ჯადოქრების ოჯახში დავიბადე. მამა სატანის მსახური იყო, დედა – ჯადოქარი. მშობლები ღრმად იყვნენ ჩაფლულნი შამანიზმსა და შავ მაგიაში. როდესაც გავიზარდე, მეც სატანას მივუძღვენი თავი. ასე გავხდი მამაჩემის მანტიის მემკვიდრე და დაწყევლილი.
ვხედავდი, რომ დედაჩემი და მამაჩემი თაყვანს სცემდნენ სატანას. ჯადოქრები მოდიოდნენ და ტრანსში ცვივდებოდნენ. სატანას სთხოვდნენ, ყოფილიყო მათი ღმერთი და სასწაულები მოემოქმედებინა მათ ცხოვრებაში. მამაჩემი ბევრჯერ სამ-ოთხი დღის განმავლობაში დივანზე გაუნძრევლად იწვა, ამ დროს ის მუხტს იღებდა სატანისგან და შემდეგ სული უბრუნდებოდა სხეულს.
ბავშვობისას დედა არასდროს მკოცნიდა. არანაირი სიყვარული არ განმიცდია მშობლებისგან. სამი-ოთხი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედამ სასტიკად მცემა… ბევრჯერ უგონოდ ვწოლილვარ სისხლის გუბეში. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ასე იყო… სიყვარულს კი ბავშვი დედისა და მამის მეშვეობით სწავლობს. როდესაც ოთხი წლის ვიყავი, პირველად მომინდა თავის მოკვლა.
რვა წლამდე სასტიკად მცემდნენ. როდესაც დედა გეძახის „მახინჯს“, „ლაწირაკს“, ეს რთული გადასატანია. მივხვდი, რომ არ მიყვარდა, მეტიც – მეზიზღებოდა ის. როდესაც მან ბოლოჯერ მცემა, რვა წლის ვიყავი და დავიფიცე, რომ ცხოვრებაში არასდროს არავინ მეყვარებოდა და აღარ ვიტირებდი. ამან მიბიძგა ქუჩისკენ და გავხდი ბანდის წევრი.
რას უნდა მოელოდე, როცა ოჯახი არ გყავს და აქვე, შენ გვერდით არის დამარცხებულების, ხულიგნების გაერთიანება, რომელიც ოჯახის მაგივრობას გიწევს? ისინი ერთმანეთისგან ძალას იღებენ, ერთმანეთზე ზრუნავენ. ნიუ-იორკი არის ქალაქი, რომელშიც „თვალები ზურგზე უნდა გქონდეს“, რომ გადარჩე. მე კი მარტო ვერ გადავრჩებოდი. იქ ჯუნგლების კანონი მოქმედებდა. ჯუნგლების ბინადარმა მხეცმა კი არ იცის განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის. მხეცმა უნდა მოკლას, რომ გადარჩეს. მჯეროდა, რომ დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი და ძალიან ახალგაზრდა მოვკვდებოდი.
მახსოვდა დედის ხმა, როდესაც თმაში ხელი ჩამკიდა და კედელზე მიმახეთქა. სისხლი მომდიოდა. ვცდილობდი, მის თვალებში ჩამეხედა, რომლებიც ცეცხლის მოელვარე ბურთულებს ჰგავდა, მინდოდა მათში ადამიანის, დედის დანახვა, მაგრამ იქ მხოლოდ სიცივე და სიძულვილი დავინახე და გავიგონე სიტყვები: „შენ არ ხარ ჩემი შვილი, არ მიყვარხარ… დატოვე ჩემი ცხოვრება, არ მინდა შენი ნახვა…“
და სწორედ ამ დროს ბანდა მთავაზობდა ოჯახს, უსაფრთხოებას, ძალას. მე ფაქტობრივად მაშინ მოვკვდი, როცა 8 წლის ასაკში დედამ მითხრა, რომ არ ვუყვარდი. სხვა რა დამრჩენოდა? აქ იყო ოჯახი, რომელმაც შემომთავაზა დაცვა დაუნდობელ გარემოში. ამ ოჯახში ხისტი და მკაცრი მორალური პრინციპები მოქმედებდა. აქ მთელი გულით სჯეროდათ, რომ გარემო იყო მათთვის საფრთხე და ბოროტება; ამიტომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ეს იყო ველურთა ოჯახი საკუთარი წესრიგით. მათი ეთიკის კოდექსი არ იძლევა ღალატის საშუალებას. ეს გავალდებულებს, იყო ერთგული. ამიტომ თქვენ მზად ხართ, მოკვდეთ ბანდის ნებისმიერი წევრისთვის, ისე, თითქოს საკუთარი თავისთვის იბრძოდეთ.
ფიზიკური ტკივილის მიმართ გულგრილობით გამოვირჩეოდი, სიგარეტის აღება და ხელებით ან ტუჩებით ჩაქრობა ადვილი იყო, რადგან დედამ ერთი რამ მასწავლა – ცხოვრება ფიზიკური ტკივილით. მე მომიწია ჩემი გრძნობებისა და ემოციების დასამარება… ეჩვევი იმას, რომ შენ არაფერს გრძნობ, აბსოლუტურად არაფერს. ასეთ ადამიანებს ფსიქიატრები სოციოპათებს უწოდებენ და მე ასეთი ვიყავი.
