ასა მაჰანი დაიბადა ნიუ-იორკში, 1800 წელს. დაამთავრა ენდოუვერის თეოლოგიური სემინარია (Andover Theological Seminary). შემდეგ იყო კონგრეგაციულ და პრესვიტერიანულ ეკლესიების ხუცესი, ხელს უწყობდა მისიებს, გამოსცემდა გავლენიან წიგნებს და ჟურნალებს და მოღვაწეობდა, როგორც განმანათლებელი. მაშინ, როცა ლეინის თეოლოგიურმა სემინარიამ (Lane Theological Seminary) უარი უთხრა თავის სტუდენტებს მონობის შესახებ საკითხის განხილვაზე, მაჰანი გადადგა პროტესტის ნიშნად. სწორედ ამ დროს შესთავაზეს ახლად ჩამოყალიბებული ობერლინის კოლეჯის ხელმძღვანელობა.
მაჰანი დროს უსწრებდა თავისი პროგრესული იდეებით. მაგალითად, ამბობდა, რომ საჭირო იყო პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და ლათინური ენის ზოგიერთი მოთხოვნის ინგლისური ლიტერატურით ჩანაცვლება. რამდენიმე წელი დასჭირდა მას პედაგოგთა დასარწმუნებლად, რათა მათ მიეღოთ მაჰანის იდეა ცვლილებათა შესახებ. ის ასევე დაჟინებით მოითხოვდა, რომ შავკანიან სტუდენტებს თეთრკანიანებთან ერთად ესწავლათ, მაგრამ მას დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა თავისი პროგრესული იდეების გამო.
მაჰანი უარყოფდა ზედმეტ ფორმალობას და არაკეთილგონივრულ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ლექტორისთვის სტუდენტს თავი უნდა დაეხარა პატივისცემის ნიშნად, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო იმ დროს არსებულ კოლეჯებში. ის ეხმარებოდა ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა და მხოლოდ თეორიის ქადაგებით არ შემოიფარგლებოდა.
ასა მაჰანს ძალიან უნდოდა სულიერი სრულყოფის მიღწევა და დარწმუნებული იყო, რომ ეს შესაძლებელი გახლდათ. მან დაწერა ნაშრომი წმინდა წერილის დოქტრინა სრულყოფის შესახებ (Scripture Doctrine of Perfection), წიგნი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა სიწმიდის მოძრაობაზე (holiness movement – XIX-XX საუკუნეებში პროტესტანტიზმში წარმოქმნილი იდეური მიმდინარეობა) და ამტკიცებდა, რომ მოციქულთათვის მიცემული სულიწმიდის სხვადასხვა ნიჭი შეიძლება ჩვენც გვეკუთვნოდეს დღეს.
ხანდაზმულ ასაკში ასა მაჰანი ინგლისის მოქალაქე გახდა. მან ბევრი გასაჭირი გადაიტანა უსახსრობის გამო, მაგრამ ყველა, ვინც მას იცნობდა, მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად მოიხსენიებდა. მას სჯეროდა: „იმისათვის, რომ ღვთისგან კურთხეულნი ვიყოთ, გულმხურვალე სიყვარული უნდა შეგვეძლოს“. ის ფილტვების ანთებით, 1889 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ცოლს უთხრა: „ძვირფასო, მოდი, ვადიდოთ უფალი, მისი ყველა სიკეთისათვის.“
https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1801-1900/asa-mahan-went-home-11630623.html