„თუ მე არ ვიქნებოდი ებრაელი, ისე, როგორც მე მესმის, მაშინ მე არ ვიქნებოდი მხატვარი.“
მარკ/მოიშე შაგალი (1887 წლის 6 ივლისი – 1985 წლის 28 მარტი) დაიბადა რუსეთის იმპერიაში, ვიტებსკის გუბერნიაში (ამჟამინდელი ბელორუსია). ის გახლდათ ებრაული წარმოშობის რუსი მხატვარი, რომელმაც დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, სხვა ებრაელი ბიჭუნების მსგავსად. სწავლობდა თორას, თალმუდს და ძველ ებრაულ ენას. შემდეგ ვიტებსკის ოთხკლასიან სასწავლებელში დაიწყო სწავლა. 14 წლიდან კი ხატვას სწავლობდა ვიტებსკელ მხატვართან, იეჰუდა პენთან. შაგალი ავანგარდისკენ იხრებოდა და მისმა გაბედულმა, ექსპერიმენტულმა ნახატებმა ისე აღაფრთოვანა მისი მასწავლებელი, რომ შაგალს სწავლის საფასურსაც აღარ ართმევდა, უსასყიდლოდ ამეცადინებდა. გარკვეული ხნის შემდეგ პენმა თავის ახალგაზრდა მოწაფეს პეტერბურგში წასვლა და იქ სწავლა შესთავაზა. პეტერბურგში მარკ შაგალი ზვანცევის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა ლეონ ბაკსტის ხელმძღვანელობით. 1910 წელს შაგალი პარიზში გაემგზავრა. მაშინ საფრანგეთის დედაქალაქში მრავალი რუსი პოეტი, მწერალი და ავანგარდისტი მხატვარი ცხოვრობდა. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ უცხოელ კოლეგებთან ერთად და ლიტერატურისა და ფერწერის ახალ მიმდინარეობათა შესახებ მსჯელობდნენ.
სახელმწიფო დუმის დეპუტატის მაქსიმ ვინოვერის (რომლის წყალობითაც შეძლო შაგალმა პარიზში გამგზავრება) გამოგზავნილი თანხა მხოლოდ კვებისა და ქირისთვის ჰყოფნიდა. ტილოები ძვირი ღირდა და ამიტომაც შაგალი ხშირად ხატავდა სურათის ჩარჩოზე გადაჭიმულ ზეწრებზე, ღამის პერანგებსა და მაგიდის გადასაფარებლებზე, ნახატებს კი იაფად ყიდდა.
შაგალი არცერთ ჯგუფსა თუ გაერთიანებას არ უერთდებოდა. ის მიიჩნევდა, რომ მის ფერწერაში არ იყო რომელიმე მიმართულება, არამედ იყო მხოლოდ “ფერები, სისუფთავე და სიყვარული”.
1913 წელს გამომცემელმა ჰერვარტ ვალდენმა მარკ შაგალი მიიწვია გამოფენაზე, სადაც შაგალის სამი ნახატი იქნა გამოფენილი. მომდევნო წელს კი ვალდენმა შაგალის პირადი გამოფენა მოაწყო ბერლინში, ჟურნალის Der Sturm რედაქციაში. გამოფენილი იყო მხატვრის მიერ ტილოზე დახატული 34 და ქაღალდზე შესრულებული 34 ნახატი. საზოგადოებამ და კრიტიკოსებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს შაგალის შემოქმედებას. მხატვარს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ.
1914 წელს შაგალი ვიტებსკში დაბრუნდა და მომდევნო წელს თავის საყვარელ ქალზე, ბელა როზენფილდზე, დაქორწინდა. ის ცოლთან ერთად პარიზში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ გეგმები ჩაუფუშა. ამ პერიოდში შაგალი ბევრს აღარ ხატავდა, რადგან იძულებული იყო, ოჯახისა და სამსახურისთვის დაეთმო მეტი დრო. 1916 წელს მას და ბელას შეეძინათ ქალიშვილი იდა. რევოლუციის შემდეგ მარკ შაგალი ხელოვნების საქმეებში უფლებამოსილ პირად დანიშნეს ვიტებსკის გუბერნიაში. 1919 წელს მან ვიტებსკის სამხატვრო სასწავლებელი ჩამოაყალიბა. აქ ასწავლიდნენ კაზიმირ მალევიჩი, ნინა კოგანი, ალექსანდრე რომი. თავის მოხუც მასწავლებელს, იეჰუდა პენს, კი შაგალმა მოწაფეთა მოსამზადებელი განყოფილების ხელმძღვანელობა შესთავაზა.
