რწმენა უხილავის დაჯერებაა, ეს ისაა, რასაც ვერ შეეხები ხელით, მაგრამ შენი ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ღმერთის რწმენა მთლიანად ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას სამყაროზე. რწმენა „მჯერაზე“ მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ იცოდე, რომ ღმერთი არსებობს. ეს იმედია, რომ მარტო არ ხარ, რომ უფლის სიტყვა უზენაესია და მისი აღსრულება გარდაუვალი, ეს მოქმედებაა და ზოგჯერ ლოდინიც. ეს მინდობაა, 100%-ით მინდობა ღმერთზე. გწამდეს ღმერთის და გჯეროდეს, რომ რწმენით მთების დაძვრაც შესაძლებელია!
ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
იესომ უთხრა: „თუ შეძლებ, რომ ირწმუნო, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია”.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
არის თქვენ შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება.