როდესაც გვეჩვენება, რომ ჩვენი ლოცვები ჭერს არ სცდება, როდესაც გვგონია, რომ უფალი შორსაა და არ ესმის ჩვენი ტკივილის, როდესაც დაღლა და უსუსურობის განცდა იპყრობს ჩვენს გულებს, სწორედ იმის დრო დგება, რომ ვიმარხულოთ და ვეძიოთ უფალი მთელი თავმდაბლობით, გავიმარჯვოთ ჩვენს სისუსტეებზე და წამოვდგეთ ახალი ძალებით ქრისტიანულ ცხოვრებაში. მარხვა, ლოცვასთნ ერთად უძლიერესი იარაღია, რომელიც ქრისტიანებს გააჩნიათ, ამიტომ თითოეული ქრისტიანი ვალდებულია, იცოდეს მეტი მის შესახებ.
მარხვა ქრისტიანული ცხოვრების და ღმერთთან ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. ის გვეხმარება უფალთან მოზიარეობაში, მასთან გვაახლოებს და ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოაქვს. მარხვა უბრალოდ საკვებისგან თავშეკავებას არ გულისხმობს გარკვეული დროით. ბიბლიური მარხვა გახლავთ საკვებისგან თავის შეკავება სულიერი მიზნების გამო. მათეს სახარების მე-6 თავში, იესო გვიჩვენებს მოდელს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ უფლის შვილებმა. ეს მოდელი მოიცავს ქრისტიანის სამ ვალდებულებას: წყალობას, ლოცვასა და მარხვას. იესომ თქვა: „როცა მოწყალებას გასცემთ…“, „როცა ლოცულობთ…“, „როცა მარხულობთ…“. ის გვიჩვენებს, რომ მარხვა, ისევე, როგორც წყალობა და ლოცვა, ქრისტიანის ცხოვრების ბუნებრივი და რეგულარული ნაწილია.
ასევე, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.
მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.” ხოლო მან მიუგო და უთხრა: ‘დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’
ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
‘ახლაც’ – ამბობს უფალი: – ‘მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.’
და ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე.
ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით.
როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: ‘გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.’ მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
და ვიმარხულეთ, და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.
და იყო იქ უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: ‘რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?’ უთხრა მათ იესომ: ‘განა შეუძლიათ, იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.’
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.
იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.
და ასევე, ბიბლიურ მარხვაზე საუბარი წარმოუდგენელია ესაიას 58 თავის ხსენების გარეშე, რომელშიც თავად უფალი ლაპარაკობს, თუ როგორი მარხვა მოსწონს მას და საერთოდ, რას უწოდებს ნამდვილ მარხვას:
- „იყვირე მთელი ხმით, თავს ნუ დაზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა, და გამოუცხადე ჩემს ხალხს თავისი დანაშაული და იაკობის სახლს – თავისი ცოდვები.
- ისინი ყოველდღე მეძიებენ მე და სურთ ჩემი გზების ცოდნა, როგორც ერი, რომელიც სიმართლეს იქმს და თავისი ღმერთის სამართალს არ ივიწყებს; მეკითხებიან მე მართალ სამართალზე, ღმერთთან სიახლოვე სწადიათ მათ.
- რატომ ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავო? რატომ მოვიდრეკთ სულს, თუკი არ გვამჩნევო? – აჰა, თქვენი მარხვის დღეს აღწევთ თქვენს საწადელს და მძიმე შრომას მოითხოვთ სხვათაგან.
- თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისათვის მარხულობთ, და იმისათვის, რომ დაურიდებლად ურტყათ სხვებს. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.
- განა ასეთია ის მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი სულს იტანჯავს, როცა თავს იდრეკს ლერწამივით, და ძაძასა და ნაცარს იფენს ქვეშ? ამას უწოდებ მარხვასა და უფლის საწადელ დღეს?
- აი, მარხვა, რომელიც ამოვარჩიე: გახსენი ხუნდები უსამართლობის, შეხსენი აპეურები უღელს, ჩაგრულნი გაათავისუფლე და ყველა უღელი დალეწე;
- გაუნაწილე შენი ლუკმა მშიერს და ღარიბნი და მწირნი შემოიყვანე სახლში; შიშველს რომ ნახავ, შემოსე, და შენს სისხლსა და ხორცს ნუ დაემალები.
- მაშინ ცისკარივით აკიაფდება შენი ნათელი, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე, და უფლის დიდება გარემოგიცავს.
- მაშინ მოუხმობ და უფალი გიპასუხებს; შეღაღადებ და ის გეტყვის: ‘აქა ვარ!’ როცა მოიცილებ უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღებ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება.
- წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სულს გვალვებში, შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყარო, რომლის წყლებიც არასდროს დაშრება.
- საუკუნო ნანგრევებზე კვლავ ააშენებ ქალაქებს: შენ აღადგენ მრავალ თაობათა საფუძვლებს, და დაგერქმევა ნანგრევთა აღმდგენელი, ხალხთა გზების განმაახლებელი.
- თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმინდა დღეს, და უწოდებ შაბათს – შვებას, უფლის წმინდა დღეს, განდიდებულს და განადიდებ მას იმით, რომ არ გააკეთებ შენს ჩვეულ საქმეებს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
- მაშინ გაიხარებ უფალში, მე აგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე და გამოგკვებავ იაკობის, შენი მამის, წილხვედრით, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა ეს.”