ეს არ იყო უწყინარი დაჯგუფება, რომელიც ლუდის ბართან სიგარეტით ხელში დგას დილიდან საღამომდე. ბანდის წევრები მრავალ დანაშაულს სჩადიოდნენ. ერთხელ ბიჭები ძალიან მთვრალები იყვნენ და „მელაზე“ ნადირობდნენ. ასე ერქვა გოგონებზე ნადირობას. გვიანი იყო და ძალიან ბნელოდა. მათ დაინახეს ქალი და გაჰყვნენ მას. მათ არ იცოდნენ, ვინ იყო ის. პლედი გადააფარეს თავზე და ისე შებოჭეს, რომ ქალმა გონება დაკარგა. მათ იგი სახლის სახურავზე აიყვანეს და სათითაოდ გააუპატიურეს. შემდეგ ერთს სურდა ენახა, როგორ გამოიყურებოდა ის და აღმოჩნდა, რომ ქალი მისი დედა იყო… თავდახრილმა ხელი ჰკრა ქალს და სახურავიდან მოისროლა… ვიცი, ახლა საშინელ რამეებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მათი დავიწყება არ შეიძლება.
ჯოჯოხეთის სიღრმემდე დავეშვი. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პერიოდში დამაკავა პოლიციამ. ყველა სხვა პატიმრისგან იზოლირებული ვიყავი, რადგან საშიშად მიმიჩნევდნენ. ვიწექი, ვეწეოდი და ვფიქრობდი: „თუ ადამიანი ვარ, რატომ ვიქცევი მხეცივით და რას ვაკეთებ აქ, თუ მხეცი ვარ, რას ვაკეთებ ადამიანის სხეულში?“ პასუხი ვერ ვიპოვე.
სასამართლომ ფსიქიატრის მკურნალობა დამინიშნა. ასე შევხვდი დოქტორ გუდმანს. მან ექვსი თვე გაატარა ჩემთან. ყველგან დავყავდი. ერთხელ, ზოოპარკში 3 საათის განმავლობაში მაცნობდა ცხოველებს. შემდეგ კი მთხოვა ამ ცხოველების სურათების დახატვა. მან წამიყვანა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოში, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან მოთავსებულნი. ერთი დღე დავყავი იქ, ვნახე ჩემნაირი თინეიჯერები… შემდეგ მან სხვა ფსიქიატრებთან წამიყვანა მანჰეტენის ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ექვსი თვის შემდეგ, როდესაც მასთან ერთად ქუჩაში მივდიოდი, მომიბრუნდა და პირდაპირ მითხრა: „ვცდილობდი შენს შინაგანში შემოღწევას, შენს გულზე შეხებას, რომ შენში ემოციები აღმეძრა, მაგრამ შენ სრულიად უსიცოცხლო ხარ, ძალიან საშიში! მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია, ნიკი! პირდაპირ ციხისა და ელექტროსკამისკენ მიდიხარ და შენთვის იმედი აღარ არსებობს. დაკარგული ხარ!“ ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვები, რაც კი პროფესიონალ ექიმს შეეძლო ეთქვა ადამიანისთვის.
ღვთის წყალობით, ეს სიტყვები არ შესრულდა! ღმერთი გახდა ჩემი უკანასკნელი იმედი მიუხედავად იმისა, რომ მე ის არასოდეს მაინტერესებდა. მასზე წამითაც კი არ მიფიქრია და არც პატივს ვცემდი მას. ხუცესი დევიდ უილკერსონი თითქოს ზეციდან პირდაპირ ჩვენს წრეში ჩავარდა.
პოლიციამ ის გააფრთხილა: „ისინი მოგკლავენ. ეს ჯუნგლია, ბრძოლის ველი. ერთადერთი, რაც შეგვეძლება, არის მოსვლა და შენი გვამის წაღება.“ უილკერსონმა დიდი დარწმუნებით უპასუხა მათ: „ღმერთი ჩემთან იქნება!“ პოლიციამ უპასუხა: „მაშინ ვიმედოვნებთ, რომ ის თქვენთან ერთად წამოვა, რადგან ჩვენ ვერ გიშველით.“
ყველა ამ კაცის წინააღმდეგ იყო, მაგრამ ღმერთმა ის გამოიყენა, მას თავად ღმერთი უძღვებოდა წინ. როცა ყველას მიმართ გულგრილი ვიყავი, ღმერთმა ინტერესი გამოავლინა. მან ამ კაცს დიდი სიყვარული ჩაუდო გულში, რამაც იგი იმედის გზავნილით მოიყვანა ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ნიუ-იორკში. სულ რაღაც ორი კვირით ადრე ჩემმა ფსიქიატრმა თქვა: „ნიკი, ელექტროსკამი გელის!“ უილკერსონი კი ამბობდა: „არა, ეს არ არის სიმართლე! არსებობს სამოთხის იმედი, არსებობს ღმერთი. აქ არის იესო ქრისტე, რომელიც თქვენი ცოდვებისთვის მოკვდა, სიცოცხლე გაიღო თქვენთვის, ზუსტად ისევე, როგორც თქვენ ხართ მზად, რომ თქვენი მეგობრებისთვის, თქვენი ბანდის წევრებისთვის თავი გაწიროთ. არსებობს ღმერთი, რომელიც ნამდვილად ცოცხალია. ჩვენ ვიცით მისი სახელი. როცა ერთი თქვენგანი მოკვდება, არავინ გაგიხსენებთ, თქვენ აღარ იქნებით. იესო კი ყოველთვის აქ არის. ის ცოცხალია!“ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დევიდ უილკერსონმა გადმომცა.
