კარელ ანჩერლი დაიბადა 1908 წლის 11 აპრილს ბოჰემიაში, ტუჩაპის დასახლებაში. მამამისი, შეძლებული ებრაული ოჯახის უფროსი, გახლდათ ალკოჰოლური პროდუქციის მსხვილი მწარმოებელი. მუსიკის პირველი გაკვეთილები სკოლაში სწავლის დაწყებას დაემთხვა. სკოლის დირექტორი ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა და როცა ბიჭუნას ნიჭი შეამჩნია, პერსონალური გაკვეთილები დაუნიშნა. 11 წლის ასაკში ყმაწვილი კარელი უკვე ადგილობრივი ორკესტრის ვარსკვლავი იყო. მსმენელები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ვიოლიონო მას ნამდვილად იტაცებდა, მაგრამ ანჩერლიმ ცოტაოდენ განსხვავებული გზა აირჩია.
სკოლის დამთავრების შემდეგ კარელი პრაღაში გაემგზავრა, სადაც მისი დეიდა ცხოვრობდა. პრაღაში ანჩერლიმ გიმნაზიაში დაიწყო სწავლა, თუმცა სასწავლებელი დიდად არ მოსწონებიაა. ის იხსენებდა, რომ გაცილებით უფრო დიდი სიამოვნებით უკრავდა ვიოლინოზე და ამავდროულად, ცდილობდა სხვადასხვა თეორიულ დისციპლინათა ჩაწვდომას. მეხუთე კლასში ყოფნისას ანჩერლიმ გადაწყვიტა კონსერვატორიაში გამოცდები კომპოზიციის მიმართულებით ჩაებარებინა. ჩააბარა კიდეც. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1929 წელს, ანჩერლიმ ორი წელი გაატარა გერმანიაში, სადაც ის ბერლინსა და მიუნხენში ცნობილ გერმანელ დირიჟორს, გერმან შერხენს უწევდა ასისტენტობას.
ანჩერლიმ დაიწყო დირიჟორად მუშაობა თეატრში. ცოტა მოგვიანებით კი ჩეხურ რადიოში, სადაც სიმებიან ორკესტრს პირდაპირ ეთერში უწევდა დირიჟორობას. მალე მსმენელთა ყურადღება და ინტერესი იმდენად გაიზარდა იმ გადაცემების მიმართ, სადაც ანჩერლი მონაწილეობდა, რომ ის ვენაში, ამსტერდამსა და სტრასბურგში მიიწვიეს. ახალგაზრდა დირიჟორის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა, მაგრამ 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის ოკუპაცია მოახდინა. ანჩერლი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან ებრაელი იყო, ხოლო 1942 წელს ოჯახთან ერთად ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.
ფაშისტების მიერ შექმნილ ბანაკში, რომელიც ცნობილი იყო სახელით „თავისუფალი ებრაული ქალაქი ტერეზინშტადტი“, ცნობილ ებრაელ ხელოვან ადამიანებს გზავნიდნენ. ბანაკის ყველა ტყვე გერმანული პროპაგანდისტული ფილმების მონაწილე ხდებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. მათ, ვინც უარს ამბობდა კამერის წინ გაღიმებაზე, ოსვენციმში გზავნიდნენ. გარდა გერმანული ფილმების გადაღებისა, ბანაკში ნამდვილი ხელოვნება ყვაოდა. ერთ ადგილზე თავმოყრილი შემოქმედებითი ადამიანებისთვის ხელოვნება იყო ის, რაც ახშობდა შიშის გრძნობას და გარდაუვალი აღსასრულის მოლოდინს.
1941-1945 წლებში ტერეზინის ტყვეებმა 600-ზე მეტი სპექტაკლი დადგეს, ასზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები დაწერეს, ათასობით ნახატი შექმნეს, გამოსცეს უამრავი ჟურნალი საბავშვო და იუმორისტული ილუსტრაციებით, 2500-ზე მეტი ლექცია წაიკითხეს.
„თეატრმა შეცვალა ჩვენთვის რეალური ცხოვრება, ის გახდა უმაღლესი თავისუფლების საზომი, რომლის მოპოვებაც ჩვენ არ შეგვეძლო“, – იხსენებდა ბანაკის ერთ-ერთი ტყვე, მსახიობი და რეჟისორი იან ფიშერი.
