ბალეტი „მაკნატუნა“ ეფუძნება გერმანელი მწერლის, ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ზღაპარს, რომელსაც „მაკნატუნა და თაგვების მეფე“ ეწოდება. ეს არის ამბავი კაკლის სატეხ უშნო თოჯინაზე, რომელსაც ნათლია დროსელმაიერი მარის – თავის პატარა ნათლულს – საშობაოდ აჩუქებს. გოგონას მთელი გულით უყვარდება სათამაშო. ღამით მარი თოჯინას თაგვების მეფის დამარცხებაში ეხმარება, რის შედეგადაც, მაკნატუნას ჯადო მოეხსნება და ის მომხიბვლელ უფლისწულად იქცევა.
ორიგინალური ვერსია – ჰოფმანისეული პირქუში მაკნატუნა, რომელშიც მისტიკა და ჯადოქრობა იმ დოზითაა, რომ მისი კითხვისას, ცოტა არ იყოს, შიში გიტანს, ალექსანდრე დიუმა უფროსმა კეთილ, სადღესასწაულო წიგნად აქცია. დიუმამ 1844 წელს ზღაპარი ფრანგულად თარგმნა და იმავე წელს გამოაქვეყნა. მის მიერ შესრულებული თავისუფალი თარგმანი ზღაპრის სრულიად ახალი ვარიანტია, განსხვავებული ორიგინალისგან. დიუმას თარგმანში შეცვლილია აზრობრივი აქცენტები, ატმოსფერო და გადმოცემის მანერა.
მაკნატუნას, როგორც ბალეტის ისტორია, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან იწყება. 1890 წელს ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ მიიღო შეკვეთა რუსეთის საიმპერატორო თეატრისგან, შეექმნა ერთმოქმედებიანი ოპერა და ორმოქმედებიანი ბალეტი. ოპერისათვის შეირჩა დანიელი მწერლის, ჰაინრიხ ჰერცის დრამა „მეფე რენეს ქალიშვილი“ (იოლანტა), ხოლო ბალეტისათვის ცნობილი გერმანელი მწერლის, ე. ჰოფმანის ზღაპარი „მაკნატუნა და თაგვების მეფე“. ბალეტისათვის კომპოზიტორმა გამოიყენა არა ჰოფმანის ორიგინალი ზღაპრის ვერსია, არამედ დიუმას მიერ შესრულებული თარგმანი, რომელსაც უბრალოდ „მაკნატუნას ამბავი“ ეწოდებოდა.
ბალეტის ქორეოგრაფია დაევალა რუსეთის საიმპერატორო კარზე მოღვაწე ფრანგ ბალეტმაისტერს, მარიუს პეტიპას. მან დიუმას მიერ შესრულებული თარგმანი გამოიყენა ბალეტის ლიბრეტოსათვის. ქორეოგრაფის ჩანაფიქრის მიხედვით, იმპერატორ ალექსანდრე III-ისთვის შექმნილი ბალეტი აუცილებლად თავშესაქცევი, მხიარული სპექტაკლი უნდა ყოფილიყო. პეტიპამ სადღესასწაულო მელოდიების შექმნა პეტრე ჩაიკოვსკის დაავალა, თუმცა, ქორეოგრაფის სურვილის მიუხედავად, „მაკნატუნას“ ულამაზესი მუსიკა, განსაკუთრებით ფინალი, ტრაგიზმითაა გაჯერებული (საყვარელი დის გარდაცვალების გამო).
„მაკნატუნა“ გახლდათ ჩაიკოვსკის მესამე და უკანასკნელი ბალეტი. დღეს იგი ალბათ ყველაზე პოპულარული ბალეტია მსოფლიოში, თუმცა მის შექმნას უამრავი სირთულე ახლდა თან და არც პრემიერა არ ყოფილა წარმატებული. თავად კომპოზიტორიც ვერ მოესწრო ბალეტის წარმატებას.
