„მოვინათლეთ და გაქრა წარსული ცხოვრების მწუხარება.“ 387 წლის 25 აპრილს, აღდგომის დღეს, ამ სასიხარულო სიტყვებით შევიდა ავგუსტინე ეკლესიაში.
33 წელი გაილია მანამ, სანამ ავგუსტინე საჯაროდ აღიარებდა ქრისტეს.
ის ჩრდილოეთ აფრიკაში დაიბადა 354 წელს. დედა ქრისტიანი იყო, ხოლო მამა – წარმართი.
12 წლის ასაკში კართაგენში გაემგზავრა რიტორიკის შესასწავლად, ხოლო 16 წლის ასაკში გრამატიკის მასწავლებელი გახდა. ასეთი ახალგაზრდა უკვე უწესოდ ცხოვრობდა. თავის ცნობილ ავტობიოგრაფიაში გვიამბობს, როგორ იკვეხნიდა ისეთი ცოდვებით, რომელთა ჩადენის შესაძლებლობა არც კი ჰქონდა; იკვეხნიდა, რადგან არ სურდა, თანატოლებს უზნეობაში ჩამორჩენოდა.
დედამისს ძალიან უნდოდა, თავისი შვილი ქრისტესკენ მოქცეულიყო და მონათლულიყო, თუმცა ავგუსტინე ამქვეყნიურ სიამეთაკენ მიისწრაფოდა. მას ჰყავდა საყვარელი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ადეოდატუსი („ღვთის საჩუქარი“). 29 წლის ასაკში დაუდგრომელმა სულმა იტალიისკენ უბიძგა ავგუსტინეს. დედამისს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თან გაჰყოლოდა მას, თუმცა ჩუმად წავიდა, როცა დედამისი მუხლმოყრილი ლოცულობდა საყდარში.
რომში ერთი წლის განმავლობაში ასწავლიდა რიტორიკას, თუმცა გასამრჯელოსთან დაკავშირებით მოატყუეს. უკეთესი საქმიანობის ძიებაში იგი მილანში დასახლდა. ამასობაში დედაც ჩავიდა მასთან და მისი თხოვნით, ავგუსტინემ წმინდა ამბროსის ეკლესიაში დაიწყო სიარული. თავისდა უნებურად, ავგუსტინეს ღვთისაკენ გაუწია გულმა. შედეგად კი მან დაიწყო რწმენისკენ სვლა. იგი გაეცნო მოციქულ პავლეს წერილებს, რომლებიც უფრო გულში ჩამწვდომი და საამო ეჩვენა, ვიდრე ფილოსოფიის ცივი აბსტრაქციები. ავგუსტინე ებრძოდა ძლიერ შინაგან მსჯავრდადებას, მაგრამ არ შეეძლო, ღმერთს დამორჩილებოდა ხორციელად ცხოვრების სიყვარულის გამო.
საბოლოოდ, დადგა დღე, როდესაც მის სულში გამართული ბრძოლა ისე გაცხოველდა, რომ შეუძლებელი იყო მისი უგულებელყოფა. ერთხელ, როდესაც ტიროდა და ამბობდა: „როდის უნდა გავიმარჯვო, ღმერთო?“ გულში პასუხად მოისმინა: „რატომ ახლა არა?“ შემდეგ გაიგონა ბავშვის სიმღერა. სიმღერის სიტყვები ასე ჟღერდა: „წაიკითხე!“ ეს ღმერთისაგან მიღებულ უწყებას ჰგავდა. ავგუსტინემ ხელი დასტაცა ბიბლიას და წაიკითხა პავლე მოციქულის სიტყვები: „…არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.“ ამ სიტყვებმა იგი დიდი რწმენით აავსო და მყისვე მიატოვა ყველა ცოდვა, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აბრკოლებდა.
ავგუსტინე მოინათლა და საბოლოოდ პოვა თავისუფლება. დედის გარდაცვალების შემდეგ, ის დაბრუნდა აფრიკაში, სადაც დააარსა მონასტერი, გახდა ჰიპონის ეპისკოპოსი და შესანიშნავი თეოლოგი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა შუა საუკუნეების ეკლესიაზე.