თითოეული ადამიანი ცდილობდა, რომ ეს თავისუფლება ხელოვნებაში მაინც მოეპოვებინა. ანჩერლიმ სიმებიანი ორკესტრი ჩამოაყალიბა. 1944 წელს ბანაკში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების მისვლისას ანჩერლის ორკესტრი ასრულებდა ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას.“ არავის შეუმჩნევია, რომ მუსიკოსთა შიშველი ფეხები ყვავილების ქოთნებით იყო შენიღბული. არავის გაუგია ტყვეების საშინელი საცხოვრებელი პირობების შესახებ. ცოტა ხანში გერმანელთა საჩვენებელი პროექტი დასრულდა და ტერეზინის ტყვეები ოსვენციმში გაგზავნეს, საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათი უმრავლესობა აღესრულა კიდეც. იქ დაიხოცნენ ანჩერლის ოჯახის წევრებიც: მშობლები, ცოლი და შვილები. თავად ანჩერლი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
„არ მიყვარს იმ დროის გახსენება“, – ამბობდა იგი. „მაგრამ იმ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა და რაც მთავარია, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგე, რაც მე ცხოვრების გაგრძელებაში დამეხმარა. გავიგე ის, რაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორეს გაუკეთოს, მაგრამ მაინც არ დამიკარგავს ადამიანების რწმენა. ომის შემდეგ დავუბრუნდი იმ საქმეს, რასაც 1930 წელს ვაკეთებდი. კვლავ რადიოში დავიწყე მუშაობა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელად.“
ომის შემდეგ ანჩერლი მუშაობდა რადიოში, კითხულობდა ლექციებს მუსიკალურ ხელოვნებათა აკადემიაში. ის ჩეხოსლოვაკიაში დარჩა კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგაც. კომუნისტური იდეოლოგია მისთვის მიუღებელი იყო, ამიტომაც განსაკუთრებული სიმპათიით არც სარგებლობდა მუსიკალური ცხოვრების განმგებელ პარტიის მუშაკთა თვალში. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავიდ ოისტრახი ჩავიდა ჩეხოსლოვაკიაში.
თავად ანჩერლი ასე იხსენებდა ამ ამბავს: „ოისტრახი რამდენიმე დირიჟორთან გადიოდა რეპეტიციებს, მაგრამ საქმე კარგად არ გამოდიოდა. ბოლოს მე მიმიწვიეს. ორი რეპეტიცია საკმარისი იყო, რომ მე და ოისტრახს ეს კონცერტი მოგვემზადებინა. კონცერტი შედგა. როგორც შემდეგ გავიგე, ბანკეტზე, რომელიც მინისტრმა გამართა ოისტრახის საპატივსაცემოდ (სადაც მე არ ვიყავი მიპატიჟებული), საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ორკესტრს ხელმძღვანელი არ ჰყავდა და ვინ უნდა დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე. ოისტრახმა ჩემი სახელი დაასახელა. სკოლების, მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრი იძულებული იყო, რომ მე დავენიშნე.“
ანჩერლიმ მალე მოიპოვა ავტორიტეტი, რომელიც არა მხოლოდ მის პროფესიონალიზმს ეფუძნებოდა, არამედ მის პიროვნულ თვისებებსაც. ორკესტრთან ერთად ანჩერლი კონცერტებს მართავდა აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ბევრ პროგრამას ანჩერლი აწყობდა იმ კომპოზიტორთა მუსიკის მიხედვით, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. ბევრ მათგანს კარელი პირადად იცნობდა.
ანჩერლის ოსტატობამ ჩეხეთის ორკესტრი აღიარების ახალ, მსოფლიო დონეზე აიყვანა. ტორონტოში გასტროლებზე ყოფნისას მას პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის შესახებ შეატყობინეს და ამავდროულად, სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობა შესთავაზეს. ანჩერლიმ უარი თქვა. ოთხი წლის შემდეგ, 1973 წელს, კარელ ანჩერლი ტორონტოში გარდაიცვალა.
წყარო: https://jewish.ru/ru/people/culture/175928/