მუსიკის შექმნა ბალეტისათვის
ბალეტისათვის მუსიკის შექმნას კომპოზიტორი 1891 წლის თებერვალში შეუდგა. აღნიშნული წლის 6 მარტს ჩაიკოვსკი ამერიკაში გაემგზავრა ტურნესთვის. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა დაწერილი მუსიკა პირველი აქტის ნახევრისა და თოვლის ფანტელების ვალსისათვის. ტურნეში ყოფნისას ის აგრძელებდა მუსიკის წერას მაკნატუნასა და იოლანტასთვის, თუმცა თავად კომპოზიტორი კმაყოფილი არ იყო. სწორედ ამიტომ, მან რუსეთის საიმპერატორო თეატრის დირექტორს, ივან ვსევოლოჟსკის მისწერა, რომ ოპერისა და ბალეტის პრემიერა გადაედო 1892-1893 წლების სეზონისათვის.
16 აპრილს (ძვ. სტილით) გარდაიცვალა ჩაიკოვსკის და ალექსანდრა, ამიტომ ვსევოლოჟსკიმაც, პატივისცემის ნიშნად, დააკმაყოფილა კომპოზიტორის თხოვნა პრემიერის გადადებასთან დაკავშირებით. ჩაიკოვსკიმ ბალეტისათვის მუსიკის წერა დაასრულა ფლოროვსკოეში დაბრუნების შემდეგ.
ბალეტის ქორეოგრაფიული დადგმისათვის პეტიპამ ბავშვები აარჩია კლარას (მარის), ფრიცისა და მაკნატუნას როლებისათვის. ბალეტის პირველ დადგმაში კლარას როლს ასრულებდა 12 წლის სტანისლავა ბელინსკაია, ხოლო მაკნატუნას როლს − 17 წლის სერგეი ლეგატი. საბალეტო დადგმებში ბავშვების მონაწილეობა ახალი არ გახლდათ, რადგან პეტიპას თითქმის ყველა კლასიკურ საბალეტო წარმოდგენაში იხილავდით ბავშვების ცეკვას. რთული ქორეოგრაფიული ცეკვების შესრულება პეტიპას განსაზღვრული ჰქონდა უფროსი ასაკის მოცეკვავეებისათვის (რომლებიც მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდნენ), რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ შესაბამისი დახვეწილი საცეკვაო ტექნიკა.
საბოლოოდ, დაიწყო რეპეტიციები ბალეტისათვის, თუმცა 26 აგვისტოს პეტიპას 15 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და ამიტომაც, ბალეტის ქორეოგრაფია ვსევოლოჟსკიმ პეტიპას ასისტენტს, ლევ ივანოვს გადააბარა.
მსოფლიო პრემიერა
„მაკნატუნას“ და „იოლანტას“ ერთობლივი პრემიერა გაიმართა 1892 წლის 18 დეკემბერს (ძვ. სტილით 6 დეკემბერს) მარიინსკის საიმპერატორო თეატრში. ბალეტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრი აკრიტიკებდა ბალეტის ლიბრეტოს და ასევე, ოპერისა და ბალეტის შერეულ წარმოდგენას. მოკლედ, „მაკნატუნამ“ ნამდვილად ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორც „მძინარე მზეთუნახავმა“, რომლის მუსიკაც ასევე ჩაიკოვსკიმ შექმნა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა თავად მუსიკა დადებითად შეაფასეს. ბალეტის პრემიერამდე, ჩაიკოვსკიმ საკონცერტო წარმოდგენისთვის მოამზადა მაკნატუნას სუიტა, Op. 71a, რომლის პრემიერაც გაიმართა 1892 წლის 19 მარტს სანკტ-პეტერბურგში და ძალიან დიდი წარმატებაც მოიპოვა.
„მაკნატუნა“ კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩა რუსეთის საიმპერატორო თეატრის რეპერტუარში. 1900 წელს ბალეტი კვლავ დადგა ლევ ივანოვმა. მას შემდეგ „მაკნატუნა“ რეპერტუარიდან აღარ ამოუღიათ. რუსეთის იმპერიაში ბალეტი უკანასკნელად დაიდგა 1917 წლის 25 ოქტომბერს.
