ჩინეთის მილიონობით ქრისტიანს შორის ისეთი ცნობილი არცერთი არ ყოფილა, როგორც ვოჩმან ნი. მისმა წიგნებმა დასავლეთშიც პოვა გავრცელება და ინგლისურ ენაზე გამოიცა.
კომუნისტური ჩინეთი მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანი მორწმუნეების მიმართ. ქვეყნის ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ქრისტიანები რამდენიმე ეკლესიაში გაეერთიანებინა, რომლებსაც თავად გააკონტროლებდა. ვოჩმან ნის უშიშარმა წინააღმდეგობამ და დამოწმებამ კომუნისტური პარტიის გაღიზიანება გამოიწვია. ვოჩმან ნი დააპატიმრეს და დაადანაშაულეს იმაში, რომ „ბნელი, საიდუმლოებით მოცული კონტროლი“ ჰქონდა, სავარაუდოდ, 430 ეკლესიაზე.
ნაცვლად იმისა, რომ ეგლოვა თავის მოსალოდნელ ბედზე, ნი დღე და ღამ შრომობდა იმისათვის, რომ ქრისტეს სწავლება გადაეცა თავის დამხმარეთათვის. მხოლოდ ორი საათი ეძინა დღე-ღამეში.
ის 1952 წელს დააპატიმრეს. ხან დაპირებებით, ხან მუქარით კომუნისტური პარტია შეეცადა ვოჩმან ნის რწმენის გატეხას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ქრისტეზე. ეუბნებოდნენ, რომ თუ იმ ეკლესიას ჩაუდგებოდა სათავეში, რომელსაც თავად კომუნისტური პარტია აკონტროლებდა, გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ნიმ უარი განაცხადა.
ოთხი წლის განმავლობაში მორწმუნეებმა არ იცოდნენ ნის ადგილსამყოფელის შესახებ. 1956 წელს ის შანხაის უმაღლესი სასამართლოს წინაშე წარდგა, სადაც უამრავ დანაშაულში დასდეს ბრალი. თითოეულ ბრალდებაზე მას უნდა ეპასუხა „დიახ“ ან „არა“. ის მდუმარედ იყო და მხოლოდ ორ ბრალდებაზე გასცა პასუხი: ჯაშუშობისა და საბოტაჟის შესახებ. ეს ბრალდებანი მან უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ ვოჩმან ნი საჯაროდ დაადანაშაულეს და „მტკიცებულებებიც“ წარმოადგინეს მის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბრალდება ის გახლდათ, რომ მაშინ, როცა მაო ძედუნი ნათელი სოციალისტური მომავლისათვის იბრძოდა, ნი ხალხის დემორალიზაციას ეწეოდა და ქადაგებდა, რომ კაცობრიობა თავის აღსასრულს უახლოვდება.
სასამართლოს დასრულების შემდეგ ნის თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შრომა-გასწორებით კოლონიაში. პატიმრებს ძალიან ცოტას აჭმევდნენ. ვოჩმან ნის ნება ეძლეოდა, რომ მხოლოდ თვეში ერთხელ გაეგზავნა წერილი და ისიც მკაცრი ცენზურის გავლის შემდეგ.
1972 წლის 12 აპრილს ციხეში ყოფნის 20 წელი შეუსრულდა. მან ხუთი წლით მეტი გაატარა ციხეში, ვიდრე მისჯილი ჰქონდა. ამავე წლის 20 მაისს გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციას არავისთვის უცნობებია მისი სიკვდილის შესახებ, არც დაკრძალვა ყოფილა. ვოჩმან ნის გვამს კრემაცია გაუკეთეს მანამ, სანამ ოჯახი მივიდოდა ციხეში.