ცოტა ხანში შაგალი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ის უსახლკაროთათვის განკუთვნილ კოლონიაში ბავშვებს ხატვას ასწავლიდა და დეკორაციებს ხატავდა ებრაული კამერული თეატრისათვის. ამავდროულად, შაგალი გამუდმებით ფიქრობდა პარიზში გამგზავრებაზე, თუმცა საზღვრის გადაკვეთა იოლი საქმე არ გახლდათ.
საბჭოთა კავშირის დატოვების შესაძლებლობა შაგალს 1922 წელს მიეცა. ბერლინში მოწყობილ პირველ რუსულ მხატვრულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მხატვარმა დიდი რაოდენობით წაიღო თავისი ტილოები, ხოლო შემდეგ უკვე ოჯახთან ერთად გაემგზავრა. პრესა აღფრთოვანებით საუბრობდა მისი შემოქმედების შესახებ, გამომცემლები კი სხვადასხვა ევროპულ ენაზე აქვეყნებდნენ მის ბიოგრაფიას და სურათების კატალოგებს.
შაგალმა წელიწადზე მეტხანს დაჰყო ბერლინში და ლითოგრაფიის ტექნიკას შეისწავლიდა. 1923 წლის გაზაფხულზე მხატვარი პარიზში დაბრუნდა. მეგობარმა, ამბრუაზ ვოლარმა შესთავაზა, შეექმნა ოფორტები ნიკოლაი გოგოლის “მკვდარი სულებისათვის”. აღნიშნული ნაწარმოების ორტომეული შეზღუდული ტირაჟით გამოიცა (368 ეგზემპლარი). ეს საკოლექციო გამოცემა გახლდათ: წიგნში არსებული თითოეული სურათი თავად მხატვრის მიერ გახლდათ დანომრილი და ხელმოწერილი. გრავიურების ერთი კომპლექტი (96) მარკ შაგალმა ტრეტიაკოვის გალერეას აჩუქა. მხატვარმა ოფორტები ასევე მოამზადა ლაფონტენის “იგავ-არაკებისათვის”, ლონგის “დაფნისისა და ქლოესთვის”; ასევე, ავტობიოგრაფიისათვის, რომელსაც “ჩემი ცხოვრება” ეწოდებოდა. ბიბლიისათვის მომზადებული ილუსტრაციები კი ახალი ეტაპი იყო მის შემოქმედებაში. გრავიურები, ვიტრაჟები, ნახატები და რელიეფები გაერთიანებულია მის შრომაში, რომელსაც “ბიბლიის უწყება” ეწოდება.
ბერლინის მუზეუმში დაცული შაგალის ნახატები, ჰიტლერის ბრძანებით, საჯაროდ დაწვეს 1934 წელს. ის ნახატები კი, რომლებიც ცეცხლს გადაურჩა, 1937 წელს გამოფინეს, როგორც “დეგენერაციული ხელოვნების” ნიმუშები. მალე შაგალმა დატოვა საფრანგეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ოჯახთან ერთად. 1944 წელს ის ისევ პარიზში დაბრუნებას აპირებდა, რომელიც იმ დროისათვის უკვე გათავისუფლებული იყო ნაცისტებისაგან, თუმცა ამას შაგალის საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ შეუშალა ხელი. მხატვრისათვის ცოლის სიკვდილი დიდი დარტყმა იყო. მას ცხრა თვის განმავლობაში არაფერი დაუხატავს, ხოლო როცა ფერწერას ისევ დაუბრუნდა, დახატა ბელასადმი მიძღვნილი ორი ნახატი: “საქორწინო სანთლები” და “მის გარშემო”.
“საქორწინო სანთლები”
ამის შემდეგ მარკ შაგალი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. ჯერ ამერიკელ მთარგმნელზე, ვირჯინია მაკნილ-ჰაგარდზე (რომელთანაც ვაჟი შეეძინა), შემდეგ კი ვალენტინა ბროდსკიზე. მხატვარი განაგრძობდა წიგნებისათვის ილუსტრაციების ხატვას, წერდა ფრესკებს და ქმნიდა ვიტრაჟებს ტაძრებისა და სინაგოგებისათვის. საფრანგეთის კულტურის მინისტრის, ანდრე მალროს თხოვნით, შაგალმა მოხატა პარიზის გრანდ-ოპერის ჭერი. ეს გახლდათ კლასიკური არქიტექტურის პირველი ობიექტი, რომელიც ავანგარდისტმა მხატვარმა მოხატა. შაგალმა შექმნა მოზაიკა ისრაელის პარლამენტის შენობისათვის და ორი ფერწერული პანო ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრისთვის.