მე მასთან მივედი და ცემა დავუწყე. ის არ ცდილობდა ჩემს მოშორებას, მე ველურივით ვიქცეოდი და ისეთი უწმაწური სიტყვებით ვიხსენიებდი, რომელთა წარმოთქმა მხოლოდ უხამს ენას შეუძლია. მე ვწყევლიდი მას, მის ღმერთს და მთელ მსოფლიოს. გარეული ცხოველივით მივეჭერი, თმაში ვწვდი და კედელთან მივაყენე. ზუსტად ისე, როგორც დედაჩემი მომექცა ერთ დროს… და ამ ადამიანმა, ტკივილის მიუხედავად, მტკიცე ხმით მითხრა სამასი მოწმის თანდასწრებით: „ნიკი, მე არ მეშინია. მე აქ მოვედი, რომ ზეცის გზავნილი გადმოგცეთ. მოვედი, რათა გითხრა: ნიკი, იესოს უყვარხარ!“ როდესაც მან ეს მითხრა, უკან დავიხიე. შემომხედა და განაგრძო: „თუ გინდა, შეგიძლია მომკლა და ვიცი, რომ ამის გაკეთება ადვილია შენთვის, მაგრამ რომც მომკლა, ათას ნაწილად დამჩეხო და ქუჩაში მიმოფანტო, ყველა ჩემი ნაწილი იყვირებს: ‘ნიკი, იესოს უყვარხარ!’“ ეს იყო დარტყმა, დარტყმა თვალებს შორის, დარტყმა გულში… მე ვთქვი: „ეს კაცი ჯიუტია!“
ორი კვირის შემდეგ მის მოსასმენად წავედი და მარტო არ წავსულვარ, 70 ბიჭი წავიყვანე ამ გამხდარი მქადაგებლის მოსასმენად. ჩემდა გასაოცრად, იქ უკვე 2000 ადამიანი იყო, 12 ბანდა. მომზადებულები მივედით, თან ოცდაორკალიბრიანი პისტოლეტი მქონდა. იმ საღამოს, 7 წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აღელვებული, აღგზნებული და გაბრუებული ნარკოტიკებისგან, სულ რაღაც 7 წუთში რაღაც მოხდა ჩემს თავს.
უილკერსონმა თქვა, რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე. რამაც ყველაზე მეტად შემძრა, იესო ქრისტეს ჯვარცმა იყო. მართალია, პირველი წუთები მოსაწყენად მეჩვენებოდა, მაგრამ შემდეგ იესო ქრისტეს ჯვარცმა დამიდგა თვალწინ. ისე აშკარად წარმომიდგა, რომ მომეჩვენა, თითქოს იქ ვიყავი და ვხედავდი, როგორ გარდაიცვალა და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იესომ გამაკვირვა ერთგული მეგობრობით. იესო – საუკეთესო მეგობარი, რომელიც კი შეიძლება გყავდეს. ის არ არის მატყუარა პოლიტიკოსი, რომელიც ბევრს გპირდება, მაგრამ არაფერს არ ასრულებს. ის გპირდება მარადიულ სიცოცხლეს. ის შენ გამო სიკვდილს დაგპირდა და შეასრულა ეს პირობა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა ვიღაცის მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი და ამ პატივისცემამ მუხლებზე დამაყენა ჩემი მაცხოვრის, იესო ქრისტეს, წინაშე… დიდება იესოს!
ნიკი კრუზი
P.S ნიკი კრუზი წარსულში ნიუ-იორკში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც შიშის ზარს სცემდა უამრავ ადამიანს, მაგრამ ცნობილი მქადაგებლის, დევიდ უილკერსონის, მეშვეობით მან მოინანია და თავი ქრისტეს მიუძღვნა. დღემდე იგი უფლის მსახურია და მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და ადამიანებს თავის დამოწმებას უყვება, თუ როგორ ძალუძს იესო ქრისტეს უემოციო, სოციოპათი, მოძალადე განგსტერის გარდაქმნა სამაგალითო ქრისტიანად, მიძღვნილ და სხვებისთვის თავდადებულ ადამიანად.