდება აპენდიციტის დაწყების ნიშნად. ტკივილი ხშირად გვაიძულებს, წავიდეთ ექიმთან პრევენციისათვის ან სამკურნალოდ. ასევე, ტკივილი და ტრაგედია ადამიანებს ეხმარება, განავითარონ ყველაზე უფრო ძვირფასი თვისებები – სიმამაცე, გმირობა, თავდადება და უამრავი სხვა.
ფაქტი, რომ თვით იესო, როგორც ღმერთის ძე, დაქვემდებარებული იყო ტკივილს და ტანჯვას (ებრაელთა 5:8; 1 პეტრე 2:21) ამტკიცებს, რომ ღმერთს უყვარს და ზრუნავს თავის ქმნილებაზე. ღმერთს შეეძლო, დავეტოვებინეთ ჩვენს ცოდვილ გულისთქმებში, მაგრამ სანაცვლოდ „ღმერთი ჩვენდამი სიყვარულს ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როდესაც ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ (რომაელთა 5:8).
დასკვნა
ძალიან ხშირად ადამიანის „სიბრძნე“ ანაცვლებს ღმერთის სიბრძნეს (1კორინთელთა 1:18-25), რაც ადამიანს აკარგვინებს საკუთარ გზას. ეს გახდა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრაგედია. ფასი, რომელსაც ადამიანები იხდიან ინტელექტუალურად განსწავლულობისათვის და სულიერი უმეცრებისათვის – თავიანთი სულების დაკარგვა – არის იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ოდესმე ამის წარმოდგენა შეგვეძლო.
უფალი მოხარულია, დაეხმაროს მათ, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. ის გვთავაზობს საკმარის მტკიცებულებებს მათ სარწმუნებლად, მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმათზე, ვინც უარყოფს ღმერთისადმი რწმენას მიუხედავად მტკიცებულებისა? იოანე მოციქული ამბობს: „ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლსა და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“ (გამოცხადება 21:8).
წყარო: www.ApologeticsPress.org