1973 წელს მარკ შაგალი საბჭოთა კავშირში ჩავიდა და გამოფენა მოაწყო ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში. 1977 წელს მხატვარს მიანიჭეს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო − საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვარი და იმავე წლის ბოლოს ლუვრში მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
მარკ შაგალი გარდაიცვალა სენ-პოლ-დე-ვანსის სასახლეში, 1985 წელს. დაკრძალულია პროვანსში.
ქრისტიანული ეპოქის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჯვარცმის სიმბოლიკა ტაბუდადებული იყო ებრაელთათვის. ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, სადაც „იესოს“, „ჯვარცმის“, „გოლგოთის“, „ჯვრის“ არქეტიპებმა შეიძინა სოტერიოლოგიური (მხსნელი) შინაარსი, ებრაულ რელიგიურ ცნობიერებაში ისინი ასოცირდებოდა შიშთან, დევნასთან, ტანჯვასა და სიკვდილთან.
“გამოსვლა”
შაგალის შემოქმედება უძველეს იუდეველურ ტრადიციათა და ახლებურ ტენდენციათა საოცარი შერწყმაა. შაგალი, რომელმაც, თითქმის, ასი წელი იცოცხლა და მრავალი ქალაქი და ქვეყანა შეცვალა, ყოველთვის ინარჩუნებდა ეროვნულ თვითშეგნებას და ყოველთვის დროისა და გეოგრაფიის მიღმა მყოფი ადამიანი გახლდათ. ის დაიბადა ვიტებსკში, სწავლობდა პეტერბურგში, ცხოვრობდა აშშ-ში, მაგრამ ყველგან და ყველა გარემოებაში ებრაელი ერის შვილად რჩებოდა. ბედს სადაც არ უნდა წაეყვანა იგი, შაგალი ყოველთვის გულით ატარებდა მშობლიურ ქალაქს, ხატავდა მის მყუდრო ქუჩებსა და დაბალ სახლებს იმ ტილოებზეც კი, რომლებზეც პარიზი იყო გამოსახული. ვიტებსკი, თავისი მნიშვნელობის მიხედვით, მხატვრის ცხოვრებაში მეორე ადგილს იკავებს, პირველი ადგილი კი ყოველთვის მის საყვარელ ცოლს − ბელას − ეკავა, რომელიც მუდამ მისი მუზა გახლდათ.
მარკ შაგალის მთელი შემოქმედება განმსჭვალული იყო რელიგიური მოტივებით. 1973 წელს მან თქვა: „ჯერ კიდევ ბავშვობაში ბიბლიით ვიყავი დატყვევებული. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ეს იყო პოეზიის უდიდესი წყარო ყველა დროისათვის. იმ დროიდან მოყოლებული ვეძებდი მის ანარეკლს ცხოვრებასა და ხელოვნებაში. ბიბლია ბუნების გამოძახილია. ამ საიდუმლოს გადმოცემა მსურდა მეც.“
საუკუნის დასაწყისში მოხდა ცვლილება, რაც დაკავშირებული გახლდათ გარემომცველ ქრისტიანულ სამყაროში ებრაელთა კულტურული ინტეგრაციის რთულ პროცესებთან, დევნასთან, გლობალურ ძვრებთან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომით. მთელმა რიგმა ებრაელმა პოეტებმა და მხატვრებმა, უპირველესად კი, სიმბოლისტებმა, ხელახლა გაიაზრეს არა მხოლოდ ძველებრაული არქეტიპები − სინაი, ტაძარი, აღთქმა, არამედ ქრისტიანულიც, რომლებიც მათ ებრაელი ერის ბედის მეშვეობით წარმოაჩინეს; როგორც იდიშის ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი დევიდ როსკესი აღნიშნავს, მანამდე ხელშეუხებელი ქრისტიანული ტოპიკა მათთვის შთაგონების არანაკლებ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ვიდრე ხასიდური ფოლკლორი.
შაგალმა ჯერ კიდევ 1911 წელს დაიწყო ხატვა რელიგიურ თემატიკაზე. მას ეკუთვნის მრავალი ცნობილი ტილო, რომელთა შორისაა: „კაენი და აბელი“, „ადამი და ევა“, „გოლგოთა“, „ლოცვად მდგარი ებრაელი“. ზოგიერთი ბიბლიური სახე შაგალმა საკუთარ სახეთა შესაქმნელად გამოიყენა. მისი მფრინავი ადამიანები, ხშირად, ანგელოზებს მოგვაგონებენ.
