მარსილიუს პადუელმა (იტალიელი სწავლული, განსწავლული მედიცინაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა) დაგმო პაპობა და პაპები იტალიის ყველა უბედურებაში დაადანაშაულა. პაპის მიერ სხვადასხვა ადამიანის განკვეთამ და მისმა მრავალმა ბრძანებულებამ ხელი შეუშალა იტალიის კანონიერ ხელისუფლებას და გამოიწვია ათასგვარი დანაშაული და ომები. თავის წიგნში „მშვიდობის დამცველი“ (Defensor pacis) მარსილიუსი წერდა, რომ სახელმწიფომ თავად უნდა მიხედოს თავის საქმეებს ეკლესიის ჩარევის გარეშე.
არსებობს ორგვარი ხელისუფლება: ის, რომელიც ხალხის თანხმობით მართავს და ის, რომელიც ხალხის გარეშე მართავს. ეს უკანასკნელი ტირანიაა. იდეალური ხელისუფლება არა მხოლოდ მართავს ხალხის თანხმობით, არამედ არჩევითიც არის, ამბობდა მარსილიუსი. შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს სიტყვები მე-14 საუკუნეში ითქვა.
შემდგომ რეფორმატორთა მსგავსად, მარსილიუსიც იმის შესახებ დაობდა, რომ პაპებს არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნდათ თავიანთი ძალაუფლებისათვის. ქრისტე მიწიერ ძალაუფლებას არ იჩემებდა. „ჩემი სამეფო ამ წუთისოფლის არ არის“, ამბობდა ის. შესაბამისად, მოციქულებიც არ ცდილობდნენ ძალაუფლების მოხვეჭას. მათი საეკლესიო დისციპლინა ეკლესიის კედლებს არ სცდებოდა. მათგან განსხვავებით, პაპები და სხვა საეკლესიო პირები ხშირად ერეოდნენ სხვადასხვა ერის შიდა მმართველობაში, როცა ძალაუფლების მოხვეჭის ნაცვლად ისინი ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ. მარსილიუსი იმასაც ამბობდა თავის წიგნში, რომ მხოლოდ წმინდა წერილია რწმენის განმგებელი და საეკლესიო კრებებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ღვთის სიტყვის ავტორიტეტი.
შუა საუკუნეების ეკლესიაზე ამგვარი თავდასხმა შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა. წიგნის წერა მარსილიუსმა 1324 წლის 24 ივნისს დაასრულა. ორი წლის შემდეგ ის და მისი თანამშრომელი ჟან დე ჟანდუნელი იძულებულნი გახდნენ პარიზიდან ბავარიაში გაქცეულიყვნენ თავშესაფრის საძებნელად. 1327 წლის 3 აპრილს პაპმა გამოსცა ბულა, სადაც ის ხსენებულ ორ ადამიანს „დაღუპვის ძეებსა და შეჩვენებულებს“ უწოდებდა. რასაკვირველია, ეკლესიის მესვეურებს სულაც არ მოეწონათ მარსილიუსის მიერ დაწერილი ნაშრომი და ამის გამო, რომმა კიდევ ერთხელ დაგმო იგი 27 აპრილს.
ლუდვიგ ბავარიელმა დაიცვა მარსილიუსი. რომში ჩასვლისას ლუდვიგმა მარსილიუსი რომის ვიკარიუსად დანიშნა, მან კი დაიწყო პაპ იოანეს მომხრე სასულიერო პირთა სასტიკი დევნა და დაამტკიცა, რომ ის წონასწორობა, რისკენაც იგი ეკლესიას მოუწოდებდა, თავად მასაც სჭირდებოდა. გაცილებით უფრო ადვილია თეორიის დაწერა, ვიდრე მისი განხორციელება.
მისი სიცოცხლისას წიგნს დიდი ყურადღება არ ექცეოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მან უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წიგნი დაიბეჭდა 1517 წელს. იმავე წელს, როცა ლუთერმა თავისი 95 თეზისი მიაკრა ეკლესიის კარს. ფაქტობრივად, ლუთერი მარსილიუსის იდეების აღორძინებაში იქნა დადანაშაულებული. ნაშრომის დაგმობა იშვიათად ახშობს მისი გავლენის გავრცელებას.