მარტინ ლუთერ კინგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უფლებადამცველია მათ შორის, ვინც სოციალური რეფორმების მშვიდობიანი გზით განხორციელების მომხრენი გახლდნენ. მარტინ ლუთერ კინგის განსაკუთრებულმა ორატორულმა შესაძლებლობებმა და გაბედულებამ მიიპყრო ამერიკის ყურადღება 1955 წელს, როცა ის და ადამიანთა უფლებების დამცველი სხვა აქტივისტები დააკავეს ბოიკოტის გამოცხადების გამო, ალაბამის შტატის სატრანსპორტო კომპანიის „მონტგომერის“ წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვდა, რომ ავტობუსში ფერადკანიანებს ადგილი დაეთმოთ თეთრკანიანთათვის და ფეხზე მდგარიყვნენ ან ავტობუსის უკანა სკამებზე მსხდარიყვნენ.
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კინგი წერდა, სიტყვით გამოდიოდა და ორგანიზებას უწევდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და მასობრივ დემონსტრაციებს იმისათვის, რომ მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო რასობრივი დისკრიმინაციისათვის და მოეთხოვა აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებების დამცველი კანონების მიღება. კინგის მიერ წამოწყებული მოძრაობა იმდენად ძლიერი იყო, რომ 1964 წელს კონგრესმა მიიღო აქტი ადამიანთა უფლებების შესახებ. იმავე წელს კინგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.
მარტინ ლუთერ კინგი ისტორიაში შევიდა, როგორც არა მხოლოდ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი, არამედ როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის საქმიანობას საფუძვლად ედო ქრისტიანობის, მშვიდობის ფილოსოფიისა და თანასწორუფლებიანობის სოციალური კონცეფცია.
მისი სახელგანთქმული სიტყვა „მე მაქვს ოცნება“, რომელიც დღესაც ბევრ ადამიანს შთააგონებს, შეიცავს მკაფიო ბიბლიურ ალუზიებს: „მე მაქვს ოცნება, რომ ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება და გამოჩნდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისგან!“
1968 წლის 3 აპრილს კინგმა კიდევ ერთი გასაოცარი სიტყვა წარმოთქვა მემფისში. ამ გამოსვლას ამერიკის პოლიტიკურ სინდისზე დიდად უნდა ემოქმედა, რადგან მეორე დღეს კინგი საკუთარი სასტუმროს აივანზე მოკლეს მემფისში.
„მე მხოლოდ ღვთის ნების აღსრულება მინდა“, – ამბობდა იგი საკუთარი ცხოვრების შესახებ. მისი ყოველი გამოსვლა და მის მიერ წარმოთქმული სიტყვა შთააგონებდა ადამიანებს და უბიძგებდა მათ, ებრძოლათ თავისუფლებისათვის, მაგრამ ებრძოლათ მშვიდობიანად, ჰყვარებოდათ სხვები და ეზრუნათ მათზე.
გთავაზობთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ ციტატებს, მისი შთამბეჭდავი გამოსვლებიდან:
დიდებულ ადამიანად ქცევა ყველას შეუძლია, რადგან ყველას შეუძლია მსახურება. იმისათვის, რომ ემსახურო ადამიანებს, აუცილებელი არ არის უმაღლესი განათლება, არც სიტყვების სწორად წარმოთქმაა აუცილებელი. საჭიროა მხოლოდ გული, რომელშიც მკვიდრობს მადლი; სული, რომელშიც მოქმედებს სიყვარული.
სიბნელეს არ შეუძლია, გაფანტოს სიბნელე. ეს მხოლოდ სინათლეს ძალუძს. სიძულვილს არ შეუძლია, გაანადგუროს სიძულვილი: მხოლოდ სიყვარულს ხელეწიფება ეს. სიძულვილი ამრავლებს ძალადობას, ძალადობა კი ძალადობას შობს.
არაძალადობრივი გზა ძლიერი და ერთგული იარაღია. ეს არის ისტორიაში უნიკალური იარაღი, რომელიც ისე იმარჯვებს, რომ არავის აყენებს ჭრილობას. ეს მკურნალი მახვილია.
სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი მტერი მეგობრად აქციოს.
სიმხდალე სვამს კითხვას: „ეს უსაფრთხოა?“ მიზანშეწონილობა ინტერესდება: „ეს კეთილგონივრულია?“ პატივმოყვარეობას უნდა, რომ გაიგოს: „ეს პოპულარულია?“ ხოლო სინდისი სვამს კითხვას: „ეს სწორია?“ და დგება დრო, როდესაც საჭიროა, დავდგეთ ადგილზე, რომელიც არც უსაფრთხო არ არის, არც კეთილგონივრულია, არც პოპულარულია, მაგრამ იქ დადგომა საჭიროა იმიტომ, რომ ეს სწორია.
პირველი ნაბიჯი რწმენით გადადგი. არ არის საჭირო, მთელ კიბეს ხედავდეთ. უბრალოდ პირველ საფეხურზე დადგით ფეხი.
საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვებზე მეტად, მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.
ინტელექტს პლუს ხასიათი – აი, ნამდვილი განათლების მიზანი.
გადავწყვიტე, ცხოვრების გზაზე სიყვარულით ვიარო, სიძულვილი მეტისმეტად დიდი ტვირთია.
თუ ადამიანმა ვერ აღმოაჩინა ის, რისი გულისთვისაც ღირს სიკვდილი, ის ვერ შეძლებს, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით.
მტრების შესაძენად ომის გამოცხადება არ არის საჭირო. საკმარისია, უბრალოდ ილაპარაკოთ ის, რასაც ფიქრობთ.
უნდა ვისწავლოთ პატიება, რადგან პატიების ძალას მოკლებულ ადამიანს არც სიყვარულის ძალა არ გააჩნია.