1923 წელს სპექტაკლი აღადგინა ბალეტმაისტერმა ფ. ლოპუხოვმა (1886-1973). 1929 წელს მან ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია შექმნა. თავდაპირველ სცენარში ბალეტის მთავარ გმირ გოგონას ერქვა კლარა (ჰოფმანის ზღაპარში მარი შტალბაუმის თოჯინას ჰქვია კლარა), მაგრამ საბჭოთა წლებში მას მაშას (მარიას) უწოდებდნენ.
მიუხედავად თავდაპირველი წარუმატებლობისა, „მაკნატუნა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალეტად იქცა, რომელსაც ძალიან ხშირად იხილავთ სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბალეტის პირველი მოქმედება საშობაო წვეულებისას ხდება, იგი სწორედ შობის სეზონზე იდგმება.
საინტერესო ფაქტები „მაკნატუნასთან“ დაკავშირებით
1886-1890 წლებში ჩაიკოვსკი ხუთჯერ ესტუმრა საქართველოს. მის საუკეთესო ნამუშევართაგან ზოგიერთი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა კომპოზიტორის სიცოცხლეშივე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“, აქვე იმუშავა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სიუიტა „მოცარტიანას“ საორკესტრო ნაწარმოებად ქცევაზე, და დაასრულა იგი ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „Бпажен, кто улыбается“ და შექმნა სექსტეტ Souvenir de Florence-ის ჩანაწერები.
კომპოზიტორი ასევე უსმენდა და იწერდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. მეგრულმა იავნანამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეს მელოდია „მაკნატუნაში“ გამოიყენა. ბალეტის ერთ-ერთი ნაწილის − „არაბული ცეკვისათვის“ − კომპოზიტორმა მუსიკა სწორედ მეგრული ნანას მოტივებზე დაწერა. მანამ, სანამ მსოფლიო გაიცნობდა „მაკნატუნას“, ის უკვე ცნობილი იყო საქართველოში. ბალეტი 1900 წელს დაიდგა თბილისში. ამას მოჰყვა „გედების ტბა“ (1907) და „მძინარე მზეთუნახავი“ (1912).
„მაკნატუნას“ მსოფლიო პოპულარობა
„მაკნატუნას“ პირველი სრული წარმოდგენა რუსეთის გარეთ დაიდგა 1934 წელს ინგლისში ნიკოლას სერგეიევის მიერ. 1940 წელს კი მონტე-კარლოს რუსულმა ბალეტმა მაყურებელს ნიუ-იორკში წარუდგინა ჩაიკოვსკის ბალეტი. სრული წარმოდგენა ამერიკაში დადგა სან-ფრანცისკოს ბალეტმა 1944 წელს, უილიამ კრისტენსენის ხელმძღვანელობით.
ბალეტ „მაკნატუნას“ ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ახალი ეპოქა დაიწყო მაშინ, როდესაც 1954 წელს ნიუ-იორკის სიტი ბალეტის სცენაზე მაყურებელმა იხილა ჯორჯ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის) მიერ გადამუშავებული ბალეტი „მაკნატუნა“. ამ წარმოდგენამ ბალეტი ყოველწლიურ საშობაო კლასიკად აქცია. თავად ბალანჩინიმ 1919 წელს, 15 წლის ასაკში იცეკვა მაკნატუნა-უფლისწულის პარტია.
ამერიკაში მოღვაწეობის განმავლობაში ჯორჯ ბალანჩინიმ 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი დადგა, მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ ხვდა წილად, რომლის შესრულება საშობაო ტრადიციად დამკვიდრდა. ქორეოგრაფები და ცეკვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბალანჩინიმ ჩაიკოვსკის ქართული ელემენტები დაამატა და ბალეტი სუფთა ნაციონალური მოძრაობებით გაამდიდრა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საბალეტო ისტორიაში.