1931 წელს მხატვარმა ხელი მიჰყო ბიბლიის დასურათებას. მან შექმნა 39 გუაში, 105 შავ-თეთრი გრავიურა, მათ შორის, თანახის ილუსტრაციებიც: თორისა და წინასწარმეტყველ ესაიას წიგნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შაგალი ებრაელი იყო, ის ასურათებდა არა მხოლოდ თანახს, არამედ ახალ აღთქმასაც. მაგალითად, მის ფუნჯს ეკუთვნის ტილო „თეთრი ჯვარცმა“.
“თეთრი ჯვარცმა”
ჯვარცმის კომპოზიცია და ფერთა გამა რუსული ხატწერის ტრადიციებს გვაგონებს, მაგრამ, ამასთან, მხატვარი იეშუას (იესოს) ტალითით გამოსახავს. ნახატზე ჩანს წმინდა ებრაული ატრიბუტები − მენორა და თორის გრაგნილები. ლანდშაფტი და პერსონაჟები ვიტებსკსა და ხასიდებს მოგვაგონებს. ნახატი მხატვარმა 1938 წლის ნოემბერში დახატა, ტრაგიკული „ბროლის ღამიდან“ ორი კვირის შემდეგ, როცა დაწვეს და დაარბიეს 267 სინაგოგა; ებრაელთა კუთვნილი ათასობით სახლი და მაღაზია; მოკლეს 91 ებრაელი; ასობით მათგანი კი დაასახიჩრეს და დაჭრეს; დაახლოებით, 3.500 ებრაელი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.
საინტერესოა, რომ განმეორებადი მოტივები, მაგალითად, გაქცევა და ცეცხლი, როგორც ჩანს, საყოველთაო ებრაული კატასტროფის მასშტაბის განმსაზღვრელია.
ჯვარცმული მესიის სახე, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ასოცირდება მარტვილობის თემასთან, შაგალისთვის ახალი სიმბოლო გახლდათ – იეშუა, რომელიც განიცდის ებრაელობის სასიკვდილო ტანჯვას.
ებრაელი ისტორიკოსიდან − იოსებ კლაუზნერიდან მოყოლებული, მრავალმა ავტორმა მიუძღვნა საკუთარი შრომები პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ იუდაიზმის გულში მცხოვრებმა იეშუამ სათავე დაუდო იუდაიზმიდან გამოყოფილ მოძრაობას.
შაგალი პირველი მხატვარი იყო, ვინც იეშუა ვიზუალურად დაუბრუნა იუდეველურ ტრადიციათა სამყაროს. ამგვარად, ნახატი-შეტყობინება გამოხატავს მხატვრის იმედს, რომ იეშუა იქცევა ხიდად ადამიანთა შორის, სიყვარულის ხიდად, რომლისთვისაც უცხოა ძალადობა.
1945 წლის მაისის მიწურულს, ნიუ-იორკში გამოსვლისას, როცა მან მშობლიურ იდიშზე წარმოთქვა სიტყვა, შაგალმა კვლავ შეადარა ებრაელი ერი იეშუას (იესოს). ვერავითარი მსოფლიო კონფერენციები შედეგს ვერ გამოიღებს, თუ ებრაელ ერს არ გარდმოხსნიან ჯვრიდან, რომელზეც მას 2000 წლის განმავლობაში აკრავდნენ.
მარკ შაგალის ძირითადი წარმმართველი მოტივი გახლდათ მისი ეროვნული ებრაული თვითშეგნება, რომელიც მისთვის განუყოფლად იყო დაკავშირებული მოწოდებასთან: „მე რომ ებრაელი არ ვიყო, როგორც ეს მესმის, მე არც მხატვარი ვიქნებოდი, ან ვიქნებოდი სრულიად სხვა მხატვარი.“
მეოცე საუკუნეში ჯვრისა და ჯვარცმის სიმბოლოები კვლავ ბრუნდება ებრაელი ერის ცნობიერებაში. ჯვარზე განცდილი ტანჯვის სახარებისეული თემა ახალ სინათლეში წარმოგვიდგა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა სრული აბსურდულობა იუდაფობიური კლიშეებისა: ებრაელი, რომელმაც ჯვარს აცვა მესია, ღვთისმკვლელი ერი; კლიშეებისა, რომელთაც შვეს ქრისტიანული ანტისემიტიზმი.
წყარო: https://www.britannica.com/